თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „მ–სი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „მ–სმა“ 2018 წლის 10 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და 2017 წლის 29 დეკემბრის №2018/17 ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ–სის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით შპს „მ–სის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ–სმა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე, 636-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა მხარეთა შორის გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ცალმხრივად, უპირობოდ შეწყვეტის უფლება, რადგან მოსარჩელეს უკვე შესრულებული ჰქონდა სამუშაო - შეკეთებული იყო სატრანსპორტო საშუალება. ავტომანქანის შეკეთების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით კი, კასატორი მიუთითებს, რომ საჭირო იყო დეფიციტური დეტალის მოძიება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე არ იყიდებოდა და მოსარჩელემ საზღვარგარეთ შეუკვეთა.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს №ას-764-2019 განჩინებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოიშვა სწორედ ნარდობით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, შპს „მ–სს“ (მიმწოდებელი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემსყიდველი) შორის 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებას. ამასთან, ხელშეკრულებით დეტალურად იქნა გათვალისწინებული მომსახურების ვადები და პირობები, მათ შორის, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასა და გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზე ვრცელდებოდა ექვსთვიანი საგარანტიო ვადა. საგარანტიო პერიოდში დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულებას იღებდა, შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეეცვალა ან შეეკეთებინა მწყობრიდან გამოსული ნაწილი, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - ნაკლის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 15 დღე. საგულისხმოა, რომ ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, თუ ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა გადააჭარბებდა 10 დღეს, შემსყიდველი უფლებას იტოვებდა, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. ამრიგად, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას ქმნიდა.
სადავო შემთხვევაში, 2018 წლის 5 ოქტომბერს სამინისტროს ავტომანქანას გაეწია ტექნიკური მომსახურება, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალება 2018 წლის 13 ოქტომბერს იმავე მიზეზით - გადაცემათა კოლოფის დაზიანების გამო, კვლავ გამოვიდა მწყობრიდან. ავტომანქანა შეკეთებულ იქნა 2018 წლის 13 ნოემბერს.
დასახელებულ გარემოებათა საფუძველზე, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის შედეგად, სააპელაციო პალატამ დაადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის 13 დღით გადაცილება, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს კი მსგავსი პრეტენზია არ წარმოუდგენია. მართალია, მოსარჩელე სატრანსპორტო საშუალების შეკეთებისთვის საჭირო დეტალის დეფიციტურობაზე მიუთითებს, მაგრამ დეფიციტური ნაკლის გამოსასწორებლად ხელშეკრულებით მანვე იკისრა 15-დღიანი ვადა, ხოლო ამ ვადაში ვალდებულების დაუძლეველი ძალის არსებობის გამო შეუსრულებლობა დადასტურებული არ არის. ამდენად, ვადაგადაცილებული დღეების ოდენობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შესაბამისად, შემკვეთი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე, 636-ე მუხლებს. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე,მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ამდენად, „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის №ას-1634-2019 განჩინება). ამრიგად, დასახელებული ნორმა მოპასუხის ქმედების კანონიერებას ადასტურებს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს. ამასთან, ვინაიდან სადავო შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტას (და არა ხელშეკრულებიდან გასვლას), ასევე, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ავტორის არგუმენტი სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების დაუცველობის თაობაზე (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის №ას-1634-2019 განჩინება; პ. 68-69).
რაც შეეხება კასატორის მოხმობილ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს №ას-764-2019 განჩინებას, მითითებული და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან №ას-764-2019 სამოქალაქო საქმეში მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი დადასტურდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხელშეკრულების შეწყვეტისას მოქმედებდა კანონმდებლობის დაცვით, ხელშეკრულების შესაბამისად და მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობაზე.
პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლიდან პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას ვადის გადაცილებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაუხდელი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ხოლო ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
დადგენილია, რომ სწორედ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, ზემოაღნიშნული ოდენობით მოსთხოვა სამინისტრომ შპს „მ–სს“ პირგასამტეხლოს გადახდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან დადასტურებულია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობა, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოხდა, რაც პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც გამორიცხავდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე კი, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება;
3. კასატორს - შპს „მ–სს“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს 2021 წლის 18 ოქტომბრის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4220 ლარის 70% - 2954 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე