Facebook Twitter

საქმე №ზ-457-2021 20 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ.ყ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების არარსებობის აღიარება, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ყ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) 2021 წლის 21 მაისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ ვალდებულების არარსებობის აღიარებისა და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

3. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის განჩინება დარჩა ძალაში.

5. მოსარჩელემ წარმოადგინა განცხადება/საჩივარი და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინებების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს უფლებამოსილებას კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართ კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

9. ამდენად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრებისას კერძო საჩივარს განიხილავს ზემდგომი, სააპელაციო სასამართლო, რომელიც ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს საბოლოო ინსტანციას და, შესაბამისად, მის მიერ მიღებული განჩინება საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

10. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, იმსჯელა გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე და 2021 წლის 05 აგვისტოს მიიღო განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება დარჩა ძალაში.

11. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც კანონი არ ითვალისწინებს, სააკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-285-ე, 414-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ყ–ძის საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური