16 დეკემბერი, 2021 წელი
№ას-1296-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ჯ.ფ.კ. ჯ–სი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება _ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შ.პ.ს. „ჯ.ფ.კ. ჯ“-მ სარჩელი აღძრა შ.კ–ძის მიმართ ყოველთვიური პროცენტის სახით სესხის ძირითადი თანხის 25 000 ლარის 3%-ის _ 750 ლარის გადახდა სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღიდან _ 2018 წლის 11 ივლისიდან მოპასუხის მიერ სესხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.ასევე მოითხოვა დაკისრებული თანხების ამოღება და გადახდევინება იპოთეკის საგნის ს/კ ........ იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა ვერ დაფარავდა მოთხოვნას სრულად, მაშინ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან გადახდევინების განხორციელება.
მოპასუხე _ შ.კ–ძემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ჯ.ფ.კ. ჯ“-ს სარჩელი მოპასუხე შ.კ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ჯ.ფ.კ. ჯ“-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით, შ.პ.ს. „ჯ.ფ.კ.ჯ“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.კ–ძემ, რომელმაც მხარეებს შორის 2017 წლის 16 ივნისსა და 2018 წლის 12 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკულებების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობა მოითხოვა. ხოლო გასაჩივრებულ განჩინებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის დასაბუთებული და კანონიერია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, მიაჩნია, რომ შ.კ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები _ მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ,,მხარეში" იგულისხმება ის მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულია გადაწყვეტილება/განჩინება (მაგალითად: მოსარჩელე, რომლის სარჩელი/სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ან მოპასუხე, რომლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა). მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების/განჩინების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული (შდრ. სუსგ №ას-55-2020, 27 იანვარი, 2020 წელი; №ას-458-437-2015, 28 მაისი, 2015 წელი).
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ისეთი ვითარება, როცა სააპელაცო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მხარე, რომლის სასარგებლოდაც არის გადაწყვეტილება მიღებული, რაც დაუშვებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილი. როგორც ზემოთ აღინიშნა, შ.კ–ძე ასაჩივრებს მხარეებს შორის 2017 წლის 16 ივნისსა და 2018 წლის 12 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად მათ ბათილად ცნობას მოითხოვს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ის დასაბუთებული და კანონიერია. ანუ კასატორს პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მის მიმართ დადგენილ შედეგზე არ გააჩნია, თუმცა, ის არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების ნაწილს.
ამ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი ვერ იქნება საკასაციო საჩივრის საფუძველი გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა, ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ ის მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება, რის თაობაზეც მხარემ სააპელაციო საჩივარში უნდა მიუთითოს (შდრ. სუსგ Nას-286-274-2015, 06 აპრილი, 2015 წელი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის არსი წარმოადგენს არა პირის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, არამედ ორიენტირებულია იმ პირის/პირთა უფლებების დაცვაზე (გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება), რომელთა მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით _ სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი უფლებები და/ან მოვალეობები.
ამდენად, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგ არის გამოტანილი.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინება შ.კ–ძის წინააღმდეგ გამოტანილი არ არის, ამასთან, თავად კასატორიც აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მის მიმართ დადგენილ შედეგზე პრეტენზია არ გააჩნია და ის მხოლოდ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას ნაწილობრივ, აღნიშნული საკითხი ვერ გახდება საკასაციო საჩივრის ფარგლებში განხილვის საგანი.
დასკვნის სახით, ზემოაღნიშნული განმარტებიდან და დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ შ.კ–ძე არ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინების საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ.კ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.კ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : ლაშა ქოჩიაშვილი