Facebook Twitter

2 დეკემბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-1427 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ა–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ზ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს ზიანის - 10 615.2 ლარის, ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ანაზღაურებული - 100 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი მოსარჩელესაც მიუძღვის, რადგან კედლებზე ბზარები გამოწვეულია მოსარჩელის მიერ ნაწარმოები მიშენებითაც.

2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მის მიერ განხორციელებული გამაგრებითი სამუშაოების შედეგად შენობა უფრო უსაფრთხო გახდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. მხარეები ბათუმში, ..... მდებარე კორპუსში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. უძრავი ნივთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

5.4. ბათუმში, ......... მდებარე ბინა #13 ს/კ-ით #........ მოსარჩელის საკუთრებაა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება), (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 15. ტ.1).

5.5. ბათუმში, ...... მდებარე ბინა #15 ს/კ-ით #....... კი, მოპასუხის საკუთრებაა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის საკუთრება), (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 16. ტ.1).

5.6. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2017 წლის 9 მარტის N01-07/26 ბრძანებით, მოპასუხის განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ დაკმაყოფილდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის N03-04/3 სხდომის ოქმით, შეთანხმდა სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რაც საცხოვრებელ სახლზე არსებულ სამსართულიან მინაშენზე, სართულების დაშენებას ითვალისწინებდა.

5.7. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მოპასუხის საცხოვრებელ ბინაზე დამატებითი სართულის დაშენების შედეგად დაზიანდა.

5.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 მაისის #002810817 დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, ბათუმში, ........ მიშენებული ნაწილის დაზიანებები მიღებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციის შედეგად, ვინაიდან, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა სათანადო სიზუსტით არ განხორციელებულა და მიღებული შედეგები არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას, კერძოდ, გეოლოგიური კვლევის შედეგად მიშენებული ნაწილის წერტილოვანი საძირკვლების ზომები შეადგენს 140X140 სმ და მათი დაფუძნება განხორციელებულია 90 სმ სიღრმეზე, ტექნოლოგიურ ნაყარ გრუნტზე, ხოლო საძირკვლის ძირიდან 40 სმ-ის სიღრმეზე განლაგებულია ხრეშოვანი გრუნტის ფენა. თუმცა, წერტილოვანი საძირკვლების ზომები ბევრად ნაკლებია გეოლოგიური კვლევის შედეგებთან შედარებით, რის გამოც, საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები ვერ შესრულდა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით. ამასთანავე, საამშენებლო ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მეთოდი ფუძის გამაგრებითი სამუშაოებისთვის, სამშენებლო ნორმების თანახმად უნდა იყოს გამყარებული სათანადო კოსტრუქციული გაანგარიშებითა და პროექტით.

5.8.1. დასკვნის კვლევით ნაწილში ასევე მითითებულია, რომ ვიზუალური დათვალიერებისას დაფიქსირდა შემდეგი სახის დაზიანებები: პირველსა და მესამე სართულზე ძირითად შენობასა და მიშენებულ ნაწილს შორის გაჩენილია ვერტიკალური ბზარები/ნაპრალები, რომელთა გახსნილობის სიგანე მატულობს ზედა სართულებზე; 1-ლი სართულის იატაკზე ძირითადი შენობისა და მიშენებული ნაწილის მიჯნის ზონაში არსებული კერამიკული ფილების ნაკერი გახსნილია. დაზიანებები გამოწვეულია მიშენებული ნაწილის საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებით. მობინადრეთა გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ ძირითად შენობასა და მიშენებულ ნაწილს შორის წარსულში პერიოდულად მატულობდა ბზარები, თუმცა, მათი დაკვირვებით ბოლო პერიოდში სიტუაცია დასტაბილიზირდა, რასაც ასაბუთებენ ბოლო წლებში ბინებში ჩატარებული კოსმეტიკური რემონტის შემდგომ აღნიშნულ ადგილებზე ბზარების არარსებობით, თუმცა, ზემოაღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას ბზარები ისევ გაიხსნა.

5.9. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების მიმღებმა კომისიამ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგილზე შეამოწმა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2017 წლის 9 მარტის N01-07/26 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა და ერთხმად დაადგინა, რომ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას, კერძოდ, ნაცვლად წერტილოვანი საძირკვლის გაძლიერებისა მოწყობილია ლენტური საძირკველი (იხ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების მიმღები კომისიის 2017 წლის 23 მაისის N03-08/36 ოქმი).

5.10. დამკვეთი/მოპასუხე სამშენებლო ნორმების დარღვევით გამოწვეული შედეგების გამოუსწორებლობისას მოსალოდნელი სანქციის გამოყენების თაობაზე არაერთხელ გაფრთხილდა.

5.11. მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ე-ა–ის“ მიერ 2017 წლის 14 ნოემბერს მომზადებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 10 615.2 ლარია.

5.12. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 24 აპრილს ადგილზე დაათვალიერა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და დაადგინა, რომ საცხოვრებელი სახლის კედლები დაბზარულია.

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

7.მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა.

8. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

9. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება და შემდგომ დაზიანებათა პროგრესირება გამოწვეულია მიშენებული ნაწილის საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციით, ვინაიდან, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა სათანადო სიზუსტით არ განხორციელებულა და მიღებული შედეგები არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას, კერძოდ, გეოლოგიური კვლევის შედეგად მიშენებული ნაწილის წერტილოვანი საძირკვლების ზომები შეადგენს 140X140 სმ და მათი დაფუძნება განხორციელებულია 90 სმ სიღრმეზე, ტექნოლოგიურ ნაყარ გრუნტზე, ხოლო საძირკვლის ძირიდან 40- სმ-ის სიღრმეზე განლაგებულია ხრეშოვანი გრუნტის ფენა. თუმცა, წერტილოვანი საძირკვლების ზომები ბევრად ნაკლებია გეოლოგიური კვლევის შედეგებთან შედარებით, რის გამოც, საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები ვერ შესრულდა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით. ამასთანავე, საამშენებლო ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მეთოდი ფუძის გამაგრებითი სამუშაოებისთვის სამშენებლო ნორმების თანახმად უნდა იყოს გამყარებული სათანადო კოსტრუქციული გაანგარიშებითა და პროექტით.

ამის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

10. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (შდრ. სუსგ Nას-191-183-2016, 19.04.16). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი, სწორედ რომ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია. ...ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ ის საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს.

11. დადგენილი, რომ სადავო სარეკონსტრუქციო მშენებლობის საწყისს ეტაპზე უკვე არსებული მიშენების საძირკველის გამაგრება არასაკმარისად განხორციელდა, მოწყობილმა საძირკველმა დაშენების სიმყარე ვერ უზრუნველყო და მოახდინა უკვე არსებული მიშენების ჯდენა-დეფორმაციის პროცესის პროვოცირება. ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საძირკველს დაემატა სიმყარე მშენებლობის პროცესში, უკვე განხორციელებული მშენებლობის სიმძიმემ გამოიწვია მეორე სართულზე არსებული მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის შიდა კედლების დაბზარვა.

12. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი, მოსარჩელესაც მიუძღვის.

12.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, კერძოდ, მაშინ, როდესაც მოსარჩელემ მკაფიოდ და დამაჯერებლად მიუთითა მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებზე, მოპასუხემ შესაგებელში მხოლოდ ზოგადად აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანხმებოდა და შერეულ ბრალზე არ მიუთითებია. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017). ამდენად, ვინაიდან მოპასუხე შესაგებლით არ ედავება სარჩელის ფაქტობრივ გარემოებას საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი შესაგებელი ვერ გააქარწყლებს მოპასუხის საცხოვრებელ ბინაზე დამატებითი სართულის დაშენების შედეგად მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანების თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტს.

12.2. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს/კასატორს, სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ მიუთითებია შერეულ ბრალზე.

12.3. ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია. შესაბამისად, კასატორს ეს პრეტენზია დასაბუთებულია.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება გ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 530 ლარის (საგადახდო დავალება #24584956, გადახდის თარიღი 24.02.2021 წ), 70% - 371 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ა–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 530 ლარის (საგადახდო დავალება #24584956, გადახდის თარიღი 24.02.2021 წ), 70% - 371 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე