საქმე №ას-1340-2019 10 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ.ლ–ი“ (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.შ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2019 წლის 8 თებერვალს სს „თ.ლ–მა“ (შემდგომში − „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მ.შ–ძის (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება მოითხოვა.
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
3. რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება.
5. 2019 წლის 17 ივნისს განმცხადებელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლითაც სასამართლომ განცხადება არ მიიღო წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული იყო არა ლიზინგის, არამედ - სესხის ხელშეკრულება. სააპელაციო პალატის მითითებით, განმცხადებლის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ საქმე სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებებით განიხილა და, ამჟამად, მოპოვებულია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მხარეთა შორის ლიზინგის ხელშეკრულების დადების ფაქტს.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მიმართულია საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ. სწორედ აღნიშნულმა სასამართლომ გამოიტანა ამ საქმეზე განჩინება, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოა საჩხერის რაიონული სასამართლო და არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნა იყო დაუშვებელი, რამდენადაც იგი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე და 424-ე მუხლების პირველი ნაწილების დანაწესს. სააპელაციო პალატის მითითებით, განმცხადებელმა საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა მიმართოს ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ (საჩხერის რაიონული სასამართლო) სასამართლოს.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ისე ცნო დაუშვებლად, რომ განცხადებაში ასახულ არცერთ შედავებაზე არგუმენტირებული პასუხი არ გაუცია. უფრო მეტიც, მას ისინი არც კი განუხილავს.
11.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არასწორად აღნიშნავს, თითქოს განმცხადებლის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ საქმე სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებებით განიხილა და, ამჟამად, მოპოვებულია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მხარეთა შორის ლიზინგის ხელშეკრულების დადების ფაქტს. პირიქით, განმცხადებლის მიერ დამატებითი დოკუმენტების მოპოვების აუცილებლობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის კერძო საჩივარზე მიიღო 2019 წლის 4 აპრილის განჩინება და ისეთი საკითხები გამოიკვლია, რომლებიც ცდებოდა როგორც საქმეში არსებულ მასალებს, ისე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გამარტივებული წარმოების ფარგლებს. სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ახსენა ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები და იმსჯელა მის შინაარსზე მაშინ, როდესაც ის საქმეში საერთოდ არ მოიპოვებოდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელი გაეცნო 2019 წლის 4 აპრილის განჩინებას, მისთვის ნათელი გახდა, რომ არსებობდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი და მოიპოვა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები და ანალოგიურ საქმეზე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის ბრძანება და სააღსრულებო ფურცელი, საქმე #2/269-18.
11.3. 2019 წლის 16 ივლისის განჩინებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უთითებს: „უდავოა, რომ ეს მტკიცებულებები მიმართულია საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ, რომელმაც გამოიტანა ამ საქმეზე განჩინება, და რომელი განჩინებაც უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ“. სასამართლოს ასეთი მსჯელობა არასწორია, რადგან განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიმართულია არამარტო საჩხერის რაიონული სასამართლოს, არამედ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით დადგენილი გარემოებების წინააღმდეგ. შესაბამისად, განმცხადებელმა სწორად შეარჩია განსჯადი სასამართლო.
11.4. ახლად აღმოჩენილი გარემოებები გამოვლინდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინების საფუძველზე.
11.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაცვლად ამავე მუხლის მეორე ნაწილისა. ვინაიდან ამ საქმეზე ჯერ საჩხერის რაიონულ სასამართლოს ჰქონდა ნამსჯელი, ხოლო შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დასაბუთების ნაწილში ახალი მსჯელობა და ნორმები მიუთითა, სწორედაც რომ ეს უკანასკნელია განსჯადი სასამართლო და მას უნდა განეხილა განცხადება. განმცხადებელი ასაჩივრებდა არა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს, რომლითაც მას უარი ეთქვა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, არამედ - სამოტივაციო ნაწილსაც, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი და სრულიად არასამართლებრივად, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იმსჯელა, რასაც საჩხერის რაიონული სასამართლო ვერ შეცვლის, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს მის მსჯელობას.
12. კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში ასევე მსჯელობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინების უკანონობის თაობაზე.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. გასაჩივრებული განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად იმ მოტივით, რომ განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით არაგანსჯად სასამართლოს მიმართა.
17. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
18. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადების განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაა, რამდენადაც იგი წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვების ნაწილში, ახალი მსჯელობა და ნორმები მიუთითა.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
21. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა დამოკიდებულია აღნიშნული განცხადებით წარდგენილ მოთხოვნასა და მის საფუძვლებზე. ზოგადად ამ ტიპის განცხადება მიზნად ისახავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის გაუქმებას ან ბათილად ცნობას კანონმდებლობით ზუსტად დადგენილი წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში. განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, მხარემ განცხადება უნდა შეიტანოს სწორედ იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა (იხ. სუსგ საქმე №ას-1650-2018, 31 იანვარი 2019 წელი).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სააპელაციო და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა (იხ. სუსგ №ას-728-1056-07, 2008 წლის 23 იანვარი).
23. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, მაგრამ განმცხადებელს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საჩხერის რაიონული სასამართლოსათვის უნდა მიემართა, რამდენადაც სწორედ მისი განჩინება წარმოადგენს განცხადების მიმართ სამართლებრივი შედეგის დამდგენ არსებით განჩინებას. ზემდგომი სასამართლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, თუ მან თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შედეგი. განსახილველ შემთხვევაში კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ქვემდგომი ინსტანციის განჩინება არ გაუუქმებია. ამას გარდა, ახლად აღმოჩენილ გარმოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მოცემული პრეტენზიები სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიემართება.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ. სუსგ საქმე №681-681-2018, 30 ივლისი, 2018 წელი; საქმე №ას-1324-1262-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ.ლ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე