Facebook Twitter

საქმე №ას-1165-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „კ.ბ. ს.გ–ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „კ.ბ. ს.გ–მა“ 2020 წლის 8 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მოპასუხისთვის 2242,43 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტით დათარიღებული გადაწყვეტილებით შპს „კ.ბ. ს.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ 2242,43 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 15 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მერიამ მოსარჩელეს კონკრეტული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის 5 დღეში წარდგენა დაავალა, ხოლო სამუშაოების მიწოდების ვადად 2020 წლის 10 ოქტომბერი განუსაზღვრა. შპს „კ.ბ. ს.გ–მა“, მართალია, დროულად წარადგინა გეგმა-გრაფიკი, თუმცა სამუშაოს შესრულების ვადად 2020 წლის 10 ნოემბერი მიუთითა, რაც არ შეესაბამებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ პერიოდს; ამასთან, კომპანიამ უარი განაცხადა გეგმა-გრაფიკის კორექტირებაზე. შედეგად, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 2242,43 ლარის ოდენობით, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკავა მენარდის მიერ შესრულებული სამუშოების ღირებულებიდან და გადარიცხა ბიუჯეტის ანგარიშზე. კასატორი მიიჩნევს, რომ მოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით და არ არსებობს პირგასამტეხლოს მოსარჩელისთვის უკან დაბრუნების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს ფულად თანხას და მოვალემ ის უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. „პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის №ას-428-428-2018 განჩინება). ამრიგად, „პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის გახორციელება ძირითადი უფლების გარეშე, ასევე, პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის №ას-639-2021 და 2021 წლის 9 სექტემბრის №ას-574-2021 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემკვეთი) და შპს „კ.ბ. ს.გ–ს“ (მენარდე) შორის 2020 წლის 15 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მენარდეს უნდა შეესრულებინა თბილისის მასშტაბით რკინა/ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალების მიღებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარედგინა სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი. ამავე ხელშეკრულებით, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, გათვალისწინებულ იქნა ჯარიმა - ხელშეკრულების ღირებულების 0,06%-ის ოდენობით.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 აგვისტოს წერილით შპს „კ.ბ. ს.გ–ს“ 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის მიმდებარედ რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების წარმოება დაევალა.

მოსარჩელემ შემკვეთს თავდაპირველად წერილობით აცნობა, რომ შეუძლებელი იყო სამუშაოების 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით დასრულება, რადგან არსებულ მეწყერულ უბანთან დაკავშირებით საპროექტო გადაწყვეტილების დამტკიცებისა და ამ გადაწყვეტილების ფარგლებში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების გარეშე, შეუძლებელი იყო საბურღი დანადგარებისა და სამშენებლო მასალების მიწოდება; წერილში, ასევე, მითითებულია სამუშაოების წარმოების პროცესში ქვის ცვენის შედეგად ქონების დაზიანებისა და მომუშავე პერსონალის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის რისკებზე. მითითებული საფუძვლებით შემსრულებელმა სამუშაოების დასრულების ვადის განსაზღვრა 2020 წლის 10 ნოემბრით მოითხოვა. 2020 წლის 18 აგვისტოს კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 (ხუთი) დღის ვადაში, შპს „კ.ბ. ს.გ–მა“ შემკვეთს წარუდგინა სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი, სადაც სამუშაოების დასრულების ვადად 2020 წლის 10 ნოემბერი მიეთითა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმწოდებლისგან სამუშაოების წარმოების დასრულების თარიღის კორექტირება მოითხოვა, თუმცა კომპანიამ განმარტა, რომ ვადასთან მითითებით გეგმის დაკორექტირების შემთხვევაში გეგმა-გრაფიკი ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამო იქნებოდა. შედეგად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძვლით, მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა - 2242,43 ლარი, რომელიც დაკავდა შპს „კ.ბ. ს.გ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან და გადაირიცხა ბიუჯეტის ანგარიშზე.

დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობის საკითხის შესწავლისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში წარადგინა გეგმა-გრაფიკი და ჩამოთვალა გრაფიკში სამუშაოების დასრულების თარიღის შემკვეთის მიერ განსაზღვრულ ვადასთან შეუსაბამობის გამომწვევი ობიექტური, მენარდისგან დამოუკიდებელი მიზეზები, მათ შორის, მითითებულ იქნა მომუშავე პერსონალის სიცოცხლისთვის და ქონების დაზიანებისთვის საფრთხის შემქმნელი რისკები. უფრო მეტიც, გეგმა-გრაფიკით განსახორციელებელი სამუშაოების მიწოდების ვადის 2020 წლის 10 ოქტომბრით გათვალისწინება რომ რეალურ, ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამო იქნებოდა, დადასტურებულია მხარეთა ურთიერთობის შემდგომი განვითარებითაც - სწორედ კომპანიისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, მოგვიანებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების მიწოდების ვადად ჯერ 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი განსაზღვრა, ხოლო შემდეგ - 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. საგულისხმოა, რომ საბოლოოდ შემკვეთმა შესრულება, შესრულების ხარისხის მიმართ რაიმე პრეტენზიის წარდგენის გარეშე, მიიღო. მაშასადამე, ვინაიდან მენარდემ დროულად წარადგინა გრაფიკი, რომელიც სრულად ასახავდა სამუშაოების შესრულების ხანგრძლივობას და ასაბუთებდა მათი მიწოდების ვადის 2020 წლის 10 ოქტომბრით განსაზღვრის ობიექტურ შეუძლებლობას, ამასთან, მოგვიანებით მხარეთა მიერ სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს გადახდის წინაპირობები არ წარმოქმნილა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უსაფუძვლოდ დააკავა შპს „კ.ბ. ს.გ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 2242,43 ლარი და დასახელებული თანხა სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე