საქმე №ას-1104-2021 17 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ე. გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. და მ. გ–ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ.გ–ძემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. (შემდგომში – პირველი მოპასუხე), მ. (შემდგომში – მეორე მოპასუხე) და თ. გ–ების (შემდგომში – მესამე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის ოდენობის კომპენსაციის 3 წლის ვადაში გადახდის პირობის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს სადავო 72.77 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 12.68 კვ.მ სარდაფი, რაც ასახულია შპს „კ–ის“ მიერ 2011 წლის 23 ივნისს მოსარჩელის დაკვეთით შესრულებულ აზომვით ნახაზზე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 1945 წელს მამამისმა სადავო საცხოვრებელი სადგომი შეიძინა მოპასუხეთა მამკვიდრებელის – ე. გ–ასაგან, რაზეც შედგა შესაბამისი ხელწერილი. 1945 წლიდან გარდაცვალებამდე მოსარჩელის მამა მუდმივად სადავო საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა. თავად მოსარჩელე დაიბადა სადავო საცხოვრებელ სადგომში, სადაც 1973 წლიდან რეგისტრირებულია და მუდმივად ცხოვრობს.
3. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მას, როგორც მამის მემკვიდრეს და სადავო საცხოვრებელ სადგომში მუდმივად მცხოვრებ პირს, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე სადავო საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის უფლება გააჩნდა, მისი ღირებულების 25%-ის 3 წლის განმავლობაში გადახდის პირობის სანაცვლოდ. მხარის მითითებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ყოველდღიურად უწევს დიდი ხარჯის გაღება მკურნალობისთვის და ერთიანად საკომპენსაციო თანხას ვერ გადაიხდიდა.
მოპასუხის პოზიცია:
4. მესამე მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ სხდომაზე ცნო და მიიჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მან დაადასტურა, რომ მოსარჩელე სადავო ფართის მოსარგებლეა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში იმყოფება.
5. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე სადავოდ გახადეს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება სადავო საცხოვრებელი სადგომის სარგებლობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი, მოპასუხეებმა აღნიშნული გარემოება ცნეს და მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის 3 წლის ვადაში გადახდის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, თუ მოსარჩელეს სადავო საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა სურს, მან, როგორც უძრავი ნივთის მყიდველმა, ამ უძრავი ნივთის გამყიდველებს, პირველ და მეორე მოპასუხეებს სადავო საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის თანხა ან ერთბაშად, ან ყოველთვიურად 1700 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გადაუხადოს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა მოპასუხეთა უფლება, რომ მათ, როგორც მესაკუთრეებმა, თავისუფლად გაყიდონ თავიანთი კუთვნილი უძრავი ნივთი და გონივრულ ვადაში მიიღონ შესაბამისი საზღაური.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის ოდენობის კომპენსაციის – 10500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სამი წლის ვადაში გადახდის პირობის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებული №2/2 შენობა-ნაგებობა 72.77 კვ.მ საცხოვრებელი ფართით და 12.68 კვ.მ სარდაფით, რაც ასახულია შპს „კ–ის“ მიერ 2011 წლის 23 ივნისს მოსარჩელის დაკვეთით შესრულებულ აზომვით ნახაზზე. საკომპენსაციო თანხის გადახდა დადგინდა გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. მოსარჩელე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდდა მოპასუხეების სახელზე რეგისრირებული სადავო ფართის მესაკუთრედ. №2/2 შენობა-ნაგებობაში არსებულ 72.77 კვ.მ საცხოვრებელ ფართსა და 12.68 კვ.მ სარდაფზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა იპოთეკა მოპასუხეების სასარგებლოდ. იპოთეკის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 3 წელი. ამ ვადის ათვლა დადგინდა 3 წლის ვადაში კომპენსაციის სრულად გადახდის მომენტიდან, დადგენილი იპოთეკა შეწყდებოდა. მესამე მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. პირველ და მეორე მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ლარში 630 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის თანხის გადასახდელად 3-წლიანი ვადის მიცემისა და სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის 630 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრდა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტთა მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გამხდარა, შესაბამისად, გასაზიარებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. სადავო საცხოვრებელი სადგომი საჯარო რეესტრში რეგისტირებულია მოპასუხეთა საკუთრებად.
11. მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ხოლო მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლეა. მოსარჩელის მამის სადავო მისამართზე 1945 წლის 4 ოქტომბრიდან რეგისტრაციის დამადასტურებელი საინფორმაციო ბარათითა და სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ მოსარჩელე, როგორც მამის მემკვიდრე, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, რაც დასტურდება მოსარჩელისა და მისი მამის ერთი და იმავე რეგისტრირებული საცხოვრებელი სადგომით, მოსარჩელის სადავო მისამართზე 1973 წლის 19 იანვრიდან რეგისტრაციის დამადასტურებელი საინფორმაციო ბარათი, 1996 წლიდან მოსარჩელის სს „თ–ის“ აბონენტად სადავო მისამართზე რეგისტრაციისა და კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. 2010 წლის 20 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმება მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის, მოსარჩელის, როგორც ე. წ. „ატსტუპნიკის“, დაკმაყოფილების თაობაზე.
12. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 31 ივლისის №5004889719 დასკვნით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 42 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს.
13. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი).
14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას მოპასუხე მხარის სასარგებლოდ დეპონირებულია 6600 ლარი. ვინაიდან მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას, რომ მთლიანი სადავო უძრავი ქონების ღირებულება 42000 აშშ დოლარს შეადგენს, მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 42000 აშშ დოლარის 25 პროცენტს, ე. ი. 10500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
15. უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტების მიერ შედავებულ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ სამართლებრივ შეფასებაზე.
16. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. კანონის მიზანია, მოაწესრიგოს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც იცავენ, როგორც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის, ასევე მოსარგებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებად კი კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოიაზრება - წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას.
17. ზემოხსენებული სპეციალური კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე, კანონის მე-4 მუხლი კი განსაზღვრავს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობას კომპენსაციის გადახდით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით. ამ სახის სარჩელს, სსსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს ექსპერტიზის დასკვნა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების თაობაზე, აგრეთვე - საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი საბუთი. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულებას დადებულად ცნობს, აგრეთვე გადაწყვეტს მოპასუხისათვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია აღემატება სპეციალური კანონის 4.2-ე მუხლის შესაბამისად დეპონირებულ თანხას, მათ შორის სხვაობის ფარგლებში სასამართლო ადგენს მოპასუხის იპოთეკას საცხოვრებელ სადგომზე. ეს იპოთეკა შეწყდება კომპენსაციის სრულად გადახდის მომენტიდან. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი სარჩელის განხილვისას დაადგენს, რომ მოსარჩელე არის არა ამ მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე, არამედ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე (4.3 მუხლი). ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია. თუ ამ გადაწყვეტილებით დადგენილია აგრეთვე მოპასუხის იპოთეკა, საკუთრების უფლება და იპოთეკის უფლება ერთდროულად რეგისტრირდება, მიუხედავად იმისა, რომელი მხარე განახორციელებს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (4.4 მუხლი). სპეციალური კანონის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი სარჩელის განხილვისას დაადგენს, რომ მოსარჩელე არის არა ამ მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე, არამედ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე.
18. ზემოთ მოხმობილი კანონის მე-5 მუხლი განსაზღვრავს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას; ეს ისეთ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (5.2 მუხლი). საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა (5.3 მუხლი); თუ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობისათვის მოსარგებლემ მესაკუთრეს გარკვეული საფასური გადაუხადა, სასამართლო უფლებამოსილია, ამ საფასურის ოდენობის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 15 პროცენტამდე შეამციროს (5.4 მუხლი).
19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავაში თავდაპირველი მოსარჩელის მოსარგებლეობის ფაქტი და გადასახდელი თანხის ოდენობა სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, კერძოდ: დადგენილია, რომ თავდაპირველი მოსარჩელე, არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე. ამავდროულად, თავდაპირველი მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას მოპასუხე მხარის სასარგებლოდ დეპონირებულია 6600 ლარი, ხოლო ვინაიდან მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას, რომ მთლიანი სადავო უძრავი ქონების ღირებულება 42000 აშშ დოლარს შეადგენს, მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 42000 აშშ დოლარის 25 პროცენტს, ე. ი. 10500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და რამდენადაც კომპენსაციის სახით მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება მოსარჩელის მიერ დეპონირებულ თანხას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სწორად და სამართლიანად იქნა დადგენილი იპოთეკა თავდაპირველ მოპასუხეთა სასარგებლოდ, დეპონირებულ და გადასახდელ თანხას შორის სხვაობის ფარგლებში, სპეციალური კანონის მე-4 მუხლის 3-4 პუნქტების შესაბამისად.
20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში საკვლევ საკითხს წარმოადგენს გარემოება იმის თაობაზე, ხომ არ გასცდა პირველი ინსტანციის სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას და აძლევს თუ არა სპეციალური კანონი მოსარგებლეს შესაძლებლობას, სამი წლის მანძილზე გადაიხადოს კომპენსაციის თანხა.
21. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისადმი მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 215-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.
23. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა კომპენსაციის გადახდის პირობით. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 42 000 აშშ დოლარს, შესაბამისად, უფრო მეტს, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო მოსარჩელის მიერ. ამდენად, მესაკუთრისათვის გადასახდელი თანხა განისაზღვრა 10 500 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, ნაცვლად მოსარჩელის მიერ დეპონირებული 6600 ლარისა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა პროცესუალური შესაძლებლობა, დაეზუსტებინა მოთხოვნა, რაც განპირობებული იყო სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი ახალი გარემოებით.
24. სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულია იმგვარად, რომ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის ოდენობის კომპენსაციის 3 წლის ვადაში გადახდის პირობის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს სადავო უძრავი ქონება. ხსენებული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად კი პირველი ინსტანციის სასამართლოს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი აქვს მითითებული.
25. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის თანახმად, თუ მოსარგებლე საცხოვრებელ სადგომს 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს და მან მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, მესაკუთრე უფლებამოსილია მოსარგებლეს მოსთხოვოს მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით. თუ მოსარგებლე კომპენსაციას არ იღებს და საცხოვრებელ სადგომს არ ათავისუფლებს, მესაკუთრე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება სასამართლოს მეშვეობით განახორციელოს (მფლობელობის შეწყვეტის შესახებ სარჩელი). მოსარგებლე უფლებამოსილია მესაკუთრეს მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია ამ მოთხოვნის წერილობითი ფორმით მიღებიდან 3 წლის ვადაში. თუ მესაკუთრე განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის კომპენსაციას, მოსარგებლე უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს მესაკუთრეს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ (საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სარჩელი).
26. წინამდებარე შემთხვევაში სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მართალია, არ გვაქვს მოხმობილი სამართლებრივი ნორმის შემადგენლობა, თუმცა სპეციალური კანონის მე-7 მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს მესაკუთრეებმა წერილობით შესთავაზონ შესაბამის საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა იმავე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, რა დროსაც მოსარგებლეები ვალდებული არიან, გადაიხადონ კომპენსაცია ასეთი მოთხოვნების მიღებიდან 3 წლის ვადაში ან ამავე ვადაში წარადგინონ ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელები. მოცემულ შემთხვევაში, მართალია სახეზე არ არის ასეთი წერილობითი შეთავაზება, თუმცა თავდაპირველ მოპასუხეთა და აპელანტთა მიერ საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 ივლისის N5004889719 დასკვნა, რომლითაც დადგენილია სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და რისი 25%-ის გადახდასაც დათანხმდა, ყოველივე ხსენებული, პალატის შეფასებით, თავისი შინაარსით უტოლდება სწორედ მოხმობილი ნორმის შემადგენლობით გათვალისწინებულ წერილობით შეთავაზებას და აძლევს მოსარგებლეს შესაძლებლობას, გადაიხადოს კომპენსაციის თანხა 3 წლის განმავლობაში.
27. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა თავდაპირველი მოსარჩელის პოზიცია მოპასუხეთა მიერ შეთავაზებული თანხის სამი წლის მანძილზე გადახდის შესახებ, რამდენადაც აღნიშნულის შესაძლებლობას ადგენს სპეციალური კანონის მე-7 მუხლი. ამასთან, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა 6600 ლარის ოდენობით ექვემდებარება მოპასუხეებისათვის გადაცემას, ხოლო ბინის გამოსყიდვისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული დარჩენილი თანხის გადახდას უზრუნველყოფს საცხოვრებელ სადგომზე დადგენილი იპოთეკა.
28. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტი მხარის შედავება სასამართლო ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დააკისრა მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 630 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ვინაიდან დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 1260 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, ხოლო იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კანონიერად განახევრდა და განისაზღვრა 630 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა და მეორე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს თანხის გადახდის ვადად განესაზღვრა 3 წელი, ხოლო მოპასუხეებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 630 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
30. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლის მოთხოვნები და არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოებები. პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან და ეწინააღმდეგება მათ (ახსნა-განმარტებებს, წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს).
31. სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვისას დაარღვია სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლის მოთხოვნები, რომლითაც განსაზღვრული შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, არასწორად გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, რომელიც შეეხება მესაკუთრის მიერ კომპენსაციის გადახდის 3-წლიან ვადას და არანაირ კავშირში არ არის მოსარგებლის მიერ თანხის გადახდის ვადასთან. თვით მუხლის სათაურიც შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული „მფლობელობის შეწყვეტა კომპენსაციის გადახდით, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სარჩელი“, ანუ ამ მუხლში საუბარია მფლობელობის შეწყვეტაზე კომპენსაციის გადახდის გზით და არა საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ 3-წლიან ვადასთან დაკავშირებით არგუმენტის გასამყარებლად, მოიხმო ამავე კანონის მე-7 მუხლი და მიუთითა, რომ აღნიშნული ნომა იძევა შესაძლებლობას, ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს მესაკუთრეებმა წერილობით შესთავაზონ შესაბამის საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა იმავე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, რა დროსაც მოსარგებლეები ვალდებული არიან, გადაიხადონ კომპენსაცია ასეთი მოთხოვნების მიღებიდან 3 წლის ვადაში ან ამავე ვადაში წარადგინონ ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელები. ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი და მესაკუთრის უფლება, განცხადებით მიმართოს მოსარგებლეს და მოითხოვოს თანხა. აღნიშნული სასამართლომ მესაკუთრის უფლებების საწინააღმდეგოდ განმარტა და გამოიყენა. ასევე მოცემული შემთხვევა საერთოდ განსხვავდება მე-7 მუხლის პირველი ნაწილით მოწესრიგებული ურთიერთობისაგან.
32. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელეს საერთოდ არ ჩამოუყალიბებია მოთხოვნა იმგვარად, რომ ითხოვდა თანხის გადახდისათვის 3-წლიანი ვადის განსაზღვრას. აღსანიშნავია, რომ საპაექრო ეტაპზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მოსამართლეს სთხოვა, იქნებ სასამართლოს გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელეს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა და სამი წელი მიეცა თანხის გადასახდელად. სასამართლომ კი ეს თხოვნა უაპელაციოდ გაიზიარა. ამ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა ამ ნაწილში, მაშინ სჭირდებოდა მოპასუხის თანხმობა, რადგან უკვე მთავარი სხდომა მიმდინარეობდა, აღნიშნული კი არ მომხდარა. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს თავდაპირველად დეპონირებული ჰქონდა 6600 ლარის ოდენობის თანხა. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ მოპასუხისთვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს წყვეტს სასამართლო; თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია აღემატება მოსარჩელის მიერ დეპონირებულ თანხას, მათ შორის სხვაობის ფარგლებში სასამართლო ადგენს მოპასუხის იპოთეკას საცხოვრებელ სადგომზე; ეს იპოთეკა შეწყდება კომპენსაციის სრულად გადახდის მომენტიდან; ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი სარჩელის განხილვისას დაადგენს, რომ მოსარჩელე არის არა ამ მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე, არამედ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით კი, დეპონირებული თანხა სრულად დაუბრუნა მოსარჩელეს და მთლიანი თანხის 10500 აშშ დოლარისათვის განუსაზღვრა 3-წლიანი ვადა გადასახდელად.
33. მოსარჩელე სარჩელის აღძვრის დროს ითხოვდა, 6600 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვას. სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უძრავი ქონების ღირებულება შეაფასა ისევ იმ ფასად, რაც მითითებული იყო მოპასუხეების მიერ წარდგენილ დასკვნაში მოსამზადებელ სხდომაზე და არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა. მოსარჩელემ ამ ნაწილში, რადგან ახალი დასკვნა იყო წარმოდგენილი, დააზუსტა თავისი მოთხოვნა და განაცხადა, რომ 10500 აშშ დოლარის (უძრავი ქონების ღირებულების 25%) გადახდის სანაცვლოდ, ითხოვდა საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვას. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისთანავე მოპასუხეებმა ცნეს სასარჩელო მოთხოვნა, მაგრამ სასამართლომ მაინც დააკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორ მხარეს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
37. სადავო საცხოვრებელი სადგომი საჯარო რეესტრში რეგისტირებულია მოპასუხეთა საკუთრებად.
38. მოსარჩელის მამის სადავო მისამართზე 1945 წლის 4 ოქტომბრიდან რეგისტრაციის დამადასტურებელი საინფორმაციო ბარათითა და სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ მოსარჩელე, როგორც მამის მემკვიდრე, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, რაც დასტურდება მოსარჩელისა და მისი მამის ერთსა და იმავე საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, მოსარჩელის სადავო მისამართზე 1973 წლის 19 იანვრიდან რეგისტრაციის დამადასტურებელი საინფორმაციო ბარათით, 1996 წლიდან მოსარჩელის სს „თ–ის“ აბონენტად სადავო მისამართზე რეგისტრაციისა და კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, ასევე, 2010 წლის 20 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმებით მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის, მოსარჩელის, როგორც ე. წ. „ატსტუპნიკის“ დაკმაყოფილების თაობაზე.
39. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 31 ივლისის №5004889719 დასკვნის თანახმად, სადავო სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 42 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს.
40. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას მოპასუხე მხარის სასარგებლოდ დეპონირებულია 6600 ლარი. ვინაიდან მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას, რომ მთლიანი სადავო უძრავი ქონების ღირებულება 42000 აშშ დოლარს შეადგენს, მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 42000 აშშ დოლარის 25 პროცენტს, ე. ი. 10500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
41. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელემ მოთხოვნა სადავო კომპენსაციის 3 წლის განმავლობაში გადახდის შესახებ სასამართლოს წარუდგინა საპროცესო მოთხოვნების დარღვევით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რა დროსაც ესაჭიროებოდა მოპასუხე მხარის თანხმობა. სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა, ასევე, არასწორად გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, რომელიც შეეხება მესაკუთრის მიერ კომპენსაციის გადახდის 3-წლიან ვადას და ამავე კანონის მე-7 მუხლი. კასატორმა მხარემ პრეტენზია წარადგინა მათთვის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაკისრების ნაწილშიც.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
43. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის მოსარგებლის სტატუსის მქონე პირს და მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე.
44. ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
45. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში „მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. მოცემული კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალსიწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობანი ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არა მარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ – სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობა დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონმა მათ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები – უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარებლეს სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა იქნეს განკარგული ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე.
47. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით ატიპურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. რადგანაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ქ. თბილისში უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ დედაქალაქში ჩაწერილ პირებს შეეძლოთ, ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ პირებთან კანონის გვერდის ავლის მიზნით იდებოდა ამ ტიპის გარიგებები. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობები შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), და ფაქტობრივად მხარეთა შორის არსებული ნამდვილი ურთიერთობა იფარებოდა, კერძოდ, მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეულ თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ყოველთვიურად კი – ბინის ქირას; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოსარგებლეს ფაქტობრივად გადაეცემოდა „სამუდამოდ“, ანუ ურთიერთობა არ იყო დროებითი (ხანმოკლე); ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალურ კანონს დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით წესრიგდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავს, შესაძლებელია, ეს ნიშნები არსებობდეს კუმულაციურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც.
48. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პოზიცია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ, კანონის არასწორად განმარტების შედეგად, არამართლზომიერად მიანიჭა მოსარჩელეს სადავო კომპენსაციის 3 წლის ვადაში გადახდის შესაძლებლობა.
49. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, მოსარგებლე უფლებამოსილია მესაკუთრეს მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია ამ მოთხოვნის წერილობითი ფორმით მიღებიდან 3 წლის ვადაში.
50. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ მოპასუხისთვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია აღემატება მოსარჩელის მიერ დეპონირებულ თანხას, მათ შორის სხვაობის ფარგლებში სასამართლო ადგენს მოპასუხის იპოთეკას საცხოვრებელ სადგომზე. იპოთეკა შეწყდება კომპენსაციის სრულად გადახდის მომენტიდან. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი სარჩელის განხილვისას დაადგენს, რომ მოსარჩელე არის არა ამ მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე, არამედ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე.
51. სპეციალური კანონის მე-7 მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს მესაკუთრეებმა წერილობით შესთავაზონ შესაბამის საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა იმავე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, რა დროსაც მოსარგებლეები ვალდებული არიან, გადაიხადონ კომპენსაცია ასეთი მოთხოვნების მიღებიდან 3 წლის ვადაში ან ამავე ვადაში წარადგინონ ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელები. მოცემულ შემთხვევაში, მართალია სახეზე არ არის ასეთი წერილობითი შეთავაზება, თუმცა თავდაპირველ მოპასუხეთა და აპელანტთა მიერ საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 ივლისის N5004889719 დასკვნა, რომლითაც დადგენილია სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და რისი 25%-ის გადახდასაც დათანხმდა, ყოველივე ხსენებული, პალატის შეფასებით, თავისი შინაარსით უტოლდება სწორედ მოხმობილი ნორმის შემადგენლობით გათვალისწინებულ წერილობით შეთავაზებას და აძლევს მოსარგებლეს შესაძლებლობას, გადაიხადოს კომპენსაციის თანხა 3 წლის განმავლობაში.
52. საკასაციო პალატას საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მოპასუხეთა მიერ შეთავაზებული თანხის სამი წლის მანძილზე გადახდის შესახებ, რამდენადაც აღნიშნულის შესაძლებლობას ადგენს სპეციალური კანონის მე-7 მუხლი. ამასთან, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა 6600 ლარის ოდენობით ექვემდებარება მოპასუხეებისათვის გადაცემას, ხოლო ბინის გამოსყიდვისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული დარჩენილი თანხის გადახდას უზრუნველყოფს საცხოვრებელ სადგომზე დადგენილი იპოთეკა.
53. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორების მითითება, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი, როდესაც დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო კომპენსაციის 3 წლის ვადაში გადახდის თაობაზე, რადგან მოსარჩელემ საპროცესო ნორმათა დარღვევით გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა.
54. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).
57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.
60. საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე განჩინების 20-23 პპ.-ში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს კომპენსაციის გადახდის გზით სადავო საცხოვრებულ სადგომზე საკუთრების უფლების მოპოვება. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რომ კომპენსაციის გადახდა 3 წლის განმავლობაში დაეკისროს, აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელის შინაარსს არ ცვლის და მისი პრაქტიკულად აღსრულების განმსაზღვრელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა თითქოსდა უკანონოდ გაზარდა.
61. საკასაციო საჩივარი დაუშვებელია კასატორებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც.
62. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
63. მოცემულ საქმეზე დავის საგანის ღირებულება განსაზღვრულია 42000 აშშ დოლარით ( ექვივალენტი ლარში), შესაბამისად, სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს აღნიშნული თანხის 3%-ს – 1260 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
64. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
65. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება მესამე მოპასუხეს, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მისი გათავისუფლების წინაპირობა გახდა ის გარემოება, რომ მან სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო. იმ პირობებში, რომ წინამდებარე სარჩელი დაკმაყოფილებულია, პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სარჩელი კი სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნეს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით, 630 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდათ.
66. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
67. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
68. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
69. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. ( შდრ: სუსგ №ას-164-2021, 21 სექტემბერი, 2021 წ.).
70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
71. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ლ.რ–ძის მიერ 10/08/2021 №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. და მ. გ–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. გ–ას (პირადი №.......) და მ. გ–ას (პირადი №.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. რ–ძის მიერ 10/08/2021 №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე