საქმე №ას-598-2020 27 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.დ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რის მიხედვითაც, დაკმაყოფილდა ნ.დ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი, ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ.
2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..... მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე. სასამართლოს განმარტებით, დასახელებულ უძრავ ქონებასა და მასში განთავსებულ ნივთებს აქტის შედგენის მომენტში მოსარჩელე ფლობდა, რაც შესაბამის აქტზე მისი ხელმოწერით დასტურდებოდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებისა, რომ მოსარჩელე და კ.დ–ძე არიან მეუღლეები, სადავო მოძრავი ნივთები კი ერთად შეიძინეს.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ)საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე)სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ)გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ)სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;
6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე:
6.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 4 ივნისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია შემდეგი მოძრავი ნივთები: ტყავის „დერმატინის“ სამეული (მეორადი, შავი ფერის, კრემისფერი ბალიშებით), კონსოლები 2 და ტუმბო 1 (მეორადი, ღია ყავისფერი, მინის კარით, ხის ორნამენტებით), ლედ ტელევიზორი TOSHIBA (მეორადი, შავი ფერის, საშუალო ზომის), მაცივარი Whirlpool (მეორადი, ნაცრისფერი, ორ კამერიანი, დიდი), პატარა ტუმბო (მეორადი, სამი უჯრით, ლატუნის ორნამენტებით, მწვანე ზედაპირით, ოვალური ფორმის), სარეცხი მანქანა DAEWOO DE (მეორადი, სერი ვერცხლისფერში, წითელი კარით), მაგიდა 8 სკამით (მეორადი, მაგიდა ხის, ლატუნის ორნამენტებით, ზედაპირზე მინით, სკამი ხის, ყავისფერი, კრემისფერი ნაჭრის ზედაპირით), გორკა (დესეუ, ბუფეტი, ჟურნალების მაგიდა, მეორადი, მუქი ყავისფერი ხის, ლატუნის ორნამენტებით, მარმარილოს ზედაპირით, გორკა მინის კარით), ტყავის სამეული (მეორადი, მუქი ყავისფერი, ხის დეტალით), დასადგამი საათი (მეორადი, ხის ორნამენტებით, მინის კარით და ოქროსფერი დეტალებით), პიანინო RONISCH, პიანინოს სკამით (მეორადი, მუქი ყავისფერი), საძინებლის გარნიტური (მეორადი, ყავისფერი, ხის ორნამენტებით, ერთი დიდი ტანსაცმლის კარადა, ერთი კომოდი, ორი ტუმბო, ერთი დიდი საწოლი, ერთი ტრილიაჟი დიდი სარკით), კაბინეტის მაგიდა (მეორადი, ყავისფერი ხის, სამი უჯრით, ერთი კარით, ზედაპირზე ტყავის დეტალით).
6.2. სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მისამართზე: თბილისი, ...... (ს/კ ........), რომლის მესაკუთრედაც, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებული იყო მოსარჩელე.
6.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გაცემული № N11034709-017/015 წერილის მიხედვით, 2015 წლის 4 ივნისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #64115 აქტით დაყადაღებულ სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ იყო.
7. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (სუსგ 22.06.15წ. საქმე №ას-1021-979-2014, 11.12.2015წ. საქმე №ას-952-902-2015; ას-620-2021, 24.09.2021; ას-1684-2018, 22.03.2021).
9. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
10. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. თუ საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია კონკრეტული პირის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელიც აღნიშნული პირია.
11. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1202-1144-2014, 25.06.2012წ. ას-262-253-2012).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, იზიარებს მათ შესახებ სასამართლოს შეფასებას და დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, სასამართლო, ამავე ნივთების განთავსების ადგილზე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დოკუმენტზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე წარმოადგენს იმ ბინის მესაკუთრეს, სადაც დაყადაღებული მოძრავი ნივთებია განთავსებული, ამასთან, მოსარჩელე არ წარმოადგენს კასატორის მოვალეს, ხოლო, სხვა მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პასუხისმგებლობის გავრცელება, კასატორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე