Facebook Twitter

საქმე №ა-3188-შ-82-2021 15 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ბ .რ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ -ფ-მა“ (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის, ნიჟნი ნოვგოროდის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის (მომზადების თარიღი 8 ივლისი) გადაწყვეტილება

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა - შპს "ი.ს–ის" საბანკო საკორესპონდენციო ანგარიშზე ყადაღის დადება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ბ.რ.“ და შპს „ჯ -ფ–ას“ შორის 2016 წლის 25 ნოემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოიშვა დავა, რომლის გადასაწყვეტად, შუამდგომლობის ავტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხისთვის თანხის (1 355 646.08 რუბლი) დაკისრების მოთხოვნით.

2. საარბიტრაჟო დავის განხილვისას, მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სასამართლოს, წარუდგინეს მორიგების აქტი დასამტკიცებლად.

3. საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მიერ წარდგენილი მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც:

3.1. მოპასუხემ იკისრა, მოსარჩელისთვის მიწოდებული საქონლის ფასის - 1 243 002.24 რუბლის გადახდის ვალდებულება, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით

3.1.1. 2020 წლის 30 ივნისს - 50 000 რუბლი;

2020 წლის 20 ივლისს - 60 000 რუბლი;

2020 წლის 20 აგვისტოსს - 100 000 რუბლი;

2020 წლის 20 სექტემბერს - 258 250.56 რუბლი;

2020 წლის 20 ოქტომბერს - 258 250.56 რუბლი;

2020 წლის 20 ნოემბერს - 258 250.56 რუბლი;

2020 წლის 20 დეკემბერს - 258 250.56 რუბლი;

3.2. აღნიშნული აქტის მიხედვით, მოსარჩელემ უარი განაცხადა 112 643.84 რუბლის ნაწილში, მოვალის მიმართ მოთხოვნაზე;

3.3. მოპასუხეს, მოსარჩელისთვის, 2020 წლის 30 დეკემბრამდე უნდა აენაზღაურებინა 8 010 რუბლი;

4. საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხემ გადაიხადა დაკისრებული თანხის ნაწილი - 210 000 რუბლი.

5. მოსარჩელემ, 2021 წლის 29 ივნისს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა, წარმოდგენილი უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება და ამავე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დროებითი ღონისძიების გამოყენების სახით, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე, საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, განჩინებით განსაზღვრულ თანხაზე ყადაღის დადება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებებით შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული, ამასთან, ყადაღა დაედო მოპასუხე კომპანიის სახელზე, საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, არსებულ საბანკო ანგარიშებს, ჯამში 1 033 002.24 რუბლის ფარგლებში.

7. დასახელებული შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები, სასამართლოსათვის ცნობილ რამდენიმე მისამართზე გაეგზავნა კომპანიას და მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანიის დირექტორს, რომელიც 2021 წლის 6 ოქტომბერს ჩაბარდა ამ უკანასკნელს.

8. შუამდგომლობის საპასუხოდ კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის არც მოუმართავს და არც რაიმე შუამდგომლობა წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებსა და ქვეპუნქტებში ასახულ მსჯელობას, ფაქტებსა და გარემოებებს.

10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმის განხილვის თაობაზე დროულად ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი, ამასთან, მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულება ნაწილობრივ - 210 000 რუბლის ფარგლებში დაფარა მოპასუხემ.

11. დადგენილია, რომ წარმოდგენილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დასტურდება, რომ იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს 1 355 646.08 რუბლი, საიდანაც, მოპასუხეს 210 000 რუბლი გადახდილი აქვს, ხოლო, 112 643.84 რუბლის დაკისრების მოთხოვნაზე, მოსარჩელე უარს ამბობს.

12. ამდენად, დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას, საქართველოს ტერიტორიაზე, მოპასუხის წინააღმდეგ, ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებით აღსასრულებელ მოთხოვნას წარმოადგენს 1 033 002.24 რუბლი, სხვა ვალდებულებების თაობაზე შუამდგომლობის ავტორს სასამართლოსათვის კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა და მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, აგრეთვე წარმოდგენილი მოთხოვნა და დადგენილი გარემოებები არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის კონვენციას.

15. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მოცემული თვალსაზრისით შუამდგომლობა ასევე აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

16. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

18. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული საბანკო გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს გადახდილი აქვს ჯამში 200 ლარი (150+50; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისთვისა და უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი), რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ბაჟის შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.რ–ს“ შუამდგომლობა, რუსეთის, ნიჟნი ნოვგოროდის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის (მომზადების თარიღი 8 ივლისი) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის, ნიჟნი ნოვგოროდის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის (მომზადების თარიღი 8 ივლისი) გადაწყვეტილება, რომლითაც, შპს "ჯ. ფ–ას" (.....) წინააღმდეგ აღსასრულებელ მოთხოვნას წარმოადგენს - 1 033 002.24 რუბლი;

3. შპს "ჯ. ფ–ას" (.....), შპს „ბ.რ–ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე