საქმე №ას-1186-2021 20 დეკემბერი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ.ლ–ძის, ი.კ–ძისა და ბ.კ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე - ლ.გ–ძის სარჩელის გამო, თ.ლ–ძის, ი.კ–ძისა და ბ.კ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე ი.კ–ძის შეგებებული სარჩელის გამო, ლ.გ–ძის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების დაბრუნებისა და იპოთეკის დადგენის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თ.ლ–ძის, ი.კ–ძისა და ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი თ.ლ–ძისა და ბ.კ–ძის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით თ.ლ–ძის, ი.კ–ძისა და ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, თ.ლ–ძესა და ბ.კ–ძეს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო თ.ლ–ძეს, ი.კ–ძესა და ბ.კ–ძეს დაევალათ ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნათ კასატორებს მათ მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ არ ჩაბარდათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეებს ხარვეზის განჩინება გაეგზავნათ განმეორებით და თ.ლ–ძისა და ბ.კ–ძის წარმომადგენელ ნ.ყ–ს ჩაბარდა 2021 წლის 2 დეკემბერს (იხ. ჩაბარების დასტურები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 3 დეკემბერს, ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2021 წლის 7 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორებს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ლ–ძის, ი.კ–ძისა და ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი თ.ლ–ძისა და ბ.კ–ძის პრეტენზიის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2021 წლის 21 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე