საქმე №ას-804-2021 12 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე.რ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ.ლ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი:
1.1. ე.რ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), მოსარჩელის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 10 მაისიდან, ყოველთვიურად თითოეულისათვის 100-100 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს ქორწინების პერიოდში ორი შვილი 2010 წლის 8 თებერვალს დაბადებული მ.ლ–ნი და 2011 წლის 30 მარტს დაბადებული თ.ლ–ნი შეეძინათ.
3.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა, მამას კი - შვილებთან ურთიერთობისათვის დრო განესაზღვრა; ამავე განჩინებით, მოპასუხეს (მამას) არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, 2014 წლის 12 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე, თითოეული ბავშვისათვის 100-100 ლარი დაეკისრა და საქმის წარმოება შეწყდა.
3.3. 2016 წლის 3 მაისის შემდეგ, არასრულწლოვანი შვილები მამასთან ცხოვრობენ.
3.4. მოსარჩელის (მამის) საალიმენტო დავალიანება, 2017 წლის 29 მაისისათვის 6420 ლარს შეადგენდა.
3.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, არასრულწლოვნების საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა.
3.6. მოპასუხე (ბავშვების დედა) 2016 წლის 28 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია სხვა პირთან. ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი და გახდა რ–ძე.
3.7. მოპასუხეს მეორე ქორწინებიდან, 2020 წლის 21 აპრილს, შეეძინა შვილი.
4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველი დავა შვილების მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარეობს, რაც შვილის რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდევინებით გამოიხატება. შესაბამისად, დავის სწორად გადაწყვეტისა და მხარეთა პრეტენზიების მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, აქვს თუ არა მოპასუხეს შემოსავალი, რათა არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობა და გადახდის პერიოდი მართებულად განისაზღვროს.
6. სასამართლომ სსკ-ის 1212-ე „მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ“ და 1214-ე „ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას“ მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მშობლის ვალდებულება, არჩინოს შვილები, არ არის დამოკიდებული მის ფინანსურ მდგომარეობაზე. თუნდაც მშობელს არ გააჩნდეს საკმარისი სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის სრულყოფილად და გონივრულ ფარგლებში რჩენის ვალდებულებისაგან. ამ თვალსაზრისით აპელანტის მითითება, რომ მას ჰყავს 3 თვის შვილი (მეორე ქორწინებიდან) და არ აქვს შემოსავალი, სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მის მიერ დასახელებული არგუმენტი, მშობლის უშუალო მოვალეობის - სათანადო მატერიალური დახმარების ,,შემსუბუქების’’ საფუძველს არ წარმოადგენს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნების ასაკის გათვალისწინებით, მათი არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხისთვის ყოველთვიურად 100-100 ლარის, ჯამში 200 ლარის ალიმენტის დაკისრება გონივრული ოდენობაა და არ აღემატება საქსტატის მიერ დადგენილი საშუალო მომხმარებლის ერთი თვის საარსებო მინიმუმს, რაც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (12.08.2020 წ.) 174.4 ლარს შეადგენდა.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია ალიმენტის პერიოდთან დაკავშირებით და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტზე, რომლის მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვები 2016 წლის მარტიდან მამასთან იზრდებიან, რაც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, მოპასუხისთვის 2017 წლის 10 მაისიდან (სარჩელის აღძვრიდან) ალიმენტის დაკისრება დასაბუთებულად მიიჩნია.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მისთვის დაკისრებული ალიმენტის არა ოდენობას, არამედ ალიმენტვალდებულ პირად განსაზღვრას უკავშირდება. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტლებით არასწორი პრაქტიკა დაადგინა, ვინაიდან არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სადაც ალიმენტი არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის მოსარჩელეს აქვს დაკისრებული. კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ მას მეორე ქორწინებიდან მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლის სარჩენად შემოსავალი არ გააჩნია და მისთვის ალიმენტის დაკისრება დაუშვებელია. საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორის პრეტენზია ალიმენტის პერიოდსაც მოიცავს.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, თავიანთი არასრულწლოვანი შვილები სრულწლოვანებამდე არჩინონ. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ქორწინება უკვე შეწყვეტილია თუ არა. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
16. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ Nას-976-2019, 30.09.2019წ). გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
17. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყო ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ. Nას-829-2019, 11.07.2019წ). ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ Nას-619-619-2018, 12.09.2018წ).
18. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე არასრულწლოვნების საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა. ამავე გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შვილები 2016 წლის მარტიდან მამასთან იზრდებიან. საკასაციო სასამართლოს განსჯით, აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ შვილების აღზრდაში მონაწილეობისათვის ალიმენტის გადახდა მოპასუხეს მართებულად დააკისრა.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის (დედის) მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების უპირატესი, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ორი ბავშვის სასარგებლოდ, ყოველთვიურად ალიმენტის - 200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია. საკასაციო სასამართლო იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ალიმენტვალდებული პირის (დედის) ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე - საქსტატის მიერ დადგენილი, საშუალო მომხმარებლის ერთი თვის საარსებო მინიმუმი, რაც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (12.08.2020 წ.) 174.4 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ამ კუთხითაც გონივრულად უნდა იქნეს მიჩნეული.
20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, ალიმენტის პერიოდთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არც ამ კუთხით წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს მსჯელობას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ბავშვები 2016 წლის მარტიდან მამასთან იზრდებიან, რაც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, მოპასუხისთვის 2017 წლის 10 მაისიდან (სარჩელის აღძვრიდან) ალიმენტის დაკისრება სრულად დასაბუთებულია.
21. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე.რ–ძეს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე, ნ.ჩ–ის (პ/ნ ......) გადახდილი, სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N 0, გადახდის თარიღი 2021 წლის 17 აგვისტო), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური