Facebook Twitter

საქმე №ას-1041-2020 13 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ს–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – რ.მ–ი, გ.მ–ი, ბმა ,,ჩ.მ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.ს–ვას (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი რ.მ–ის, გ.მ–ისა და ბმა „ჩ.მ–ის“ (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა და მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, ...., ს/კ: .........) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა თ.ყ–ის სახელზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონების მესაკუთრეს აღარ წარმოადგენს მოპასუხე გ.მ–ი, ხოლო ახალი მესაკუთრე მითითებულ დავაში მხარედ არ არის ჩაბმული და არც ის ხელშეკრულებაა სადავოდ გამხდარი, რის საფუძველზეც ქონება ამჟამინდელი მესაკუთრის სახელზე აღირიცხა.

5. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ არსებობდა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მოსარჩელის, როგორც ამხანაგობის რიგითი წევრის უფლება მოითხოვოს უკანონო კრების ოქმის ბათილად ცნობა. ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის შედეგისადმი დაინტერესებულ პირს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიერ 2018 წელს განხორციელებული პრივატიზაციის პერიოდში ფაქტობრივად ვერ ფლობდა სადავო ფართს და აქედან გამომდინარე არ წარმოშობია საკუთრების უფლება ქონებაზე. სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა, რომ გლდანის რაიონის გამგეობამ მოსარჩელის სახელზე პრივატიზება განახორციელა 18.32 კვ.მ-ზე, რომელიც შედგება ორი თანაბარი ფართის ოთახისაგან და ამ ორი ოთახიდან ერთ-ერთში მოსარჩელე წლებია ცხოვრობს (სადავოა მეორე ოთახი, რომელიც გამოიყენებოდა საკუჭნაოდ და რომელიც თვითნებურად დაიკავა მოპასუხე გ.მ–მა, შემდეგში კი შეძლო მისი დარეგისტრირება). შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც დადგინდა მოსარჩელის სახელზე განხორციელებული პრივატიზაციის ბათილობა და არცერთი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში მოსარჩელის მფლობელობაშია პრივატიზებული ფართის ნახვარი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პრივატიზება მოხდა კანონიერად.

8. მართალია სადავო ფართის მესამე პირზე გასხვისების შემდეგ აღარ არსებობს დავის საგანი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ახდენს გავლენას ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის საკითხის განხილვაზე, რომელიც წარმოადგენს სრულიად დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ იკვეთება უძრავი ნივთის ამჟამინდელ მესაკუთრესთან. ასევე გასათვალისწინებელია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომელიც თუ ზემოხსენებული ვითარების შეცვლამდე გამოიხატებოდა მისი საკუთრების დაცვაში, ვითარების შეცვლის შემდგომ გამოიხატება მისი საკუთრების ხელყოფის შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაში. შესაბამისად, არ იკვეთება დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

11. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მოცემულ საქმეზე შეწყდა წარმოება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუქნტით, რომლის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და მიღწეულია ის მიზანი, რის გამოც აღიძრა სარჩელი, სახეზეა სსსკ 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმისწარმოების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

13. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება, რომლის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებასაც სარჩელით ითხოვდა მოსარჩელე, გასხვისდა და მისი ამჟამინდელი მესაკუთრე სხვა პირია, რომელიც საქმეში საპროცესო მხარედ არ არის ჩართული და არც ის ხელშეკრულებაა სადავოდ გამხდარი, რის საფუძველზეც ქონება ამჟამინდელი მესაკუთრის სახელზე აღირიცხა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის აღარ არსებობდა დავის საგანი, რაც წინამდებარე საქმეზე წარმოების შეწყვეტის საფუძველს ქმნიდა.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებულ მსჯელობას და საქმისწარმოების შეწყვეტის პირობების არსებობის შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1) წინამდებარე სარჩელი აღძრულია ბმა „ჩ.მ–სა“ და ფიზიკური პირების - რ.მ–ისა და გ.მ–ის მიმართ;

2) რ.მ–ი და გ.მ–ი არიან მამა-შვილი;

3) ბმა „ჩ.მ–ს“ 2008 წლის 20 ივლისის #4 კრების ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობით, მოპასუხე გ.მ–ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ..... #19-ში მდებარე 9 კვ.მ ფართი (ს/კ: ........);

4) მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ზემოაღნიშნული კრების ოქმის ბათილად ცნობას, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ: .......) გამოთხოვას და აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი (სადავო 9.11 კვ.მ ფართი) ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე უკანონოდ გადაეცა საკუთრებაში მოპასუხე გ.მ–ს. ამასთან, აღნიშნულ კრებაზე მოსარჩელე არ მიუწვევიათ, რაც კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილობისა და უკანონოდ გადაცემული ქონებიდან მოპასუხეთა გამოსახლების საფუძველს ქმნიდა.

16. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი სარჩელით მოსარჩელის მიზანს საკუთრების ხელმყოფთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლება წარმოადგენს, რისი მიღწევაც მას ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობით სურს.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ სადავო ქონების გასხვისების შედეგად ქონებას ამჟამად ჰყავს ახალი მესაკუთრე, რომელიც საქმეში მხარედ არ არის მითითებული და არც აღნიშნული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამხდარა სადავოდ, აღარ არსებობს დავის საგანი და საქმის წარმოებაც უნდა შეწყდეს.

18. საკასაციო პალატა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს დავის საგნის არსებობას.

19. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გასხვისებულ სადავო ქონებას ამჟამად ჰყავს სხვა მესაკუთრე, აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე დავის სამართლებრივ ბედზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სარჩელით მოთხოვნილია ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს შეეზღუდა საკუთრების უფლება ქონებაზე. ამდენად, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა საკითხი იმის შესახებ, ლეგიტიმური იყო თუ რა ამხანაგობის წევრთა მიერ 2008 წლის 20 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება ქონების მოპასუხისთვის გადაცემის შესახებ, ხოლო, იმ პირობებში, როდესაც საქალაქო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა წარდგენილი სარჩელი და მოსარჩელე აგრძელებს დავას სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო პალატა თვლის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მიღწეული არ არის ის მიზანი, რასაც მოსარჩელე სარჩელის აღძვრით ისახავდა. აღნიშნული კი, გამორიცხავს სსსკ 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის გამოყენებასა და დავის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. შუამდგომლობის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული განმარტებების შესაბამისად, უნდა იმსჯელოს წინამდებარე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლიანობაზე და თავისი დასკვნები დაასაბუთოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.ს–ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე