№ას-1133-2021 29 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – რ.გ–ძე, გ.ღ–ვა, კ.მ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ყ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ყ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი რ.გ–ძის, გ.ღ–ვას, კ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კასატორები“ ან დანარჩენ მოპასუხეებთან ერთად მოხსენიებული, როგორც "მოპასუხეები"), ნ.გ–ას, გ.ხ–ძის, დ.ჩ–ძისა და ს.ა–ის მიმართ მოსარჩელისთვის 18 555 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 18 555 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.262-275). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2021წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 055 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი მოპასუხისთვის - ნ.გ–ასთვის 7500 აშშ დოლარის ინდივიდუალურად დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.187-199).
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კასატორებმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
6. სსსკ-ის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
8. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
9. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
10. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი). ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014).
11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (იხ.: 12.07.2021წ. სხდომის ოქმი; სხდომას ესწრებოდა მათი წარმომადგენელი; სხდომაზე განისაზღვრა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ტ.2, ს.ფ.168-177). საქმეში წარმოდგენილია კასატორების მიერ ლ.ჯ–აზე გაცემული ვადაში მოქმედი რწმუნებულებები გასაჩივრების უფლებით (იხ.: რწმუნებულებები, ტ.1, ს.ფ.177, 224, 225). მიუხედავად ამისა, კასატორებს ან მათ წარმომადგენელს სააპელაციო საჩივრის განხილვიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა განცხადებით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2021წ. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.
13. ასეც რომ არ იყოს, კასატორებს გასაჩივრების ვადა დარღვეული აქვთ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ვადის ათვლის შემთხვევაშიც. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2021წ. გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კასატორების წარმომადგენელს ჩაჰბარდა 25.10.2021წ. (იხ.: ტ.2, ს.ფ.226). ამდენად, გზავნილი ასევე მიიჩნევა კასატორებისთვის ჩაბარებულად.
14. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. შესაბამისად, კასატორებისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 26.10.2021 წელს და ამოიწურა 15.11.2021 წელს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. საქმის მასალებით დგინდება, რომ საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით 19.11.2021 წელს, ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1052-992-2015, 16.10.2015, №ას-86-2020, 04.02.2020წ.).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.გ–ძის, გ.ღ–ვასა და კ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე