Facebook Twitter

საქმე № ას-694-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.დ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი „(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენლებმა სარჩელი აღძრეს მ.დ–ის მიმართ თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვეს - 1.1. მ.დ–ს 2017 წლის 16 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს შემცირებული დავალიანების 3968.05 ლარის გადახდა; 1.2. მ.დ–ს 2017 წლის 29 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-2445.91 ლარის გადახდა.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ -თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხების დაკისრების ნაწილში.მოპასუხის განმარტებით,მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობები ორივე შემთხვევაში არაგონივრულად მაღალია და უნდა მოხდეს მისი მინიმუმამდე შემცირება.

3. თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით 1. სს „თ.ბ–ის“ სარჩელი მ.დ–ის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1.1. მოპასუხე მ.დ–ს მოსარჩელე სს „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 16 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის- 1 984.05 ლარისა და პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა. 1.2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2. მოპასუხე მ.დ–ს მოსარჩელე სს „თ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 29 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის-997.44 ლარის, სარგებლის-944.43 ლარის და პირგასამტეხლოს-200 ლარის გადახდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ.დ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით მ.დ–ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. უცვლელად დარჩა თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის 1.მ.დ–ს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 50 (ორმოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

8. 2021 წლის 17 სექტემბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის შესავსებლად საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, მ.დ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.დ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

განჩინება ადრესატს გაეგზავნა განცხადებაში მითითებულ სამუშაო მისამართზე (თბილისი, .......) და ჩაბარდა ადგილზე მომუშავე ადვოკატს - ლ.ბ–ს 2021 წლის 21 ოქტომბერს (ტ. 2, ს.ფ. 181).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის წარმომადგენლის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, მ.დ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.დ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ზემოთმითითებული განჩინება ადრესატს გაეგზავნა განცხადებაში მითითებულ სამუშაო მისამართზე (თბილისი, ....... ქ. N5-7) და ჩაბარდა ადგილზე მომუშავე ადვოკატს - ლ.ბ–ს 2021 წლის 21 ოქტომბერს (ტ. 2, ს.ფ. 181).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 3 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 22 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 25 ოქტომბერს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით შეევსო, რაც არ განუხორციელებია.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 272-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე