საქმე №ა-4482-გან-5-2021 10 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ე.პ–ო
მოწინააღმდეგე მხარე – ს.პ–ო
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების განმარტება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილებით ე.პ–ოს სარჩელი ს.პ–ოს მიმართ ქონების გაყოფასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა:
1.1. საერთო საკუთრებაში არსებული ქონება გაიყო; ს.პ–ოს საკუთრებად აღირიცხა სოფელ .....ბროვარსკის რაიონში, კიევის ოლქში მდებარე 4 711 883 გრივნის ღირებულების 1, 4314 ჰა მიწის ნაკვეთი. ე.პ–ოს პირად საკუთრებად აღირიცხა: 32 081 გრივნისა და 40 კაპიკის ღირებულების ქ. დნეპროპეტროვსკში, ...... პროსპექტის №79-ში მდებარე №30 ბინა; 220 600 გრივნის ღირებულების ავტომობილი AUDI A8, სედანი, სახელმწიფო ნომრით .....; 58 500 გრივნის ღირებულების ავტომობილი CHEVROLET LACETI NF 193, მსუბუქი სედანი, სახელმწიფო ნომრით .....; 345 000 გრივნის ღირებულების ავტომობილი MERCEDES-BENZ ML 350, სახელმწიფო ნომრით ....; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....., ..... ქუჩა №59 „ა“-ში მდებარე 74 985 გრივნის ღირებულების 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ...., .....ქუჩა №59 „ბ“-ში მდებარე 59 988 გრივნის ღირებულების 0, 120 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....., ...... ქუჩა №121-ში, მდებარე 4 255 გრივნის ღირებულების 0,3964 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....., .... ქუჩა №125-ში მდებარე 3 504 გრივნის ღირებულების 0,3231 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....., ..... ქუჩა №127-ში მდებარე 2 764 გრივნისა და 43 კაპიკის ღირებულების 0, 2460 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....., ..... ქუჩა №129-ში 2 741 გრივნისა დ 5 კაპიკის ღირებულების 0,2440 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....., ..... ქუჩა №131-ში მდებარე 2 753 გრივნისა და 20 კაპიკის ღირებულების 0,2450 ჰა მიწის ნაკვეთი; მთლიანობაში ზემოაღნიშნული ქონების ღირებულება შეადგენს 807 925 გრივნასა და 66 კაპიკს;
1.2. ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნისა და 34 კაპიკის ოდენობით;
1.3. ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიო ბაჟი 1700 გრივნის ოდენობით და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯი 280 გრივნის ოდენობით.
2. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით დაზუსტდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილებაში აღნიშნული ავტომობილების გამოშვების წლები და საიდენტიფიკაციო კოდები.
3. ე.პ–ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების იმ ნაწილში ცნობა და აღსრულება, რომლითაც ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნისა და 34 კაპიკის ოდენობით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას უკრაინის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს დნეპროპეტროვსკის ოლქის 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნა და 34 კაპიკი ს.პ–ოს მიერ უკვე გადახდილი 15 277 აშშ დოლარის გამოკლებით.
5. 2021 წლის 27 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ე.პ–ომ. განმცხადებლის მითითებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მას გაუგზავნა ელექტრონული წერილი (2021 წლის 17 აგვისტოს №A21120012-003/001 წერილი), სადაც აღნიშნული იყო, რომ 2021 წლის 30 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მე-2 პუნქტი არ შეესაბამებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს. ამასთან, განმცხადებელს აღმასრულებელმა მოსთხოვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ს.პ–ოს მიერ 15 277 აშშ დოლარის გადახდას. განცხადების შინაარსიდან ასევე ირკვევა, რომ აღმასრულებლისათვის გაუგებარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების აღსრულების პროცედურა. ე.პ–ომ ასევე განმარტა, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ მოეპოვება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების განმარტება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2021 წლის 17 აგვისტოს №A21120012-003/001 წერილის დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი. შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.
14. შუამდგომლობის ავტორს 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა ელექტრონული ფოსტით - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2021 წლის 10 ნოემბერს, რაც დასტურდება საქმის მასალებში არსებული ელექტრონული ფოსტის წერილით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 15-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 26 ნოემბერს.
16. განმცხადებელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებამდე - 2021 წლის 9 ნოემბერს, განმცხადებელმა კვლავ მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების განმარტება; განცხადებას თან ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილები (2021 წლის 17 აგვისტოს A21120012-003/001 და 2021 წლის 18 ოქტომბრის A21120012-003/005 წერილები), თუმცა აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილია ასლის სახით, რაც ვერ ჩაითვლება ხარვეზის გამოსწორებად. შესაბამისად, არსებობს განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.პ–ოს განცხადება დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი