Facebook Twitter

საქმე №ას-531-2021 25 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.მ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.03.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ხ.მ–ვამ ((გვარის შეცვლამდე ხ.ა–უ) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილების: ი.ა–უს (შემდეგში „პირველი არასრულწლოვანი“), მ.ა–უსა (შემდეგში „მეორე არასრულწლოვანი“) და ა.ა–უს (შემდეგში „მესამე არასრულწლოვანი“) სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (05.11.2018წ.) ყოველთვიურად 700-700 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 2009 წლის 10 ივლისს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთს, პირველ არასრულწლოვანს, აქვს ბავშვთა აუტიზმი და საჭიროებს მკურნალობას.

2.2. მოპასუხე მონაწილეობას არ იღებს შვილების რჩენა-აღზრდის პროცესში.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ გადაიხადოს 50-50 ლარი.

3.2. მოპასუხეს ამჟამად მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს პირველი არასრულწლოვნის (დაბადებული 2010 წლის 4 აპრილს) ალიმენტის სახით დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან (05.11.2018წ.) ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა, ხოლო მეორე (დაბადებული 2011 წლის 28 ივნისს) და მესამე (დაბადებული 2013 წლის 15 თებერვალს) არასრულწლოვნების ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (05.11.2018წ.) ყოველთვიურად 275-275 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 10.07.2009 წელს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2010 წლის 4 ივლისს - პირველი არასრულწლოვანი, 2011 წლის 28 ივნისს - მეორე არასრულწლოვანი და 2013 წლის 15 თებერვალს - მესამე არასრულწლოვანი. მოსარჩელე და მოპასუხე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები ცხოვრობენ მოსარჩელესთან ერთად (მხარეთა შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ქორწინების შეწყვეტის, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენისა და თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით. სასამართლოში სარჩელი წარდგენილი აქვს როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს სხვადასხვა ქონებასთან დაკავშირებით).

4.2. პირველ არასრულწლოვანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია ბავშვთა აუტიზმი, გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით. ორი წლის ასაკიდან შეინიშნება კომუნიკაციის, უნარ-ჩვევების რეგრესი, ქცევითი, სენსორული პრობლემები და საჭიროებს ოკუპაციურ, ქცევით, სენსორულ, მეტყველებით თერაპიას. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია და სხვა პირის მუდმივ დახმარებას საჭიროებს. არასრულწლოვანი სწავლობს სსიპ თბილისის №67 საჯარო სკოლაში, ჩართულია ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამაში.

4.3. მოსარჩელე არის ბერძნული ენის თარჯიმანი. ბოლოს იგი ოფიციალურად დასაქმებული იყო 2010 წელს და ჰქონდა შემოსავალი 800 ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მოსარჩელეს 2017 წლის 01 იანვრიდან დღემდე შემოსავალი არ უფიქსირდება. მოსარჩელეს გაქირავებული აქვს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, საიდანაც იღებს შემოსავალს თვეში 400 ლარის ოდენობით.

4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - „მერსედეს-ბენც B 180 CDI“, სანომრე ნიშნით - ...., გამოშვების წელი - 2011. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის აგვისტოს თვეში - 500 ლარს და ოქტომბრის თვეში - 500 ლარს. მოპასუხემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ....... (ს/კ: .......) და თბილისი, ქუჩა I რეხის მიმდებარედ (ს/კ: ........), 06.09.2018 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ი.ა–ას და ეს უკანასკნელი აღირიცხა ზემოაღნიშნული ქონების მესაკუთრედ. შპს „ა. და კ–ის“ დირექტორია ი.ა–ა. ამ უკანასკნელმა, როგორც საწარმოს დამფუძნებელმა, 100%-იანი წილიდან 30% 10.03.2016 წელს საკუთრებაში გადასცა ს.კ–ს. შპს „ა–ას“ 50%-იანი წილის მესაკუთრეა ი.გ., ხოლო 50%-იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოპასუხე. შპს „ა. ქ–ის“ 80%-იანი წილის მფლობელია მოპასუხე, ხოლო 20%-იანი წილის მმართველია ი.ა–ა. შპს „ი.ი.ს–ში“ თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი მოპასუხემ გადასცა მოჰამედ ა.ს.მ–ს. შპს „ა. .“-ის დამფუძნებელმა, 100% წილის მფლობელმა და დირექტორმა, მოპასუხემ კუთვნილი წილი 31.12.2015 წელს საკუთრებაში გადასცა სხვა პირებს. ხოლო 24.03.2015 წელს მოპასუხემ შპს „A“-ს 100%-იანი წილი სასყიდლით გადასცა მუტიალა ადიტია საის. შპს „მ.ა–ის“ 100% წილი შპს „ა.მ“ საკუთრებაში გადასცა ი.ა–ას, რომელიც წარმოადგენს მოპასუხის პარტნიორს სამეწარმეო საქმიანობაში. სწორედ ი.ა–ამ განკარგა საწარმოს წილები შპს „ა.ა. თარჯიმნებში“, შპს „ე.ს.კ–ში“ და შპს „გ–ში“. მოპასუხემ 10.09.2018 წელს სს „თ.ბ–დან“ გაიტანა 45 000 აშშ დოლარი.

4.5. მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს პირველი არასრულწლოვნის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 110 ლარი, ხოლო მეორე და მესამე არასრულწლოვნების სასარგებლოდ 80-80 ლარი.

4.6. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლებით და მიუთითა, რომ პირველი არასრულწლოვნისთვის ოკუპაციური, ქცევითი, სენსორული და მეტყველებითი თერაპიისათვის აუცილებელია სტაბილურად იაროს აუტიზმის დღის ცენტრში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 500 ლარს. პირველი არასრულწლოვანი არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი, რის გამოც მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა დადგინდა განსხვავებული ოდენობით: მოსარჩელის მიერ აუტიზმის დღის ცენტრში გადასახდელ ყოველთვიური თანხის ნახევარს (250 ლარს) უნდა დაემატოს ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის მაქსიმუმი ოდენობის (190.1 ლარის) ნახევარი (საშუალოდ 100 ლარი) და, ასევე, მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობის ყოველთვიურად მშობლის მიერ გადასახდელი თანხა, რაც თვეში დაახლოებით შეადგენს 50 ლარს (250+100+50), რის შედეგადაც პირველი არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხის მონაწილეობა მატერიალური კუთხით უნდა განისაზღვროს თვეში 400 ლარით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს თავისი პოზიციის დასადასტურებლად არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მიმდინარე პერიოდისათვის პირველ არასრულწლოვანს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი თერაპიული მომსახურების მიღება შეუძლია სახელმწიფოსგან საფასურის გადახდის გარეშე.

4.7. მეორე და მესამე არასრულწლოვნები სწავლობენ შპს „ა.თ–ის“ კერძო სკოლაში, რომლის გადასახადი თვეში თითოეული არასრულწლოვნისთვის შეადგენს 300 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე მესამე არასრულწლოვნის სწავლის საფასურს იხდის თვეში 250 ლარს. მოსარჩელის მითითებით, ბავშვების კერძო სკოლაში სწავლის საკითხი შეთანხმებული იყო მოპასუხესთან, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს, თუმცა, ნათელია, რომ მეორე არასრულწლოვანი უკვე სწავლობდა შპს „ა.თ–ის“ კერძო სკოლაში მშობლების ერთად ცხოვრების დროსაც, უფრო მეტიც, მამას მიღებული აქვს მონაწილეობა ბავშვის სწავლის საფასურის გადახდაში. არასრულწლოვანი გოგონები დამატებით სხვა აქტივობებში მონაწილეობას არ იღებენ. სასამართლომ მეორე და მესამე არასრულწლოვნების აღზრდა-განვითარებისათვის ალიმენტი განსაზღვრა შემდეგი ოდენობით: სწავლის ყოველთვიური საფასურის ნახევარს (150 ლარს) უნდა დაემატოს ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის მაქსიმუმი ოდენობის (190.1 ლარის) ნახევარი (საშუალოდ 100 ლარი) და ასევე მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობის ყოველთვიურად მშობლის მიერ გადასახდელი თანხა, რაც თვეში დაახლოებით შეადგენს 50 ლარს (125+100+50), რის შედეგადაც თითოეული არასრულწლოვნის ალიმენტის თანხა განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

4.8. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს ამ ეტაპზე არ უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით გამოიკვეთა მისი პოტენციალი და შესაძლებლობა სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებისა და ამავე სფეროში კვლავ დასაქმებისა. გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა თუ სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. დადგენილია, რომ მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ავტომანქანა. ასევე, მას უახლოეს წარსულში გასხვისებული აქვს არაერთი ქონება და მის მიერ საბანკო ანგარიშიდან გატანილია საკმაოდ სოლიდური ოდენობის თანხა. ეს ყველაფერი კი მიუთითებს მოპასუხის ზოგად მატერიალურ მდგომარეობასა და მის უნარზე იყოს დასაქმებული და ჰქონდეს შემოსავალი კერძო საქმიანობიდან. დადგენილია, რომ მოპასუხეს სხვა პირის მიმართ, გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, არ აკისრია კანონით დადგენილი რჩენის ვალდებულება.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, პირველი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის 290 ლარით შემცირება, ხოლო მეორე და მესამე არასრულწლოვნების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის 195-195 ლარით შემცირება.

6. მოსარჩელემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.03.2021 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

7.1. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითა, რომ მართალია, მოპასუხემ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მონაცემებით წლიურად მხოლოდ 1000 ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა მისი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ ეს მონაცემები სრული არ არის - 2018 წლის 26 აპრილიდან იმავე წლის 22 აგვისტომდე პერიოდში მოპასუხემ საბანკო ანგარიშებზე, სხვადასხვა დროს, მნიშვნელოვანი თანხა შეიტანა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული არ არის. მოსარჩელემ ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელი 2018 წლის 5 ნოემბერს აღძრა. სარჩელის აღძვრის შემდეგაც კი მოპასუხის ანგარიშებზე როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის ბრუნვა ფიქსირდება. მაგალითად, 2018 წლის 4 დეკემბერს ი.ა–ამ მოპასუხის ანგარიშიდან გაიტანა 5365 ლარი; 2019 წლის 21 იანვარს - 920 ლარი; 2019 წლის 25 თებერვალს - 2600 აშშ დოლარი; 2019 წლის 14 მარტს - 1295 ლარი. ამ ვითარებაში, მოპასუხის პოზიცია, რომ მას გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდის საშუალება არ გააჩნია, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი სამართლიანია და მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას შეესაბამება.

7.2. მოპასუხის პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შვილის სარჩოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება დისკრიმინაციას არ წარმოადგენს. ამავდროულად, მოპასუხეს არ მიუთითებია არცერთ საქმეზე, რომელშიც სასამართლომ მსგავს ვითარებაში განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა.

7.3. საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ მოპასუხეს, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტზე მეტის გადახდის შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პირველი არასრულწლოვნის ალიმენტის სახით მოპასუხისთვის ყოველთვიურად დაკისრებული 400 ლარის 290 ლარით შემცირება, ხოლო მეორე და მესამე არასრულწლოვნების სასარგებლოდ დაკისრებული 275-275 ლარის 195-195 ლარით შემცირება შემდეგი საფუძვლებით:

8.1. სადავო არ არის, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, თუმცა აღნიშნული უნდა მოხდეს მათი შესაძლებლობების ფარგლებში. საკასაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს გადაწყვეტილების აღსრულებადობაზე. მოპასუხეს, რომელსაც არ აქვს დაკისრებული ოდენობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა, გადაწყვეტილების აღსასრულებლად გატარებული იძულებითი ღონისძიებები კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდებს, რაც ბავშვების საუკეთესო ინტერესებზეც უარყოფითად აისახება.

8.2. გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისგან, რომლის თანახმად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების მატერიალურ მდგომარეობას ალიმენტის დაკისრების მომენტში და არა - წარსულში. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე აღარ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, არ მუშაობს თავისი პროფესიით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მას 2018 წლიდან უფიქსირდება რაიმე შემოსავალი, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით მისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრება არის არაგონივრული.

8.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის მითითება მისდამი განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით. მოპასუხე მისთვის ალიმენტის დაკისრებას არ მიიჩნევს დისკრიმინაციად. დისკრიმინაციაა მოპასუხის შემოსავლების ფონზე, მისთვის ამ ოდენობით ალიმენტის დაკისრება. გადაწყვეტილების მიღება იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მოპასუხე ფიზიკურად კარგად გამოიყურება, შრომისუნარიანია და წარსულში ჰქონდა კარგი ბიზნესი, არის დისკრიმინაციული მოპყრობა. სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ მოპასუხეს გააჩნია შესაძლებლობა ჰქონდეს შემოსავალი.

8.4. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის სხვადასხვა დროს გატანის ფაქტი. მოპასუხე ცხოვრობს ნაქირავებ სახლში. ასევე, მას საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხა სჭირდებოდა სისხლის სამართლის ადვოკატებისათვის ჰონორარის გადასახდელად, ვინაიდან მოპასუხის მიმართ აღძრულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.

13. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (შემდეგში კონვენცია) 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

14. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).

16. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს მისი მატერიალური მდგომარეობა. სასამართლოებმა შეისწავლეს მოპასუხის შემოსავლები, მის ანგარიშებზე ბრუნვა, მოპასუხის მიერ დადებული გარიგებები, მის სახელზე რიცხული ქონება (იხ.: წინამდებარე განჩინების 4.4., 7.1 პუნქტები). დეტალურად იქნა გამოკვლეული ასევე არასრულწლოვნების საჭიროებები.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, პირველი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და სსკ-ის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად პირველი არასრულწლოვნის სასარგებლოდ 400 ლარი, ხოლო მეორე და მესამე არასრულწლოვნების სასარგებლოდ 275-275 ლარი და არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 285.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა.ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა.ა–ს (პ/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს შპს „ა–ს“ (ს/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 408 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 03.08.2021წ.) 70% – 285.6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია