Facebook Twitter

საქმე №ა-366-შ-7-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი – დ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით დ.ა. ძე ა–სა და ა.კ–ას შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

ა.კ. ნაწილობრივ ფარავს დავალიანებას 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რფ–ის ცბ–ს კურსის შესაბამისად, ვადაში 2011 წლის 29 აპრილამდე.

ვალის დარჩენილი თანხა 665 186,26 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით გადახდის თარიღისთვის რფ–ის ცბ–ს კურსის შესაბამისად, გადახდილი იქნება ვადაში 2011 წლის 15 დეკემბრამდე.

ვალის გადაუხდელ თანხას ერიცხება პროცენტები გაანგარიშებით წლიური 5% 2010 წლის 05 ნოემბრიდან (ა.კორსანტიას მიერ ვალის თანხის დაბრუნების თაობაზე პრეტენზიის მიღების თარიღიდან) ვალის სრული თანხის ფაქტობრივი დაფარვის თარიღამდე. პროცენტები ერიცხება ვალის თანხას, რომელიც ნომინირებული არის აშშ დოლარებში შემდგომი გადათვლით რფ–ის ცბ–სკურსით პროცენტების ყოველი გადახდის თარიღისთვის.

პროცენტები ექვემდებარება გადახდას შემდეგი წესით:

2011 წლის 31 მაისს – პროცენტები 2010 წლის 5 ნოემბრიდან 2011 წლის 29 აპრილამდე პერიოდზე 27 775,71 აშშ დოლარის ოდენობით რფ–ის ცბ–ს კურსით გადახდის თარიღისთვის (165 186,26$ x (0,0137% x 174 დღე);

2011 წლის 31 მაისს – პროცენტები 2011 წლის 29 აპრილიდან 31 მაისამდე პერიოდზე 2 916,18 აშშ დოლარის ოდენობით რფ–ის ცბ–ს კურსით გადახდის თარიღისთვის (665 186,26$ x (0,0137% x 32 დღე).

2011 წლის 30 ივნისს – პროცენტები 2011 წლის 1-დან 30 ივნისამდე პერიოდზე 733,92 აშშ დოლარის ოდენობით რფ–ის ცბ–ს კურსით გადახდის თარიღისთვის (665 186,26$ x (0,0137% x 30 დღე);

2011 წლის 31 ივლისს – პროცენტები 2011 წლის 1–დან 31 ივლისამდე პერიოდში 2 825,05 აშშ დოლარის ოდეობით რფ–ის ცბ–ს კურსით გადახდის თარიღისთვის (665 186,26$ x (0,0137% x 31 დღე);

2011 წლის 31 აგვისტოს – პროცენტები 2011 წლის 1–დან 31 აგვისტომდე პერიოდზე 2 825,05 აშშ დოლარის ოდენობით რფ–ის ცბ–ს კურსით გადახდის თარიღისთვის (665 186,26$ x (0,0137% x 31 დღე).

2011 წლის 30 სექტემბერს– პროცენტები 2011 წლის 1–დან 30 სექტემბრამდე პერიოდზე 2 733,92 აშშ დოლარის ოდენობით რფ–ის ცბ–ს კურსით გადახდის თარიღისთვის (665 186,26$ x (0,0137% x 30 დღე).

2011 წლის 31 ოქტომბერს– პროცენტები 2011 წლის 1–დან 31 ოქტომბრამდე პერიოდზე 2 825,05 აშშ დოლარის ოდენობით რფ–ის ცბ–ს კურსით გადახდის თარიღისთვის (665 186,26$ x (0,0137% x 31 დღე).

2011 წლის 30 ნოემბერს – პროცენტები 2011 წლის 1–დან 30 ივნისამდე პერიოდზე 2 733,92 აშშ დოლარის ოდენობით რფ–ის ცბ–ს კურსით გადახდის თარიღისთვის (665 186,26$ x (0,0137% x 30 დღე).

2011 წლის 15 დეკემბერს პროცენტები 2011 წლის 1–დან 15 დეკემბრამდე პერიოდზე 1 366995 აშშ დოლარის ოდენობით რფ–ის ცბ–ს კურსით გადახდის თარიღისთვის (665 186,26$ x (0,0137% x15დღე).

თანხის მიღებისას გაიცემა ხელწერილი.

ვალი თანხის ვადამდე დაფარვის შემთხვევაში პროცენტების გადახდა მოხდება ვალის ფაქტობრივი დაბრუნების თარიღამდე.

ვალის და/ან პროცენტის დაბრუნების ნებისმიერი ვადის ერთ სამუშაო დღეზე მეტი ხნით გამოტოვების შემთხვევაში, კორსანტია ა.ს. ითვლება მოცემული მორიგებით შეთანხმების პირობების დამრღვვად, მორიგებით შეთანხმება ექვემდებარება იძულებით აღსრულებას რფ–ის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მხარეების სასამართლო ხარჯები კომპენსირებას არ ექვემდებარება.

წარმოება საქმეზე №2–369/11 ა–ის დ. ა. ძის სარჩელზე კ–ია ა.ს–ის მის მიმართ დაუსაბუთებელი გამდიდრების ამოღების შესახებ – შეწყვეტილ იქნეს.

მხარეეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით არ დაიშვება.

დ.ა–ის წარმომადგენელმა ნ.ყ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 14 თებერვალს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით დ.ა–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით ა.კ–ას წარმომადგენელ ა.ც–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დ.ა–ის შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის სასამართლოს სხდომაზე მხარეებს მიეცათ ვადა მტკიცებულებების წარმოსადგენად.

2021 წლის 1 სექტემბერს დ.ა–ის წარმომადგენელმა ნ.ყ–მა მოითხოვა მტკიცებულებების წარმოდგენისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 2-დან 3 თვემდე.

საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით დ.ა–ის წარმომადგენელ ნ.ყ–ის შუამდგომლობა მტკიცებულებების წარმოდგენისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ.ა–ს მტკიცებულებების წარმოდგენისათვის საპროცესო ვადა გაუგრძელდა 2021 წლის 1 ნოემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ.ა–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ.ა–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ედა 275-ე მუხლები).

განსახილველ შემთხვევაში 2021 წლის 09 დეკემბერს საკასაციო სასაამრთლოში გამართულ სასამრთლო სხდომაზე გამოირკვა, რომ დ.ა–მა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში სრულყოფილად ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ა–ის შუამდომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური

ეკატერინე გასიტაშვილი