Facebook Twitter

საქმე № ას-1012-2021 4 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ.ს–ს“

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან გამგეობა) სარჩელი შპს „რ.ს–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, განმცხადებელი, კომპანია ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 352.78 ლარის გადახდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 84 156.98 ლარის გადახდა.

3. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მოთხოვნით, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. მოპასუხე კომპანიამ, 2021 წლის 15 ივლისს განხცადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განაწილვადებისა და მისი აღსრულების გადადების შესახებ მოთხოვნით.

4.1. განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული, ერთიანად გადასახდელი თანხა, მძიმე ტვირთს წარმოადგენდა კომპანიისთვის. ამასთან, კომპანია აწარმოებდა ორ დიდ სახელმწიფო პროექტს თელავსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში. აღსრულების დაწყების შემთხვევაში, ყადაღა დაედებოდა კომპანიის ანგარიშებს, რითიც საფრთხე შეექმნებოდა მიმდინარე, დასახელებული პროექტების განხორციელებას, კომპანიას კი დამატებითი ფინანსური პრობლემები შეექმნებოდა როგორც სახელმწიფოსთან, აგრეთვე დასაქმებულ პირებთან.

4.2. ამდენად, კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენდა, დაკისრებული თანხის 1 წელზე განაწილვადება - თვეში 7 013.08 ლარის გადახდით, ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების 3 თვით გადავადება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით, განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 84 156.98 ლარის ნაწილში განაწილვადდა 12 თვეზე, თვეში 7 013 ლარის გადახდით.

6. დასახელებულ განჩინებაზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხე კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებისა და ამავე ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღსრულების გადადების მოთხოვნაზე, გასაჩივრებული განჩინებით უარის თქმის კანონიერება.

10. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

11. დასახელებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გააწილვადოს ან გადადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება და აღსრულების გადადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად.

12. აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსენება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც არც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს (სუსგ 11.10.2017წ. საქმე №ას-1174-1094-2017).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ხასიათდება მუდმივობის პრინციპით, რადგან სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სასამართლოს შემაჯამებელი აქტის ამგვარი განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობაში სპეციალური ნორმის - 263-ე მუხლის შემოღების აუცილებლობა, რომლითაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა. აღნიშნული ნორმა ემსახურება სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საუფძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა, გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებით, მოპასუხე კომპანიას 84 156.98 ლარი დაეკისრა. კომპანიამ, აღსრულების განაწილვადებისა და გადადების მოტივად, წარდგენილ განცხადებაში, კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითა, ამასთან, განმარტა, რომ მთლიანად დაკისრებულ თანხაზე აღსრულების დაწყების შემთხვევაში, კომპანიას პრობლემების შეექმნებოდა, მიმდინარე სახელმწიფო პროექტებთან დაკავშირებით, სწორედ ამ საფუძვლით, გასაჩივრებული განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა და დაკისრებული თანხა განაწილდა მთელ წელზე (ყოველთვიურად, მთლიანად დაკისრებული თანხის თითქმის მეათედი ოდენობით), თვეში 7 013 ლარის გადახდის ვალდებულებით.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმა, ალტერნატიული სახით ითვალისწინების, გადაწყვეტილების აღსრულების, ერთჯერადად, 3 თვით გადადებას ან განაწილვადებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით ითხოვდა, დაკისრებული თანხის როგორც განაწილვადებას, ასევე, გადახდის გადავადებას, ამდენად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაევადებინა და ამასთანავე გაეწილვადებინა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ.ს–სის“ კერძო არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე