საქმე №ას-1421-2019 21 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს–ე“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.კ–ძე, ბ.ლ–ი (მოპასუხეები)
II კერძო საჩივრის ავტორი – გ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს–ე“ (მოსარჩელე)
მოპასუხე – ბ.ლ–ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 სექტემბრის განჩინება
I კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
II კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს–ემ“ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“, „აპელანტი“ ან „პირველი კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.ლ–ისა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და გ.კ–ძის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კერძო საჩივრის ავტორი“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 1998 წლის 5 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის კუთვნილი ქონების დაბრუნება.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. 2019 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო პროცესის გადადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აღნიშნული განჩინებით გაუქმდა პირველ მოპასუხესა და დ.ხ–ძეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც, როგორც მოპასუხეები ამბობენ, იყო მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ პირველმა მოპასუხემ გაყიდა მოსარჩელის უძრავი ქონება და არა - ნაჩუქარი ქონება. შუამდგომლობის ავტორმა განცხადებას დაურთო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინება ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და განჩინება პირველი მოპასუხის საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ (იხ. ტ.3. ს.ფ. 33-42).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეჩერდა წინამდებარე საქმის წარმოება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მიერ აღძრული სხვა სარჩელის გადაწყვეტამდე.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ზესტაფონში, ........ (ამჟამად, ...) ქუჩაზე №24 მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა მოსარჩელეს;
7.2. 1997 წლის 6 ივნისს ამ ქონების ნაწილი, კერძოდ, 58 კვ.მ. სასარგებლო ფართისა და 17 კვ.მ. სარდაფისაგან შემდგარი შენობა მოსარჩელემ აჩუქა პირველ მოპასუხეს;
7.3. 1998 წლის 5 თებერვალს მოპასუხეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება;
7.4. აპელანტი ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ხელშეკრულების საფუძველზე განკარგული ქონების დაბრუნებას ითხოვს;
7.5. მოპასუხეთა განმარტებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით პირველმა მოპასუხემ განკარგა ის ქონება, რომელიც საკუთრებაში 1997 წლის 6 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო;
7.6. მოსარჩელემ აღძრა სარჩელი პირველი მოპასუხისა და დ.ხ–ძის წინააღმდეგ, მესამე პირებად დაასახელა მეორე მოპასუხე და მ.ჯ–ი და 1997 წლის 6 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა;
7.7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი;
7.8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე პირველი მოპასუხის საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული;
7.9. გარდა ამისა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მეორე მოპასუხისა და მ.ჯ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში;
7.10. მხარეთა განმარტებით, ეს განჩინება, აღნიშნულ ეტაპზე, კანონიერ ძალაში შესული არ არის;
7.11. ამ მოტივით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა, თეიმურაზ ფერაძემ იშუამდგომლა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის დასადგენად აუცილებელია იმის დადგენა, იყო თუ არა გამსხვისებელი სადავო ქონების მესაკუთრე. ამის გარკვევა კი, სადავოობის შემთხვევაში, უფლების წარმომშობი გარიგების ნამდვილობის შემოწმების გარეშე შეუძლებელია. ამრიგად, იმის დასადგენად, იყო თუ არა პირველი მოპასუხე სადავო ქონების მესაკუთრე, უნდა შემოწმდეს იმ გარიგების ნამდვილობა, რომლის საფუძველზეც მან ეს ქონება შეიძინა. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული საკითხი სხვა საქმის დავის საგანია. შესაბამისად, მოცემული საქმისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა სხვა საქმის გადაწყვეტამდე შეუძლებელია.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელის სარჩელში მოპასუხედ პირველი მოპასუხეა დასახელებული, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ გაასაჩივრა და სასამართლომ მისი საჩივარი წარმოებაში მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები მათთვის უდავო იურიდიული ძალის მატარებელია. შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და არსებითი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობისთვის საქმის დაბრუნება.
11. პირველი კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება, პირველი მოპასუხის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული;
11.2. სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების შინაარსის განმარტებისას განაცხადა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის შემდეგ იგი გააერთიანებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქმეს (ეს გადაწყვეტილება მოპასუხეებს არ გაუსაჩივრებიათ და კანონიერ ძალაშია შესული) მიმდინარე საქმესთან და არსებითად განიხილავდა ამ ორ საქმეს ერთად. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მეორე მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, რომლებიც ამ შემთხვევაში არ არსებობს. ხოლო წინამდებარე საქმეში უნდა გადაწყვიტოს მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბედი. გამომდინარე აქედან, აღნიშნული საქმეების დავის საგანი აბსოლუტურად განსხვავებულია;
11.3. მეორე მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია კერძო საჩივარი, არ განუცხადებია, რომ კერძო საჩივარი შეტანილი აქვს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ამ მიზეზით არც საქმის წარმოების შეჩერება მოუთხოვია. მხოლოდ მოსარჩელემ მიუთითა, რომ შესაძლოა გასაჩივრებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და აღნიშნული საკითხის გარკვევამდე იშუამდგომლა პროცესის გადადება. სასამართლომ თავისი ინიცატივით შეაჩერა საქმის განხილვა;
11.4. მოსარჩელის მოთხოვნა არ ყოფილა საქმის შეჩერება. შესაბამისად, გაუგებარია გასაჩივრებული განჩინებით ნაწილობრივ რომელი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
13. მეორე კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო რამდენჯერმე აღნიშნავს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულების მხარეები და ნოტარიუსი გასცდნენ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საგანს და ნასყიდობა ეხება მოსარჩელის კუთვნილ სხვა ქონებას. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი არ არის იგივე, რაც არის ჩუქების ხელშეკრულების საგანი. მეორე კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებული საქმის განხილვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დავის დასრულებამდე;
13.2. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: ა) უდავოდ ხანდაზმული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ არის საქმის არსებითი განხილვის შედეგი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეული პროცედურული ხრიკებით, რაც ჯერ კიდევ სადავოა და განხილულ უნდა იქნეს ზემდგომ ინსტანციაში; ბ) სააპელაციო სასამართლო გაექცა მსჯელობისას ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ განმარტებებს, კეთილსინდისიერი გამსხვისებლის/შემძენის ცნებებს და თავისი განჩინება დაამყარა უფლების წარმომშობი გარიგების ნადვილობაზე. მით უფრო, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მეტყველებს ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობაზე. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეების მიერ ჩუქების ხელშეკრულების თუნდაც ნებაყოფლობით გაუქმების შემთხვევაშიც კეთილსინდისიერი შემძენი არ კარგავს უფლებას კანონიერად შეძენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ქონებაზე;
13.3. ცხადია, რომ (მით უფრო სხვა საგანთან დაკავშირებული) ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დავის შედეგი სამართლებრივად ვერ იმოქმედებს ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავის შედეგზე. ამ კონკრეტული დავების შედეგები ისე არ არის დამოკიდებული ერთმანეთზე, რომ შეუძლებელს ხდიდეს საქმის განხილვას და იწვევდეს საქმის წარმოების შეჩერებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის შეჩერების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე არსებულ გარემოებათა გამო, შესაძლებელია შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა.
19. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მიჯნავს შემთხვევებს, როცა სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება.
20. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი (იხ. სუსგ საქმე №ას-212-197-2014, 3 ნოემბერი, 2014 წელი).
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი სასამართლოს ავალდებულებს შეაჩეროს საქმის წარმოება. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობს თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
23. ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.
24. წინამდებარე დავის ფარგლებში, მოსარჩელე ითხოვდა პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 1998 წლის 5 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, აგრეთვე, აღძრული აქვს სარჩელი პირველი მოპასუხისა და დ.ხ–ძის წინააღმდეგ 1997 წლის 6 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის დასადგენად, აუცილებელია იმ გარემოების შეფასება, იყო თუ არა გამსხვისებელი (პირველი მოპასუხე) სადავო ქონების მესაკუთრე, რაც შესაძლებელია მხოლოდ მისი საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში. ამ საკითხს კი სასამართლო სხვა დავის ფარგლებში იხილავს, შესაბამისად, წინამდებარე საქმე და 1997 წლის 6 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის შესახებ მიმდინარე საქმე ერთმანეთთან დაკავშირებული საქმეებია, რამდენადაც ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობაზე. შესაბამისად, მოცემული საქმისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა სხვა საქმის გადაწყვეტამდე (1997 წლის 6 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საკითხის გადაწყვეტამდე) შეუძლებელია.
25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერება არ არის დამოკიდებული მხარეთა მოთხოვნაზე, არამედ ნორმის დანაწესიდან აშკარაა, რომ იგი სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაჩერა საქმის წარმოება.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მეორე კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს–ეს“ და გ.კ–ძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 სექტემბრის განჩინება;
3. გ.კ–ძეს (პ/ნ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე