Facebook Twitter

საქმე № ას-476-2021 4 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ლ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „მ–ი“ (თავმჯდომარე ი.მ–ძე), ლ.მ–ვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ლ–ამ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „კერძო სჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.მ–ვასა (შემდგომში „მოპასუხე“) და ამხანაგობა „მ–ის“ (შემდგომში „ამხანაგობა“ და ორივე მათგანი ერთად ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ, მოითხოვა ამხანაგობის 2016 წლის 26 ივნისის #2 კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის სახელზე დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ......... მდებარე 7.66 კვ.მ სარდაფი (საკადასტრო კოდით: .......) და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული სარდაფის გამოთხოვა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხეებმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ სადავო სარდაფი 2019 წლის 6 ნოემბერს მოპასუხე ლ.მ–ვამ გაასხვისა მ.ა–ძეზე და ამჟამად იგი მყიდველის საკუთრებაშია. შესაბამისად, მოსარჩელეს აღარ აქვს იურიდიული ინტერესი წარდგენილი სარჩელის მიმართ, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, მისი მიზანი ვერ იქნება მიღწეული.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა და წარდგენილი სარჩელი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და აღნიშნა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება (სარდაფი), რომლის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასაც ითხოვდა მოსარჩელე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია სხვა პირის საკუთრებად. შესაბამისად, აღნიშნული ქონების მესაკუთრე აღარ არის მოსარჩელე, ხოლო ახალი მესაკუთრე მოცემული დავის ფარგლებში მხარედ არ არის ჩაბმული და არც ის ხელშეკრულება გამხდარა სადავოდ, რომლის საფუძველზეც აღირიცხა სარდაფი მყიდველის საკუთრებად. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ამავე კოდექსის 186-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა მისი სარჩელი განუხილველად დავის საგნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის მოტივით და მიუთითა, რომ ვინაიდან სადავო ქონებას ჰყავს ახალი მესაკუთრე, რომელიც საპროცესო მხარედ არ არის საქმეში ჩაბმული, აღარ არსებობს მოსარჩელის ინტერესი წარდგენილი სარჩელის მიმართ.

10. სარჩელით მოთხოვნილი იყო ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე აღიდგენდა უფლებას სადავო სარდაფზე, რაც სადავო ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველს შექმნიდა. მოპასუხემ შეიტყო რა, რომ მის წინააღდეგ წარდგენილი სარჩელი დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ, ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლება და დავის საგნის გასხვისებით სააპელაციო განხილვის სტადიაზევე გააქარწყლა კანონდარღვევით შედგენილი ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად სარდაფის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გამოთხოვის იურიდიულ-პროცესუალური შესაძლებლობა. თანაც ისეთ ვითარებაში, როდესაც სადავო ნივთის მესაკუთრე და ამხანაგობის წევრი მოსარჩელეა.

11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონიერად იქნება მიჩნეული მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება, საქმისწარმოება უნდა გაგრძელდეს ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერების შემოწმების ნაწილში, ვინაიდან ეს მოთხოვნა არ უკავშირდება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას. ამასთან, როდესაც სააპელაციო პალატა მსჯელობს მოსარჩელის მხრიდან იურიდიული ინტერესის არარსებობაზე და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია თუ შესაძლებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, ისიც უნდა დასაბუთდეს, თუ რა ნიშნითი, რომელი წინაპირობითა და საფუძვლით შეუძლია მოსარჩელეს მოპასუხის ან ქონების ამჟამნდელი მესაკუთრის მიმართ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა და სადავო სარდაფთან დაკავშირებით დარღვეული უფლების აღდგენა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

14. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს დავისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის მოტივით სარჩელის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

16. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) – საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ №ას-148-138-2015, 2015 წლის 27 ნოემბერი).

17. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-937-887-2015, 2015 წლის 10 ნოემბერი).

18. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-17-14-2015, 2015 წლის 1 ივლისი).

19. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სარჩელი აღძრულია შემდეგი მოთხოვნით: ა) ბათილად იქნას ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2016 წლის 26 ივნისის N2 კრების ოქმი, რომლის საფუძველზე, მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 7.66 კვ.მ ფართი (სარდაფი) და ბ) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას აღნიშნული ფართი (სარდაფი).

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სადავო უძრავ ქონებას ამჟამად ჰყავს ახალი მესაკუთრე, რომელიც საქმეში მხარედ არ არის ჩაბმული და არც ის ხელშეკრულება გამხდარა სადავოდ, რის საფუძველზეც ქონება სხვა მესაკუთრის ხელში გადავიდა, აღარ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი წინამდებარე დავის მიმართ. შესაბამისად, წარდგენილი სარჩელი არ აკმაყოფილებს აღიარებითი სარჩელისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს.

21. საკასაციო პალატა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მისი დაკმაყოფილებით მოსარჩელე ახორციელებს კონკრეტულ უფლებას და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებულია უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს არა რაიმე უფლების აღიარებას (დადგენას), არამედ უკვე დარღვეული უფლების აღდგენას - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ქონების გამოთხოვას და ამ მიზნის მიღწევა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობით სურს.

22. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სახეზე არ არის აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა საკითხი იმის შესახებ, ლეგიტიმური იყო თუ არა ამხანაგობის წევრთა მიერ 2016 წლის 26 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხისთვის ქონების გადაცემის შესახებ და სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერებაზეა დამოკიდებული სარჩელის სამართლებრივი ბედი - მოსარჩელის დარღვეული უფლების (საკუთრების უფლების) აღდგენის საკითხი. ხოლო იმ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შესამოწმებელია სწორედ აღნიშნული საკითხი - სადავო სარდაფის მოპასუხისთვის გადაცემის კანონიერება, ქონების გასხვისებისა და მისი ახალი მესაკუთრის ხელში გადასვლის მოტივით სარჩელის განუხილველად დატოვება, ეწინააღმდეგება თავად სარჩელის არსს და არ გამომდინარეობს მისი მიზნებიდან, რაც გამორიცხავს სსსკ 178-ე მუხლის „ლ“ პუნქტისა და ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ პუნქტის გამოყენებას და ამ საფუძვლით სარჩელის განუხილველად დატოვებას.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. შუამდგომლობის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული განმარტებების შესაბამისად, უნდა იმსჯელოს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობაზე და თავისი დასკვნები დაასაბუთოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ლ–ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ლ. მიქაბერიძე