Facebook Twitter

8 დეკემბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-650-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სს ,,ს.რ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.ე–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ...... მდებარე 1 500კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შემდეგში - სადავო ნაკვეთი, უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) ირიცხება ზ.ე–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებაში.

2. სს „ს.რ–ა“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან კასატორი) ახორციელებს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს.

3. პირველ მოპასუხესთან, 2010 წლის 14 ივნისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოხსენებული პროექტის სამუშაოებს ასრულებს შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე).

4. სადავო ნაკვეთთან მისასვლელი სამანქანო გზა და ნაკვეთში შესასვლელი კარი, გადაიკეტა, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის მშენებლობისას წარმოშობილი მიწაყრილით.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ......, ლილოს ბაზრობის მიმდებარედ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, შესაძლებელია, მოეწყოს ხსენებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს არსებული (სოფელ ..... მიმავალი) ცენტრალური გზის მხრიდან, ნებისმიერ ადგილას.

6. შპს „ტ–ას“ მიერ მომზადებული ლოკალური ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სადავო ნაკვეთში შესასვლელი კარის მოწყობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 8 025.69 ლარი.

7. თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის მშენებლობისა და პროექტირების 2010 წლის ივნისის ხელშეკრულების 17.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „კონტრაქტორი ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი და დაუზარალებელი დატოვოს დამკვეთი, დამკვეთის პერსონალი და მათი შესაბამისი აგენტები ყველა პრეტენზიისგან, დაზიანებისგან, დანაკარგისგან და ხარჯისგან (იურიდიული მოსაკრებლების და ხარჯების ჩათვლით) შემდეგთან დაკავშირებით“: „ნებისმიერი საკუთრების, უძრავი თუ მოძრავი (სამუშაოების გარდა), დაზიანება ან დანაკარგი იმდენად, რამდენადაც ასეთი დაზიანება ან დანაკარგი წარმოიშვება კონტრაქტორის პროექტირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუშაოების განხორციელების და დასრულების და დეფექტების აღმოფხვრის პროცესში ან მიზეზით, თუ და იმდენად, რამდენადაც ასეთი დაზიანება ან დანაკარგი არ მიეწერება დაუდევრობას, ნებაყოფლობით ქმედებას ან კონტრაქტის დარღვევას დამკვეთის, დამკვეთის პერსონალის, მათი შესაბამისი აგენტის ან ვინმეს მიერ, ვინც დაქირავებულია, ნებისმიერი მათგანის მიერ პირდაპირ ან ირიბად“; „კონტრაქტორი ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი და დაუზარალებელი დატოვოს კონტრაქტორი, კონტრაქტორის პერსონალი და მათი შესაბამისი აგენტები ყველა პრეტენზიისგან, დაზიანებისგან, დანაკარგისგან და ხარჯისგან (იურიდიული მოსაკრებლების და ხარჯების ჩათვლით) შემდეგთან დაკავშირებით (1) სხეულის დაზიანება, ავადმყოფობა, დაავადება ან სიკვდილი, რომელიც მიეწერება დაუდევრობას, ნებაყოფლობით ქმედებას ამ კონტრაქტის დარღვევას დამკვეთის, დამკვეთის პერსონალის ან მათი შესაბამისი აგენტის მიერ და (2) საკითხები, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა შეიძლება გამოირიცხოს სადაზღვეო დაფარვიდან“.

8. სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელემ, მოპასუხეთა წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხეებისთვის, 11 025.69 ლარის და გაწეული ხარჯების - 1 132.20 ლარის, მის სასარგებლოდ, დაკისრება.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაევალათ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული სადავო ნაკვეთისათვის ახალი შესასვლელისა და ჭიშკრის მოწყობა (შპს „ტ–ას“ პროქტში მითითებულ ადგილზე) და მიწაყრილის გამო გაუქმებული და ღიად დარჩენილი შესასვლელის ბეტონის ფილით შეღობვა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაევალათ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული სადავო ნაკვეთისათვის ახალი შესასვლელის მოწყობა და მიწაყრილის გამო გაუქმებული და ღიად დარჩენილი შესასვლელის ბეტონის ფილით შეღობვა.

11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. პირველ რიგში, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო, მიწაყრილის გამო, მოსარჩელის მიწის ნაკეთთან მისასვლელი გზის ჩახერგვის ფაქტი, მათ შორის, სადავო იყო - ზიანის მოცულობა და მოპასუხეთა მხრიდან სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი.

11.2. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მეორე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ, მეორე მოპასუხე, სამუშაოებს, პირველ მოპასუხესთან შეთანხმებული პროექტის ფარგლებში ასრულებდა, პროექტის პირობები არ დაურღვევია და არც მის ფარგლებს არ გასცდენია, რის გამოც ზიანზე პასუხიმგებელ პირად ვერ მიიჩნეოდა. საკითხისადმი ასეთი მიდგომა სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ, მეორე მოპასუხეს, აღნიშნულ გარემოებაზე არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომებზე არ მიუთითებია, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ის მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ ხარჯთაღრიცხვაში ხარჯები მეტისმეტად გაზრდილი იყო. გარდა ამისა, მეორე მოპასუხე ვერც რაიმე საპატიო მიზეზზე ვერ უთითებდა, რამაც დასახელებული გარემოების შესაგებელში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომებზე მითითებაში შეუშალა ხელი.

სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული ფაქტი და გარემოება არ შეიძლება გასცდეს სარჩელში/შესაგებელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს, ამდენად, მეორე მოპასუხე შეზღუდული იყო, მიეთითებინა ახალ გარემოებაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 219-ე, 380-ე და 215.3 მუხლები).

11.3. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე სადავო არ იყო ზიანის არსებობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 992-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა.

11.4. რაც შეეხებოდა ზიანის მოცულობას, ამ კუთხით, სასამართლომ, ყურადღება მიაპყრო შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნაკვეთზე მისასვლელი ცენტრალური გზა ისეა მიწაყრილით ამაღლებული, რომ ჩაიკეტა მიწის ნაკვეთზე შესასვლელი კარი.

ზიანის მიყენებამდე, მიწის ნაკვეთის ბეტონის ღობის ფარგლებში ჭიშკრის არსებობის ფაქტი, სადავოდ გახადა მეორე მოპასუხემ, თუმცა, მოსარჩელემ, ამ ფაქტის უარსაყოფად ვერ წარადგინა სარწმუნო და დასაბუთებული მტკიცებულება.

საქმეზე წარდგენილი ფოტოსურათებით კი, არ დგინდებოდა, არსებობდა თუ არა ჭიშკარი და რა სახით მოხდა მისი დაზიანება მიწაყრილის მოწყობის შედეგად. ამდენად, საქმეში არსებული ფოტოილუსტრაციით, ბეტონის ფილებს შორის რაიმე სახით ჭიშკრის არსებობა, არ იკვეთებოდა. უფრო მეტიც, ფილებს შორის ჩაყოლებული იყო რკინის ბოძები, რომლებზეც ანჯამები არ იყო დატანებული და შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ აღნიშნული ღიობი დატოვებული იყო სპეციალურად, ჭიშკრის სამომავლოდ მოწყობის მიზნით, რაც, მითითებულ ადგილას, ზიანის დადგომამდე შესასვლელი კარის (ჭიშკრის) არარსებობის ვარაუდს ამყარებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოიხატა მხოლოდ მიწაყრილის მოწყობის შედეგად სადავო ნაკვეთზე მისასვლელი გზის გადაკეტვაში.

11.5. ზიანის ანაზღაურებაზე, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლის დასასაბუთებლად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 463-ე და 998-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სოლიდარული ვალდებულების არსი სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება;

თუ ზიანის დადგომაში რამდენიმე პირი მონაწილეობს, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ვინაიდან საქმეზე დადგინდა, რომ, მეორე მოპასუხე, თბილისის შემოვლითი სარკინიგზო გზის მოწყობის პროექტს, პირველ მოპასუხესთან ერთად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა, ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ ისინი ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარულად იყვნენ პასუხისმგებელი.

სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ზემომითითებული დასკვნის საპირწონე ვერ გახდებოდა მოპასუხეთა შორის დადებული ხელშეკრულების 17.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რადგან ხსენებული დანაწესი ადგენდა მოპასუხეთა შორის პასუხისმგებლობის განაწილების წესს მესამე პირების მიმართ ზიანის დადგომისას და ეს შეთანხმება ვერ გავრცელდებოდა მესამე პირებზე, მათი მხრიდან არსებული მოთხოვნების მიმართ.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივრები შემოიტანეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით, მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამ უკანასკნელის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

14. პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია: სასამართლოს მიერ, საქმეზე დადგენილი გარემოებები, არ ქმნის დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის ნორმა, რომლითაც, მოპასუხეებს, ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა დააკისრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

18. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის კანონიერება. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე, სარჩელის სამართლებრივი საფუძველი უნდა ვეძიოთ სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) და 998.1 (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები) მუხლებში.

19. წარმოდგენილი სარჩელი, მიმართული იყო, მოპასუხეთა წინააღმდეგ, თბილისის სარკინიგზო გზის მოწყობის პროექტის განხორციელების შედეგად დამდგარი ზიანის მათთვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურება, საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მოპასუხემ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით, მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამ უკანასკნელის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ეს იმას ნიშნავს, მეორე მოპასუხის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.2 და 264.3 მუხლები). აქედან გამომდინარე, პალატა, მეორე მოპასუხის ნაწილში ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობაზე აღარ იმსჯელებს.

20. პირველ რიგში, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ყურადღება გაამახვილოს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1). სადავო ნაკვეთამდე მისასვლელი გზა, გადაიკეტა, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის მშენებლობისას წარმოშობილი მიწაყრილის მოწყობის შედეგად;

2). თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს ახორციელებს პირველი მოპასუხე, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს, უშუალოდ, მეორე მოპასუხე ასრულებს;

3). მოპასუხეები, ერთმანეთთან, სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან, შესაბამისად, ორივე მათგანი ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს, იმისათვის, რომ საერთო მიზანს მიაღწიონ.

4). მოსარჩელემ სასამართლოს განუმარტა, რომ სადავო ნაკვეთზე მისასვლელი ცენტრალური გზის მიწაყრილით ამაღლების შედეგად, ჩაიკეტა მის მიწის ნაკვეთზე შესასვლელი კარი. მოპასუხემ, ზიანის მიყენებამდე, მიწის ნაკვეთში ბეტონის ღობის ფარგლებში ჭიშკრის არსებობა უარყო, რისი გამაქარწყლებელი მტკიცებულებაც მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.

5). საქმეში არსებული ფოტოსურათებით არ დგინდება, არსებობდა თუ არა სადავო ნაკვეთში ჭიშკარი. უფრო მეტიც, ფოტოილუსტრაციით იკვეთება, რომ ფილებს შორის ჩაყოლებული იყო რკინის ბოძები, რომლებზეც ანჯამები არ იყო დატანებული.

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ისინი დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში, აშკარაა, რომ დასახელებული გარემოებები ასაბუთებს სარჩელის საფუძვლიანობას, გამომდინარე სსკ-ის 992-ე და 408.1 მუხლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, სარჩელი იმ ფარგლებში ცნო წარმატებულად, რისი დამტკიცებაც მოსარჩელემ შეძლო და რისი უარყოფის მტკიცების ტვირთიც კასატორმა ვერ დაძლია (სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება კანონიერია.

22. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის დასასაბუთებლად, ვერ გამოდგება, კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ზიანის ანაზღაურებაზე მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლის არსებობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილიც კანონშესაბამისია. ამ შემთხვევაში, არსებითია, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი (რომლის შესრულების პროცესშიც მოსარჩელეს ზიანი მიადგა) 2010 წლის 14 ივნისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.

ხსენებული ხელშეკრულების მიხედვით, პროექტს პირველი მოპასუხე ახორციელებდა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს, უშუალოდ, მეორე მოპასუხე ასრულებდა. ამდენად, ხელშეკრულებით, ორივე მოპასუხე საერთო მიზნის განხორციელებისთვის მოქმედებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახეზეა სსკ-ის 463-ე მუხლით (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ის, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) გათვალისწინებული მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები.

აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გააქარწყლებს მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებაში ასახული ზიანის ანაზღაურების პირობები, რადგან ისინი უშუალოდ მათ შორის პასუხისმგებლობის წესს ადგენს და მესამე პირების (მათ შორის, მოსარჩელის) მხრიდან მოთხოვნის დაყენებისას განმსაზღვრელი ვერ გახდება.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ,,ს.რ–ას“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება - № 20440, გადახდის თარიღი - 30/06/2020) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე