საქმე №ას-727-2021 10 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს „მ.ლ.ჯ–ა“, ა.ა–ვი, ე.ო–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ღია სააქციო საზოგადოება „ფ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის გაგრძელება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ.ლ.ჯ–ას“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კომპანია), ა.ა–ვის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და ე.ო–ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე; შემდეგში ერთობლივად: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე ღია სააქციო საზოგადოება „ფ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) წარდგენა.
3.2. ზემოაღნიშნული განჩინება მესამე მოპასუხეს 2021 წლის 30 მარტს, ხოლო მეორე მოპასუხეს 2021 წლის 1 აპრილს ჩაჰბარდათ.
3.3. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილს განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის 20 (ოცი) დღით გაგრძელება მოითხოვეს.
3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე აპელანტების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელების თაობაზე აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ვადის ათვლა განჩინების ასლის გადაცემიდან დაიწყო.
3.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინება მეორე მოპასუხემ პირადად და, როგორც კომპანიის (პირველი მოპასუხის) წარმომადგენელმა 2021 წლის 23 აპრილს, ხოლო მესამე მოპასუხემ - 2021 წლის 29 აპრილს ჩაიბარა; აპელანტებმა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება სასამართლოში 2021 წლის 20 მაისს წარადგინეს.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 59-ე, მე-60 და 63-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ 2021 წლის 22 აპრილის განჩინება მეორე მოპასუხეს პირადად და, როგორც კომპანიის (პირველი მოპასუხის) წარმომადგენელმა 2021 წლის 23 აპრილს ჩაჰბარდა, ხოლო მესამე მოპასუხეს - 2021 წლის 29 აპრილს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 20-დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 30 აპრილს დაიწყო და 2021 წლის 19 მაისს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება სასამართლოში 2021 წლის 20 მაისს, განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინდეს.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მოუმართავთ სასამართლოსათვის, გამოვლენილი იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა (მოპასუხეებმა) და მისი გაუქმება მოითხოვეს.
8. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, აპელანტებმა სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდა მხოლოდ 2021 წლის 24 მაისს მოახერხეს, რის თაობაზეც იმავე დღეს აცნობა სასამართლოს, თუმცა, მიუხედავად ამ ფაქტისა, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. სასამართლომ ამ ქმედებით მხარეს სამართლიანი სამართალწარმოების კონსტიტუციური პრინციპის - შეჯიბრებითობის განხორციელების შესაძლებლობა წაართვა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.
12. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
13. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
14. დადგენილია, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე 2021 წლის 22 აპრილის განჩინება მეორე მოპასუხეს პირადად და როგორც კომპანიის (პირველი მოპასუხის) წარმომადგენელს 2021 წლის 23 აპრილს, ხოლო მესამე მოპასუხეს - 2021 წლის 29 აპრილს ჩაჰბარდათ. აპელანტებს 2021 წლის 12 თებერვალს განჩინებით განემარტათ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.
15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
16. სსსკ-ის 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის გამოსწორების 20-დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 30 აპრილს დაიწყო და 2021 წლის 19 მაისს ამოიწურა, ამ დროის განმავლობაში აპელანტებს არც ხარვეზი გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
18. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ებები: №ას-851-817-2016, 4.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ).
19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება,თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. სუსგ Nას-366-366-2018, 18.05.2018წ). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. Nას-1023-2019 , 25.09.2019წ).
21. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიის (იხ. განჩინების მე-8 პუნქტი) ფარგლებში განმარტავს, რომ იმ შემთვევაშიც კი, თუკი სასამართლო აპელანტების მტკიცებას გაიზიარებდა, კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დრომდე (19.05.2021წ) განცხადების წარდგენის გზით შეეძლოთ დამატებითი შუამდგომლობით მიემართათ სასამართლოსთვის და საპროცესო ვადის გაგრძელება მოეთხოვათ, რაც არ შეასრულეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ასეთი შინაარსის განცხადება სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარედგინა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 385), ე.ი მაშინ, როდესაც საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება მხარისთვის გაქარწყლებული იყო. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს განსჯით, ზემოაღნიშნული ნორმით (სსსკ-ის 65-ე მუხლი) დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევაც არ გამოვლენილა.
23. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, სასამართლოს განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.
24. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ლ.ჯ–ას“, ა.ა–ვის და ე.ო–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური