Facebook Twitter

საქმე №ას-896-2019 16 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შპს „ე–სა“ და გ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; შპს „ე–სა“ და გ.ბ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრისა და 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 3900 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრისა და 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 3900 ლარი კასატორებმა თავისი ინიციატივით გადაიხადეს. რაკი კასატორებმა გადავადებული სახელმწიფო ბაჟი სრულად გადაიხადეს, აღარ არსებობს მათზე 2019 წლის 30 ოქტომბრისა და 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რაც ექვემდებარება შესწორებას. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობა.

ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსახილველი განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უსწორობა, კერძოდ, კასატორებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი, რომელიც მათ უკვე გადაიხადეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება უნდა გასწორდეს იმდაგვარად, რომ სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული - „შპს „ე–სა“ და გ.ბ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრისა და 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 3900 ლარის გადახდა“ ნაცვლად, უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „შპს „ე–სა“ და გ.ბ–ძის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრისა და 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 3900 ლარი, გადახდილია."

ამასთან, 2021 წლის 8 თებერვალს კასატორის მიერ წარმოდგენილი სახელმიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით დგინდება, რომ მას, სასამართლოს მიერ დაკისრებული (გადავადებული) სახელმწიფო ბაჟის - 3900 ლარის ნაცვლად, გადახდილი აქვს 4000 ლარი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის (საქმე №ას-896-2019) განჩინებაში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის (საქმე №ას-896-2019) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში ნაცვლად შემდეგი ჩანაწერისა: „შპს „ე–სა“ და გ.ბ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრისა და 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 3900 ლარის გადახდა“ მიეთითოს შემდეგი: „შპს „ე–სა“ და გ.ბ–ძის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრისა და 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 3900 ლარი, გადახდილია“;

3. გ. (გ.) ბ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ქ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება №10442671840, გადახდის თარიღი 08.02.2021) - 4000 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე