საქმე №ას-1084-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „კ–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ნ.ო–ვა, ა.მ–ნი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „კ–მა“ 2019 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ნ.ო–ვასა და ა.მ–ნის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების გარდაცვლილი ლ.მ–ის უფლებამონაცვლეებად ცნობა; მოპასუხეებისთვის, როგორც მოვალის - ლ.მ–ის მემკვიდრეებისთვის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 1500 აშშ დოლარის, სარგებლის - 405 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 2199 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; დავალიანების დაფარვის მიზნით (თუ მოპასუხეები ნებაყოფლობით არ გადაიხდიდნენ თანხას) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „კ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა გარდაცვლილი ლ.მ–ის სამკვიდრო აქტივის არსებობა, რომლის ფარგლებშიც მემკვიდრეები ვალდებულნი იქნებოდნენ, დაეკმაყოფილებინათ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს „კ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „კ–თან“ (გამსესხებელი) დადებული სესხის ხელშეკრულება ლ.მ–მა (მსესხებელი) არ შეასრულა, თუმცა მას გარდაცვალების მომენტისთვის ქონება არ გააჩნდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები წარმოადგენდნენ ლ.მ–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს, მათ ვერ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მამკვიდრებლის შეუსრულებელ ვალდებულებებზე, სამკვიდრო ქონების არარსებობის პირობებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ლ.მ–ის სამკვიდრო მოპასუხეებს არ მიუღიათ, რადგან გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე ლ.მ–მა გაასხვისა უძრავი ქონება და აიღო ნასყიდობის საფასური, რომელიც სამკვიდრო მასაში შევიდოდა; გარდა ამისა, მოპასუხეები მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე შეუდგნენ ლ.მ–ის არა მარტო პირადი ნივთების ფლობას, არამედ - საერთო საკუთრებაში არსებული საოჯახო მოძრავი ნივთების ფლობასა და განკარგვას.
საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს, ლ.მ–მა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, თუმცა იპოთეკის საგანი მსესხებელმა მეუღლეს - ნ.ო–ვას აჩუქა. ვინაიდან სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობა დადასტურებულია, კასატორის მოსაზრებით, უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
2021 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადებულმა კასატორის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირეს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვეს.
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარზე დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა ზეპირი განხილვის გარეშე გადადო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, მსესხებლის გარდაცვალების შედეგად, მისი პირველი რიგის მემკვიდრეების უფლებამონაცვლეებად ცნობა და მათთვის სასესხო ვალდებულების შესრულების დაკისრება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლსა და 1328-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა თანახმად, პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად იხსნება სამკვიდრო, რომელიც შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამასთან, იმავე კოდექსის 1316-ე მუხლის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; კანონით მემკვიდრეობა (გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე) მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. კანონით მემკვიდრეობის დროს კი, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
საგულისხმოა, რომ მემკვიდრეობის მიღების უფლების წარმოშობასთან ერთად, სამკვიდროს მიღება საჭიროებს მემკვიდრის მიერ ნების გამოხატვას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრემ სანოტარო ორგანოში უნდა შეიტანოს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართვას. ამასთანავე, ვინაიდან სამკვიდროს მიღება არ გულისხმობს მამკვიდრებლის მხოლოდ ქონებრივი უფლებების მიღებას, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მამკვიდრებლის ვალდებულებების მემკვიდრეებისთვის დასაკისრებლად, უნდა დადგინდეს სამკვიდრო ქონების არსებობა, განისაზღვროს მისი მიმღები მემკვიდრეები და შეფასდეს სამკვიდრო აქტივისა და პასივის თანაფარდობა. სამკვიდროს არარსებობის შემთხვევაში კი, კრედიტორებს ერთმევათ უფლება, მოითხოვონ ვალდებულების შესრულება გარდაცვლილი პირის თუნდაც პირველი რიგის მემკვიდრეებისგან. ანალოგიურად, სამკვიდრო ქონების არარსებობის შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს საპროცესო უფლებამონაცვლეობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის გარდაცვალებისას, თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „კ–სა“ (გამსესხებელი) და ლ.მ–ს (მსესხებელი) შორის 2014 წლის 26 დეკემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
საქმეზე დადგენილია, რომ ლ.მ–ს სესხის ძირითადი თანხის - 1500 აშშ დოლარის, სარგებლის - 405 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 2199 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.
ლ.მ–ი გარდაიცვალა 2017 წლის 14 მარტს, თუმცა როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, მას გარდაცვალების მომენტისათვის სამკვიდრო აქტივი არ გააჩნდა. საყურადღებოა, რომ დასახელებული ფაქტის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციებით, რომელთა მიხედვითაც, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ლ.მ–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე; ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ლ.მ–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გარდაცვალების მომენტისთვის მამკვიდრებლის მიერ რაიმე ქონების/ქონებრივი უფლების ფლობის ფაქტს. რაც შეეხება იპოთეკით დატვირთულ ქონებას, ის ლ.მ–მა გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე აჩუქა მეუღლეს - ნ.ო–ვას, შესაბამისად, აღნიშნული ქონებაც არ წარმოადგენდა სამკვიდრო მასის ნაწილს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს სამკვიდრო ქონების არარსებობს ფაქტს და ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს სამკვიდრო ქონების არსებობასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები). განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის პირობებში, კასატორს სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სამკვიდრო ქონების არარსებობის გამო მოპასუხეთა ლ.მ–ის უფლებამონაცვლეებად ცნობის საფუძველი არ არსებობს; უფრო მეტიც, უფლებამონაცვლეებად ცნობა მაინც ვერ გამოიწვევს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას - სასესხო ვალდებულების შესრულებას, რადგან არ არსებობს სამკვიდრო აქტივი, რომლის ფარგლებშიც მემკვიდრეები ვალდებულნი იქნებოდნენ, დაეფარათ მამკვიდრებლის სესხი. ამრიგად, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოპასუხეების ლ.მ–ის უფლებამონაცვლეებად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო, დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. იმავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მითითებული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს: კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. ამდენად, მართალია, „მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში... მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, წამყვან სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეების გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეებად ცნობა წარმოადგენს. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ დასახელებული მოთხოვნის დაკმაყოფილების თანმდევ შედეგად ითხოვს მოსარჩელე მოპასუხეებისთვის მამკვიდრებლის მიერ შეუსრულებელი სასესხო ვალდებულებების დაკისრებასა და უძრავი ნივთის რეალიზაციას, ხოლო მოპასუხეებად ნ.ო–ვა და ა.მ–ნი დასახელებულნი არიან პირველი რიგის მემკვიდრეებად ყოფნის გამო (და არა სანივთო-სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე). ვინაიდან სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებითა და გარემოებებით, ხოლო მოპასუხეების ლ.მ–ის უფლებამონაცვლეებად დადგენის წინაპირობა არ არსებობს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მათი, როგორც მემკვიდრეების მიმართ წარდგენილი თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 642,75 ლარის 70% - 449,92 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. შპს „კ–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 642,75 ლარის (საგადახდო დავალება №11435571385, გადახდის თარიღი 20.08.2021წ.) 70% - 449,92 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე