Facebook Twitter

საქმე №ას-895-2021 23 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.ჭ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.გ–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.(შემდგომში – მოპასუხე) და ქ. ჭ–ის (შემდგომში – მეორე მოპასუხე) მიმართ 34000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა. მოპასუხეები არიან დები, ხოლო მოპასუხე მოსარჩელის მეჯვარეა.

3. 2010 წელს მას დაუკავშირდა მეორე მოპასუხე, რომელმაც სთხოვა თანხა ყოველთვიურად 2% სარგებლით. მოსარჩელემ განუმარტა, რომ შეგროვილი ჰქონდა თანხა სამკურნალოდ. მეორემა მოპასუხემ ისესხა 15000 აშშ დოლარი თვეში 2%-ის დარიცხვით, ხოლო ძირი თანხა უნდა დაებრუნებინა მოთხოვნიდან ერთი თვის შემდეგ. გარკვეული დროის შემდეგ მან კვლავ მოსთხოვა თანხა მოსარჩელეს, რომელმაც დამატებით გადასცა ჯერ 8000 აშშ დოლარი იმავე პირობებით, 2011 წელს კი – 6000 აშშ დოლარი.

4. 2011 წელს მოსარჩელეს დაუკავშირდა მოპასუხე დამატებით სესხის მისაღებად იმ მოტივით, რომ მოპასუხეებს ჰქონდათ საერთო ბიზნესი და ერთად კისრულობდნენ ვალდებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს თავად თანხა აღარ ჰქონდა, თავის დას გამოართვა 7000 აშშ დოლარი და გადასცა მოპასუხეებს. მათ მიერ სულ ნასესხები იყო 36000 აშშ დოლარი, რომლის სარგებელიც ხან ერთი და იხდიდა, ხან – მეორე.

5. 2013 წლის დასაწყისში მოპასუხეებმა მოსარჩელეს დაუბრუნეს 1000 აშშ დოლარი ძირი თანხიდან. 2013 წლის ბოლოს მოსარჩელეს დასჭირა ინტენსიური მკურნალობა. იგი დაუკავშირდა მოპასუხეებს და მოითხოვა მთლიანი თანხის დაბრუნება. მოპასუხეები დაპირდნენ უახლოეს პერიოდში სესხის გადაცემას. 2013 წლის ნოემბრის ბოლოს მოპასუხემ დააბრუნა კიდევ 1000 აშშ დოლარი.

6. 2014 წელს მოსარჩელის ჯანმრთელობა გაუარესდა. მან კვლავ მოითხოვა თანხის დაბრუნება მოპასუხეებისაგან. მათ განაცხადეს, რომ ყიდდნენ უძრავ ქონებას და დაუყოვნებლივ დაფარავდნენ ვალს. წარსული ურთიერობის გამო, მოსარჩელე ცდილობდა, დავის მოგვარებას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

7. 2015 წელს მოსარჩელის დას შემთხვევით შეხვდა მოპასუხე, რომელსაც მოსთხოვა ვალის დაბრუნება, რასაც მოჰყვა ჩხუბი და აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა საქმე. პოლიციაში გამოკითხვისას მოპასუხეებმა აღიარეს ვალის არსებობა 34000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხეების პოზიცია:

8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელისაგან სესხად თანხა არ მიუღიათ. აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 34 000 აშშ დოლარის გადახდა, სარჩელს მეორე მოპასუხის მიმართ ეთქვა უარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – მოსარჩელემ, ხოლო თანხის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 19 აპრილის ზეპირი გასაუბრების ოქმი მოპასუხესთან, 2016 წლის 21 აპრილის გასაუბრების ოქმი მეორე მოპასუხესთან. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და მოპასუხესთან 2016 წლის 19 აპრილის გასაუბრების ოქმით დადგენილია, რომ სესხი მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს და აღნიშნულ სასესხო ურთიერთობაში მეორე მოპასუხესა და შ.ი–ს (შემდგომ – მოპასუხეთა ნათესავი) მონაწილეობა არ მიუღიათ. მოპასუხე სესხის სარგებელს – 900 აშშ დოლარს უხდიდა მოსარჩელეს. მოგვიანებით მოპასუხემ მიუთითა, რომ მის გარდა მოპასუხეთა ნათესავის თანამშრომლებსაც მიჰქონდათ მოსარჩელესთან სესხის სარგებელი, თუმცა კონკრეტულად ვერ მიუთითა, თუ რომელ პირებზე იყო საუბარი. ახსნა-განმარტების თანახმად, სადავო არ არის, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 1000-1000 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხის სახით. აღნიშნული გამოკითხვის ოქმშიც არის მითითებული.

12. 2016 წლის 19 აპრილის მოპასუხესთან გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ მოპასუხე მოსარჩელის ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა. იცის, რომ მოსარჩელე დაკავებულია ფულის გაპროცენტებით და ბიზნესი დაიწყო 300 აშშ დოლარით. მოსარჩელე სთხოვდა, დახმარებოდა ფულის გასესხებაში და ვინაიდან იცოდა, რომ მისი დეიდაშვილის მეუღლეს – მოპასუხეთა ნათესავს სჭირდებოდა 36000 აშშ დოლარი, დაეხმარა მათ დაკავშირებაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად მოპასუხეთა ნათესავი გადაიხდიდა 900 აშშ დოლარს სარგებლის სახით, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა. თანხის გადაცემის დროს, მოსარჩელე არ იყო ფორმაში, იყო მოუწესრიგებელი, რის გამოც სახლის სადარბაზოში, ლიფტთან გადასცა ქაღალდში გახვეული 36000 აშშ დოლარი, რაც იქვე მანქანაში მყოფ მოპასუხეთა ნათესავს გადასცა. ამის შემდგომ 2012 წლის გაზაფხულის ჩათვლით, რეგულარულად უგზავნიდა პროცენტის სახით მოსარჩელისთვის გადასაცემ 900 აშშ დოლარს, ხან თავისი მძღოლის და ხან თავისი თანამშრომლის ხელით, რომელთა გვარებიც არ იცის, რადგან მათ არ იცნობს. მოპასუხე აღნიშნულ თანხას გადასცემდა მოსარჩელეს. აღნიშნულს ახორციელებდა საკუთარ სახლში. მოპასუხისათვის ცნობილია, რომ მოსარჩელისაგან აღებული 36000 აშშ დოლარიდან 7000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა მოსარჩელის დას. 36000 აშშ დოლარიდან 2000 აშშ დოლარი მოპასუხეთა ნათესავმა დაუბრუნა მოსარჩელეს მოპასუხის ხელით.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ გახადა მეორე მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მისთვის თანხის დაკისრების საფუძვლად მიუთითა საქმეში არსებული დეკანოზ მ.ბ–ის წერილზე, 2015 წლის 13 ივლისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერზე და საქმეში წარმოდგენილ 2016 წლის 30 მაისის №80, №81 და №82 წერილებზე, საიდანაც ირკვევა 2014 წლის 5 თებერვლის, 2014 წლის 3,5,4,12 მარტის, 2014 წლის 3,5, 6 თებერვლის, 2014 წლის 6 მარტის, 2014 წლის 3,5 ,27 თებერვლის და 2014 წლის 3,5,4,6 მარტის ნომრებში გამოქვეყნებული უძრავი ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 623-ე მუხლი წარმოადგენს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის – გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მეორემა. მატერიალური სამართლის ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ნივთის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამეორეს ეკისრება (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი, პ-1.5).

14. საგულისხმოა თავად მტკიცების სტანდარტიც, კერძოდ, მატერიალური სამართალი ადგენს, ხელშეკრულების დადების ფაქტი, თუ რა გარკვეული მტკიცებულებით შეიძლება დადასტურდეს (როგორიცაა, მაალითად, სსკ-ის 312-ე მუხლი – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება).

15. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებითაც შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული.

16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სადავო თანხის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნის მართლზომიერება შეამოწმა საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით: წერილობითი მტკიცებულებებით, როგორიცაა ზეპირი გასაუბრების ოქმი, რომელებიც წერილობითი მტკიცებულების სახედაა შეფასებული.

17. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფულადი ვალდებულების შესრულებისას მტკიცების ტვირთის სტანდართან დაკავშირებით, მოიხმო სსსკ-ის 105-ე მუხლი და განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის კუთხით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები – სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება, წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. სააპელაციო პალატა განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (ფულადი ვალდებულების არსებობა) მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე საკმარის მტკიცებულებას, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

18. აღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული დეკანოზ მ.ბ–ის ხელწერილი მხარეთა შორის არსებულ სასესხო ვალდებულებას დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან აღნიშნული წერილი არ ადასტურებს საქმეში არსებულ სადავო გარემოებებს, კერძოდ, არსებობდა თუ არა სასესხო ურთიერთობა მხარეთა შორის და თუ რა პირობებზე იყო მხარეთა შორის შეთანხმება, მით უფრო, როცა მხარეთა შორის არანაირი შეთანხმების ან/და თანხის გადაცემის ფაქტს იგი არ ესწრებოდა.

19. რაც შეეხება უძრავი ქონების მესაკუთრე მეორე მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის გაყიდვის სურვილს და გაყიდვის თაობაზე განაცხადებს, აღნიშნულიც ვერ იქნება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის სესხის დაფარვის მიზნით ხდებოდა გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ ინფორმაციის გამოქვეყნება, ხოლო 2015 წლის 13 ივლისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მეორე მოპასუხის სასესხო ურთიერთობასთან მიმართებით არარელევანტურ მტკიცებულებას წარმოადგენს, რადგან აღნიშნული ინფორმაციით არ დასტურდება საქმეში არსებული სადავო გარემოებები, მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობასთან მიმართებით.

20. ამდენად, იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან 36000 აშშ დოლარის აღება, ასევე რამდენჯერმე სარგებლისა და ორჯერ ძირი თანხის ნაწილის დაბრუნება, სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადასტურებულად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ზეპირი სასესხო ურთიერთობა, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეორე მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

21. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, თითქოს სესხი – 36 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს და ეს უკანასკნელი ახდენდა სესხის პროცენტის ყოველთვიურად 900 აშშ დოლარის გადახდას მოსარჩელისათვის, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების: სარჩელით, მოწმეების ჩვენებებით, მოპასუხესთან 2016 წლის 19 აპრილის ზეპირი გასაუბრების ოქმით, მეორე მოპასუხესთან 2016 წლის 21 აპრილის ზეპირი გასაუბრების ოქმით, მ.ჯ–ძის (შემდგომ – მოპასუხეთა ნათესავის მეუღლე) ხელწერილით, მოსარჩელის 2016 წლის 18 მარტის განცხადებით პოლიციისადმი, მოპასუხის 2015 წლის 9 აგვისტოს მოწმის დაკითხვის ოქმით ცალსახად და უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 623-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელისაგან სესხის მიმღებ პირს არ წარმოადგენს. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, ზეპირი სასეხო ვალდებულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულებები მოვალეს კრედიტორის წინაშე არ შეუსრულებია.

22. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს, რომ მოსარჩელის მიმართ მოვალე პირი იყო მოპასუხეთა ნათესავი და არა მოპასუხეები, აღნიშნული სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, რადგან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხეთა ნათესავთან მიმართებით, თუმცა დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან თანხის – 36000 აშშ დოლარის აღების ფაქტი, ასევე რამდენჯერმე სარგებლისა და ორჯერ ძირი თანხის ნაწილის დაბრუნების ფაქტი.

23. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სსკ-ის 624-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წელი).

24. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

25. მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი) იმის მიხედვით თუ რა გარემოების დადასტურებაა შესაძლებელი ამა თუ იმ მტკიცებულებით, რა დროსაც, ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა დასაშვებობის, განკუთვნადობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმით.

26. სააპელაციო პალატის განმარტებით, კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების სადავოობისას მხარეთა ინტერესების დაცვა იყოს გარანტირებული, მოცემულ შემთხვევაში მოწმის ჩვენება მოსარჩელესა და მოპასუხეთა ნათესავს შორის არსებული სასესხო ურთიერთობის თაობაზე რელევანტურ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან აღნიშნული გარემოება სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელისაგან 36000 აშშ დოლარის აღების ფაქტი, ხოლო შემდგომ რამდენჯერმე სარგებლისა და ორჯერ ძირი თანხის ნაწილის დაბრუნების ფაქტი, დასტურდება მხოლოდ მოპასუხის მიერ, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. გარდა აღნიშნულისა, აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება, რითაც სასამართლომ უარი განუცხადა მოპასუხეს არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე. მხარემ მიუთითა, რომ სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, სარჩელი აღძრულია იმ პირთა, კერძოდ, მოპასუხეთა მიმართ, რომლებმაც პასუხი არ უნდა აგონ და არ შეიძლება აგონ სარჩელზე, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს მოთხოვნის საფუძველი-ფულადი/სასესხო ვალდებულება მხარეთა შორის.

27. აღნიშნული მსჯელობა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართა ორივე მოპასუხის წინააღმდეგ და ორივე მათგანისაგან მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება, ხოლო ის გარემოება, იყვნენ თუ არა ისინი ვალდებული პირები, წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის მსჯელობის საგანს, რაზეც შემაჯამებელი 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით იმსჯელა კიდეც სასამართლომ, ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა მოპასუხის არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე.

28. ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და დაასკვნა, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები, არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, რითაც შეილახა მოპასუხის ინტერესები. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 623-624-ე მუხლებზე დაყრდნობით, სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოპასუხე იმყოფებოდა მოსარჩელესთან ზეპირ სასესხო ურთიერთობაში. აღნიშნული შეფასება სუბიექტურია და ეფუძნება მხოლოდ ერთ დოკუმენტს – საქმეში არსებულ პოლიციიდან გამოთხოვილ 2016 წლის 19 აპრილის მოპასუხის ზეპირი გასაუბრების ოქმს.

31. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა რა აღნიშნული დოკუმენტის შინაარსიც და მასში გადმოცემული ფაქტები, სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სესხის თანხა – 36 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს, რომელიც უხდიდა სესხის პროცენტს – ყოველთვიურად 900 აშშ დოლარს მოსარჩელეს მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების: სარჩელით, მოწმეების ჩვენებებით, მოპასუხის 2016 წლის 19 აპრილის ზეპირი გასაუბრების ოქმით, მეორე მოპასუხის 2016 წლის 21 აპრილის ზეპირი გასაუბრების ოქმით, მოპასუხეთა ნათესავის მეუღლის ხელწერილით, მოსარჩელის 2016 წლის 18 მარტის განცხადებით პოლიციისადმი, მოპასუხის 2015 წლის 9 აგვისტოს მოწმის დაკითხვის ოქმით ცალსახად და უდავოდ დასტურდება, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს სსკ-ის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ მსესხებელს.

32. მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისთვის კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხეს სადავოდ ხდის.

33. სსკ-ის 623-ე მუხლი თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაში არსებობს სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც. ამდენად, სესხის ხელშეკრულების დროს კუმულაციურად უნდა არსებობდეს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების შინაარსითა და ერთობლივი ანალიზით ცალსახად დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან სესხად თანხა არ მიუღია და არც მისი დაბრუნების ვალდებულება უკისრია. შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავს სადავო სესხის ურთიერთობის არსებობას.

34. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების და მტკიცებულებების შეფასების პირობებს. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რითაც უხეშად დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნები. სასამართლოს შეფასების საგანი გახდა მხოლოდ პოლიციიდან გამოთხოვილი 2016 წლის 19 აპრილის მოპასუხის ზეპირი გასაუბრების ოქმი, თუმცა ამ ოქმის შინაარსი სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა. მითითებულ დოკუმენტში არსად არაა საუბარი, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან პირადად ისესხა 36 000 აშშ დოლარი ან იკისრა მისი გადახდის ვალდებულება, ან იგი, როგორც მოვალე უხდიდა კრედიტორს პროცენტებს. პირიქით, როგორც ხსენებული ოქმით, ისე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელისაგან თანხა სესხად მიიღო მოპასუხეთა ნათესავმა, რომელიც უხდიდა მოსარჩელეს პროცენტებსა და დაუბრუნა სესხის ძირი – 2000 აშშ დოლარი.

35. კასატორის განმარტებით, იმ გარემოების დადასტურებლად მიჩნევის შემთხვევაშიც, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა ლიფტთან გადასცა, ასევე, სადავოდ არ ჩაითვალოს გადაცემული თანხის ოდენობა, რომელიც მოპასუხეს ფაქტობრივად არ დაუთვლია, აღნიშნულიც ვერ გახდებოდა სამართლებრივი დასკვნის საფუძველი, რომ მოპასუხემ ეს თანხა მოსარჩელისგან სესხად მიიღო, ვინაიდან სადავოა თანხის მიღების მიზნობრიობაც. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა, რა მიზნით გადასცა მოპასუხეს მოსარჩელემ სადავო თანხა ლიფტთან. შესაძლოა თავადაც ჰქონოდა მოპასუხის ვალი.

36. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენასი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის (სუსგ №ას-74-71-2016, 25 მაისი 2016 წელი) განმარტების, ასევე, სსკ-ის 623-ე 624-ე მუხლების, სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები, საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები და არ მოახდინა არც მათი ერთობლივი ანალიზი, მათი შინაარსის სწორად დადგენა/შეფასება, რის საფუძველზეც სასამართლო მივიდოდა სწორედ იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა.

37. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი და მოსარჩელეს მიაკუთვნა გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ მოუთხოვია და იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა. მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში, ასევე, 2016 წლის 18 მარტის განცხადებაში პოლიციისადმი მიუთითა, რომ 2010 წელს თანხა მას მოსთხოვა მეორე მოპასუხემ, მასვე გადასცა 15 000 აშშ დოლარი, გარკვეული დროის შემდეგ კვლავ, მეორე მოპასუხის მოთხოვნით, დამატებით გადასცა 8 000 აშშ დოლარი, 2011 წელს – 6000 აშშ დოლარი. 2011 წელს კი, მოსარჩელეს დაუკავშირდა მოპასუხე და მოსთხოვა თანხა ე.წ ბიზნესისთვის, რის შედეგადაც მოსარჩელემ მოპასუხეებს ასესხა 7000 აშშ დოლარი. ამდენად, სარჩელის, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში დაწერილი 2016 წლის 18 მარტის განცხადების თანახმად, მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს 2010-2011 წლებში ნაწილ-ნაწილ გადასცა 29 000 აშშ დოლარი, ხოლო 7000 აშშ დოლარი ასესხა მოპასუხეებს სოლიდარულად.

38. სააპელაციო სასამართლომ კი, უდავოდ სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით რეალურად მეორე მოპასუხეს მოსარჩელისაგან თანხა არ მიუღია, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ არც მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება არ არსებობდა, თუმცა სააპელაციო პალატა გასცდა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა წრეს, მოთხოვნებს და სარჩელით მოთხოვნილი ფულადი ვალდებულების შესრულება სრულიად უსაფუძვლოდ დააკისრა მოპასუხეს, როდესაც მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში საერთოდ არ უთითებდა სესხის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტზე.

39. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარის მიმართ სულ მცირე უნდას უთითებდეს იმ ფაქტობრივ შეამდგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წინამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას-15-29-1443-2012, #ას-973-1208-04, #ას-664-635-2016; ას-1183-2018)

40. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ მხრივაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს განმარტებებსა და დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, როდესაც სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სარჩელში მითითებული ფაქტობროვი გარემოებები მოპასუხეებისთის თანხის ნაწილ-ნაწილ გადაცემის შესახებ არ დადასტურდა, ასევე არ დადგინდა მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების არსებობა, შედეგად კი მოპასუხეს სრულიად უსაფუძვლოდ დაეკისრა სესხის დაბრუნება.

41. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდაზე მოვალე სუბიექტი, რეალურად სესხი მიიღო მოპასუხეთა ნათესავმა. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა აწ გარდაცვლილი მოპასუხეთა ნათესავის მემკვიდრემ და მეუღლემ (საქმეშია ასევე წარმოდგენილი მისი სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი, რომ მის მეუღლეს მოსარჩელის ვალი ჰქონდა), მხარეთა საერთო მეგობარმა ქ. ვ–ძემ და ასევე ნ.ფ–მა (მამა ბ–მემ), თუმცა სააპელაციო პალატამ აღნიშნული მნიშვნელოვან გარემოებებს სათანადო შეფასება არ მისცა.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე იგი არ წარმოადგენდა მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხეს, რის გამოც სააპელაციო პალატამ კანონდარღვევით არ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის საოქმო განჩინება, რითაც სასამართლომ უარი განუცხადა არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე.

43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

44. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

45. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატება, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).

49. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

52. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21;

53. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და განჩინებით ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

54. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

55. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 19 აპრილის გასაუბრების ოქმი მოპასუხესთან, 2016 წლის 21 აპრილის გასაუბრების ოქმი მეორე მოპასუხესთან. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და მოპასუხესთან 2016 წლის 19 აპრილის გასაუბრების ოქმით დადგენილია, რომ სესხი მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს და აღნიშნულ სასესხო ურთიერთობაში მეორე მოპასუხეს, ასევე მოპასუხეთა ნათესავს, მონაწილეობა არ მიუღიათ. მოპასუხე სესხის სარგებელს – 900 აშშ დოლარს უხდიდა მოსარჩელეს. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მის გარდა მოპასუხეთა ნათესავის თანამშრომლებსაც მიჰქონდათ მოსარჩელესთან სესხის სარგებელი, თუმცა კონკრეტულად ვერ მიუთითა, თუ რომელ პირებზე იყო საუბარი. ახსნა-განმარტების თანახმად, სადავო არ არის, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 1000-1000 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხის სახით. აღნიშნული გამოკითხვის ოქმშიც არის მითითებული.

56. 2016 წლის 19 აპრილის მოპასუხესთან გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ მოპასუხე მოსარჩელის ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა. იცის, რომ მოსარჩელე დაკავებულია ფულის გაპროცენტებით და ბიზნესი დაიწყო 300 აშშ დოლარით. მოსარჩელე სთხოვდა, დახმარებოდა ფულის გასესხებაში და ვინაიდან იცოდა, რომ მისი დეიდაშვილის მეუღლეს – მოპასუხეთა ნათესავს სჭირდებოდა 36000 აშშ დოლარი, დაეხმარა მათ დაკავშირებაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად მოპასუხეთა ნათესავი გადაიხდიდა 900 აშშ დოლარს სარგებლის სახით, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა. თანხის გადაცემის დროს, მოსარჩელე არ იყო ფორმაში, იყო მოუწესრიგებელი, რის გამოც სახლის სადარბაზოში, ლიფტთან გადასცა ქაღალდში გახვეული 36000 აშშ დოლარი, რაც იქვე მანქანაში მყოფ მოპასუხეთა ნათესავს გადასცა. ამის შემდგომ 2012 წლის გაზაფხულის ჩათვლით, რეგულარულად უგზავნიდა პროცენტის სახით მოსარჩელისთვის გადასაცემ 900 აშშ დოლარს, ხან თავისი მძღოლის და ხან თავისი თანამშრომლის ხელით, რომელთა გვარებიც არ იცის, რადგან მათ არ იცნობს. მოპასუხე აღნიშნულ თანხას გადასცემდა მოსარჩელეს. აღნიშნულს ახორციელებდა საკუთარ სახლში. მოპასუხისათვის ცნობილია, რომ მოსარჩელისაგან აღებული 36000 აშშ დოლარიდან 7000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა მოსარჩელის დას. 36000 აშშ დოლარიდან 2000 აშშ დოლარი მოპასუხეთა ნათესავმა დაუბრუნა მოსარჩელეს მოპასუხის ხელით.

57. წინამდებარე საკასაციო საჩივარში კასატორის ძირითადი პრეტენზიაა, რომ სააპელაციო პალატამ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დაადგინა წარმოდგენილი მტკიცებულებების არასათანადოდ შესწავლისა და შეფასების შედეგად, რის გამოც მცდარად მიიჩნია მოპასუხე სადავო სესხის დაბრუნების ვალდებულების მქონე პირად. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, რა მიზნით გამოართვა მოპასუხემ მოსარჩელეს თანხა და არც ის გარემოება დაუდგენია, იკისრა თუ არა მოპასუხემ თანხის დაბრუნების მოვალეობა მოსარჩელის მიმართ.

58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, გამომდინარეობს ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სსკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან (მის აბსტრაქტულ კომპონენტებთან).

59. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა) დაბრუნების მოთხოვნა – (სსკ-ის 623-ე მუხლი - სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღემშიო რჩენა.

61. სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

62. სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტოოდენ შეთანხმება სესხის თაობაზე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას (შდრ: სუსგ №ას-1288-2019, 04 მარტი, 2021, პ.95).

63. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების საკითხი, საკასაციო პალატამ განმარტა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ, საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

64. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.

65. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წელი).

66. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამხვილებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

67. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.

69. ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით „მიუკერძოებლობის“ მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება. პირველი, სასამართლო სუბიექტურად თავისუფალი უნდა იყოს პიროვნული ზრახვებისა და მიდრეკილებებისაგან. მეორე, იგი ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით, ანუ მან უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები ამ თვალსაზრისით ნებისმიერი კანონიერი ეჭვის გამოსარიცხად (იხ. გოტრინი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-III, გვ. 10-0- 31, §58; მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №38784/97, §58, ECHR 2002-I).

70. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოსაქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს.2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს.3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ.4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.

72. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

73. განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი – მხარეთა ახსნა-განმარტებები, 2016 წლის 19 აპრილის მოპასუხესთან გასაუბრების ოქმი, 2016 წლის 21 აპრილის მეორე მოპასუხესთან გასაუბრების ოქმი, საქმეში არსებული დეკანოზ მ.ბ–ის ხელწერილი, უძრავი ქონების მესაკუთრე მეორე მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის გაყიდვასთან დაკავშირებული მასალები, მოწმეთა ჩვენებები და მოსარჩელის მიერ სადავო სესხის სწორედ მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი დაადგინა. ასევე დადგენილია, მოპასუხის მიერვე ორჯერ ძირი თანხის ნაწილის, მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი.

74. რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მან თანხა მოსარჩელეს სხვა პირისათვის გადასაცემად გამოართვა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული გარემოების მტკიცება მოპასუხეს ეკისრებოდა. მან კი სარწმუნო მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელემ სესხი არა თავის მეგობარ პირს – მოპასუხეს, არამედ მოპასუხის ნათესავს გადასცა და თანხის დაბრუნებასაც ამ უკანასკნელისაგან მოელოდა. მართალია, კასატორი უთითებს, რომ აწ გარდაცვლილი მოპასუხეთა ნათესავის მეუღლემ დაადასტურა მოსარჩელისაგან სადავო თანხის მისი მეუღლის მიერ სესხება, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისათვისაც იყო ცნობილი. ამდენად, დასახელებული დადასტურება, შეიძლება მოპასუხის მხრიდან მოპასუხეთა ნათესავის მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი გახდეს, ხოლო განსახილველ დავაში კი, მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობა ვერ გახდება.

75. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება იმაზეც, რომ სარჩელში მოსარჩელე თავდაპირველად აპელირებდა სადავო თანხის მეორე მოპასუხისათვის გადაცემაზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს.

76. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, ასევე, თუ ვის წინააღმდეგაა მიმართული სასარჩელო მოთხოვნა და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

77. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ზემოთ მითითებული დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე თავისი მოთხოვნა სესხის დაბრუნების შესახებ წარადგინა ორი პირის, მათ შორის, მოპასუხის წინააღმდეგაც და, იმის მიუხედავად, კონკრეტულად ვის გადასცა სესხის ესა თუ ის ნაწილი, განმარტა, რომ თანხა ასესხა ორივე დას და სესხის დაბრუნებაც ორივესაგან სოლიდარულად მოითხოვა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.

78. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის პრეტენზია ვერც მისი არასათანადო მოპასუხეს ცნობის შესახებ, ვინაიდან მოცემული დავის ფარგლებში დადგინდა, რომ სადავო სესხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირს სწორედ მოპასუხე წარმოადგენს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ სარჩელი აღიძრა სათანადო პირის მიმართ და კასატორმა ვერც ამ კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

79. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზიები ურთიერთსაწინააღმდეგოცაა, კერძოდ, წინამდებარე განჩინების პ. 36-ში კასატორი საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელესთან სესხის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, ხოლო პ.41-ში კი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდაზე მოვალე სუბიექტი, რეალურად სესხი მიიღო მოპასუხეთა ნათესავმა.

80. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

81. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

82. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

83. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

85. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 11.10.2021წ. №11753809841 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ჭ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ.ჭ–ას (პირადი №..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან(ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 11.10.2021წ. №11753809841 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე