საქმე №ა-4492-შ-134-2021 21 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ო.პ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე - ე. გ-პ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №174653)
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ო.პ–ვმა 2021 წლის 28 სექტემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ო.პ–ვისა და ე. გ-პ–ვას განქორწინების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ო.პ–ვის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ო.პ–ვის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული, ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე №174653) ე. გ-პ–ვა და ო.პ–ვი განქორწინდნენ. საქმეზე დადასტურებულია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება 2021 წლის 2 ივლისს შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №174653) ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების ნაწილში.
რაც შეეხება ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას, საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დავის საგანს განქორწინება წარმოადგენს, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა და საკმარისია შუამდგომლობის ავტორის ინტერესის დაკმაყოფილებისთვის - ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციისთვის, გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.პ–ვის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №174653) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №174653), რომლითაც ო.პ–ვისა და ე. გ-პ–ვას შორის ქორწინება შეწყდა.
3. ო.პ–ვის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქის საოლქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №174653) საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე