საქმე № ას-548-2021 10 ნოემბერი, 201 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ნ–ე“
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ხალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ს–ძე (შემდგომში „მოპასუხე“, „დასაქმებული“ ან „ყოფილი დასაქმებული“) 2018 წლის აპრილიდან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „ნ–ე+“-ის (შემდგომში „მოსარჩელე“, „დამსაქმებელი“, „დამსაქმებელი „კომპანია“, „კომპანია“, „ორგანიზაცია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) კუთვნილ სუპერმარკეტში (მდებარე ქ. ბათუმი, …… №8 „ა“) გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 3000 ლარს.
2. დასაქმებულის კომპანიაში დასაქმების დროისათვის ორგანიზაციას შრომის შინაგანაწესი დადგენილი არ ჰქონია, ასევე, არ გაფორმებულა რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა გენერალური მენეჯერის უფლება-მოვალეობები.
3. დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2019 წლის 5 იანვრის №1 ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციაში ჩატარდა სასაქონლო და მატერიალური ფასეულობების სრული ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით შედგა აუდიტორული დასკვნა.
4. დამსაქმებლის 2019 წლის 18 იანვრის №31 ბრძანებით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ცალმხრივად საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა შემდეგი: 1. 2019 წლის 5 იანვრის ბრძანება №1-ის და 2019 წლის 5 იანვრის ბრძანება №2-ის საფუძველზე ჩატარებული გენერალური აღწერის შედეგები; 2. 2019 წლის 17 იანვრის გენერალური აღწერის აქტით გამოვლენილი მატერიალური ზიანის შესახებ „აუდიტის დასკვნა“ NSR-19/03 (18.01.2019წ).
5. კომპანიის დირექტორის 2019 წლის 1 მაისის №191 ბრძანებით, ორგანიზაციაში გაუქმდა გენერალური მენეჯერის თანამდებობა.
6. სასარჩელო მოთხოვნა
6.1. დამსაქმებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ყოფილი დასაქმებულის
მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 32 895.59 ლარის დაკისრება.
6.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედიოდა სუპერმარკეტში მატერიალური ფასეულობებისა და მთლიანი სასაქონლო ბრუნვის ზედამხედველობა და კონტროლი. 2019 წლის 5 იანვარს ჩატარებული გენერალურიი აღწერის შედეგებით გაირკვა, რომ ნაშთის სახით დარჩენილი საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა არ ემთხვეოდა საბუღალტრო პროგრამის სასაქონლო რაოდენობრივ ნაშთს, რის გამოც, კომპანიამ განიცადა 32 895.59 ლარის დანაკლისი ზიანის სახით.
7. მოპასუხის პოზიცია
7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი პასუხისმგებელი არ არის კომპანიის დანაკლისზე, რადგან არ ევალებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა. ამასთან, აუდიტორულ დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რაში გამოიხატება ცდომილებები, რამდენია დანაკლისი, რა დოკუმენტაციისა და ნაშთების საფუძველზეა დანაკლისი და ა.შ.
8. დასაქმებულის სარჩელი
8.1. მოპასუხემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
8.2. სარჩელის თანახმად, დასაქმებული საკუთარ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად. 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში დამსაქმებელმა აქტიურად დაიწყო საუბარი მისი ხელფასის შემცირებაზე, ხოლო 2019 წლის იანვარისა და თებერვლის ხელფასი არ აუნაზღაურა, რის გამოც დასაქმებული მარტში აღარ გამოცხადდა სამსახურში. დამსაქმებელმა კი 2019 წლის 18 იანვრის ბრძანებით, სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა იგი სამსახურიდან.
9. დამსაქმებლის შესაგებელი
9.1. დამსაქმებელმა დასაქმებულის სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დასაქმებული საკუთარ მოვალეობებს ასრულებდა არაჯეროვნად, ამასთან, არ ცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდა სამუშაოდან. დამსაქმებელმა მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. დამსაქმებლისა და დასაქმებულის სააპელაციო საჩივრები
11.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით წარდგენილი სარჩელების დაკმაყოფილება.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
12.3. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ყოფილი დასაქმებულის სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ფარგლების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს უნდა დაეკისროს. სწორედ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა იმის დადასტურება, რომ დასაქმებულის მოვალეობაში შედიოდა მატერიალურ ფასეულობებზე და მთლიან სასაქონლო ბრუნვაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ასევე, იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხეს დასაქმებისას განუმარტეს მასზე დაკისრებული მოვალეობების შინაარსი.
12.4. სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 44-ე (ამჟამად მოქმედი 58-ე) მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 408-ე მუხლებით, მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზეც და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმეში წერილობითი მტკიცებულების სახით წარდგენილი ინვენტარიზაციის აქტი და აუდიტორული შემოწმების დასკვნები წარმოადგენდა თუ არა ზიანის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისთვის საკმარის მტკიცებულებას, ხოლო ასეთის დადასტურების შემთხვევაში, იკვეთებოდა თუ არა მოპასუხის ბრალი დამდგარ ზიანში. სასამართლომ დაასკვნა, რომ მითითებული მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის სამსახურეობრივი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები, მისი დასაქმების პერიოდში სავაჭრო ობიექტში აღწერის ჩატარებისა და კონკრეტული ოდენობით მატერიალური ფასეულობის მისთვის სამართავად გადაცემის ფაქტი. სააპელაციო პალატამ ყურდაღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ წარდგენილი ინვენტარიზაციის აქტებითა და აუდიტორული შემოწმების დასკვნებით არ ირკვევა რა პერიოდს მოიცავდა შემოწმება და მოიცავდა თუ არა ის მხოლოდ მოპასუხის დასაქმების შემდგომ პერიოდს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლებოდა გამხდარიყო ზიანის მიმყენებელი სუბიექტის იდენტიფიცირებისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ აუდიტორული შემოწმების მასალები მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის პერიოდში წარმოშობილი ზიანის დადასტურებულად მიჩნევისთვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა.
12.5. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა მოპასუხის სარჩელის საფუძვლიანობასა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებაზე. ვინაიდან დამსაქმებლის მხრიდან შესაგებლით შედავებული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, სააპელაციო პალატამ შეაფასა იგი. სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4, მე-7 მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან დასაქმებულმა გათავისუფლების შესახებ ბრძანება ყველაზე გვიან 2019 წლის 26 თებერვალს მიიღო, თუმცა მას კანონით დადგენილ 7-დღიან ვადაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ წერილობითი დასაბუთება არ მოუთხოვია, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღიდან (2019 წლის 27 თებერვლიდან) და დასრულდა 2019 წლის 28 მარტს. დასაქმებულმა კი სარჩელი სასამართლოში აღძრა დაგვიანებით, რაც მისი ხანდაზმულად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
13. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
13.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მართალია, სწორად დაადგინა საქმის გარემოებები, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ მოპასუხის ფუნქციები ძალზე ფართო იყო და მას ევალებოდა მაღაზიაში დასაქმებულთა, გაყიდვებისა და საქონლის მიღების კონტროლი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ რატომღაც დადგენილად არ მიიჩნია დასაქმებულის უმოქმედობით კომპანიისთვის ზიანის მიყენების ფაქტი მაშინ, როდესაც მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა ამ გარემოებას. კერძოდ, აუდიტის დასკვნებითა და მატერიალურ ფასეულობათა აღწერის აქტით ირკვევა, რომ დასაქმებული არ ასრულებდა თავის მოვალეობებს გულისხმიერად, რამაც გამოიწვია საქონლის დანაკლისი და რეალიზაციის არასწორი აღრიცხვა.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
18. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამაც საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომა გამოიწვია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხე არ წარმოადგენდა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
21. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
22. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
23. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
24. მოცემულ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 58-ე (სადავო პერიოდში მოქმედი 44-ე) მუხლი „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.
25. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული ნორმების მოხმობით განმარტავს, რომ მოვალეს ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ დადგინდა, რომ მისი ქმედება ბრალეული/მართლსაწინააღმდეგო იყო და მოჰყვა ზიანი, ასევე, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
26. საკასაციო სასამართლო ზიანის დადგომასთან და მოპასუხის არაბრალეულობასთან დაკავშირებით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნები და მატერიალურ ფასეულობათა აღწერის აქტი ვერ მიიჩნევა დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. ამასთან, რომც დადგინდეს გარკვეული ზიანის დადგომის/არსებობის ფაქტი, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, აღნიშნული ვერ შეფასდება მოპასუხის ბრალეულ ქმედებად.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი სახის შრომითი ურთიერთობა და რაიმე დოკუმენტი, რაც კომპანიაში დასაქმებულის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავდა, არ გაფორმებულა. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ დამსაქმებელ კომპანიას სადავო პერიოდში არ გააჩნდა შრომის შინაგანაწესი, რომლითაც განისაზღვრებოდა ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა, მათ შორის, მოპასუხის, როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერის, მიერ შესასრულებელი ფუნქციები.
28. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე (კასატორი) აპელირებს კომპანიაში საქმიანობის დროისათვის მოპასუხის მიერ კონკრეტული ვალდებულებების (მაგ. მაღაზიაში დასაქმებულთა კონტროლი, გაყიდვებისა და საქონლის მიღების კონტროლი და ა.შ) შეუსრულებლობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მას უნდა დაემტკიცებინა მითითებული ფუნქციების მოპასუხისთვის კუთვნილების ფაქტი, რაც დამსაქმებელმა ვერცერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ შეძლო. მხოლოდ ზეპირი სახის მითითება, რომ მოპასუხეს ევალებოდა დამსაქმებლის მატერიალურ ფასეულობებზე და მთლიან სასაქონლო ბრუნვაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-720-673-2017,14 სექტემბერი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნ–ე -ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ნ–ე .-ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი,
„სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №34118, გადახდის თარიღი 2021 წლის 24 ივნისი), 1 950 ლარის 70% - 1 365 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე