Facebook Twitter

საქმე №ას-568-2021 26 ნოემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "მ.ს.უ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ე–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობისთვის თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს "ე–ის" (შემდეგში: მოსარჩელე ან მეორე აპელანტი) სარჩელი:

1.1. შპს „მ.ს.უ–ს“ (შპს „ნ.უ.უ.; შემდეგში: მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კასატორი), მოსარჩელის სასარგებლოდ, აუცილებელი გზით სარგებლობისთვის, ყოველთვიურად კომპენსაციის - 700 ლარის გადახდა დაეკისრა;

1.2. მოსარჩელეს 2016 წლის 15 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე, აუცილებელი გზით სარგებლობისთვის, კომპენსაციის - 45210 ლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა.

2. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით - მოპასუხის (პირველი აპელანტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

3.1. მოსარჩელის (მეორე აპელანტის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტი გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

3.2. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, აუცილებელი გზით სარგებლობის გადაუხდელი კომპენსაცია - 23 100 ლარი 2016 წლის 15 ივნისიდან - სარჩელის აღძვრამდე (33 თვე) პერიოდისათვის დაეკისრა;

3.3. სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

4. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:

4.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ....... (ძველი ს/კ .........) რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფლდა: მოპასუხეს ნება დაერთო აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული ქ. თბილისში, ........ მდებარე ქონების ნაწილი - 817 კვ.მ გამოეყენებინა.

4.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2014 წლის 14 მარტს, 817 კვ.მ მიწის ნაკვეთის სავალ გზად გამოყენების შესახებ გარიგება გაფორმდა, მხარეთა შეთანხებით, უძრავი ნივთით სარგებლობის საფასური 340 ლარი განისაზღვრა. მხარეებს შორის იმავე მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის ხელშეკრულება 2014 წლის 20 და 26 მარტსაც გაფორმდა, როდესაც, მიწის ნაკვეთით სარგებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა.

4.4. მოპასუხეს რამდენჯერმე შეეცვალა საფირმო სახელწოდება. სასამართლოში საქმის განხილვის დროს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია საფირმო სახელწოდებით - შპს ,,მ.ს.უ–ი’’.

5. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოპასუხე პრეტენზიას აცხადებდა მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და განმარტავდა, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის აუცილებელი გზის უფლების მოპოვების სამართლებრივი საკითხი 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სასამართლომ ერთხელ უკვე განიხილა, განსახილველი დავის ფარგლებში აღარ არსებობდა კომპენსაციის დაკისრების წინაპირობა, ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაცია მაინც დაეკისრებოდა, უნდა გათვალისწინებულიყო, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული 817 კვ.მ მიწის ნაკვეთით ექვსი იურიდიული პირი სარგებლობს, შესაბამისად, კომპენსაცია ყველა მოსარგებლეს უნდა გაუნაწილდეს თანაბრად. მოსარჩელე კი თავის სააპელაციო საჩივარში პრეტენზიას აცხადებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მისი საკუთრების აუცილებელი გზით დატვირთვიდან (2016 წლის 15 ივნისი) წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის კომეპენსაციის დაკისრებაზე უარი ეთქვა.

6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 180-ე „თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს“ მუხლზე მითითებით განმარტა, რომ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს როგორც შეგებებული ისე, დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის გზით.

7. სასამართლომ მოპასუხის პრეტენზიის ფარგლებში ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაზე, სადაც მოსარჩელეს (ამ დავაში მოპასუხეს) ნება დაერთო აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით მოსარჩელის საკუთრების გამოყენებაზე. აღნიშნულ დავაში სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ აუცილებელი გზის დადგენა წარმოადგენდა. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ აუცილებელი გზის უფლებით უძრავი ნივთის დატვირთვის შესახებ სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან, იმ დავის ფარგლებში აუცილებელი გზით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოსთვის შეგებებული სარჩელით არ მიუმართავს, დასახელებული ფაქტები, სსკ-ის 180-ე მუხლით გარანტირებული კომპენსაციის მიღების უფლებასთან ერთობლიობით, ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ მესაკუთრეს (ამ დავაში მოსარჩელეს) აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელი სარჩელის ფარგლებში წარმოეშვა. დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სასამართლოს კომპენსაციის საკითხი არ გადაუწყვეტია. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება,რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პირობებში აღარ არსებობდა კომპენსაციის დაკისრების წინაპირობა.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის სასარგებლოდ დაწესებული შეზღუდვის სანაცვლოდ ყოველთვიური კომპენსაციის - 700 ლარის ანაზღაურება სამართლიან ოდენობად მიიჩნია.

9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები შეაფასა. საქმის მასალებიდან დგინდებოდა, რომ მხარეებს შორის 2014 წელს, ჯერ კიდევ სასამართლოს მიერ 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 817 კვ.მ ქონების სავალ გზად გამოყენების თაობაზე გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რისთვისაც მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა კომპენსაციას - ყოველთვიურად 400 ლარს. მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2019 წლის 6 მარტის აუდიტორული დასკვნის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 1370 ლარს შეადგენს. მოპასუხის მიერ წარდგენილი 2019 წლის 4 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დასმულია საკითხი უძრავი ქონების აუცილებელ გზად გამოყენების ყოველთვიური და ერჯერადი საკომპენსაციო თანხის დადგენაზე იმ პირობით, რომ უძრავ ქონებას აუცილებელ გზად ერთდროულად ექვსი იურიდიული პირი იყენებს. დასკვნის თანახმად, აუცილებელი გზით სარგებლობისთვის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა, ნივთის ექვსი პირის მიერ აუცილებელ გზად გამოყენებაზე მითითებით, ერთ პირზე 8580 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, ხოლო ყოველწლიური გადასახადი იმავე პირობით ერთ პირზე 410 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა.

10. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, რომლის მიხედვით, ამ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აუცილებელი გზის უფლებით დატვირთული უძრავი ნივთით სარგებლობისთვის კომპენსაცია ერთდროულად ექვს იურიდიულ პირზე დაკისრებითაა გაანგარიშებული არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების ნაწილზე (817 კვ.მ) სასამართლო გადაწყვეტილების (იხ. 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება) საფუძველზე რეგისტრირებულია მხოლოდ მოპასუხის უფლება, ამასთან, განსახილველ დავაში სასამართლოს განხილვის საგანს საკუთრების უფლების კანონისმიერი შეზღუდვისთვის (აუცილებელი გზა) კომპენსაციის განსაზღვრა/დაკისრება წარმოადგენს. შესაბამისად, აუცილებელი გზით სარგებლობისთვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობის დადგენისას მოპასუხის პრეტენზია არ არის გაზიარებული.

11. სააპელაციო სასამართლომ, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნაც, რადგან საკომპენსაციოდ ყოველთვიურად გათვალისწინებული თანხა - 1370 ლარი, თითქმის ორჯერ აღემატებოდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში საკომპენსაციოდ განსაზღვრულ თანხას, რომელიც გათვალისწინებულია ექვს იურიდიულ პირზე გადანაწილებით, კერძოდ, ყოველწლიური კომპენსაცია ჯამურად 2460 (410*6) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია, რაც ყოველთვიურად 205 აშშ დოლარს შეადგენს. საბოლოოდ, აუცილებელი გზით დატვირთული ქონების ამ უფლებით დატვირთვამდე პერიოდისთვის მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების, მითითებული პერიოდის შემდეგ ფასთა ცვლილებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მესაკუთრე მოპასუხის სასარგებლოდ დადგენილი უფლებით საკუთრების თავისუფალი განკარგვით შეიზღუდა, სააპელაციო სასამართლომ საკუთრების შეზღუდვის თმენის ვალდებულებისთვის კომპენსაციის სამართლიან ოდენობად ყოველთვიურად 700 ლარი მიიჩნია.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებშია ლეგიტიმური. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა კი ეხება არა მხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა: შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ - ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება არა მხოლოდ აუცილებელი გზის ფარგლებში არსებული თმენის ვალდებულება, ასევე ის შეზღუდვა, დანაკარგი, დანაკლისი, თუ ზემოქმედება, რისი თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე წარმოეშობა. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელეს აუცილებელი გზის დადგენის ფარგლებში თმენის ვალდებულება 2016 წლის 15 ივნისიდან წარმოეშვა. ამ ფაქტისა და წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში ასახული მსჯელობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის (მესაკუთრის) არგუმენტი, რომ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა საკუთრების უფლების შეზღუდვის დღიდან და ამ უფლების რეალიზაცია მოთხოვნის წაყენების დროს არ უკავშირდება, რადგან, გარდა იმისა, რომ კანონმდებელი კომპენსაციის დაკისრებას უშუალოდ უფლების შეზღუდვის ფაქტს და არა ასეთი მოთხოვნის წაყენების დროს უკავშირებს, ამ ვალდებულების შესახებ იმთავითვე ცხადია უფლებით აღჭურვილი პირისთვისაც, რომელიც, თავის მხრივ, სხვის საკუთრებაზე სარგებლობის უფლებას სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვებს.

13. სააპელაციო სასამართლომ საკუთრების აუცილებელი გზით დატვირთვის დღიდან (2016 წლის 15 ივნისი) სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის (ჯამურად 33 თვე) კომპენსაციის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნია.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15 . სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ თმენის ასეთი ვალდებულებაა გათვალისწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნორმის დეფინიცია იხ. განჩინების მე-6 პუნქტში).

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არსებობს ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოებები, მაშინ მესაკუთრეს, რომლის მიწის ნაკვეთის გამოყენებაც ხდება მეზობელი მიწის ნაკვეთისათვის აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, არ შეუძლია მოითხოვოს მისი უფლების რეალიზაცია 172–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ხელშეშლის აღკვეთის გზით და კომპენსაციის მიღების უფლებაც ამ თმენისათვის წარმოეშობა. ამდენად, სსკ-ის 180-ე მუხლში ასახულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის საფუძვლები (იხ. სუსგ Nას-870-2018, 17.05.2019წ).

21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს Nას-965-2019, 10.04.2020წ; Nას-1513-2018, 08.02.2019წ; Nას-848-848-2018, 11.12.2020წ; Nას-45-2021, 22.04.2021წ; Nას832-2020, 21.04.2021წ).

22. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების დადგენის შედეგად წარმოშობილ კომპენსაციის დაკისრებას მოპასუხისთვის როგორც ყოველთვიურად, ასევე - სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სსკ 180-ე მუხლი წარმოადგენს (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში).

23. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელი სარჩელის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე წარმოეშვა, რადგან მოთხოვნა სსკ-ის 180-ე მუხლით დადგენილი უფლების რეალიზაციის შემდეგაა შესაძლებელი და არა მანამდე პერიოდზე; სასამართლომ არ დაადგინა კომპენსაციის სამართლიანი ოდენობა და გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით და მისი ოდენობა იჯარის ღირებულების პრინციპით განსაზღვრა; სადავო ტერიტორია არის ღია გზა, რომლითაც სხვა იურიდიული პირებიც სარგებლობენ და კომპენსაცია მათაც უნდა დაეკისროთ.

24. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ უდავო გარემოებაზე, რომლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით წინამდებარე დავაში მოპასუხის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფლდა და ნება დაერთო აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი - 817 კვ.მ გამოეყენებინა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, მხარეებს შორის დავას იწვევს ის საკითხი, უნდა დაეკისროს თუ არა მოპასუხეს სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე კომპენსაცია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის სარგებლობისთვის.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე, სადაც მხოლოდ აუცილებელი გზის უფლების დადგენა განიხილებოდა, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „წინამდებარე დავის ფარგლებში კომპენსაციის საკითხი არ დამდგარა და ბუნებრივია, საკასაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს, თუმცა, ის არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ მოპასუხეებმა დაკარგეს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება“ (იხ. სუსგ Nას-58-2019, 22.03.2021წ)

26. ამ განმარტებისა და საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ მოსარჩელეს აუცილებელი გზის დადგენის ფარგლებში თმენის ვალდებულება 2016 წლის 15 ივნისიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან წარმოეშვა, როდესაც აუცილებელი გზის უფლებით უძრავი ნივთის დატვირთვის შესახებ სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილია, რომ აღნიშნული დავის ფარგლებში აუცილებელი გზით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოსთვის შეგებებული სარჩელით არ მიუმართავს და კომპენსაციის საკითხი არ გადაწყვეტილა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა საკუთრების უფლების შეზღუდვის დღიდან და ამ უფლების რეალიზაცია მოთხოვნის წაყენების დროს არ უკავშირდება, რადგან, გარდა იმისა, რომ კანონმდებელი კომპენსაციის დაკისრებას უშუალოდ უფლების შეზღუდვის ფაქტს და არა ასეთი მოთხოვნის წაყენების დროს უკავშირებს, ამ ვალდებულების შესახებ იმთავითვე ცხადია უფლებით აღჭურვილი პირისთვისაც, რომელიც, თავის მხრივ, სხვის საკუთრებაზე სარგებლობის უფლებას სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვებს.

27. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კასატორის კიდევ ერთ პრეტენზიასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული 817 კვ.მ მიწის ნაკვეთით მოსარგებლე პირებისათვის კომპენსაციის თანაბრად განაწილების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი).

28. როგორც აღინიშნა, კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია მისთვის ყოველთვიურად დაკისრებული კომპენსაციის ოდენობასაც უკავშირდება.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის ოდენობის დადგენისას შეაფასა მხარეების მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნები და საბოლოოდ, აუცილებელი გზით დატვირთული ქონების ამ უფლებით დატვირთვამდე პერიოდისთვის მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების, მითითებული პერიოდის შემდეგ ფასთა ცვლილებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მესაკუთრე მოპასუხის სასარგებლოდ დადგენილი უფლებით საკუთრების თავისუფალი განკარგვით შეიზღუდა, საკუთრების შეზღუდვის თმენის ვალდებულებისთვის კომპენსაციის სამართლიან ოდენობად ყოველთვიურად 700 ლარი მიიჩნია.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებშია ლეგიტიმური. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს (იხ. სუსგ Nას-1762-2019, 5.10.2020წ). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად 700 ლარი სწორად და მართებულად დადგინდა, ვინაიდან იგი სრულად უზრუნველყოფს ორივე მხარის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებას.

31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი- დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "მ.ს.უ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "მ.ს.უ–ს" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2415 ლარის (საგადახდო დავალება N11412872061, გადახდის თარიღი 2021 წლის 16 აგვისტო), 70% – 1690,5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური