№ას-1058-2021
15 დეკემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.თ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „მ.ჩ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი.თ–ის სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ...-ის“ სარჩელი შპს „მ.ჩ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ი.თ–ის სარჩელი შპს „მ.ჩ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დ.დ–ის სარჩელი შპს „მ.ჩ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „მ.ჩ–ს“ დ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 700 ლარის ანაზღაურება; შპს „მ.ჩ–ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ნ...-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა: შპს „ნ...-ს“ შპს „მ.ჩ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 905.6 ლარის ანაზღაურება; შპს „მ.ჩ–ის“ შეგებებული სარჩელი ი.თ–ისა და დ.დ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.თ–მა და შპს „მ.ჩ–მა“. ი.თ–ის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტლების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილება. შპს „მ.ჩ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ.ჩ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი.თ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „მ.ჩ–ს“ ი.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 39 085 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.თ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინებით კასატორს - ი.თ–ს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა გადახდისუუნარობის შესახებ ან 5045.75 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაჰბარდა კასატორის წარმომადგენელის ლ.ჩ–ძის (მინდობილობა ერთვის საქმეს - ტომი 5, ს.ფ. 71-72) დედას, მაია ქავთარაძეს, 2021 წლის 10 ნოემბერს. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2021 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია