თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სს „გ.ჰ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ჯ–ი
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:მ.ჯ–მა 2019 წლის 16 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „გ.ჰ–ის“ მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანების - 11406 ლარის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებითა და 2020 წლის 3 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მ.ჯ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს „გ.ჰ–ს“ მ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 11406 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება; სს „გ.ჰ–ს“ მ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს: 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების - 3445 ლარის 0,07%-ის გადახდა 2019 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების - 2726 ლარის 0,07%-ის გადახდა 2019 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2019 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების - 1655 ლარის 0,07%-ის გადახდა 2019 წლის 1 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 2019 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების - 3580 ლარის 0,07%-ის გადახდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „გ.ჰ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით სს „გ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2020 წლის 3 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სამედიცინო დაწესებულებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს სარწმუნო მტკიცებულებების საფუძველზე არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები: შრომითი ურთიერთობის პერიოდი, დასაქმებულის მიერ დამატებითი სამუშაოს შესრულება, მორიგეობა, მორიგეობის ხელფასის ოდენობა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის თანხის დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „გ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა, შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე და 31-ე მუხლებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა გულისხმობს დასაქმებულის მიერ ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის ოდენობაც შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება - მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანების დაკისრება დამოკიდებულია მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის, ანაზღაურების ოდენობისა და მისი გადაუხდელობის ფაქტების დადგენაზე. დასახელებული გარემოებების არსებობის საკითხის შეფასებისას კი, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია კი „გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის №ას-1048-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სს „გ.ჰ–ის“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 25 მარტის №171 ბრძანების, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთხოვილი - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების (ნარკოტიკების) აღრიცხვის ჟურნალისა და ანესთეზიოლოგთა მორიგეობების ამსახველი გრაფიკის შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ მ.ჯ–ი სამედიცინო დაწესებულებაში დაინიშნა ბავშვთა ანესთეზიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე 2019 წლის 1 აპრილიდან.
რაც შეეხება მ.ჯ–ის კლინიკაში დასაქმების ხანგრძლივობას, სააპელაციო პალატამ, წერილობითი მტკიცებულებებისა (პაციენტების მიხედვით შესრულებული სამუშაოს ანგარიშები, მთაწმინდის პოლიკლინიკის ექიმის 2019 წლის 11 ნოემბრის ცნობა) და მხარეთა განმარტებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული იყო 2019 წლის აპრილიდან ნოემბრის თვის ჩათვლით.
მ.ჯ–ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, წერილობითი მტკიცებულებების შესაბამისად, განსაზღვრული იყო ფიქსირებული დარიცხული ხელფასით - 2500 ლარით და გამომუშავებით (შესრულებული სამუშაოს მიხედვით, კლინიკაში დამტკიცებული სამედიცინო სტანდარტებისა და ტარიფების შესაბამისად). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მორიგეობის დღეების რაოდენობა ყოველთვიურად შეადგენდა, საშუალოდ, 7-8 დღეს და ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება იყო 7 ლარი, რომელსაც ემატებოდა ოპერაციაში მონაწილეობის შედეგად გამომუშავებული თანხა.
სააპელაციო სასამართლომ, საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებელს დასაქმებულისთვის სრულად არ ჩაურიცხავს 2019 წლის ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრისა და ნოემბრის თვის ხელფასები. საყურადღებოა, რომ მოპასუხეს, საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაევალა საბუღალტრო მონაცემების წარდგენა, თუმცა კომპანიამ მიუთითა, რომ აღნიშნული მონაცემები მას არ გააჩნდა.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ, საქმეში წარდგენილი თითოეული მტკიცებულების დეტალურად შესწავლისა და შეფასების შედეგად, დაადგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები - მ.ჯ–ის კლინიკაში დასაქმების პერიოდი, ანაზღაურების ოდენობა და სახელფასო დავალიანების მოცულობა, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრებისთვის. კასატორს კი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა სათანადო მტკიცებულებები დავალიანების არარსებობის დასადასტურებლად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის №ას-963-2021 განჩინება). შესაბამისად, სს „გ.ჰ–ს“ მ.ჯ–ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 11406 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელფასო დავალიანების არსებობის პირობებში, საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე (მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილი), მოპასუხეს მართებულად დაეკისრა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „გ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - სს „გ.ჰ–ს“ (ს/კ ......) უკან დაუბრუნდეს 2021 წლის 13 ოქტომბრის №915 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 579,11 ლარის 70% - 405,38 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე