Facebook Twitter

საქმე №ა-256-შ-4-2018 23 აპრილი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

შუამდგომლობის ავტორი – დ.ა–ჩი

წარმომადგენლები – ლ.კ–ძე, მ.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ა

წარმომადგენელი – დ.თ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი დ.ა. ძე ა–ის სარჩელზე ა.ს. ძე კ–ას მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების წესით თანხის გადახდევინებაზე, რომლის თანახმად:

1.1. ა.ს. ძე კ–ა 2011 წლის 29 აპრილამდე ნაწილობრივ დაფარავს დავალიანებას 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით, გადახდის დღისათვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით;

1.2. ვალის დარჩენილი თანხა - 665 186,26 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ანაზღაურდება 2011 წლის 15 დეკემბრამდე, გადახდის დღისათვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით;

1.3. ვალის აუნაზღაურებელ თანხაზე ირიცხება პროცენტი, წლიური 5%-ის ოდენობით, 2010 წლის 5 ნოემბრიდან (ა.ს.ძე კ–ას მიერ ვალის თანხის დაბრუნების პრეტენზიის მიღების თარიღიდან) ვალის მთელი თანხის ფაქტიურად დაფარვის თარიღის ჩათვლით. პროცენტები ერიცხება ვალის თანხას, რომელიც ნომინირებულია აშშ დოლარებში პროცენტების თითოეული გადახდის თარიღისათვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით;

1.4. პროცენტები გადახდას ექვემდებარება შემდეგი წესით:

1.4.1. 2011 წლის 31 მაისს - პროცენტები 2010 წლის 5 ნოემბრიდან 2011 წლის 29 აპრილის ჩათვლით პერიოდზე 27 775,71 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (1 165 186,26$ x 174 დღე);

1.4.2. 2011 წლის 31 მაისს - პროცენტები 2011 წლის 29 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდზე 2916,18 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 32 დღე);

1.4.3. 2011 წლის 30 ივნისს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე 2733,92 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 30 დღე);

1.4.4. 2011 წლის 31 ივლისს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდზე 2825,05 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 31 დღე);

1.4.5. 2011 წლის 31 აგვისტოს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე 2825,05 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 31 დღე);

1.4.6. 2011 წლის 30 სექტემბერს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე 2733,92 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 30 დღე);

1.4.7. 2011 წლის 31 ოქტომბერს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე 2825,05 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 31 დღე);

1.4.8. 2011 წლის 30 ნოემბერს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე 2733,92 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 30 დღე);

1.4.9. 2011 წლის 15 დეკემბერს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე 1366,95 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 15 დღე).

1.5. ფულის მიღებისას გაიცემა ხელწერილი;

1.6. ვალის თანხის ვადამდე დაფარვის შემთხვევაში პროცენტები ანაზღაურდება ვალის ფაქტიურად დაბრუნების თარიღის ჩათვლით;

1.7. ვალის და/ან პროცენტების დაბრუნების ნებისმიერი ვადის გამოტოვების შემთხვევაში ერთ სამუშაო დღეზე მეტი ხნით ა.ს. ძე კ–ა ითვლება მოცემული მორიგების აქტის დამრღვევად, მორიგების აქტი ექვემდებარება იძულებით აღსრულებას რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

1.8. მხარეთა სასამართლო ხარჯები კომპენსირებას არ ექვემდებარება.

2. ზემოაღნიშნული განჩინებით №2-369/11 საქმეზე დ.ა. ძე ა–ის სარჩელზე ა.ს. ძე კ–ას მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების წესით თანხის გადახდევინების თაობაზე წარმოება შეწყდა; დ.ა. ძე ა–სა და ა.ს. ძე კ–ას განემარტათ, რომ არ დაიშვება განმეორებით მიმართვა სასამართლოში იმავე მხარეებს შორის დავაზე, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით; სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს კერძო საჩივარი მოსკოვის საქალაქო სასამართლოში 10 დღის განმავლობაში.

3. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განჩინებით შესწორდა ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებაში დაშვებული შეცდომა და, ნაცვლად სამოქალაქო საქმის ნომრისა №2-369/11, მიეთითა №2-105/11.

4. დ.ა–ჩის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება 1 202 804,07 აშშ დოლარის ფარგლებში.

5. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს რუსეთის ფედერაციის სასამართლო პრისტავების ფედერალური სამსახურის მოსკოვის სამმართველოს განსაკუთრებულ სააღსრულებო წარმოებაზე სასამართლო პრისტავების სარაიონთაშორისო განყოფილების სასამართლოს პრისტავ-აღმასრულებლის დადგენილება ძებნის შეწყვეტის შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით მოვალე ა.კ–ას მიმართ განხორციელებული სააღსრულებო წარმოების მიხედვით დარჩენილი დავალიანების ოდენობა შეადგენს 1 202 804,07 აშშ დოლარს.

6. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარემ არ შეასრულა მორიგების პირობები, რის გამოც ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება.

7. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით დასტურდება, რომ მოპასუხე სასამართლო განხილვაში მონაწილეობდა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა და ითხოვა მორიგების პირობების დამტკიცება.

8. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების დამოწმებულ ასლზე ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს მიერ მითითებულია, რომ აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 14 თებერვალს.

9. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა რუსეთის ფედერაციის სასამართლო პრისტავების ფედერალური სამსახურის მოსკოვის სამმართველოს განსაკუთრებულ სააღსრულებო წარმოებაზე სასამართლო პრისტავების სარაიონთაშორისო განყოფილების სასამართლოს პრისტავ-აღმასრულებლის არტიომ სერგოს ძე დენისოვის 2017 წლის 28 დეკემბრის სააღსრულებო დოკუმენტის დასრულებისა და აღმასრულებლისადმი დაბრუნების დადგენილება და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართულ მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ......). სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა.

12. ზემოაღნიშნული განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, აგრეთვე, შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

13. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

14. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და მიუთითა გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის შემდეგ საფუძვლებზე:

14.1. კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, „ვალაუვალობის (გაკოტრების) შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის საფუძველზე, მოპასუხე ცნობილ იქნა გაკოტრებულად. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სასამართლო აღმასრულებელი დაასრულებს სააღსრულებო წარმოებას პირის გაკოტრებულად ცნობის შემთხვევაში. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინება აღარ ექვემდებარება აღსრულებას, რაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამორიცხავს მის ცნობასა და აღსრულებას;

14.2. მოპასუხეს საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია ქონება.

15. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორს.

16. შუამდგომლობის ავტორმა მოპასუხის წერილობით პოზიციაზე წარმოადგინა მოსაზრება და მიუთითა შემდეგ საკითხებზე:

16.1. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ იგი შესული იყოს კანონიერ ძალაში და გაიაროს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი, კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში და არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არის ცნობილი;

16.2. „ვალაუვალობის (გაკოტრების) შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის 213.29-ე მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილია ის გარემოებები, რომელთა არსებობისას ბანკროტად ცნობილი მოქალაქე თავისუფლდება კრედიტორის მოთხოვნებისაგან. თუმცა, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 აბზაცის მიხედვით, მოქალაქის ვალდებულებისაგან გათავისუფლება დაუშვებელია, თუ დამტკიცებულია, რომ ვალდებულების წარმოშობის ან შესრულებისას მოქალაქე მოქმედებდა უკანონოდ, მათ შორის, ჩაიდინა თაღლითობა, ბოროტად აარიდა თავი კრედიტორული დავალიანების დაფარვას, დამალა ან განზრახ გაანადგურა ქონება. მოწინააღმდეგე მხარემ რუსეთის სასამართლოს მიერ მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების აქტის შესრულების პროცესში ჩაიდინა თაღლითობა, რომელზეც რუსეთის ფედერაციაში მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მასზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. ამას გარდა, მოწინააღმდეგე მხარე ფიქტიურად განქორწინდა და ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ....... ქუჩაზე მდებარე ძვირადღირებული უძრავი ქონება გადაუფორმა საკუთარ მეუღლეს. შესაბამისად, მან დამალა ქონება, რითაც ბოროტად აარიდა თავი შუამდგომლობის ავტორის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამართალწარმოება.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2018 წლის 19 დეკემბერს, 2019 წლის 14 თებერვალს, 2019 წლის 28 მარტსა და 2019 წლის 23 აპრილს გამართულ სხდომებზე.

18. 2019 წლის 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეზე წერილობითი მტკიცებულებების დართვისა და სპეციალისტების სასამართლო სხდომაზე დაშვების თაობაზე.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქმეს დაერთო მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება - „პროფესიონალი საარბიტრაჟო მმართველების რეგიონული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის“ წევრისა და საარბიტრაჟო მმართველის - ვ.ა. ძე ბ–ის განმარტება „ვალაუვალობის (გაკოტრების) შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 2002 წლის 26 ოქტომბრის №127 ფედერალური კანონისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 2007 წლის 2 ოქტომბრის №229 კანონის შესახებ. შუამდგომლობა სპეციალისტების სასამართლო სხდომაზე დაშვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე შუამდგომლობის ავტორს დაევალა: 1) მოპასუხის მიერ წარმოდგენილ „პროფესიონალი საარბიტრაჟო მმართველების რეგიონული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის“ განმარტებაზე საპასუხო დოკუმენტის წარმოდგენა; 2) მოთხოვნის დაზუსტება (ვინაიდან შუამდგომლობის ავტორი ითხოვს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას 1 202 804,07 აშშ დოლარის ფარგლებში, უნდა დაზუსტდეს 1 202 804, 07 აშშ დოლარის რა ნაწილია ძირი და რა ნაწილია პროცენტი).

21. შუამდგომლობის ავტორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის საპასუხო დასკვნა ან დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო დ.ა–ჩის შუამდგომლობის, საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

23. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

24. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

25. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს.

26. განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულებას არ ექვემდებარება.

27. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ თავისი პოზიციის გასამყარებლად წარმოადგინა კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოვალე (მოწინააღმდეგე მხარე) აღიარებულია გაკოტრებულად და მის მიმართ შემოღებულია მოქალაქის ქონების რეალიზაციის პროცედურა. მოპასუხის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყდა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოება, ხოლო ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია.

28. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობისა და მისი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერ ძალაში არ შესულა ან არ ექვემდებარება აღსრულებას იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე.

29. ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ იგი ექვემდებარებოდეს აღსრულებას. ამას გარდა, უცხოური სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად მის გამომტან სახელმწიფოშიც აღსრულებადი უნდა იყოს (იხ. ლ. გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბილისი 2010, გვ. 32).

30. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მის გამომტან სახელმწიფოში აღსრულებადია თუ არა გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს.

31. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენებისას საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით. თუ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიუხედავად უშედეგოა ან მოითხოვს გაუმართელებელ ხარჯებს, ხოლო პროცესის არცერთ მხარეს არ შეუძლია ნორმების არსის დადგენა და მათი გამოყენების დასაბუთება, სასამართლო იყენებს საქართველოს სამართალს.

32. საკასაციო სასამართლომ ქონებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითება წარმოადგენს დაინტერესებული მხარის ვალდებულებას და შედის მტკიცების საგანში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ეკისრება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების, მათი გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითებისა და დამტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 7 ივლისი, 2017 წელი; №ას-209-196-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).

33. მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა „პროფესიონალი საარბიტრაჟო მმართველების რეგიონული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის“ წევრისა და საარბიტრაჟო მმართველის - ვ.ა. ძე ბ–ის განმარტება (შემდგომში - „სპეციალისტის განმარტება“) „ვალაუვალობის (გაკოტრების) შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 2002 წლის 26 ოქტომბრის №127 ფედერალური კანონისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 2007 წლის 2 ოქტომბრის №229 კანონის შესახებ.

34. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო რუსეთის ფედერაციის კანონების შინაარსის დადგენისას იხელმძღვანელებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი განმარტებებით.

35. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის განმარტების თანახმად:

35.1. „ვალაუვალობის (გაკოტრების) შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 2002 წლის 26 ოქტომბრის №127 ფედერალური კანონის (შემდგომში - „ვალაუვალობის შესახებ ფედერალური კანონი“) 213.24 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქის გაკოტრებულად აღიარებისას საარბიტრაჟო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქის ქონების რეალიზაციის შემოღების შესახებ. მოქალაქის ქონების რეალიზაციის შემოღება ხდება არაუმეტეს 6 თვის ვადით. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაკოტრების საქმეში მონაწილე პირის შუამდგომლობით;

35.2. საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მოქალაქის გაკოტრებულად აღიარების საფუძველზე და ვალაუვალობის შესახებ ფედერალური კანონის 213.6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქის ქონების რეალიზაციის შემოღების შემთხვევაში, ფინანსური მმართველი ფოსტით უგზავნის შეტყობინებას მისთვის ცნობილ ყველა კრედიტორს. კრედიტორებს ეცნობებათ იმის შესახებ, რომ აქვთ საკუთარი მოთხოვნებისა და განმარტებების წარდგენის უფლება. კრედიტორთა მოთხოვნები და განმარტებები განიხილება ვალაუვალობის შესახებ ფედერალური კანონის მესამე მუხლის შესაბამისად;

35.3. ვალაუვალობის შესახებ ფედერალური კანონის 213.23 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცავს ინფორმაციას მოქალაქის ბანკროტად აღიარების თარიღთან დაკავშირებით;

35.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 2007 წლის 2 ოქტომბრის №229 რუსეთის ფედერაციის კანონის 69.1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოქალაქის, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის გაკოტრებულად აღიარებისა და მოქალაქის ქონების რეალიზაციის შემოღების შესახებ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ბოქაული-აღმასრულებელი ამთავრებს სააღსრულებო წარმოებას სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით. სააღსრულებო წარმოების დამთავრებასთან ერთად სასამართლო ბოქაული-აღმასრულებელი ხსნის მოვალის ქონებაზე მის მიერვე გამოყენებულ ყადაღას და ამ ქონების განკარგვაზე მიღებულ სხვა შეზღუდვებს;

35.5. ვალაუვალობის შესახებ ფედერალური კანონის 213.26 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ მდებარე ქონების მიმართ მიიღება ცალკე განჩინება, რომლის აღსრულებაც ხდება იმ სახელმწიფოს საპროცესო კანონმდებლობის წესებით, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ქონება ან რუსეთის ფედერაციის მიერ იმ სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ქონება;

35.6. მოქალაქის ქონების რეალიზაციის თაობაზე ანგარიშის განხილვის შედეგების მიხედვით, საარბიტრაჟო სასამართლოს გამოაქვს განჩინება მოქალაქის ქონების რეალიზაციის დამთავრების შესახებ. კრედიტორებთან ანგარიშსწორების დასრულების შემდეგ გაკოტრებულად აღიარებული მოქალაქე თავისუფლდება კრედიტორთა მოთხოვნების შემდეგი შესრულებისგან, მათ შორის, კრედიტორების იმ მოთხოვნებისგან, რომლებიც არ ყოფილა დაყენებული მოქალაქის ვალის რესტრუქტურიზაციის ან მოქალაქის ქონების რეალიზაციის წარმოებისას. მოვალის მიმართ შეიძლება არ იქნას გამოყენებული კრედიტორთა მოთხოვნებისაგან გათავისუფლების წესი. ამ შემთხვევაში, კრედიტორებს აქვთ უფლება მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

36. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, ასევე სპეციალისტის განმარტების თანახმად:

36.1. კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარე აღიარებულია ვალაუვალად (გაკოტრებულად); მოვალის მიმართ შემოღებულია მოქალაქის ქონების რეალიზაციის პროცედურა; ფინანსურ მმართველად დამტკიცებულია ი.ვ. ტ–ა. ინდივიდუალური მეწარმის ბანკროტად აღიარებისა და მოქალაქის ქონების რეალიზაციის შემოღების შესახებ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ბოქაული-აღმასრულებელი ამთავრებს სააღსრულებო წარმოებას სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით. სააღსრულებო წარმოების დამთავრებასთან ერთად სასამართლო ბოქაული-აღმასრულებელი ხსნის მოვალის ქონებაზე მის მიერვე გამოყენებულ ყადაღას და ამ ქონების განკარგვაზე მიღებულ სხვა შეზღუდვებს. შესაბამისად, გაკოტრების პროცედურის შემდეგ სააღსრულებო დოკუმენტების საფუძველზე გადახდევინება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, შეტყობინება პროცედურის შემოღების შესახებ 2018 წლის 6 აპრილს გამოქვეყნდა გაზეთ „კომერსანტის“ ვებ-გვერდზე, 2018 წლის 7 აპრილს - ბეჭდურ ვერსიაში, ხოლო 2018 წლის 29 მარტს - გაკოტრების ერთიან ფედერალურ რეესტრში;

36.2. შუამდგომლობის ავტორმა მიმართა კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს ორი იდენტური შინაარსის განცხადებით და მოითხოვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მისი ჩართვა (მოთხოვნა 93 613 973, 91 რუბლს შეადგენდა). შუამდგომლობის ავტორი საკუთარ მოთხოვნებს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით (საქმე N2-369/11) ასაბუთებდა, რომლითაც მოვალემ 1 165 186, 26 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის და 2010 წლის 5 ნოემბრიდან წლიური 5% გაანგარიშებით თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა;

36.3. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში შუამდგომლობის ავტორი (ძირითადი ვალის სახით 56 639 817 რუბლისა და 54 კაპიკის, ხოლო პროცენტის სახით 17 676 528 რუბლისა და 79 კაპიკის მოთხოვნით) მესამე რიგშია;

36.4. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ჩართვისა და კრედიტორთა პირველ კრებაში მონაწილეობის მიზნებისთვის საკონკურსო კრედიტორები, მათ შორის, კრედიტორები, რომელთა მოთხოვნაც უზრუნველყოფილია მოქალაქის ქონების გირავნობით, უფლებამოსილნი არიან საკუთარი მოთხოვნები მოქალაქეს წაუყენონ ვალაუვალობის შესახებ ფედერალური კანონის საფუძველზე.

37. სპეციალისტის განმარტებაში დამატებით მითითებულია რუსეთის ფედერაციის სასამართლოების პრაქტიკაზე გადახდისუუნაროდ აღიარებული პირების მიმართ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ, კერძოდ, ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის საარბიტრაჟო სასამართლოს განჩინება (საქმე №4893-2012) შეეხებოდა ინგლისის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღიარებას. ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა. რუსეთის ფედერაციის სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა, თუმცა ზედა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა ზემოაღნიშნული განჩინება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე რუსეთის მოქალაქეა, მისი მუდმივი ადგილსამყოფელი რუსეთის ფედერაციაშია, სადაც იგი აღიარებულია ბანკროტად. მისი კრედიტორების მოთხოვნის რეესტრში სხვა კრედიტორების მოთხოვნებთან ერთად, ჩართულია რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში სავალდებულო გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით ფედერალური საგადასახადო სამსახურის მოთხოვნებიც. აღნიშნულ საქმეზე დაყრდნობით, საარბიტრაჟო მმართველი განმარტავს, რომ თავად რუსეთის ფედერაციის სასამართლოს დასკვნების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციაში ფიზიკური პირის მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებამდე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარება არღვევს კრედიტორთა უფლებებს რუსეთის ფედერაციაში;

38. სპეციალისტის მოსაზრების თანახმად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა ნაადრევია, რამდენადაც გადაწყვეტილება მოცემული სასამართლო აქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევს, რადგან ვალაუვალობის შესახებ ფედერალური კანონის საფუძველზე აღნიშნული სასამართლო აქტის აღსრულება შეწყვეტილია.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალაუვალობის შესახებ ფედერალური კანონისა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ფედერალური კანონის ზემოაღნიშნული განმარტებების გაცნობის შედეგად აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში მოქალაქის ბანკროტად აღიარებისას მიმდინარეობს შემდეგი პროცედურები: 1) საარბიტრაჟო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქის ქონების რეალიზაციის შემოღების შესახებ; 2) ქონების რეალიზაციის შემოღების შესახებ ეცნობებათ კრედიტორებს, რომელთაც უფლება აქვთ წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები/განმარტებები; 3) კრედიტორთა რეესტრში ხდება კრედიტორების შეყვანა; 4) ბანკროტად გამოცხადებული მოქალაქის მიმართ ყველა სააღსრულებო წარმოება წყდება, ხოლო ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია; 5) მოვალის ქონების რეალიზაციის შედეგად ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება; 6) მოქალაქის ქონების რეალიზაციის შესახებ ანგარიშის განხილვის შედეგების მიხედვით, საარბიტრაჟო სასამართლოს გამოაქვს განჩინება მოქალაქის ქონების რეალიზაციის დამთავრების შესახებ; 7) კრედიტორებთან ანგარიშსწორების დასრულების შემდეგ გაკოტრებულად აღიარებული მოქალაქე თავისუფლდება კრედიტორთა მოთხოვნების შემდგომი შესრულებისგან.

40. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ კრედიტორების დაკმაყოფილება მოქალაქის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შემდეგ „ვალაუვალობის (გაკოტრების) შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის საფუძველზე ხორციელდება, რომლის შესაბამისად, გაკოტრების პროცედურის შემოღების შემდეგ გადახდევინება სააღსრულებო დოკუმენტებით (მათ შორის, გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით) შეუძლებელია.

41. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოვალე (მოწინააღმდეგე მხარე) აღიარებულია გაკოტრებულად და მის მიმართ შემოღებულია მოქალაქის ქონების რეალიზაციის პროცედურა. ამასთან, მოვალის ყველა კრედიტორი, მათ შორის, შუამდგომლობის ავტორი შეყვანილია კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში, რომლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაც ფედერალური კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის რიგში მესამე ადგილზეა.

42. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ კრედიტორთა დაკმაყოფილება მოპასუხის მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოების საფუძველზე უნდა მოხდეს.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინება რუსეთის ფედერაციაში აღსრულებას არ ექვემდებარება, რაც მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე-72-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ა–ჩის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე