საქმე №ას-1070-2021 21 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.კ–ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ა.კ–ძემ 2019 წლის 11 თებერვალს სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 23774,23 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომლის დროს განხორციელებულმა აფეთქებებმაც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია.
მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის დასკვნა და ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
მოპასუხემ - შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული კომპანიის ბრალით. მოპასუხემ წარადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ და შპს „ა -ს-ც–ის“ დასკვნები.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ ა.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 12000 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის - 252 ლარის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის - 302 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 151 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შესწავლის შედეგად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით ა.კ–ძისა და შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის დასკვნაზე, რომლის თანახმად, სადავო შენობაში განვითარებული ბზარები გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, მიწისძვრებით, ხოლო ახალი ბზარები - სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით; საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მეორე ხარისხისაა - დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამასთან, დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, შენობის ტორსულ ფასადებზე მოწყობილი არ არის სარინელის სისტემა, რის გამოც წლების განმავლობაში ატმოსფერული ნალექები ჩაედინება გრუნტში, რაც იწვევს საძირკვლის ქვეშ გრუნტის გაწყლიანებას; შენობაზე შეინიშნება ბზარები, რაც გამოწვეულია ფუძე-გრუნტების გაწყლიანებით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით, მზიდ კედლებში გაჩენილი ახალი ბზარები კი - მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი, ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 23774,23 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ წარდგენილ, შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 4 მაისის დასკვნაზეც, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს მშენებლობის ნორმების დარღვევის, ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად, ტექნიკური მოუვლელობით, მეწყრული მოვლენებით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებით და ნაწილობრივ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით; იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი მოვლენის შედეგად არის სახლი დაზიანებული და რა პროცენტულობით, შეუძლებელია. სახლზე არსებული აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოების საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 4005,82 ლარს. აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ 2019 წლის 20 თებერვლის დასკვნის მიხედვით კი, შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც მდებარეობენ ზემოქმედების ზონის ფარგლებს გარეთ, არ არის მოსალოდნელი რაიმე დაზიანება ან სხვა სახის ზემოქმედება და აფეთქებითი სამუშაოები წარმოებდა დადგენილი ნორმის ფარგლებში. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი სახლი მდებარეობს ზემოქმედების ზონის გარეთ.
ზემოაღნიშნული დასკვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ა.კ–ძის კუთვნილი შენობის დაზიანებები ნაწილობრივ გამოწვეულია მოპასუხის მიერ წარმოებული სარკინიგზო გვირაბის მშენებლობით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია და მიუთითა, რომ მოპასუხეს სწორად დაეკისრა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტში მითითებული თანხის მხოლოდ ნაწილის - 12000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით, რასაც ადასტურებს საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ და შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნები კი, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის კუმულატიურად უნდა არსებობდეს შემდეგი ელემენტები: 1. ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 3. მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის; 4. ბრალეულობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის №ას-1005-2020 განჩინება და 2021 წლის 21 აპრილის №ას-473-2020 გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა, ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობის საკითხის შეფასებისას, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია კი „გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის №ას-1048-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, რაც მოპასუხის მიერ მშენებლობის პროცესში აფეთქებითი სამუშაოების განხორციელებით არის ნაწილობრივ გამოწვეული. დასახელებული ფაქტი კი სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 172-ე მუხლების დაცვით შეფასების, დეტალური შესწავლისა და გაანალიზების შედეგად. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ სადავო შენობაში ახალი ბზარები განპირობებულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. უფრო მეტიც, თავად მოპასუხის მიერ წარდგენილ, შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 4 მაისის დასკვნაში მითითებულია დაზიანებების აფეთქებებით გამოწვევის შესაძლებლობის არსებობაზე. მართალია, კასატორი სადავოდ ხდის შენობის დაზიანების მის მიერ განხორციელებული სამუშაოებით გამოწვევის ფაქტს, მაგრამ დასახელებული დასკვნების მხედველობაში მიღებით, ასევე, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორს სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილია ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობის არსებობა.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სადავო შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 23774,23 ლარი. ამასთან, ვინაიდან სახლის დაზიანებები სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული და მოპასუხის ქმედებებმა მხოლოდ ნაწილობრივ განაპირობა სახლის დაზიანება, კასატორს მართებულად დაეკისრა 12000 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ იდენტურ საკითხზე უკვე არსებობს მყარად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის №ას-280-280-2018, 2019 წლის 31 მაისის №ას-482-2019, 2020 წლის 24 ივნისის №ას-204-2020 განჩინებები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედ ფილიალს“ (ს/კ ......) უკან დაუბრუნდეს 2021 წლის 21 ოქტომბრის №218 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის 70% - 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე