Facebook Twitter

13 დეკემბერი 2021 წელი №ას-1072-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ზ.ტ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით თ.ჩ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ზ.ტ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე (მდებარე - ქალაქი თბილისი, ......., რიგი - 2, კორპუსი - 2, ბინა - 34, საკადასტრო კოდი № .......) და საზიარო საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა განაწილდა თანამესაკუთრეებს - მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, აღნიშნული ქონებიდან მათ საკუთრებაში არსებული წილის შესაბამისად. გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე (მდებარე - ქალაქი თბილისი, ....., სართული - 8, საკადასტრო კოდი № ......) და საზიარო საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა განაწილდა თანამესაკუთრეებს - მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღნიშნული ქონებიდან მათ საკუთრებაში არსებული წილის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 120 ლარის, ასევე სასამართლოსგარეშე ხარჯის: ექსპერტიზის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 150 ლარის, უძრავი ქონების საშემფასებლო დოკუმენტის მომზადებისათვის გადახდილი _ 300 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 1900 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმება ხარჯების დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 120 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის _ 150 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 320 ლარის ანაზღაურება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2021 წლის 06 დეკემბერს კასატორის წარმომადგენელმა შ.ძ–ძემ (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 173-175) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

სასამართლო მოხელე დამატებით დაუკავშირდა ზ.ტ–ძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ წარმომადგენლის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე გამოხატავს მის ნებას. ადრესატს დამატებით განემარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, იგი ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის წარმომადგენლის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, რაც ნიშნავს, მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თვიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული უადაოდ გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, აპელანტი უფლებამოსილია კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. ეს წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 272-ე, 49-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ტ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება ზ.ტ–ძის საკასაციო საჩივარზე.

3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება.

4. ზ.ტ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.ძ–ძის (პ/ნ .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2021 წლის 05 ნოემბრის #0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარი.

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია