Facebook Twitter

საქმე №ას-1105-2021 17 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ე.ჰ–ბი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ზ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ზ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,მ. ი–ის ს.ბ.ც.ს–ოს“ წინააღმდეგ და მოითხოვა: მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს ,,მ. ი–ის ს.ბ.ც.ს–ოს“ 2017 წლის 30 ნოემბრის NTIH-17-1130-16/გ ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ (მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღრიცხვის ოპერატორი) თანამდებობაზე აღდგენა და 2017 წლის 4 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის ანაზღაურება, თვეში 640 ლარის ოდენობით.

2. 26/08/2020 წ. განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იქნა შპს ,,მ. ი–ის ს.ბ.ც.ს–ოს“ უფლებამონაცვლე სს ,,ე.ჰ–ბი“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) (ს.ფ. 218-243, 253).

3. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს ,,მ. ი–ის ს.ბ.ც.ს–ოში“ 2007 წლის 18 ოქტომბრიდან სხვადასხვა პოზიციაზე. მათ შორის, 22/10/2007წ-დან - პედიატრიული ნევროლოგიისა და ეპილეფსიის დეპარტამენტის ნერვული დაავადებების მიმართულების მედდად; 2012 წლის 14 ივნისიდან ითავსებდა იმავე დეპარტამენტის უმცროსი მედდის ფუნქციებს; 2012 წლის 8 ოქტომბრიდან გადაყვანილი იქნა ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი მედდის მოადგილედ; 2013 წლის 16 დეკემბრიდან დაინიშნა ბიზნესის მართვის დეპარტამენტში სუპერვაიზერის თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, გადაყვანილი იქნა მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე. ამავე წლის 1 ნოემბერს, მხარეთა შორის წერილობით დაიდო შრომითი ხელშეკრულება (გამოსაცდელი ვადის გარეშე), მოსარჩელის ზემოაღნიშნულ პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის შესახებ. მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღრიცხვის ოპერატორის თანამდებობაზე მოსარჩელის შრომის ანაზღაურება გაიცემოდა გამომუშავებით - საათში 4 ლარის ოდენობით (დასაბეგრი). იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სამუშაო დრო განსაზღვრული იყო კვირაში 40 საათით, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 640 ლარს (დასაბეგრი). 2017 წლის 30 ნოემბერს, საავადმყოფოს წარმომადგენლებმა მოსარჩელეს მოულოდნელად განუცხადეს 2017 წლის 4 დეკემბრიდან მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამავე დღეს მას გააცნეს შესაბამისი ბრძანება, ხოლო 2017 წლის 20 დეკემბერს გადაეცა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, სადაც დამსაქმებელმა განუმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებები პაციენტების მომართვიანობის მნიშნელოვანი შემცირების გამო. მოსარჩელე არ ყოფილა ინფორმირებული რეორგანიზაციის შესახებ და მისთვის უცნობია, თუ რა ნიშნით იქნა იგი გამორჩეული იმ თანამშრომლებისაგან, რომლებსაც შეუნარჩუნდათ სამუშაო ადგილები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას არასდროს დაკისრებია რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განპირობებულია ობიექტურ მიზეზებით კერძოდ, შპს ,,მ. ი–ის ს.ბ.ც.ს–ოში“ პაციენტთა მიმართვიანობის ცვლილების გათვალისწინებით, (2016 წელთან შედარებით 2017 წელს შემცირდა 21%-ით) გაუქმდა რიგი სერვისები, დაემატა სერვისები, გაერთიანდა სტრუქტურული ერთეულები და განისაზღვრა ოპტიმალური საკადრო რესურსი.

5. ამასთან, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისა და პაციენტზე მორგებული ეფექტური და მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და ამ მიმართულებით დასახული 5 წლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, 2017 წლის 01 დეკემბრიდან განხორციელდა რიგი ორგანიზაციული ცვლილებები, მათ შორის, სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაცია, რიგ დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების შემცირება და რიგ დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 87 დასაქმებულთან. საავადმყოფოს დირექტორის 2017 წლის 1 სექტემბრის ბრძანების თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული იყო ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორის თანამდებობაზე. 2017 წლის 30 ნოემბრის N TIH-17-1130-01/ო ბრძანებით, ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, გაუქმდა გადაუდებელი დახმარებისა და ტოქსიკლოგიის დეპარტამენტისა და ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორების პოზიციები და აბდომინური და ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტში დარჩა ერთი ოპერატორის პოზიცია. ამავე დღეს გამოცემული ბრძანებით, დამტკიცდა მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორების ახალი გადანაწილება. ამავე დღეს გამოცემული NTIH-17-1130-03/ო ბრძანების თანახმად, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მედდის, უფლება-მოვალეობებს დაემატა ამ დეპარტამენტის ქიმიო-პრეპარატების აღრიცხვა დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ხოლო ამავე წლის 1 დეკემბრიდან ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორმა, შეითავსა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვა დამატებითი ანაზღაურების გარეშე, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა.

6. მოპასუხემ განმარტა, რომ გარდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ობიექტური საფუძვლებისა [სშკ-ის ახალი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი] მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის არსებობდა კონკრეტული საფუძველი - ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მედდის - დ. ლაითაძის მოხსენებით ბარათში მოყვანილი გარემოებები.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,მ. ი–ის ს.ბ.ც.ს–ოს“ 2017 წლის 30 ნოემბრის N TIH-17-1130-16/გ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანება და მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 11 520 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

10. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:

11. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო სხვადასხვა პოზიციებზე 2007 წლის 18 ოქტომბრიდან.

12. 2014 წლის 01 ნოემბიდან მხარეთა შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით და მოსარჩელე გადაყვანილი იქნა მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე. აღნიშნულ პოზიციაზე მოსარჩელის მოვალეობას შეადგენდა გახარჯული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის შესაბამის ბაზაშია აღრიცხვა. ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება გამომუშავებით შეადგენდა - 640 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, საათში 4 ლარის ანაზღაურებით (დარიცხული) (ტ.1, ს.ფ.19, 299).

13. 2017 წლის 01 სექტემბრის NTIH-17-0901-01/ო ბრძანებით, მოპასუხემ განახორციელა მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორთა გადანაწილება დეპარტამენტების მიხედვით და მოსარჩელე პერსონალურად დაექვემდებარა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტს. 2017 წლის 18 სექტემბრის NTIH-17-0918-01/ო ბრძანებით, მოსარჩელე კვლავ იქნა მიმაგრებული დასახელებულ დეპარტამენტზე (ტ.1, ს.ფ. 62-63).

14. 2017 წლის 01 დეკემბრიდან მოპასუხე კომპანიაში განხორციელდა ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებები, კერძოდ, პაციენტთა მიმართვიანობის ცვლილების გათვალისწინებით, რიგი სერვისების გაუქმების, ახალი სერვისების დამატების, სტრუქტურული ერთეულების გაერთიანებისა და ოპტიმალური საკადრო რესურსის განსაზღვრის, ასევე, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისა და პაციენტზე მორგებული ეფექტური და მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და ამ მიმართულებით დასახული 5 წლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, 2017 წლის 25 ნოემბერს, მოპასუხემ NTIH-17-1125-01/ო ბრძანებით მიიღოგა დაწყვეტილება, 2017 წლის 1 დეკემბრიდან შემდეგი ორგანიზაციულ- სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შესახებ: ა) სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაცია; ბ) რიგ დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა და გ) რიგ დასაქმებულთათვის შრომის ანაზღაურების შემცირება.

15. ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, 2017 წლის 30 ნოემბრის NTIH-17-1130-01/ო ბრძანებით, გაუქმდა გადაუდებელი დახმარებისა და ტოქსიკლოგიის დეპარტამენტისა და ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორების პოზიციები.

16. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბრის NTIH-17-1130-02/ო ბრძანების შესაბამისად განხორციელდა მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორთა გადანაწილება დეპარტამენტების მიხედვით და ამავე თარიღის NTIH-17-1130-03/ო ბრძანების თანახმად, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ქიმიო პრეპარატების აღრიცხვა დაეკისრა ამავე დეპარტამენტის უფროს მედდას დ. ლ–ძეს, ხოლო დანარჩენი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის - ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის ოპერატორს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

17. 2017 წლის 30 ნოემბრის NTIH-17-1130-16/გბრძანებით, მოპასუხემ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელეს ეცნობა იმავე დღეს. აღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 04 დეკემბერი, ხოლო კომპენსაციის ოდენობად 2 თვის შრომის ანაზღაურება და 1 დღის გამოუყენებელი შვებულება.

18. 2017 წლის 12 დეკემბერს, მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა დამსაქმებელს. ამავე წლის 19 დეკემბერს მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციის გაუქმებამ.

19. შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა 87 დასაქმებულთან. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოსარჩელის პირვანდელი ან მისი ტოლფასი ვაკანტური სამუშაო ადგილი არ არსებობს.

20. შრომითი ურთიერთობის განმავლობაში, მოსარჩელის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მოპასუხის მიერ რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების ფაქტს დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ ყოფილა.

21. სააპელაციო პალატამ ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მედდის - დ.ლაითაძის 2017 წლის 02 ნოემბრით დათარიღებული მოხსენებითი ბარათი (ქიმიოპრეპარატების ბაზაში აღრიცხვისას სისწორის დაცვის პრობლემის მოგვარების მიზნით, ამ პროცედურის შესაბამისი მცოდნე პირის მიერ განხორციელებასთან დაკავშირებით. იხ. ტ.1, ს.ფ. 64) და მოპასუხის განმარტება, რომ ადგილი ჰქონდა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტიდან გახარჯული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ბაზაში აღრიცხვის სისწორის დარღვევას, არ მიიჩნია მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განმაპირობებელ გარემოებად.

22. სადავო ბრძანებაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია დავის წარმოშობის დროს მოქმედის შკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას). შესაბამისად, მოპასუხის მითითება ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მედდის დ.ლ–აძის მიერ შედგენილ 2017 წლის 02 ნოემბრის მოხსენებით ბარათზე, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

23. არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მითითება, რომ საავადმყოფოში შენარჩუნებულ პოზიციებზე ოპერატორთა შერჩევის პროცესში, გათვალისწინებული იქნა დ. ლ–ძის მოხსენებითი ბარათი. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს არ მიუთითებია იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც მოხდა შენარჩუნებულ პოზიციებზე ოპერატორთა შერჩევა, ხოლო დანარჩენ პირებთან კი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

24. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეკონომიკურ გარემოებებზე (ამჟამად მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლი) და განმარტა, რომ აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.

25. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. Nას-224-224- 2018, 18.05.2018წ.).

26. მოპასუხის განმარტებით, რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 87 დასაქმებულთან, თუმცა შენარჩუნებულ პოზიციებზე დასაქმებულთა შერჩევა რა პრინციპით განხორციელდა, აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია, ამ კუთხით, იმ გარემოებაზე აპელირება, რომ კონკრეტულ დეპარტამენტში, ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა სწორედ იმ პირთან, რომელიც ამ დეპარტამენტში ასრულებდა უფლება- მოვალეობებს, არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან დამსაქმებელი ვალდებული იყო დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს ეხელმძღვანელა გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.

27. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც სადავო ბრძანების გამოცემის წინაპირობების არარსებობაზე მიუთითებდა.

28. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დავის განხილვის დროისათვის მოპასუხე კომპანიაში ის თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ეკავა და არც სხვა ტოლფასი თანამდებობა არ არსებობდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მართებულად დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება.

29. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე გასული იყო თითქმის 3 წელი, ხოლო როგორც ეს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილიც ცნობით დასტურდებოდა, 2019 წლის აპრილის თვიდან დღემდე მოსარჩელე დასაქმებულია (ს.ფ.-ები: 343-347). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით (იხ. სუსგ-ები: 05/07/2019წ. Nას-640; 07/02/2019წ. Nას-1627-2019; 19/02/2020წ. Nას-21-2020 ), გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა კომპენსაცია 18 თვის შრომის ანაზღაურების - 11520 ლარის - ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

30. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას შემდეგი საფუძვლებით:

31. კასატორი აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური საფუძველი სშკ-ს 37-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, კერძოდ, კასატორი მიუთითებს შპს „მ. ი–ის ს.ბ.ც.ს–ოს“ დირექტორის 2017 წლის 05 თებერვლის ცნობაზე, რომლის თანახმად, პაციენტთა მომართვიანობა შემცირდა 21%-ით. 2016 წელს მომსახურება მიიღო 27763 პაციენტმა ხოლო 2017 წელს 21930 პაციენტმა. მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, საანგარიშო/შესადარებელ პერიოდში (2016 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებში და 2017 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებში) შემცირდა ფულადი სახსრებით ანაზღაურებაც. საავადმყოფო დირექტორის NTIH-17-1125-01/ო ბრძანების საფუძველზე შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა 87 თანამშრომელთან მათ შორის, მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღრიცხვის ოპერატორებთან. სწორედ ამ პოზიციაზე საავადმყოფოს დირექტორის NTIH-17-1125-01/ო ბრძანების თანახმად განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: 1. გაუქმდა გადაუდებელი დახმარებისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორის პოზიცია 2. გაუქმდა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორის პოზიცია 3. აბდომინური და ტრამვატოლოგია - ორთოპედიის დეპარტამენტში დარჩა ერთი მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორი. მოწინააღმდეგე მხარე კი წარმოადგენდა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორს (აღნიშნული დასტურდება შპს „მ. ი–ის ს.ბ.ც.ს–ოს“ დირექტორის 2017 წლის 01 სექტემბრის NTIH-17-0901-01/ო ბრძანების საფუძველზეც.

32. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა ორმა გარემოებამ: ა. რეორგანიზაციამ, რაც აუცილებელი იყო საწარმოს მდგომარეობიდან გამომდინარე და ბ. დამსაქმებელმა უპირატესობა მიანიჭა სხვა დასაქმებულებს აბსოლუტურად ობიექტური კრიტერიუმებით და არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდა.

33. კასატორი მიუთითებს, რომ კლინიკა ემსახურება უპირველესყოვლისა საჯარო ინტერესებს, ამდენად მის მიერ კადრების ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის ლეგიტიმურ მიზანს წარმაოდგენდა პაციენტების ინტერესის დაცვა, რათა მათ მიეღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება თუნდაც იმ პირობებში, რომ მიმართვიანობამ საკმაოდ იკლო.

34. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გარდა ობიექტური გარემოებებისა, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის უფროსი მედდის მოხსენებით ბარათში მოყვანილმა გარემოებებმაც (2017 წლის 02 ნოემბერი), კერძოდ, „დოზირების სიზუსტის დაცვა ქიმიოპრეპარატებთან მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უმჯობესია, მედიკამენტი ბაზაში აღრიცხოს იმ პირმა, რომელიც კარგად ერკვევა ამ მედიკამენტებში, რათა არ მოხდეს მათი კომბინაციის არევა“.

35. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოსდა მოპასუხეს არ მიუთითებია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტურ გარემოებებზე. კასატორის მტკიცებით, ოპერატორთა პოზიციაზე დატოვება მოხდა გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმით (განყოფილებათა საჭიროებისა და საქმის სპეციფიკის მიხედვით) დაუშვებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ერთადერთ მიზეზად მიჩნეულ იქნეს დასაქმებულის კვალიფიკაცია (თუმცაღა აღნიშნული გარემოებაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, უფროსი მედდის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით). მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს კლინიკაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბერის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

38. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებას, რომლითაც უარყოფილი იქნა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოშობილი არ იყო მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული სშკ-ის 37.1. „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები. აღნიშნულს კასატორი სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა ორმა გარემოებამ: ა. რეორგანიზაციამ, რაც აუცილებელი იყო საწარმოს მდგომარეობიდან გამომდინარე და ბ. დამსაქმებელმა უპირატესობა მიანიჭა სხვა დასაქმებულებს აბსოლუტურად ობიექტური კრიტერიუმებით. კასატორი მიუთითებს, რომ გარდა ობიექტური გარემოებებისა, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის უფროსი მედდის მოხსენებით ბარათში მოყვანილმა გარემოებებმაც (2017 წლის 02 ნოემბერი) სადაც ვკითხულობთ, რომ „დოზირების სიზუსტის დაცვა ქიმიოპრეპარატებთან მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უმჯობესია, მედიკამენტი ბაზაში აღრიცხოს იმ პირმა, რომელიც კარგად ერკვევა ამ მედიკამენტებში, რათა არ მოხდეს მათი კომბინაციის არევა“.

39. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ., სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16).

40. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (სადავო ბრძანება) მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ-ები №ას-1009-2020, 24 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-151-147-2016, 19.04.2016).

41. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანებაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია დავის წარმოშობის დროს მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

42. მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში (სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებელი) დამსაქმებელი (მოპასუხე) განმარტავს, რომ საავადმყოფოში პაციენტთა მიმართვიანობის ცვლილების გათვალისწინებით, (2016 წელთან შედარებით 2017 წელს შემცირდა 21%-ით) გაუქმდა რიგი სერვისები, დაემატა სერვისები, გაერთიანდა სტრუქტურული ერთეულები და განისაზღვრა ოპტიმალური საკადრო რესურსი.

43. ამასთან, 2017 წლის 01 დეკემბრიდან განხორციელდა რიგი ორგანიზაციული ცვლილებები, მათ შორის, სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაცია, რიგ დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების შემცირება და რიგ დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 87 დასაქმებულთან.

44. მოსარჩელე დასაქმებული იყო ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორის თანამდებობაზე. 2017 წლის 30 ნოემბრის NTIH-17-1130-01/ო ბრძანებით, ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, გაუქმდა გადაუდებელი დახმარებისა და ტოქსიკლოგიის დეპარტამენტისა და ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორების პოზიციები და აბდომინური და ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტში დარჩა ერთი ოპერატორის პოზიცია. ამავე დღეს გამოცემული ბრძანებით, დამტკიცდა მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორების ახალი გადანაწილება. ამავე დღეს გამოცემული NTIH-17-1130-03/ო ბრძანების თანახმად, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მედდის, უფლება-მოვალეობებს დაემატა ამ დეპარტამენტის ქიმიო-პრეპარატების აღრიცხვა დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ხოლო ამავე წლის 1 დეკემბრიდან ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორმა, შეითავსა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვა დამატებითი ანაზღაურების გარეშე, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი სშკ-ის რედაქცია, საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს.

46. ზემოაღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

47. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეკონომიკურ გარემოებებს (ამჟამად მოქმედი სშკ-ის რედაქციით 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177), ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ ცვლილებებს, ისინი შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ).

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას (შეადრ: სუსგ №ას-1210-2018,15 თებერვალი, 2019). შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შრომითსამართლებრივ დავებში იხ., მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებების შესახებ სუსგ №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი, პ-34; აგრეთვე, სუსგ-ები №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-151-147-2016 ,19 აპრილი, 2016 წელი; პ-43). აქვე ყურადსაღებია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (შესაბამისად, მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), თუმცა, საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ განსახილველი სადავო შრომითსამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს. კონვენციის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს.

49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). მაშასადამე, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია მეტადრე იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“, კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. ასეთი კატეგორიის საქმეებში სწორედ, უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება, რამდენადაც, შრომითი ურთიერთობა მოიცავს ისეთ მხარებს, რომლებიც კლასიკურად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. საქმე იმაში, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი (ე.წ. “Good Reason“) საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი). მტკიცებითი საქმიანობის სფეროში ეროვნულ დონეზე არსებული მიდგომა შესაბამისობაშია საერთაშორისო გამოცდილებასთან. მიუხედავად იმისა, რომ „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ მიღებულ N158 კონვენციას საქართველოსთვის სავალდებულო ძალა არა აქვს, მისი დებულებები და ამ თვალსაზრისით განვითარებული პრაქტიკული მიდგომები საქართველოსთვისაც საინტერესოა. N158 კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 (ა) პარაგრაფი სამუშაოდან არამართლზომიერი გათავისუფლებისაგან დაცვის ეფექტიან საშულებად მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრებას ადგენს. კონვენციის ამ დებულების მიხედვით, მუშაკი მარტო ვერ გაუმკლავდება სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის არამართლზომიერების მტკიცებით პროცესს; სწორედ ამიტომ, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს უნდა დაეკისროს. ყოველ შემთხვევაში, კონვენცია ამ საკითხის მოწესრიგებას ეროვნული კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას უტოვებს (Termination of Employment Convention, 1982 (N158) (Article 9, p.1.p2.); Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 80).

50. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა ვერ შეძლო დამტკიცება, რომ მოსარჩელესთან მიმართებით არსებობდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის წინაპირობები, რაც მართლზომიერ საფუძველზე განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, კერძოდ, ამ განჩინების პ.18-ით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს, მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა დამსაქმებელს. ამავე წლის 19 დეკემბერს მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციის გაუქმებამ. შესაბამისად, საკასაციო პალატას სწორად მიაჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა, რომლის მიხედვით არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის მითითება, რომ საავადმყოფოში შენარჩუნებულ პოზიციებზე ოპერატორთა შერჩევის პროცესში, გათვალისწინებული იქნა დ. ლაითაძის მოხსენებითი ბარათი. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს არ მიუთითებია იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც მოხდა შენარჩუნებულ პოზიციებზე ოპერატორთა შერჩევა, ხოლო მოსარჩელესთან კი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (იხ., ამ განჩინების პ.23).

51. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც სადავო ბრძანების გამოცემის წინაპირობების არარსებობაზე მიუთითებს (იხ., ამ განჩინების პპ:26-28).

52. რაც შეეხება მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საშულებას, დადგენილი იქნა, რომ დავის განხილვის დროისათვის მოპასუხე კომპანიაში ის თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ეკავა და არც სხვა ტოლფასი თანამდებობა არ არსებობდა, შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება.

53. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავებით მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.;).

55. განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსასაზღვრად ქვემდომი ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება მიაქციეს შემდეგ გარემოებებს:

56. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გასული იყო თითქმის 3 წელი, ხოლო როგორც ეს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილიც ცნობით დასტურდებოდა, 2019 წლის აპრილის თვიდან მოსარჩელე დასაქმებულია (იხ., ამ განჩინების პ.29). სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა კომპენსაცია 18 თვის შრომის ანაზღაურების - 11520 ლარის - ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

57. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებული კასატორის არგუმენტები, არ წარმოშობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

61. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე.ჰ–ბის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. სს „ე.ჰ–ბს“ (ს.კ:.......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 01.07.2021-ში N219 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 576 ლარის 70% – 403.2 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

ლევან მიქაბერიძე