Facebook Twitter

საქმე № ას-767-2021 18 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – თ.ლ–ნი

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – კ.ც–ია

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ხალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება / გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2002 წლია 16 ნოემბრიდან თ.ლ–ნი (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „პირველი კასატორი“) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი.ც–ასთან (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „მეორე კასატორი“). ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 2003 წლის 21 აგვისტოს დაბადებული ი.ც–ა და 2017 წლის 21 ივლისს დაბადებული მ.ც–ია.

2. ამჟამად მხარეები განქორწინებულნი არიან.

3. 2020 წლის 1 ივლისს მეუღლეთა შორის გაფორმდა საქორწინო ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) და განისაზღვრა ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.

4. ხელშეკრულების პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, განქორწინების შემთხვევაში, მეუღლის, ანუ ცოლის, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, ქ. თბილისში, ......... მდებარე 300 000 ლარის ღირებულების 656.00 კვ.მ. ფართი; ამავე მისამართის მიმდებარედ არსებული, 10 000 ლარის ღირებულების 222 კვ.მ ფართი; ქ. თბილისში, ...... (.......) მდებარე 50 000 ლარის ღირებულების 600 კვ.მ ფართი), აქტივები, ფული, ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, აქციები წილები და სხვა რჩებოდა მისივე საკუთრებაში და მეუღლე, ანუ ქმარი პრეტენზიას მასზე არ აცხადებდა. ასევე, ქმრის საკუთრებაში არსებული ყველა სახის ქონება (მათ შორის, ქ. თბილისში, ......... ტერიტორიაზე მდებარე, 10 000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება, ქ. თბილისში, ........ მდებარე 50 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება; სენაკში, ...... მდებარე 30 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება; 300 000 ლარის ღირებულების შპს „ბ. ა“-ის 100%-იანი წილი), აქტივები, ფული, ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, აქციები, წილები და სხვა რჩებოდა მისივე საკუთრებაში და მასზე პრეტენზიას ცოლი არ განაცხადებდა.

5. ხელშეკრულების მესამე პუნქტით, მხარეებმა განსაზღვრეს მამის ვალდებულება არასრულწლოვანი შვილების მიმართ, რაც გამოიხატა იმაში, რომ არასრულწლოვანი შვილების რჩენისა და უზრუნველყოფის მიზნით, მას, ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით უნდა გადაეხადა თითოეულისთვის ალიმენტი 1500-1500 ლარი, ჯამში 3000 ლარი. აღნიშნული თანხიდან, 500-500 ლარი ჩაერიცხებოდა ბავშვების დედას პირად ანგარიშზე და გამოყენებული იქნებოდა ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისათვის, ხოლო 1000-1000 ლარი ჩაირიცხებოდა არასრულწლოვანი შვილებისათვის გახსნილ ანაბარზე.

6. მოპასუხეს ეკუთვნოდა შპს „ბ.ა-ის“ 100%-იანი წილი, რომელიც მან მოსარჩელესთან განქორწინების შემდეგ, 2020 წლის 27 სექტემბერს გაასხვისა 400 000 ლარად. იმავე დღეს, 25 000 ლარად გასხვისდა მისივე სახელზე რიცხული ქ. სენაკში, ....... მდებარე უძრავი ქონება.

7. მოპასუხე უფროს შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ქირის სახით იხდის ყოველთვიურად 500 აშშ დოლარს.

8. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის წერილის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 21 დეკემბრამდე მოსარჩელის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ხოლო მოპასუხეს უფიქსირდება შპს „ბ.ა“-ისგან ჩარიცხული ხელფასი და დივიდენდი.

9. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხის მიერ 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 26 007,66 ლარს, საიდანაც დაკავებული საშემოსავლო გადასახადია 5 097,5 ლარი.

10. სასარჩელო მოთხოვნა:

10.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა არასარასრულწლოვანი შვილის, 2017 წლის 21 ივლისს დაბადებული მ.ც–იას (პ/ნ .....) სასარგებლოდ მოპასუხისთვის ყოველთვიური ალიმენტის, 1500 ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანობადე.

11. მოპასუხის შესაგებელი:

11.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, მისთვის 400 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილი თანხა არ იყო გონივრული და სამართლიანი. ამასთან, მხედველობაში იყო მისაღები ის ფაქტი, რომ მეორე შვილი ცხოვრობდა მამასთან ნაქირავებ ბინაში და მოპასუხე სრულად უზრუნველყოფდა მისი აღზრდის, რჩენის, განათლებისა და სხვა ხარჯებს.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

12.1. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს არასრულწლოვანი მ.ც–იძის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 700 (შვიდასი) ლარის გადახდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანობამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

13. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:

13.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის, 2017 წლის 21 აპრილს დაბადებული მ.ც–იძის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 1000 (ათასი) ლარის გადახდა 2020 წლის 7 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანობამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

14.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ხელფასის სახით ყოველთვიურად საშუალოდ 3500-4000 ლარს იღებს. 2020 წლის სექტემბერში მან, მართალია, გაასხვისა წილი კომპანიაში და უძრავი ქონება, თუმცა ამ ქონების გასხვისებით აქტივის სახით მიიღო 425 000 ლარი. მოპასუხის ახსნა-განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ მოპასუხეს მყარი ფინანსური შესაძლებლობები აქვს (მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში ბავშვი დადიოდა კერძო საბავშვო ბაღში და სახლში მოდიოდა დამხმარე, რომელსაც უხდიდნენ თანხას).

14.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლებით, ასევე გაითვალისწინა მხარეთა შორის საქორწინო კონტრაქტით განსაზღვრული საალიმენტო ვალებულებები და განმარტა, რომ, მართალია, მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ საქორწინო კონტრაქტით არ განისაზღვრება, თუმცა მასში ჩამოყალიბებულ პირობას მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, თუ რა მიაჩნდა მამას თავის დროზე შვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო ალიმენტის ოდენობად. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა სწორედ რომ „საუკეთესოს“ გათვალისწინებით უნდა განსაზღვრულიყო. შესაბამისად, გონივრულად მიიჩნია მოპასუხისთვის ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის დაკისრება.

15. კასატორების მოთხოვნა და საკასაციო საჩივრების საფუძვლები:

15.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, მისთვის ალიმენტის, 400 ლარის დაკისრება.

15.2. პირველი კასატორის განცხადებით, სასამართლომ, მართალია, სამართლიანად შეაფასა მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მცირეწლოვანი ბავშვის საჭიროებები და ისე დააკისრა მოპასუხეს ალიმენტი, თუმცა მას უნდა ეხელმძღვანელა მხარეთა შორის გაფორმებული ქორწინების კონტრაქტით, სადაც მითითებული იყო, რომ მამა კისრულობდა ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილებისთვის, თითოეულისთვის ყოველთვიურად გადაეხადა 1500 ლარი. კასატორის მოსაზრებით, საკასაციო პალატამ უნდა დაამკვიდროს იმგვარი პრაქტიკა, რომ საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს მიენიჭოს სავალდებულო ხასიათი. ეს პრაქტიკა კი, მომავალში მოაგვარებს მოქალაქეთა მხრიდან საქორწინო ხელშეკრულების დადებით ბავშვების რჩენის საკითხს და სასამართლოსთვის მიმართვიანობაც მკვეთრად შემცირდება.

15.3. მეორე კასატორის აზრით, სასამართლომ ალიმენტის დაკისრებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მეუღლეთა შორის საქორწინო კონტრაქტის გაფორმების შემდგომ, შეიცვალა მისი ფინანსური მდგომარეობა და აღარ გააჩნია ის შემოსავალი, რაც 2019-2020 წლებში ჰქონდა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ მოპასუხე უფროს შვილთან ერთად (რომელიც 17 წლისაა) ქირით ცხოვრობს და ყოველთვიურად იხდის 500 აშშ დოლარს, მოსარჩელე კი ცხოვრობს ბინაში, რომელიც მოპასუხემ დაუტოვა, ამავე დროს, მოსარჩელის საკუთრებშია სხვა უძრავი ქონებაც.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე („მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ“), 1234.1-ე („იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან“), 1221-ე („მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა“), 1198.2-ე („მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება“ ) და 1202-ე („მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ“) მუხლები.

21. მოსარჩელე სადავოდ ხდის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საქორწინო კონტრაქტში ასახული დათქმა ყოველთვიური ალიმენტის სახით 1500 ლარის განსაზღვრის შესახებ. მოპასუხე კი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა არაგონივრული და არასამართლიანია, არ გამომდინარეობს მცირეწლოვანი ბავშვის საჭიროებიდან. ამასთან, მოპასუხე აცხადებს, რომ ამჟამინდელი მისი ფინანსური მდგომარეობა განსხვავდება საქორწინო კონტრაქტის დადების დროისთვის არსებული მდგომარეობისგან.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულები არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).

23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

24. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

26. ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა.

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველია საქორწინო კონტრაქტის დადების შემდგომ შეცვლილი გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა, რაც უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით საშუალოდ 3500-4000 ლარია. ამასთან, 2020 წლის სექტემბერში კომპანიაში წილის გასხვისებით მოპასუხემ აქტივის სახით მიიღო 425 000 ლარი. აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, კასატორი ვერ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც მისი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას დაადასტურებს და დაკისრებული ალიმენტის ოდენობის საკითხის გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს. მხოლოდ ზეპირი სახის მითითება კი, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

29. რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიას, რომლის მიხედვით, სასამართლოს ალიმენტის თანხის დაკისრებისას უნდა გაეთვალისწინებინა საქორწინო კონტრაქტში ასახული საალიმენტო თანხის ოდენობა, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული საქორწინო ხელშეკრულება ესაა გარიგება, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს - მეუღლეებს, ჩამოაყალიბონ თავიანთი მატერიალური და მორალური ვალდებულებები ერთმანეთისა და შვილების მიმართ, განსაზღვრონ მათთვის ხელსაყრელი პირობები, რომელიც შეიძლება ასახავდეს ქორწინების განმავლობაში არსებულ ურთიერთობებსაც და განქორწინების შემთხვევაში დავებისა და სხვა ცალკეული საკითხების მოგვარების წესსაც (სსკ 172-ე-179-ე მუხლები). დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, კანონი ასევე ადგენს შესაძლებლობას სასამართლოს მეშვეობით შეიცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს (სსკ 1181-ე მუხლი). ამასთან, სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულია მშობლებისა და შვილების საალიმენტო ურთიერთობებიც (სსკ 1212-ე-1222-ე მუხლები), თუმცა კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წელი). სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, მისი შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად კი სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით (სსკ 1212-ე, 1221-ე, 1234.1-ე, 1198-ე მუხლები).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, თავისთავად, საქორწინო კონტრაქტში კონკრეტული საალიმენტო თანხის ასახვა, არ ართმევს უფლებას მეუღლეს/მეუღლეებს გარკვეული პირობებისა თუ გარემოებების შეცვლისას ახლებურად განსაზღვრონ გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის ოდენობა, ხოლო, სადავოობის შემთვევაში მისი განსაზღვრა სასამართლოს მიანდონ.

31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას და მიიჩნევს, რომ დაკისრებული ალიმენტი, ბავშვის საჭიროებებისა და მშობელთა ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით, წარმოადგენს გონივრულ ოდენობას.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის (დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება) წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

33. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ლ–ნისა და კ.ც–რიას საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. კ.ც–იას (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №11205568451, გადახდის თარიღი 2021 წლის 12 ივლისი), 360 ლარის 70% - 252 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე