საქმე №ას-1145-2021
02 დეკემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალქო სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ–ის“ სარჩელი და გ.დ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1886.3 ლარის გადახადა. ამავე გადაწყვეტილებით გ.დ–ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალქო სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე გ.დ–მა შეიტანა საჩივარი.
თბილისის საქალქო სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის განჩინებით გ.დ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალქო სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.დ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით გ.დ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ.დ–მა შეიტანე კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გ.დ–ს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.დ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო (კერძო) საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო (კერძო) საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო (კერძო) საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო (კერძო) საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო (კერძო) საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გ.დ–ს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება გ.დ–ის წარმომადგენელს დ.ა–ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა პირადად ადვოკატს 2021 წლის 12 ნოემბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთ (05) დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 13 ნოემბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 17 ნოემბერს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კკერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 420-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გ.დ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე