საქმე №ას-496-2021 26 ნოემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ტ–ა" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "რ–ი"(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „რ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან დამკვეთი) სარჩელი:
1.1. შპს „ტ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, შემსრულებელი, კომპანია, აპელანტი ან კასატორი), მოსარჩელის სასარგებლოდ - 42 450 ლარი და პირგასამტეხლო - 2000 ლარი დაეკისრა;
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:
3.1. დამკვეთსა და შემსრულებელს შორის, 2017 წლის 6 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანს ქ. თბილისში, ......... მშენებარე მრავალფუნქციურ შენობაზე ფასადის მოპირკეთება დეკორატიული იპს M20-ით (პენოპლასტი), ასევე - მისი მიწოდება, მონტაჟი და საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენდა. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი ვალდებული იყო, დამკვეთისთვის საქონელი მიეწოდებინა, დაემონტაჟებინა და საკუთრებაში გადაეცა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის ჩარიცხვიდან - 2 (ორი) თვეში.
3.2. ხელშეკრულების 5.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქარხნული წუნის დადგენის შემთხვევაში შემსრულებელი დამკვეთს ნასყიდობის საგანს, ხარვეზის აღმოჩენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ახლით შეუცვლიდა. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 5 წელს შეადგენდა. ხელშეკრულების 6.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით დადგენილ ვადაში, საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ან ვალდებულებების შეუსრულებლობისას, დამკვეთი უფლებამოსილი იქნებოდა დაეკისრებინა, ხოლო ასეთ შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებული იქნებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.8%, ყოველი ვადაგადაცილებული კალენდარული დღისათვის გადაეხადა. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მისი ხელმოწერის მომენტიდან და 2 (ორი) თვის განმავლობაში მოქმედებდა. მხარეებს შეეძლოთ ხელშეკრულების მოშლის 30 დღიანი ვადის დაცვით ვადაზე ადრე ხელშეკრულება შეეწყვიტათ. ამის შესახებ მხარეებს ერთმანეთისთვის, 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა შეეტყობინებინათ.
3.3. დამკვეთმა შემსრულებელს საბანკო ანგარიშზე 2017 წლის 6 სექტემბერს ავანსის სახით 25 000 ლარი, ხოლო 2018 წლის 16 თებერვალს 17 250 ლარი ჩაურიცხა, რაც სულ - 42 250 ლარია.
3.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 11.06.2018 წლის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ........., გუდვილის მიმდებარედ მრავალსართულიანი კორპუსის ფასადზე სამუშაო არაჯეროვნადაა შესრულებული, ე.წ. „პენოპლასტის“ ფილები, აგურის იმიტაციით გაკრულია უხარისხოდ, გაკვრის ტექნოლოგიური პროცესი და ციკლი დარღვეულია, ფასადზე შეინიშნება ფილების გადაბმის ადგილები, ვერტიკალური სიბრტყის დარღვევა აჩენს დეფექტებს. ვინაიდან ე.წ. „პენოპლასტის“ ფილების მიკვრის სამუშაოების ხარისხთან (სტანდარტსა და ნორმებთან) მიმართებით, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტებით არ მოიპოვება ექსპერტიზისთვის სახელმძღვანელოდ გამოსაყენებელი რაიმე სახის რეგულაცია, შესრულებული სამუშაოების ხარისხის სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან შესაბამისობა/შეუსაბამობაზე ექსპერტიზამ ვეღარ იმსჯელა.
3.5.აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.06.2018 წლის ფაქტების კონსტატაციის ოქმის მიხედვით, ავანსის ჩარიცხვიდან 5 თვის შემდეგაც, მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა.
3.6. მოსარჩელემ უხარისხოდ გაკრული პენოპლასტი ჩამოხსნა და დაზიანებული მასალა გადაყარა.
4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსრულებელს დამკვეთის სასარგებლოდ 42 250 ლარი მართებულად დაეკისრა.
5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ნასყიდობისა და ნარდობის გარიგების დამახასიათებელ დათქმებს შეიცავს, რაც მას ე.წ „შერეული ტიპის“ ხელშეკრულებად აქცევს, კერძოდ, გარიგების ფარგლებში შემსრულებელმა, ერთი მხრივ, როგორც გამყიდველმა, იკისრა ვალდებულება, შემძენისათვის (მოსარჩელისთვის) ნივთი გადაეცა, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც მენარდემ, შემკვეთისთვის მომსახურების გაწევა - ფასადის მოპირკეთება ივალდებულა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე და 629-ე მუხლების გამოყენების სამართლებრივ წინაპირობებს ქმნის.
6. სასამართლომ საქმეზე დადგენილ უდავო გარემოებებზე მიუთითა, რომელთა მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს 42 250 ლარი გადაუხადა; ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოები ავანსის ჩარიცხვიდან 2 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა. საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ შემსრულებელმა ავანსი 2017 წლის 6 სექტემბერს მიიღო, თუმცა სამუშაოები დროულად არ დაასრულა. მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი მიემართებოდა განსაზღვრულ დროში სამუშაოს დაუსრულებლობისა და ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას, რომელთა გამოსწორებაც, დამკვეთის აზრით, შეუძლებელი იყო.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 642-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, შემკვეთს ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა, ხოლო, შემკვეთის მოთხოვნის მიუხედავად, მენარდის მხრიდან ნაკლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში - ნაკლის აღმოფხვრისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურების (სსკ-ის 643-ე მუხლის პირველი ნაწილი) ან 405-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (სსკ-ის 644-ე მუხლი), ან/და საზღაურის იმ თანხით შემცირების უფლებას წარმოუშობდა, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი).
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ შესრულებული სამუშაოს დეფექტებისა და დამკვეთის პრეტენზიების თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში შემსრულებლის გაფრთხილების თაობაზე წერილობითი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა უდავო გარემოებაზე, რომლის მიხედვით, 2018 წლის 18 აპრილს დამკვეთმა აღძრა სარჩელი, სადაც უთითებდა, რომ სამუშაოები ვადაში არ შესრულდა, ხოლო სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც შესრულდა უხარისხო იყო. სასარჩელო მოთხოვნას კი მოპასუხისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება და დემონტაჟისთვის საჭირო თანხის დაკისრება წარმოადგენდა. დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალა 2018 წლის 24 აპრილს, კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, რის შემდეგაც 2018 წლის 4 მაისს შესაგებელი წარადგინა და განაცხადა, რომ სამუშაო შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ამიტომ მიღებული თანხის შემკვეთისათვის დაბრუნების საფუძველიც არ არსებობდა.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შემსრულებელმა სწორედ ამ თარიღიდან (4.05.2018) იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ დამკვეთი ნაკეთობის ნაკლის შესახებ პრეტენზიას აცხადებდა. საგულისხმოა სარჩელზე დართული ფოტოილუსტრაციაც, რომელიც შესრულებული სამუშაოს ნაკლსა და მისი დემონტაჟის აუცილებლობაზე მიუთითებდა. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, მოპასუხე შესრულებული სამუშაოების ხარისხიანობაზე ამახვილებდა ყურადღებას. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დაასკვნა, რომ დამკვეთის პრეტენზიის თაობაზე შემსრულებელმა უკვე იცოდა, თუმცა მის მიერ შესრულებულ სამუშაოს უნაკლოდ მიიჩნევდა და მის გამოსწორებაზე უარს აცხადებდა. საქმეში წარდგენილი ფაქტების კონსტატაციის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 ივნისს, ანუ სარჩელის აღძვრიდან ორი თვის შემდეგ დემონტაჟისას, მენარდეს კვლავ ჰქონდა შესაძლებლობა, ნაკეთობის ნაკლი გამოესწორებინა ან კანონით მინიჭებული/დაკისრებული მოვალეობების შესახებ განეცხადებინა, რაც არ გაუკეთებია.
10. სააპელაციო სასამართლომ ისიც მიუთითა, რომ მოპასუხეს ავანსი 2017 წლის 6 სექტემბერს ჩაერიცხა, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოს 2017 წლის 6 ნოემბერს დასრულების ვალდებულებას წარმოშობდა. ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმება საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება და ამგვარის არსებობის თაობაზე არც მხარეებს მიუთითებიათ. შემსრულებლისათვის დამკვეთის მხრიდან სამუშაოების შესასრულებლად სხვადასხვა თანხის ჩარიცხვა 2017 წლის 25 სექტემბერს, 2017 წლის 16 ოქტომბერს, 2017 წლის 14 ნოემბერს, 2017 წლის 4 დეკემბერს, 2017 წლის 21 დეკემბერს, 2017 წლის 29 დეკემბერს, 2018 წლის 9 თებერვალსა და 2018 წლის 16 თებერვალს წარდგენილი საგადასახადო დავალებებით დგინდება. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე მოპასუხეს ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადის გასვლიდან (2017 6 ნოემბერი), 2018 წლის 16 თებერვლამდე, ფაქტობრივად სამუშაოს დასრულების შესაძლებლობას აძლევდა, მაგრამ უშედეგოდ.
11. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრა, დამკვეთის უფლებების არათანაზომიერ დარღვევას გამოიწვევდა. ამავდროულად, შემკვეთის მიერ მოვალისათვის სხვა გონივრული ვადის მიცემის შემთხვევაშიც კი, შედეგი არ ექნებოდა, რამდენადაც სამუშაოების სრულად დასრულების კონკრეტული ვადა მენარდეს არ დაუსახელებია და ნაკლის გამოსწორების ობიექტური შესაძლებლობაც არ გამოკვეთილა.
12. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ნაკლს, აღნიშნული საკითხის გამორკვევის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო სამართალში არსებულ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შემსრულებლის (მოპასუხის) მიერ სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და შესრულებული სამუშაოს ნაკლის თაობაზე მტკიცება უნდა განეხორციელებინა, ხოლო მოპასუხეს ამის საპირისპიროდ ნაკისრი ვალდებულების დროულად, ხარისხიანად და ჯეროვნად შესრულების ფაქტი უნდა დაედასტურებინა.
13. სასამართლომ, ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის სამართლებრივი ძალა, კანონით დადგენილი წესით, სადავო არ გამხდარა, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებაზე მიუთითა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს (დამკვეთს) ზიანის ანაზღაურებისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ჰქონდა და სასარჩელო მოთხოვნებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1 მოპასუხემ (შემსრულებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ)391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (შემსრულებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
19. კასატორის პრეტენზიების განხილვამდე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასება, მხარეთა შორის შერეული ტიპის, ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებების ელემენტებით გაფორმებული ხელშეკრულების დადების შესახებ, თუმცა, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და შესაბამისი წინაპირობების განხორციელების დადგენა მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასებისათვის, აღნიშნული კი სასამართლოს პრეროგატივაა და საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/ განჩინებაში განმარტავს: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ: Nას-664-635-2016, 2.03.2017წ; Nას-737-689-2017, 11.04.2018წ). სსკ-ის 340-ე მუხლის თანახმად „შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან“.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან - სსკ-ის 629-ე „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“ მუხლიდან გამომდინარეობს, რაც მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
21. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე თავის წილ ვალდებულებას შეასრულებს (იხ. სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020წ) .
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ) .
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა შემსრულებლის მიერ განსაზღვრულ დროში სამუშაოს დაუსრულებლობა და ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულება.
24. კასატორის მტკიცებით, შემსრულებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო; სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა, რომ შემსრულებელმა სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე დასკვნაში ექსპერტის მითითება, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან შესაბამისობა/შეუსაბამობაზე ვეღარ იმსჯელებდა, ვინაიდან პენოპლასტის ფილების მიკვრის სამუშაოების ხარისხთან (სტანდარტსა და ნორმებთან) მიმართებით, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტებით არ მოიპოვება ექსპერტიზისთვის სახელმძღვანელოდ გამოსაყენებელი რაიმე სახის რეგულაცია.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებდნენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ N ას-386-359-2017, 28.04.2017წ; Nას-939-879-2017, 29.09.2017წ; Nას-719-672-2017, 19.07.2017წ; Nას-625-593-2017, 7.07.2017წ; Nას-746-714-2016, 08.05.2016წ).
26. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.
27. „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი) - იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილია, რომ გარიგების ფარგლებში შემსრულებელმა, ერთი მხრივ, როგორც გამყიდველმა, იკისრა ვალდებულება, შემძენისათვის (მოსარჩელისთვის) ნივთი გადაეცა, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც მენარდემ, შემკვეთისთვის მომსახურების გაწევა - ფასადის მოპირკეთება 2 თვის ვადაში ივალდებულა; დამკვეთმა შემსრულებელს საბანკო ანგარიშზე 2017 წლის 6 სექტემბერს ავანსის სახით 25 000 ლარი, 2018 წლის 16 თებერვალს კი, 17 250 ლარი ჩაურიცხა, სულ - 42 250 ლარი გადაუხადა; ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ........., გუდვილის მიმდებარედ მრავალსართულიანი კორპუსის ფასადზე სამუშაო არაჯეროვნადაა შესრულებული, ე.წ. „პენოპლასტის“ ფილები, აგურის იმიტაციით გაკრულია უხარისხოდ; აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.06.2018 წლის ფაქტების კონსტატაციის ოქმის მიხედვით, ავანსის ჩარიცხვიდან 5 თვის შემდეგაც მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა; მოსარჩელემ უხარისხოდ გაკრული პენოპლასტი ჩამოხსნა და დაზიანებული მასალა გადაყარა.
29. საკასაციო სასამართლო სადავო საკითხთან მიმართებით სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას და მიუთითებს მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები).
30. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლით გარანტირებულია სამართალწარმოების განხორციელება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საწყისებზე, რაც, ასევე, ასახულია სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებში, ამასთან, სსსკ-ის 105-ე ,,სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში“ მუხლზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით იმსჯელა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით კასატორს სასამართლოსათვის შეეძლო, წარედგინა მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ მენარდე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებით დადგენილ დროსა და სათანადო ხარისხით შესრულდა.
32. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც საქმეში წარმოდგენილ დასკვნებს გააქარწყლებდა. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზიით სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე ადასტურებდა შესასვლელის ფასადის საჩვენებლად შესრულებას სათანადო ხარისხით, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ვერ ცვლის სამართლებრივ ვითარებას და, ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებული გარემოების (სამუშაოების უხარისხოდ შესრულების) უარსაყოფად ვერ გამოდგება.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, მოპასუხისთვის დაკისრებული 42 250 ლარი და პირგასამტეხლო 2000 ლარი, სამართლიანი და კანონიერია, ხოლო კასატორის პრეტენზიები (იხ.24-ე პუნქტი) არ არის გაზიარებული მათი უსაფუძვლობის გამო.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
35. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ტ–ას" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ტ–ას" (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მ.ჩ–ის (პ/ნ ......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2222,50 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 16 აგვისტო), 70% – 1 555,75 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური