Facebook Twitter

საქმე №ას-1069-2021 23 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ „ს.გ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.რ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პ.რ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ააიპ ,,ს.მ.პ. მ.ს–ოს“ (შემდეგში: სააგენტო ან მოპასუხე ან კასატორი) მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: ა) დაეკისროს მოპასუხეს 2017 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი მოსარჩელისათვის, როგორც ბენეფიციარისათვის სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში - ბანკის) მიერ გაცემულ სესხზე 70 000 ლარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის - 6559.26 ლარის გადახდა; ბ) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, საფინანსო დაწესებულების მიერ პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხის - 2810.96 ლარის და არაქონებრივი ზიანის სახით - 5000 ლარის გადახდა.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 15 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება ბანკს, მოსარჩელესა და სააგენტოს შორის, რომლის თანახმად, სააგენტომ აიღო მოსარჩელეზე, როგორც ბენეფიციარზე ბანკის მიერ გაცემული სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის (რომლის ოდენობაც განისაზღვრა 11%-ით), თანადაფინანსებისა და მეორადი უზრუნველყოფის ვალდებულება.

3. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს ღვინის მარნის მოწყობა. სესხის მოცულობა განისაზღვრა 70 000 ლარით.

4. სესხის მიზნობრიობის მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2018 წლის მაისში, მოსარჩელეს დაევალა სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტაციის წარდგენა. მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია სააგენტოში დათქმულ ვადაში, თუმცა, 2018 წლის 05 ნოემბერს, სააგენტოს მიერ გადმოგზავნილ იქნა წერილი, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, სააგენტო წყვეტს სესხზე ბანკის მიერ დადგენილი სარგებლის თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას. 2018 წლის 28 სექტემბრიდან და მოსარჩელეს სააგენტოს სასარგებლოდ აკისრებს სააგენტოს მიერ წინა სესხზე წინა წლის გადახდილი თანადაფინანსების თანხის 3 966.45 ლარის სრული ოდენობით დაფარვას.

5. მოსარჩელის განმარტებით, ე.წ. აგროკრედიტი, განსხვავებით ჩვეულებრივი სესხისაგან, რომლის დაფარვა ხდება ყოველთვიურად, ითვალისწინებს სესხის ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტის გადახდას მოსავლის აღების პერიოდისათვის. შესაბამისად, 2018 წელს მოსარჩელის მიერ მიღებული მოსავლის რეალიზაციით, მოსარჩელემ დაფარა ბანკში არსებული ვადამოსული ვალდებულება.

6. მოსარჩელე არის შშმ პირი, პენსიონერი და მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის წარმოების შედეგად მიღებული შემოსავალი და სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსია. სხვა შემოსავალი მოსარჩელეს არ გააჩნია, ხოლო სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი კი, სრულად მოხმარდა ბანკის ვალდებულების დაფარვას. მოპასუხის ქმედების (დაფინანსების მოხსნა) გამო, მოსარჩელე აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. დაფინანსების მოხსნის გადაწყვეტილებით სააგენტომ მოსარჩელე დააყენა მძიმე ფინანსური ვალდებულებების წინაშე, რომლის უზრუნველყოფის რაიმე საშუალება არ გააჩნდა მოსარჩელეს. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

7. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, სააგენტომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შეთანხმების მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განახორციელოს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მიზნობრიობისა და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა ან/და პროექტის სხვა პირობების მონიტორინგი (მათ შორის, მოითხოვოს სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია). ამავე პუნქტის თანახმად, თუ მონიტორინგის შედეგად მოპასუხე (სააგენტო) დაადგენს ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის დარღვევას (რაც ასევე მოიცავს ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობას), წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევას, სააგენტო შეუწყვეტს მას თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას. აღნიშნულ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია ბენეფიციარს დააკისროს პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილ თანადაფინანსების სრულ თანხას. სააგენტომ აღნიშნული ფარგლებში მოახდინა სესხზე მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც დადგინდა დარღვევა. სააგენტოს მიერ აღნიშნული მონიტორინგისას, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ სესხის თანხით მოსარჩელემ შეისყიდა 10ტ. ყურძენი და მისი ტრანსპორტირების მომსახურება, ასევე, მინის ბოთლების და კორპის ხის თავსახურები, რაც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N139 განკარგულებით დამტკიცებული ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა“ და შეთანხმების არსებითი პირობის (მიზნობრიობის) დარღვევას. პროექტის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად კრედიტის მიზნობრიობა არის - კონკრეტული კომპონენტით/ქვეკომპონენტით განსაზღვრული სესხის გაცემის მიზანი, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კომპონენტი არის ,,პროექტის ფარგლებში არსებული შემდეგი კრედიტის კატეგორიებიდან ერთ-ერთი: შეღავათიანი აგროკრედიტი“. ამავე მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის თანახმად ძირითადი საშუალებები არის ,,მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია, ხოლო ამავე მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბრუნავი საშუალება არის ის მიმდინარე აქტივი, რომლის ფულად ქცევა შესაძლებელია ერთი საოპერაციო ციკლის განმავლობაში. მოპასუხის განმარტებით, პროექტის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხის ის პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით, დარეგულირდება მე-7 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით. ამავე პროექტის მე-7 მუხლის 25-ე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააგენტოს (მოპასუხის) თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა წყდება ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ხოლო შეთანხმების მე-19 პუნქტის თანახმად, შეთანხმებაზე ხელმოწერით მოსარჩელემ დაადასტურა, რომ გაეცნო პროექტის პირობებს. შეთანხმების მე-6 პუნქტის თანახმად, თუ სააგენტო დაადგენს, რომ ბენეფიციარის (მოსარჩელის) მიერ მიზნობრიობის დარღვევას (რაც ასევე მოიცავს ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობას), წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევას, სააგენტო შეუწყვეტდა მას თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას. აღნიშნულ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია ბენეფიაციარს დააკისროს პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილ თანადაფინანსების სრულ თანხას. სააგენტომ აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინა სესხის მონიტორინგი და დადგინდა მოსარჩელის მხრიდან მიზნობრიობის დარღვევა. აღნიშნული გარემოება გახდა სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებისა და სესხზე მეორადი უზრუნველყოფის შეწყვეტისა და სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის მოთხოვნის საფუძველი.

8. სარჩელზე შეგებებული სარჩელი წარადგინა სააგენტომ (მოპასუხე), რომლითაც მოითხოვა პირგასამტეხლოს - სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 3966.45 ლარის, მოსარჩელისათვის დაკისრება. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი შემდეგ გარემოებებს დააფუძნა:

9. მოპასუხემ სესხის ნაწილი მოახმარა საბრუნავ საშუალებებს, კერძოდ, 10 300 ლარი 10 ტონა ყურძნის შეძენას და ტრანსპორტირებას, 11 200 ლარი მინის ბოთლების და კორპის თავსახურების შეძენას. ბენეფიციართან გაფორმებული შეთანხმების მე-19 პუნქტის თანახმად, ბენეფიციარი აცხადებს რომ გაეცნო პროექტის პირობებს. პროექტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისათვის/გადაიარაღებისთვის სესხების თანხით შესაძენი ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს შეიმუშავებს სააგენტო, რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებ-გვერდზე. ბენეფიციართან გაფორმებული შეთანხმების მე-18 პუნქტის თანახმად, ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხებით შესაძენი საწარმოს მშენებლობა/გადაიარაღებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი მოცემულია სააგენტოს ვებ-გვერდზე. ბენეფიციარი ადასტურებს, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერამდე გაეცნო აღნიშნულ ჩამონათვალს. სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულია ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის/გადაიარაღებისთვის სესხის თანხით შესაძენი/შესაქმნელის ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომელიც არ ითვალისწინებს საბრუნავი საშუალებების შეძენას. მოპასუხეს ეცნობა საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმის გასაჩივრების პირობები, თუმცა მოპასუხეს ის არ გაუსაჩივრებია. 2018 წლის 28 სექტემბერს სააგენტოს პროექტების/ პროგრამების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიამ იმსჯელა საკითხის შესახებ და გადაწყვიტა, რომ მოპასუხეს შეუწყდეს სააგენტოს თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა, ასევე, მოეთხოვოს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 3966.45 ლარის დაბრუნება. 2018 წლის 01 ნოემბრის N1/1857 და 2018 წლის 6 დეკემბრის N1/2048 წერილებით მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს თანადაფინანსების შეწყვეტისა და სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 3966.45 ლარის დაბრუნების შესახებ. შეღავათიანი აგროკრედიტის გამცემი ბანკის - ბანკის მიერ არ განხორციელდებოდა შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხე სესხით შეიძენდა საბრუნავ საშუალებებს. მოსარჩელის მიერ სესხზე განხორციელდა თანადაფინანსების თანხის სახით - 3966.45 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნებას.შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა ზიანის მიყენების ფაქტს. იგი ვერ უთითებდა თუ რაში გამოიხატებოდა მოპასუხის მხრიდან მართლწინააღმდეგობა, რა ბრალი მიუძღვოდა მას, რა მიზეზობრივი კავშირი იყო მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოპასუხის ქმედებაში ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული არცერთი კომპონენტი არ იკვეთებოდა. შესაბამისად, გაურკვეველი იყო, თუ რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, ვინაიდან არ არსებობდა თავად ზიანის ფაქტი.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 9270 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის არაქონებრივი ზიანის სახით - 5000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 15 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება ბანკს, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის, რომლის თანახმად, მოპასუხემ (სააგენტო) აიღო მოსარჩელეზე, როგორც ბენეფიციარზე ბანკის მიერ გაცემული სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის (რომლის ოდენობაც განისაზღვრა 11%-ით), თანადაფინანსებისა და მეორადი უზრუნველყოფის ვალდებულება.

14. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა ღვინის მარნის მოწყობა. სესხის მოცულობა განისაზღვრა - 70 000 ლარით. სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური ჯამური თანხა განისაზღვრა - 24 335.34 ლარით.

15. შეთანხმების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განახორციელოს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მიზნობრიობისა და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან/და პროექტის სხვა პირობების მონიტორინგი (მათ შორის, მოითხოვოს სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია). თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის დარღვევას (რაც ასევე მოიცავს ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობას), წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევას, სააგენტო შეუწყვეტს მას თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს კომერციულ ბანკს. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო ვერ შეძლებს მონიტორინგის განხორციელებას იმ მიზეზით, რომ ვერ მოხერხდა ბენეფიციართან დაკავშირება, ან ბენეფიციარი უარს განაცხადებს მონიტორინგის ჩატარებაზე, სააგენტო შეუჩერებს ბენეფიციარს დაფინანსებას მონიტორინგის განხორციელებამდე. თუ თანადაფინანსების შეჩერებიდან 1 თვის ვადაში ვერ მოხერხდა მონიტორინგის განხორციელება სააგენტოს მხრიდან, წყდება თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა. აღნიშნულ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია ბენეფიციარს დააკისროს პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილ თანადაფინანსების სრულ თანხას.

16. შეთანხმების თანახმად, სესხის გაცემულია 2017 წლის 15 თებერვლამდე და გაიცა პროექტში მითითებული მიზნობრიობებით.

17. სესხი გაიცა 2017 წლის 15 თებერვლის შემდგომ და სესხის რეფინანსირების თარიღისთვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას. ამასთან, ასეთი სესხის რეფინანსირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხისთვის განკუთვნილი თანადაფინანსების დარჩენილი ვადა და სააგენტოს დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა (ტომი 1; ს.ფ. 28-29; მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება).

18. მოსარჩელეს სესხის მიზნობრიობის მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2018 წლის 31 მაისს დაევალა სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2018 წლის 11 ივნისამდე, რაც მის მიერ განხორციელდა (ტომი 1; ს.ფ. 30-31; სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის საველე მონტორინგის ოქმი).

19. სააგენტოს პროექტების/პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი N4-ის თანახმად, 2018 წლის 31 მაისს განხორციელდა საველე მონიტორინგი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ შეხვედრა შედგა მოსარჩელესთან. მიზნობრიობა - ძირითადი საშუალება. დარგი - ღვინის მარნის მოწყობა. ოქმის თანახმად დგინდება, რომ ბენეფიციარის განმარტებით სესხის თანხა - 70 000 ლარი სრულადაა ათვისებული და მოხმარდა ღვინის მარნის მოწყობას. სესხის არის მიმდინარე და პარალელური აგროსესხი არ აქვს. ბენეფიციარი, 2016-2017 წლებში სარგებლობდა ბანკის მიერ ძირითადი საშუალებებისათვის გაცემული შეღავათიანი აგროსესხებით. სესხებზე განხორციელდა მონიტორინგი და არ გამოვლენილა დარღვევები. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ......... ადგილზე ინახა ღვინის მარანი, რომელიც მოწყობილია ბენეფიციარის შვილის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ (ფაქტიურად წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის გაგრძელებას) და შედგება ორი 40 კვ.მ.-იანი ოთახისაგან, სადაც ერთ ოთახში მდებარეობს (ჩაბეტონებულია) სხვადასხვა ტევადობის ღვინის ქვევრები (12 ცალი) და მარნისათვის საჭირო ინვენტარი, ხოლო მეორე ოთახი განკუთვნილია სადეგუსტაციო-საგამოფენო დარბაზისათვის, სადაც განთავსდება ბოთლებში ჩამოსხმული მზა პროდუქცია და ა.შ.... ღვინის მარანი დასურათებულია, ფოტომასალა ერთვის მონიტორინგის დასკვნას. ოქმში აღნიშნულია, რომ ბენეფიციარმა მონიტორინგის ადგილზე ვერ წარმოადგინა სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად ბენეფიციარს განესაზღვრა ვადა 2018 წლის 11 ივნისამდე. ვადის დაცვით მოწოდებულია შემდეგი სახისა და ღირებულების დოკუმენტაცია, მათ შორის, 7000 ცალი მინის ბოთლისა და 7000 ცალი კორპის სახურავების შეძენის - 11 200 ლარის (შესყიდვის აქტი.) სულ, 69 896 ლარის ღირებულების დოკუმენტაცია. მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლისას გაირკვა, რომ სესხის თანხის ნაწილი მოხმარდა საბრუნავი საშულებების შეძენას, კერძოდ: 10 300 ლარი მოხმარდა 10ტ. ყურძნის შეძენა-ტრანსპორტირებას, ხოლო 11 200 ლარი - მინის ბოთლებისა და კორპის ხის თავსახურების შეძენას (ტომი 1; ს.ფ. 32-37; განხილვის კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი N4).

20. სააგენტოს პროექტების/პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი N4-ის თანახმად, შეუწყდა მოსარჩელეს სესხზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა, დაეკისრა მოსაჩელეს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 3966.45 ლარის გადახდა (ტომი 1; ს.ფ. 32-37; განხილვის კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი N4).

21. მოსარჩელეს სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა 2018 წლის 01 ნოემბერს, რომელიც მას ჩაბარდა - 05.11.2018 წელს.

22. მოსარჩელე 08.11.2018 წელს მოათავსეს შპს ,,ჯ–ის“ გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ,,მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი მარცხენა პარკუჭის წინა კედლის“ დიაგნოზით, საიდანაც გაეწერა - 12.11.2018 წელს.

23. 12.11.2018 წელს მოსარჩელემ წერილობით მიმართა სააგენტოს. განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ იმყოფებოდა სტაციონარში, მწვავე ინფარქტის დიაგნოზით და იმის გათვალისწინებით, რომ იგი ასევე არის შშმ პირი, ითხოვა დაფინანსების აღდგენა (ტომი 1; ს.ფ. 45-46; 12.11.2018 წლის წერილის ასლი).

24. 10.12.2018 წელს მოსარჩელემ კვლავ მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ხელახალი მონიტორინგის ჩატარება და საკითხის ხელახალი შესწავლა, ვინაიდან მისი განმარტებით შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ, მიზნობრიობის დარღვევა მის მიერ არ მომხდარა (ტომი 1; ს.ფ. 49-53; 2017 წლის 10 დეკემბრის წერილის ასლი).

25. ბანკის მიერ 2019 წლის 22 მაისს გაცემული ცნობით დგინდება, რომ სესხზე სააგენტოს მიერ განხორციელებული თანხის მოცულობა შეადგენს - 3966.45 ლარს. პროექტების მ.ს–ოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბანკმა შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება და სარჩელის საფუძველზე მოსარჩელისაგან ითხოვს ბანკის სასარგებლოდ 61 520.22 ლარის დაკისრებას, საიდანაც, 52150 ლარის არის კრედიტის ძირითადი თანხა, 6559.26 ლარი პროცენტი და 2810.96 ლარი - პირგასამტეხლო (ტომი 1; ს.ფ. 254-266; სარჩელის ასლი).

26. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფლდა იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოპასუხე სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით - 9270 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებული სარჩელი, რომლის მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელისათვის მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 3966.45 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება, არ დაკმაყოფილდა (იხ., ამ განჩინების პ.10).

27. მოსარჩელე ზიანის ფაქტს უკავშირებდა სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების შესახებ შეთანხების შეწყვეტის გარემოებას და მიუთითებდა ამ ქმედების არამართლზომიერებაზე. მოსარჩელის განმარტებით, პროექტების მართვის სააგენტოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბანკმა შეწყვიტა მოსარჩელესთან არსებული ხელშეკრულება და სარჩელის საფუძველზე მოსარჩელისაგან მოითხოვა 61 520.22 ლარის დაკისრება, საიდანაც, 52 150 ლარის არის კრედიტის ძირითადი თანხა, 6559.26 ლარი პროცენტი და 2810.96 ლარი - პირგასამტეხლო. მოსარჩელეს აღნიშნული თანხის (6559.26 ლარის და 2810.96 ლარის გადახდა არ მოუწევდა საფინანსო კომპანიის სასარგებლოდ, რომ არა სააგენტოს მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტა), რამაც გამოიწვია მისთვის ზიანის მიყენება.

28. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა შეამოწმა სსკ-ის 394.1 მუხლთან (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), რომელიც ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია - მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ, კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს.

29. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016). ვალდებულების დარღვევის, ზიანის მიყენებისა და მათ შორის, მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად ხელშეკრულების მხარე ზიანს აანაზღაურებს, თუ ის პასუხისმგებელია მიყენებულ ზიანზე.

30. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ზიანის მიყენების ფაქტს მოსარჩელე უკავშირებდა სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების შესახებ შეთანხების შეწყვეტის გარემოებას და მიუთითებდა ამ ქმედების არამართლზომიერებაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს გარემოება მასზედ, მოპასუხე სააგენტომ მოსარჩელე მხარესთან ხელშეკრულების შეწყვეტა რამდენად მართლზომიერად მოახდინა, ამასთან, ამ კონტექსტში, ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებზე, რასაც სკ-ის 8.3. და 115-ე მუხლები ითვალისწინებენ (სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება და კეთილსინდისიერება).

31. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა განხორციელდა არამართლზომიერად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობებზე, რომლებიც განსაზღვრულია სსკ-ის 352.1. (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) და 405.1. (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი) მუხლებში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობებია: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა.

32. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მიზანი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მიღწეული იყო, კერძოდ, ღვინის მარანი მოწყობილია (დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - ქვეკომპონენტის ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს (ალკოჰოლური სასმელები), რაც დასტურდება კომისიის ოქმით, რომლის თანახმად, ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ ადგილზე ინახა ღვინის მარანი, რომელიც მოწყობილია ბენეფიციარის შვილის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ (ფაქტიურად წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის გაგრძლებას) და შედგება ორი 40 კვ.მ.-იანი ოთახისაგან, სადაც ერთ ოთახში მდებარეობს (ჩაბეტონებულია) სხვადასხვა ტევადობის ღვინის ქვევრები (12 ცალი) და მარნისათვის საჭირო ინვენტარი, ხოლო მეორე ოთახი განკუთვნილია სადეგუსტაციო-საგამოფენო დარბაზისათვის, სადაც განთავსდება ბოთლებში ჩამოსხმული მზა პროდუქცია და ა.შ..... ღვინის მარანი დასურათებულია, ფოტომასალა ერთვის მონიტორინგის დასკვნას..‘’ (იხ. ს.ფ. 33)).

33. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, როდესაც კომისიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლისას დადგინდა, რომ სესხის თანხის ნაწილი მოხმარდა საბრუნავი საშულებების შეძენას და არა ძირითადი საშუალების შეძენას - მსჯელობის საგანი იყო, რამდენად ჰქონდა ასეთი ტიპის დარღვევას არსებითი ხასიათი, მნიშვნელობა ექნებოდა თუ არა დამატებითი ვადის დაწესებას (გაფრთხილებას), სახეზე იქნებოდა თუ არა დამატებითი ვადის უშედეგოდ ამოწურვა და რამდენად შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული დარღვევა ხელშეკრულებიდან უპირობოდ და გაუფრთხილებლად გასვლის საფუძველი.

34. საააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დარღვევა იყო უმნიშვნელო და გამოსწორებადი, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსიდან გამომდინარე მიღწეულია - ღვინის მარანი მოწყობილია, მოსარჩელის მიერ მინის ბოთლების და კორპის ხის თავსახურების შეძენა და შემდგომში დაგვიანებით დოკუმენტის (შესყიდვის აქტი; ს.ფ. 226) წარდგენა, ხელშეკრულების მნიშვნელოვნად და მისი მიზნობრიობის დარღვევად, არ შეფასდა.

35. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის ასევე კანონით დადგენილი მოცემულობა, რომლის თანახმად, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, რადგან ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამ კუთხით, პალატამ მიუთითა სსკ-ის 405-ე მუხლის დათქმაზე (თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი) და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მიჩნეული იქნება, რომ საბრუნავი საშუალების ნასყიდობით დაირღვა ხელშეკრულებით დადგენილი გარკვეული პირობის ნაწილი, შესაფასებელია ის გარემოება, ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებით, რამდენად დაკარგა სახელმწიფომ ინტერესი.

36. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ სახელმწიფო იყო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით მიღებული კანონის ინიციატორი და იმ მოცემულობაში, როდესაც დადგენილია, რომ ღვინის მარნის მოწყობა უკვე განხორციელებულია და მიზანი - ღვინის მარანი მოწყობილია, აღნიშნული დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააგენტოს პოზიციას მასზედ, რომ სახელმწიფომ დაკარგა ინტერესი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების.

37. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტომ მოსარჩელესთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას უგულვებელყო სსკ-ის 355-ე (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით) და 51-ე (ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე უარს განაცხადებს) მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სააგენტომ ჯერ დაარღვია ხელშეკრულების პირობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულება ბანკში ჰქონდა 2018 წლის სექტემბრის თვეში და რომელიც არ შესრულდა მის მიერ, ხოლო შეტყობინება მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ჩაბარდა - 2018 წლის 5 ნოემბერს. ანუ, მხარემ ისე არ შეასრულა, მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომ ხელშეკრულების მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება არ გაუგზავნია.

38. რაც, შეეხება ნების გამოვლენის ნამდვილობას, იგი ნამდვილად არ ჩაითვლება თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე უარს განაცხადებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წერილის მიღებისთანავე მოხდა საპასუხო წერილის გაგზავნა, სადაც იგი ითხოვდა დაფინანსების აღდგენას და სადავოს ხდიდა იმ გარემოებებს, რის საფუძველზეც მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა სააგენტოს მიერ და მის მიერ ასევე დამატებით წარდგენილი იქნა შესყიდვის აქტი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, რაც სააგენტოს მიერ რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული, ამ მოცემულობაში, სააგენტოს მიერ ცალმხრივი ნების გამოვლენა ვერ ჩაითვლება ნამდვილად.

39. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი და 361-ე მუხლის მეორე ნაწილი და განმარტა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული ისე, სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით (სუსგ Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წ.) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მხარის არაკეთილსინდისიერი ქცევის შეფასებისთვის ერთ-ერთ ელემენტს იმ საკითხის გამოკვლევა წარმოადგენს მისმა მოქმედებამ გამოიწვია თუ არა კონტრაჰენტისთვის ზიანის მიყენება.

40. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ მიეცა საშუალება გამოესწორებინა ხარვეზი, წარმოედგინა დამატებითი დოკუმენტაცია, სწორედ ამ მიზეზით სააგენტოს და ბანკს მხარის მიმართ დავალიანების მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ და სამხრივი ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა, შედეგად კი, საკმაოდ სოლიდური თანხა რაც სააგენტოს ეტაპობრივად უნდა დაეფარა ერთიანად გადასახდელად დაეკისრა მოსარჩელეს. ამასთან, მოსარჩელეს მოუწია კრედიტის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ერთიანი დაფარვაც, რამდენდაც სამხრივი ხელშეკრულება სააგენტოს მიერ ცალმხრივად შეწყდა ყოველგვარი გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემის გარეშე. კეთილსინდისიერების სტანდარტიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვარის №139 განკარგულებით დამტკიცებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მესამე მუხლის მიხედვით, დადგენილია პროექტის მიზნები, კერძოდ, პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით; პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/ აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. სხვაგვარად, პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.

41. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოპასუხის ქმედება (კრედიტორმა უარი თქვა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს ესაჭიროებოდა კრედიტორის მხრიდან ასეთი მცირედი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის) შეფასდა უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ის 115-ე მუხლთან, რომლის მიხედვით (სუსგ. Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წ.).

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთება სსკ-ის 394.1 და 408.1 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად, მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის სახით სესხზე გადასახდელი სარგებლის 6559 ლარის და პირგასამტეხლოს - 2810.96 ლარის სააგენტოსათვის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია, რამდენადაც მოსარჩელეს აღნიშნული თანხის გადახდა არ მოუწევდა საფინანსო კომპანიის სასარგებლოდ, რომ არა სააგენტოს მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტა.

43. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, სსსკ-ის 394-ე და 408-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააგენტომ მოითხოვა ბანკისათვის ბენეფიციარის სასარგებლოდ გადახდილი სარგებლის დაბრუნება და განმარტა, რომ თანადაფინასების თანხა წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს. ამ მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც პალატამ განმარტა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეკრულების არსებითი პირობის, სესხის მიზნობრიობის დარღვევის გამო, ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N39 განკარგულების 4.14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი (სააგენტოს თანადაფინანსება შეწყდება მსესხებლის მიერ თანადაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევისას. ამასთან ვადაგადაცილების დროს თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება წყდება), სსკ-ის 524-ე (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით), 528.1 (მხარეებს შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო- სასარგებლოც (შეწირულობა)), 528.3 (თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია, უარი თქვას ხელკშეკრულებაზე), 976.1 „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლები (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე,ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) (სუსგ ივლისი, 2020 წელი, საქმე №ას-1775-2019). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება გამოირიცხებოდა, თუკი მოპასუხე დაამტკიცებდა, რომ თანხა მიზნობრივად გახარჯა.

44. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, დადგინდა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, სააგენტოს მოსარჩელის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ვალდებულების ჯეროვანი დაცვისა და კეთილსინდისიერი ქცევის პირობებში შესაძლებელია დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წინაპირობები საერთოდ არ იყო დამდგარი, არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

45. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების, სარჩელის უარყოფის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააგენტომ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

46. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველებზე:

47. კასატორის მოსაზრებით, სააგენტომ განუხრელად დაიცვა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულება არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაირღვა. აღნიშნული გარემოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სასამართლო ვერ ჩასწვდა. დაირღვა ხელშეკრულების არსებითი პირობა - მიზნობრიობა.

48. დამატებითი ვადის დაწესების თვალსაზრისით, კასატორის აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადგილი აქვს ურთიერთგამომრიცხავ მსჯელობას. ეს გამოიხატება იმაში, რომ თუკი, სასამართლო უთითებს მოწყობილი და გამართული მარნის არსებობაზე (რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც მარნის ფუნქციონირებას სჭირდებოდა შეძენილი და მოწყობილია სესხის თანხის სრული ათვისებით), სასამართლო ასევე, მიუთითებს ვალდებულების დარღვევის გამო დამატებითი ვადის განსაზღვრის მოვალეობაზე, რაც ხელშკრულების მიზნის მიღწევის პირობებში ნორმის სრულიად ურთიერთშეუსაბამო და წინააღმდეგობრივი განმარტებაა.

49. ხელშეკრულების მიზანთან მიმართებით საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ დოკუმენტში - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ მკაფიოდაა გაწერილი ხელშეკრულების მიზანი. კერძოდ, განკარგულების მე-8 მუხლის თანახმად, სესხის გაცემა ითვალისწინებს არა მარნის მოწყობას - არამედ კომპონენტით განსაზღვრული ძირითადი საშუალებების დაფინანსებას რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია და რომელიც არ შეუსყიდია მოსარჩელეს. შესაბამისად, ხელშეკრულების ინტერესი იყო არა მარნის მოწყობა ნებისმიერი გზით, არამედ, ქვეკომპონენტით განსაზღვრული კონკრეტული ძირითადი საშუალებების შესყიდვა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბენეფიციართა დასახმარებლად თანადაფინანსების გაცემა ხდება კონკრეტული მიზნობრიობით, სწორედ ამიტომ არის შემუშავებული იმ ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომელთა შესყიდვაც არის დაშვებული საბოლოო შედეგის მისაღებად, აღნიშნულის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული მოსარჩელე, თუმცა, მან მაინც დაარღვია ხსენებული პირობები, რასაც თავადაც არ უარყოფს.

50. კასატორის მითითებით, ძირითადი საშუალებების შესაძენად მიღებული 70 000 ლარიდან 21 500 ლარი გახარჯულია არამიზნობრივად, საბრუნავი საშუალებების შესაძენად, რაც წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების არსებითი პირობის - მიზნობრიობის დარღვევას.

51. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა ცალკეულ გარემოებებთან მიმართებით. გაურკვეველია სასამართლომ რატომ მიიჩნია კასატორის მიერ რეაგირების გარეშე დატოვებულად გარკვეული ქმედებები, როდესაც თანადაფინანსების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოპასუხეს წერილი ჩაბარდა 2018 წლის 5 ნოემბერს, ხოლო, 12 ნოემბერს წარმოდგენილი წერილის შემდეგ კასატორი აგრძელებდა აქტიურ კორესპოდენციას მოწინააღმდეგესთან. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტი არ უნდა იქნეს მიჩნეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული სსკ-ს 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას (სსკ 115-ე მუხლი). კასატორი განმარტავს, რომ პროექტი მთელი მისი არსით სწორედ მოპასუხის და სხვა ბენეფიციარების ხელშეწყობის ქმედით ინსტუმენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მოპასუხის ერთადერთი ვალდებულებააა მიზნობრივად განკარგოს მისთვის გადაცემული თანხა, რაც მას არ განუხორციელებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

52. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

53. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

54. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებას, რომლითაც უარყოფილი იქნა სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 9270 ლარის დაკისრების თაობაზე. სარჩელი, დანარჩენ ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; ასევე, არ დაკმაყოფილდა სააგენტოს შეგებებული სარჩელი.

55. კასატორი სადავოდ ხდის სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 9270 ლარის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და მიაჩნია, რომ სახეზე იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები (იხ., კასაციის საფუძვლები), რის გამოც, სააგენტოს ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ არ უნდა დაკისრებოდა.

56. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა ჩაითვალოს ამ განჩინების პპ: 13-24, 25-ში მითითებული გარემოებანი, კერძოდ:

57. შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 15 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება ბანკს, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის, რომლის თანახმად, მოპასუხემ (სააგენტო) აიღო მოსარჩელეზე, როგორც ბენეფიციარზე ბანკის მიერ გაცემული სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის (რომლის ოდენობაც განისაზღვრა 11%-ით), თანადაფინანსებისა და მეორადი უზრუნველყოფის ვალდებულება.

58. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა ღვინის მარნის მოწყობა. სესხის მოცულობა განისაზღვრა - 70 000 ლარით. სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური ჯამური თანხა განისაზღვრა - 24 335.34 ლარით.

59. შეთანხმების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განახორციელოს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მიზნობრიობისა და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან/და პროექტის სხვა პირობების მონიტორინგი (მათ შორის, მოითხოვოს სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია). თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის დარღვევას (რაც ასევე მოიცავს ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობას), წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევას, სააგენტო შეუწყვეტს მას თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს კომერციულ ბანკს..... აღნიშნულ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია ბენეფიციარს დააკისროს პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილ თანადაფინანსების სრულ თანხას.

60. მოსარჩელეს სესხის მიზნობრიობის მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2018 წლის 31 მაისს დაევალა სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2018 წლის 11 ივნისამდე, რაც მის მიერ განხორციელდა (ტომი 1; ს.ფ. 30-31; სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის საველე მონტორინგის ოქმი).

61. სააგენტოს პროექტების/პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი N4-ის თანახმად, 2018 წლის 31 მაისს განხორციელდა საველე მონიტორინგი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... შეხვედრა შედგა მოსარჩელესთან. მიზნობრიობა - ძირითადი საშუალება. დარგი - ღვინის მარნის მოწყობა. ოქმის თანახმად დგინდება, რომ ბენეფიციარის განმარტებით სესხის თანხა - 70 000 ლარი სრულადაა ათვისებული და მოხმარდა ღვინის მარნის მოწყობას. სესხის არის მიმდინარე და პარალელური აგროსესხი არ აქვს. ბენეფიციარი, 2016-2017 წლებში სარგებლობდა ბანკის მიერ ძირითადი საშუალებებისათვის გაცემული შეღავათიანი აგროსესხებით. სესხებზე განხორციელდა მონიტორინგი და არ გამოვლენილა დარღვევები. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ......... ადგილზე ინახა ღვინის მარანი, რომელიც მოწყობილია ბენეფიციარის შვილის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ (ფაქტიურად წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის გაგრძელებას) და შედგება ორი 40 კვ.მ.-იანი ოთახისაგან, სადაც ერთ ოთახში მდებარეობს (ჩაბეტონებულია) სხვადასხვა ტევადობის ღვინის ქვევრები (12 ცალი) და მარნისათვის საჭირო ინვენტარი, ხოლო მეორე ოთახი განკუთვნილია სადეგუსტაციო-საგამოფენო დარბაზისათვის, სადაც განთავსდება ბოთლებში ჩამოსხმული მზა პროდუქცია და ა.შ.... ღვინის მარანი დასურათებულია, ფოტომასალა ერთვის მონიტორინგის დასკვნას. ოქმში აღნიშნულია, რომ ბენეფიციარმა მონიტორინგის ადგილზე ვერ წარმოადგინა სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად ბენეფიციარს განესაზღვრა ვადა 2018 წლის 11 ივნისამდე. ვადის დაცვით მოწოდებულია შემდეგი სახისა და ღირებულების დოკუმენტაცია, მათ შორის, 7000 ცალი მინის ბოთლისა და 7000 ცალი კორპის სახურავების შეძენის - 11 200 ლარის (შესყიდვის აქტი.) სულ, 69 896 ლარის ღირებულების დოკუმენტაცია. მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლისას გაირკვა, რომ სესხის თანხის ნაწილი მოხმარდა საბრუნავი საშულებების შეძენას, კერძოდ: 10 300 ლარი მოხმარდა 10ტ. ყურძნის შეძენა-ტრანსპორტირებას, ხოლო 11 200 ლარი - მინის ბოთლებისა და კორპის ხის თავსახურების შეძენას (ტომი 1; ს.ფ. 32-37; განხილვის კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი N4).

62. სააგენტოს პროექტების/პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი N4-ის თანახმად, შეუწყდა მოსარჩელეს სესხზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა, დაეკისრა მოსაჩელეს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 3966.45 ლარის გადახდა (ტომი 1; ს.ფ. 32-37; განხილვის კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი N4).

63. მოსარჩელეს სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა 2018 წლის 01 ნოემბერს, რომელიც მას ჩაბარდა - 05.11.2018 წელს.

64. მოსარჩელე 08.11.2018 წელს მოათავსეს შპს ,,ჯ–ის“ გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ,,მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი მარცხენა პარკუჭის წინა კედლის“ დიაგნოზით, საიდანაც გაეწერა - 12.11.2018 წელს.

65. 12.11.2018 წელს მოსარჩელემ წერილობით მიმართა სააგენტოს. განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ იმყოფებოდა სტაციონარში, მწვავე ინფარქტის დიაგნოზით და იმის გათვალისწინებით, რომ იგი ასევე არის შშმ პირი, ითხოვა დაფინანსების აღდგენა (ტომი 1; ს.ფ. 45-46; 12.11.2018 წლის წერილის ასლი).

66. 10.12.2018 წელს მოსარჩელემ კვლავ მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ხელახალი მონიტორინგის ჩატარება და საკითხის ხელახალი შესწავლა, ვინაიდან მისი განმარტებით შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ, მიზნობრიობის დარღვევა მის მიერ არ მომხდარა (ტომი 1; ს.ფ. 49-53; 2017 წლის 10 დეკემბრის წერილის ასლი).

67. ბანკის მიერ 2019 წლის 22 მაისს გაცემული ცნობით დგინდება, რომ სესხზე სააგენტოს მიერ განხორციელებული თანხის მოცულობა შეადგენს - 3966.45 ლარს. პროექტების მ.ს–ოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბანკმა შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება და სარჩელის საფუძველზე მოსარჩელისაგან ითხოვს ბანკის სასარგებლოდ 61 520.22 ლარის დაკისრებას, საიდანაც, 52150 ლარის არის კრედიტის ძირითადი თანხა, 6559.26 ლარი პროცენტი და 2810.96 ლარი - პირგასამტეხლო (ტომი 1; ს.ფ. 254-266; სარჩელის ასლი).

68. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება იმგვარი სამართლებრივი დასკვნის გაკეთება, რომ მოთხოვნის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობა) არსებობა, გამორიცხავს მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულების შესრულება ხორციელდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, კრედიტორი ღებულობს შესრულებას.

70. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. (იხ. მ. თოდუა/ ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37.).

71. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ფაქტს უკავშირებდა სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების შესახებ შეთანხების შეწყვეტას - სააგენტოს ქმედების არამართლზომიერებას, კერძოდ, სააგენტოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელის განმარტებით, ბანკმა შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება და სარჩელის საფუძველზე მოსარჩელისაგან მოითხოვა 61 520.22 ლარის დაკისრება, საიდანაც, 52 150 ლარის არის კრედიტის ძირითადი თანხა, 6559.26 ლარი პროცენტი და 2810.96 ლარი - პირგასამტეხლო. მოსარჩელეს აღნიშნული თანხის (6559.26 ლარის და 2810.96 ლარის გადახდა არ მოუწევდა საფინანსო კომპანიის სასარგებლოდ, რომ არა სააგენტოს მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტა), რამაც გამოიწვია მისთვის ზიანის მიყენება.

72. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან ზიანის მიყენების ფაქტს მოსარჩელე უკავშირებდა სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების შესახებ შეთანხების შეწყვეტის გარემოებას, განსახილევლი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა დადგინდეს სააგენტოს მხრიდან მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება.

73. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულებისას ქართული სამოქალაქო კოდექსი იძლევა ინტერესთა მშვიდობიანი თანაარსებობის შესაძლებლობას. პატივსადები ინტერესი ხდება ვალდებულებითი ურთიერთობის როგორც ტრანსფორმაციის, ისე მისი შეწყვეტის საფუძველი. თავად ინტერესის მდგომარეობას განსაზღვრავს როგორც შესრულების პროცესი, ისე მის გარეთ არსებული გარემოებანი. ხელშეკრულების შეწყვეტა, შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხელშეკრულების ადაპტაციასთან შედარებით უკეთესად უზრუნველყოფს მხარეთა ორმხრივ ინტერესებს და ამასთან, შეწყვეტით ზიანი არ ადგება საჯარო ან მესამე პირების ინტერესებს. (იხ., ნათია ჩიტაშვილი, „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“ , 2014, თსუ, გვ: 180-181).

74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მაშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ორმხრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო.

75. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების მიზანი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მიღწეული იყო, კერძოდ, ღვინის მარანი მოწყობილია (დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - ქვეკომპონენტის ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს (ალკოჰოლური სასმელები), რაც დასტურდება კომისიის ოქმით. ოქმის თანახმად, ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ ადგილზე ინახა ღვინის მარანი, რომელიც მოწყობილია ბენეფიციარის შვილის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ (ფაქტიურად წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის გაგრძლებას) და შედგება ორი 40 კვ.მ.-იანი ოთახისაგან, სადაც ერთ ოთახში მდებარეობს (ჩაბეტონებულია) სხვადასხვა ტევადობის ღვინის ქვევრები (12 ცალი) და მარნისათვის საჭირო ინვენტარი, ხოლო მეორე ოთახი განკუთვნილია სადეგუსტაციო-საგამოფენო დარბაზისათვის, სადაც განთავსდება ბოთლებში ჩამოსხმული მზა პროდუქცია და ა.შ..... ღვინის მარანი დასურათებულია, ფოტომასალა ერთვის მონიტორინგის დასკვნას..‘’ (იხ. ს.ფ. 33)).

76. ამდენად, კომისიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლისას დადგინდა, რომ სესხის თანხის ნაწილი მოხმარდა საბრუნავი საშულებების შეძენას და არა ძირითადი საშუალების შეძენას. ასეთ მოცემულობაში, მსჯელობის საგანია, რამდენად ჰქონდა ამ ტიპის დარღვევას არსებითი ხასიათი, მნიშვნელობა ექნებოდა თუ არა დამატებითი ვადის დაწესებას (გაფრთხილებას), სახეზე იქნებოდა თუ არა დამატებითი ვადის უშედეგოდ ამოწურვა და რამდენად შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული დარღვევა ხელშეკრულების უპირობოდ შეწყვეტის საფუძველი.

77. კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ მკაფიოდაა გაწერილი ხელშეკრულების მიზანი. განკარგულების მე-8 მუხლის თანახმად, სესხის გაცემა ითვალისწინებს არა მარნის მოწყობას - არამედ კომპონენტით განსაზღვრული ძირითადი საშუალებების დაფინანსებას, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია და რომელიც არ შეუსყიდია მოსარჩელეს. შესაბამისად, ხელშეკრულების ინტერესი იყო არა მარნის მოწყობა ნებისმიერი გზით, არამედ, ქვეკომპონენტით განსაზღვრული კონკრეტული ძირითადი საშუალებების შესყიდვა. კასატორის მითითებით, ძირითადი საშუალებების შესაძენად მიღებული 70 000 ლარიდან 21 500 ლარი გახარჯულია არამიზნობრივად, საბრუნავი საშუალებების შესაძენად, რაც წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების არსებითი პირობის - მიზნობრიობის დარღვევას.

78. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოთმითითებულ პრეტენზიას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების მიზანი, მისი შინაარსიდან გამომდინარე მიღწეულად უნდა ჩაითვალოს, კერძოდ, ღვინის მარანი მოწყობილია, მოსარჩელის მიერ მინის ბოთლების და კორპის ხის თავსახურების შეძენა და შემდგომში, დაგვიანებით დოკუმენტის (შესყიდვის აქტი; ს.ფ. 226) წარდგენა, ხელშეკრულების მნიშვნელოვნად და მისი მიზნობრიობის დარღვევად, არ უნდა შეფასდეს.

79. რაც შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერებას, მოსარჩელემ ზიანის არსებობა დაუკავშირა სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების შესახებ შეთანხების შეწყვეტის გარემოებას და მიუთითა რომ პროექტების მართვის სააგენტოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბანკმა შეწყვიტა მოსარჩელესთან არსებული ხელშეკრულება და სარჩელის საფუძველზე მოსარჩელისაგან მოითხოვა 61 520.22 ლარის დაკისრება, საიდანაც, 52 150 ლარის არის კრედიტის ძირითადი თანხა, 6559.26 ლარი პროცენტი და 2810.96 ლარი - პირგასამტეხლო. მოსარჩელეს აღნიშნული თანხის (6559.26 ლარის და 2810.96 ლარის გადახდა არ მოუწევდა საფინანსო კომპანიის სასარგებლოდ, რომ არა სააგენტოს მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტა), რამაც გამოიწვია მისთვის ზიანის მიყენება.

80. იმ მოცემულობაში, როდესაც დადგენილია რომ სააგენტომ არამართზომიერად შეწყვიტა ხელშეკრულება, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა შემოწმდეს სსკ-ის 394.1 და 408-ე მუხლებთან მიმართებით. ( იხ. დამატებით: გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 394, ველი 1, თბილისი, 2019 წ.)

81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორად/დამატებით მოთხოვნებს და იწვევს ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის უარყოფითი შედეგების დადგომას (შდრ. ჰ.ბოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, 33). ზიანის ანაზღაურება მოთხოვნა წარმოიშობა, მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა. პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობაში, არაჯეროვნად შესრულებაში ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევაში. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას.

82. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გამოიხატება სამართალდამრღვევისათვის განსაზღვრული უარყოფითი შედეგების დადგომით, კერძოდ – ქონებრივი ან პირადი უფლებების შეზღუდვით, რომლებიც ითვალისწინებენ ვალდებულების დამრღვევი პირისათვის იმის ზემოთ დამატებითი მოქმედების შესრულების დაკისრებას, რაც მას ვალდებულებით ევალებოდა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე, სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან.

83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებული პირისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.

84. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394 I მუხლი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა 3) მიზეზობრივი კავშირი 4) ბრალი.

85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

86. კონტინენტური ევროპის კერძო სამართლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განიხილება ვალდებულების ნატურით შესრულების მოთხოვნასთან მიმართებით, როგორც დამატებითი ხასიათის და გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუკი ვალდებულების ნატურით შესრულება შეუძლებელია ანდა კრედიტორმა დაკარგა ინტერესი ასეთი შესრულების მიმართ. საერთო სამართალი კი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას განიხილავს, როგორც კრედიტორის უფლებების დაცვის ძირითად საშუალებას და მას ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში.

87. ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით, როგორც კონტინენტური ევროპის, ისე საერთო სამართლის სისტემის ქვეყნები ადგენენ საერთო ზოგად პრინციპებს: ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია. კრედიტორი არ უნდა დაზარალდეს მატერიალურად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. მოვალის მხრიდან ზიანის ანაზღაურებამ უნდა გამოიწვიოს კრედიტორის აღდგენა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა, თუკი მოვალე ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებდა. დოქტრინაში ასეთ მიდგომას უწოდებენ დადებით სახელშეკრულებო ინტერესების დაცვას, განსხვავებით უარყოფითი სახელშეკრულებო ინტერესების დაცვისაგან, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კრედიტორის იმ მატერიალური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელშიც იგი იქნებოდა, თუკი ხელშეკრულება საერთოდ არ დაიდებოდა და რომლის დაცვაც, როგორც წესი, ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ბათილად იქნება აღიარებული.

88. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც.

89. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, ,,პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ანუ ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.

90. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ.

91. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა; სავარაუდოობა.

92. საკასაციო პალატა განმარტავს, ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს. ამ პრინციპის მიხედვით, მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.

93. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება.

94. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოვალე ძირითადად კრედიტორის შეფარდებით (რელატიურ) უფლებებს არღვევს. მართლსაწინააღმდეგო ქმედება გულისხმობს როგორც აქტიურ მოქმედებას, ისე უმოქმედობასაც. როცა ხელშეკრულების მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებას, იგი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. მისი არსი ისაა, რომ ქმედება არღვევს სამართლის ნორმით გამოხატული მოქმედების ან უმოქმედობის ვალდებულებას. კანონის ან ხელშეკრულების ძალით პირი ვალდებული იყო (სამართლებრივი კრიტერიუმი, რომელიც გულისხმობს განსაზღვრული მოქმედების განხორციელების სამართლებრივ ვალდებულებას) და შეეძლო ემოქმედა (მოქმედების განხორციელების ფაქტობრივი შესაძლებლობა), თუმცა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა განსაზღვრული მოქმედება.სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

95. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ,,ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.” მეცნიერებამ მიზეზობრივი კავშირის მრავალი თეორია შეიმუშავა (აუცილებელი და შემთხვევითი მიზეზობრივი კავშირის თეორია; შესაძლებლობისა და სინამდვილის თეორია; ეკვივალენტურობის თეორია; უშუალო მიზეზეობრივი კავშირის თეორია და ა.შ.). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიას. ანუ პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non) ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება. სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო (შდრ. ჰ. ბიოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 48). მაშასადამე, უშუალო ანუ ადექვატური მიზეზობრიობის თეორიის თანახმად, შედეგის მიზეზად ერთი პირობაც საკმარისია, თუ ის ქმნის შედეგის დადგომის ობიექტურ შესაძლებლობას ანუ მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას და იმას, რომ მიზეზსა და შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

96. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტის ელემენტია. სსკ-ის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.”

97. ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი, საყოველთაოდაა აღიარებული სახელშეკრულებო სამართალში. ბრალის სამართლებრივი კატეგორია განასკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. კონტინენტურ სამართალში ვალდებულების შეუსრულებლობა, მოვალის ბრალეულობის მიუხედავად, აფუძნებს ვალდებულების დარღვევის ობიექტურ კატეგორიას, რაც განაპირობებს მეორადი მოთხოვნის უფლებისადმი კრედიტორის ხელმისაწვდომობას, ხოლო ბრალი, როგორც სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის უზოგადესი წინაპირობა, მნიშვნელობას იძენს გამოსაყენებელი მეორადი მოთხოვნის უფლების განსაზღვრისათვის მას შემდეგ, რაც სახეზეა ვალდებულების დარღვევის დასრულებული შემადგენლობა. კრედიტორის ბრალი გავლენას ახდენს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობაზე, ანაზღაურებას დაქვემდებარებული ზიანის ოდენობის განსაზღვრაზე და სანაცვლო შესრულების მოთხოვნის უფლების არსებობაზე აისახება (შდრ. ნ. ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ,,სამართლის ჟურნალი”, №1, 2009, 143.).

98. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, დადგენილია, რომ მოპასუხე სააგენტომ მოსარჩელე მხარესთან ხელშეკრულების შეწყვეტა არამართლზომიერად მოახდინა, სახეზეა სსკ-ის 394.1 და 408.1 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად, მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის სახით სესხზე გადასახდელი სარგებლის 6559 ლარის და პირგასამტეხლოს - 2810.96 ლარის სააგენტოსათვის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია, რამდენადაც მოსარჩელეს აღნიშნული თანხის გადახდა არ მოუწევდა საფინანსო კომპანიის სასარგებლოდ, რომ არა სააგენტოს მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტა.

99. რაც შეეხება სააგენტოს საკასაციო საჩივრის იმ საფუძველს, რომელიც შეეხება სააგენტოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას, კერძოდ, სსსკ-ის 394-ე და 408-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააგენტომ მოითხოვა ბანკისათვის ბენეფიციარის სასარგებლოდ გადახდილი სარგებლის დაბრუნება და განმარტა, რომ თანადაფინასების თანხა წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერც ამ ნაწილში შეძლო საკასაციო პალატის დარწმუნება მისი პრეტენზიის საფუძვლიანობაში. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ამ ნაწილშიც არ ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს განჩინება (იხ.,სუსგ საქმე №ას-1775-2019, 21 ივლისი, 2020 წ.) და განმარტავს, რომ თანადაფინანსების ფარგლებში, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება გამოირიცხება, თუკი მოპასუხე დაამტკიცებს, რომ თანხა მიზნობრივად გახარჯა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, დადგინდა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, სააგენტოს მოსარჩელის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ გააჩნია, არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

100. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

101.ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

102.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

103.სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „ს.გ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ა(ა)იპ „ს.გ.ს–ოს“ (ს.კ:.......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 09.07.2021-ში N19950 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 680.87 ლარის 70% – 476.60 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე