№ას-337-337-2018 13 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ტ.შ–ძის უფლებამონაცვლე ზ.შ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.წ–ძე, მ.შ–ძე, მ.შ–ძე, ჯ.შ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2017წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – კომლის ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულებიდან ნაწილის ამორიცხვა და უძრავი ნივთის რეალურად გაყოფა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ტ.შ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა მ.წ–ძის, მ.შ–ძის, მ.შ–ძისა და ჯ.შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. უძრავი ნივთების: ს/კN .....; N .......; N ....... - 1/5 წილზე მესაკუთრედ ცნობა;
1.2. 04.04.2012წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ, 1/5 წილში ბათილად ცნობა და მოსარჩელის 1/5 წილის ამორიცხვა;
1.3. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი N .....) რეალურად გაყოფა, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული 10,22 კვ.მ. ფართის შესასვლელის, სახლის მეორე სართულისა და ეზოში მდგარ ნაგებობათა მეორე სართულების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 08.07.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
2.1. მოსარჩელე ცნობილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .........მდებარე უძრავი ქონების 1/5 წილზე მესაკუთრედ (საკადასტრო კოდი N ......; N .....; N ......);
2.2. ბათილად იქნა ცნობილი 04.04.2012წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება 1/5 წილში და ჩუქების ხელშეკრულებიდან ამოირიცხა მოსარჩელის 1/5 წილი;
2.3. მოსარჩელეს მიეკუთვნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი N .......) პირველ სართულზე არსებული 10,22 კვ.მ. ფართის შესასვლელი მეორე სართულთან დამაკავშირებელი კიბითურთ, შენობის მეორე სართულზე 59,3 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 12,9 კვ.მ. დამხმარე ფართი და დადგინდა მათი აღრიცხვა მის საკუთრებად;
2.4. არ დაკმაყოფილდა სარჩელი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი N ........) რეალურად გაყოფის გზით სახლის მეორე სართულის და ეზოში მდგარ ნაგებობათა მეორე სართულების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში (იხ.: გადაწყვეტილება ტ.3, ს.ფ. 243-276).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხეებმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.07.2017წ. განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ზ.შ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კასატორი“) (იხ.: განჩინება, ტ.4, ს.ფ. 207-209).
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2017წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
4.1. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს მიეკუთვნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......... მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი N .........) პირველ სართულზე არსებული 10,22 კვ.მ. ფართის შესასვლელი მეორე სართულთან დამაკავშირებელი კიბითურთ, შენობის მეორე სართულზე 59,3 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 12,9 კვ.მ. დამხმარე ფართი, რაც უნდა აღრიცხულიყო მოსარჩელის საკუთრებად;
4.2. არ დაკმაყოფილდა სარჩელი საზიარო უფლების ნატურით გაყოფის თაობაზე;
4.3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.4, ს.ფ.238-272).
გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს მხარეებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად (ტ.4, ს.ფ.336-338).
6. სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, 03.12.2021წ. კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ.: განცხადება, ტ.4, ს.ფ.369, მინდობილობა ტ.4, ს.ფ.370).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
8. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
11. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1573-2018, 26 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1793-2019, 12 მარტი, 2020 წელი; №ას-712-2020, 4 მარტი, 2021 წელი).
12. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.
14. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
15. შესაბამისად, რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი დასაშვებობის შემოწმებამდე, არსებობს მისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ.შ–ძის უფლებამონაცვლის ზ.შ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ტ.შ–ძის უფლებამონაცვლის ზ.შ–ძის საკასაციო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
3. ზ.შ–ძეს (პირადი ნომერი: ........) უკან დაუბრუნდეს ა.ბ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 02.04.2018წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია