Facebook Twitter

საქმე №ას-1259-2021 10 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ი.დ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "მ.კ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის და 2020 წლის 27 აგვისტოს განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სს „მ.კ–ი“-ის (შემდეგში: განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე ან „მ“) განცხადება დაკმაყოფილდა: ი.დ–ს (შემდეგში: საარბიტრაჟო მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) აეკრძალა თბილისში, ...... მდებარე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდით - N ....... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

3. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მოხმობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართული უნდა იყოს მომავალში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისაკენ. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების აუცილებლობის შესახებ ვარაუდს, ეკისრება განმცხადებელს.

4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგანი საჭიროებს დაცვას, რადგან მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შემთხვევაში განმცხადებელმა შესაძლოა, ვერ დაიბრუნოს მოპასუხისაგან საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული თანხა და უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

5. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ‘‘ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. საქმის მასალებით, კერძოდ, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია საჩივრის ავტორის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დავის საგნის დაცვისა და გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 აგვისტოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმესთან ერთად, გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, არ განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი - დაუდგენელი. სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული გამართლების შეფასება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე მსჯელობისას საჭიროა მხოლოდ იმის გამო, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველია ვარაუდი, რომ მომავალში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გართულდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი, მოიცავს ვარაუდს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, ხოლო, თუ არსებობს საწინააღმდეგო შედეგის დიდი ალბათობა, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველიც არ არსებობს.

9. შპს „ს.ს–ის“ 2020 წლის 26 აგვისტოს განჩინებიდან ირკვევა, რომ „ მ“-ს სარჩელი მოპასუხეების: შპს „ა–ი ...“-ის, გ.დ–ძის, საჩივრის ავტორისა და ა.ბ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, წარმოებაში მიიღო. სასამართლომ მიუთითა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის პირობებში, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ასეთ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საშუალება, საიდანაც გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება (იძულებითი რეალიზაციით) იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ საშუალების არსებობისა და შენარჩუნებისათვის გარანტიებს ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით იზღუდება მოპასუხის ნება - იპოთეკით დატვირთოს და გაასხვისოს საკუთრება.

10. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა და მოვალეებს ერიცხებათ დავალიანება, რამაც განცხადების წარდგენის დროისათვის - 47 487.59 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 39500 ლარი, პროცენტი - 5001.39 ლარი, პირგასამტეხლო - 2986.20 ლარი) შეადგინა. სასამართლოს შეფასებით, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მართებულად იქნა გამოყენებული. რაც შეეხება საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ან/და შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგით უნდა მომხდარიყო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შპს „ა–ი ....“-ის კუთვნილი ქონებიდან, რომლის ღირებულება 200000 ლარია, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულების (სრულად თუ ნაწილობრივ) გარემოებანი საარბიტრაჟო სარჩელის არსებითი განხილვის დროს უნდა დადგინდეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ეტაპზე არ ფასდება მტკიცებულებები და სარჩელის საფუძვლიანობა. სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ საბოლოო დასკვნა მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგია.

11. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება დავის საარბიტრაჟო წესით განხილვის თაობაზე დათქმას არ ითვალისწინებდა და ხელშეკრულების 2.16 და 2.16. 2 პუნქტებზე მიუთითა.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადეკვატური და თანაზომიერია დავის საგანთან. საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ შპს „ა–ი 2018“-ის საკუთრებაში არსებული ქონება, რომლის ღირებულებაც ბევრად აღემატება განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ თანხას და, განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც, სრულად უზრუნველყოფს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არ გამომდინარეობს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დასახელებული გარემოებები სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სრულ საფუძველს ქმნიდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

13. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

14. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსსკ-ის 35618-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომლებიც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

15. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით ისე იმოქმედოს, რომ საბოლოოდ შეუძლებელი გახდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (იხ. სუსგ N ას-54-2019, 06.06.2019 წ).

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ შეიცავს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურ მოლოდინს (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq).

17. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - მოპასუხის ნებაზე, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა - იძულებითი აღსრულება.

18. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად: გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, არ არის უსაფუძვლო, საარბიტრაჟო მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა, მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება შეიცავდა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე შესაბამის დასაბუთებას.

19. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მოთხოვილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქონება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, მოპასუხის საკუთრებაა (შეად. სუსგ N ას-413-413-2018, 27.04.2018 წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის სახის დავის საგანთან ადეკვატურობის თაობაზე, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს.

21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განჩინებაში ასახულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობას მოსარჩელის უფლებამოსილების შესახებ, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინების კანონიერებას შეეხება, საჩივრის ავტორს დასაბუთებული და სათანადო მოტივაცია არ წარმოუდგენია, რითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მიაღწევდა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ N ას-498-478-2016, 28.07.2016წ).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი მართებულად არ დააკმაყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.დ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განჩინების ძალაში დატოვების შესახებ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური