Facebook Twitter

საქმე №ას-167-2020 17 მარტი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს ,,ა.დ–ვა’’

მოწინააღმდეგე მხარე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, შპს ,,ლ–ო“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს ,,ლ–ომ“ (შემდგომ – პირველი სარჩელით მოსარჩელე, კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომ – პირველი სარჩელით მოპასუხე, გამგეობა) მიმართ, ამ უკანასკნელის ბრძანებების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და ამ ხელშეკრულებებით განსაზღვრული სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ. პირველი სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სს ,,ა.დ–ვას“ (რეორგანიზაციამდე შპს ,,სადაზღვევო კომპანია ,,ა.ჯ–ი“) (შემდგომ – კერძო საჩივრის ავტორი, სადაზღვევო კომპანია) აეკრძალოს ორი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გამგეობის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

2. თავის მხრივ სარჩელები აღძრა გამგეობამაც და კომპანიისგან თანხის დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხის პოზიცია:

3. პირველი-მესამე სარჩელებით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით, კომპანიის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორს აეკრძალა სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე 25.03.2015 წლის N15-064536 და იმავე თარიღის N15-064518 საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე 26345 ლარისა და 28850 ლარის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვა. გამგეობამ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა, თუმცა იმავე სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა.

მეორე ინსტანციის სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინებით, გამგეობის საჩივარი დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა. კომპანიის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გამგეობის სარჩელები დაკმაყოფილდა. კომპანიას გამგეობის სასარგებლოდ 46657.99 ლარისა და 43424.96 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინებაზე, სარეზოლუციო ნაწილში მითითებული დასაზღვევო კომპანიის მიმართ დადგენილი აკრძალვის გაუქმების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განუხილველად დარჩა.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - სპეციალური კანონი) მე-20 მუხლის მე-2 ნაწილსა და 21-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ იმისათვის, რომ სადაზღვევო კომპანიაზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, აუცილებელია იგი იმავდროულად წარმოადგენდეს კანონიერ ძალაში შესული განჩინების მხარეს, რომლის სასარგებლოდაც დადგენილია იძულებით აღსასრულებელი ვალდებულება.

9. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან სადაზღვევო კომპანია არ წარმოადგენს 2016 წლის 30 მარტის განჩინებით მხარეს, იგი არ არის უფლებამოსილი კანონიერ ძალაში შესრულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი მოითხოვოს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სადაზღვევო კომპანიამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

11. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, თუმცა სადაზღვევო კომპანიას, რომელსაც აეკრძალა მოქმედების განხორციელება ვერ ახდენს მის წინაშე რეგისტრირებული შეზღუდვის მოხსნას და საკუთარი ფინანსური რესურსის განკარგვას.

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მისი უფლება შეიზღუდა, თუმცა ამ ღონისძიების გაუქმების მიუხედავად ვერ ხდება მისი გაუქმების რეგისტრაცია.

13. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანია არ ყოფილა მხარეთა მიერ საქმეში ჩაბმული, იგი მესამე პირს წარმოადგენდა, რომლის ინტერესებსაც სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შეეხებოდა. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ კერძო საჩივრის ავტორი ურთიერთობის მონაწილეა, რომლის უფლება გამოყენებული ღონისძიებით იზღუდება და რომლის კანონიერ ინტერესებს მიღებული განჩინება უშუალოდ შეეხო. სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად მხოლოდ კრედიტორზე გაიცემა სააღსრულებო ფურცლი უსაფუძვლოა, ვინაიდან კრედიტორმა არ მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი და რეგისტრაციის გაუქმება.

14. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, როცა დავის მონაწილე მხარე არ აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, მისი გაუქმების მოთხოვნის უფლება აქვს იმ პირს, ვისაც უშუალოდ შეეხო ღონისძიება, მით უფრო, როდესაც უდავოა ზიანის მიყენების ფაქტი და უფლების შეძღუდვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ სადაზღვევო კომპანიის შუამდომლობის განუხილველად დატოვების კანონიერება.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სააღსრულებო ბიუროს მიერ ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას. შესაბამისად, თუ პირი, რომლის მიმართაც არის სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე (შემდგომ - სპეციალური კანონი), რომელიც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია. დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

19. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

20. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-8-მე-9 პუნქტებშია მითითებული. მართალია, სპეციალური კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის გადაცემის შესაძლებლობას, თუმცა საკასაციო პალატა მიუთუითებს, რომ პირველ რიგში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო რამდენად იყო აუცილებელი სააღსრულებო ფურცლის გაცემა იმ განჩინებაზე, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება; გაუქმდა სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, 25.03.2015 წლის №15-064536 საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 26345 ლარის და 25.03.2015 წლის №15-064518 საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 28850 ლარის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე გადარიცხვაზე შპს სადაზღვევო კომპანია ,,ა.ჯ–ის’’ (ს/კ .....) მიმართ დადგენილი აკრძალვა და შპს ,,ლ–ოს” განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სამართლებრივი შედეგი სწორად განსაზღვრა, მითითებულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა გავლენას ვერ მოახდენს დავის პროცესუალურ სამართლებრივ შედეგზე.

22. საკასაციო პალატა სპეციალური კანონის მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე მიუთითებს, რომლის თანახმად სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა (20.3 მუხლი). აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე (20.4 მუხლი).

23. საქმის მასალებით დგინდება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც სადაზღვევო კომპანიას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გამგეობის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა აეკრძალა, გაუქმებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინებით და სადაზღვევო კომპანიისათვის აღდგენილია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებამდე არსებული მდგომარეობა. სააპელაციო სასამართლო სპეციალური კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-20 მუხლში) განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინება არ საჭიროებს სააღსრულებო ფურცლის გაცემას და მის გარეშე უნდა აღსრულდეს (შდრ. სუსგ №ას-280-262-2014, 2014 წლის 19 მაისის განჩინება).

24. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სადაზღვევო კომპანიას გაუქმებული სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში აკრძალული ჰქონდა, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე კონკრეტული საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვა და სხვა არაფერი. შესაბამისად, თუ კერძო საჩივრის ავტორს რაიმე პრობლემა ექმნება, საკუთარი უფლების რეალიზებისათვის უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და 2016 წლის 30 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინება მოითხოვოს.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

26. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,ა.დ–ვას’’ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე