საქმე №ას-1108-2021 21 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ს.გ.წ.კ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.დ–ძე
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:ი.დ–ძემ 2020 წლის 17 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ს.გ.წ.კ–ის“ მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ი.დ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.გ.წ.კ–ის“ დირექტორის 2020 წლის 12 ივნისის №პ/972 ბრძანება „ი.დ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“; მოპასუხეს დაევალა ი.დ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის ანაზღაურება 30400 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); ი.დ–ძის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებებით (საქმე №2ბ/3265-21) ი.დ–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო შპს „ს.გ.წ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარზე - დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში 1216 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აგვისტოს განჩინებით შპს „ს.გ.წ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ხარვეზის დადგენის შესახებ“ განჩინება შპს „ს.გ.წ.კ–ას“ ჩაბარდა 2021 წლის 15 ივლისს, შესაბამისად, აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი უნდა შეევსო 2021 წლის 22 ივლისის ჩათვლით, თუმცა კომპანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა 2021 წლის 26 ივლისს (ფოსტის საშუალებით - 2021 წლის 23 ივლისს), სასამართლოს მიერ დადგენილი 7-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აგვისტოს განჩინება შპს „ს.გ.წ.კ–ამ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2021 წლის 22 ივლისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით.
კერძო საჩივარს თან ერთვის შპს „ს.ფ–ის“ რეესტრი, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 22 ივლისს ფოსტაში დაფიქსირდა შპს „ს.გ.წ.კ–ის“ შეკვეთა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გზავნილის მიტანის თაობაზე. რეესტრის მიხედვით, გზავნილი შეიცავდა განცხადებას, შესაგებელსა და ბაჟის ქვითრის დედანს ი.დ–ძის საქმეზე (№2ბ/3265-21). კერძო საჩივარს, ასევე, ერთვის შპს „ს.ფ–ის“ უკუგზავნილი, რომელშიც დასახელებული გზავნილის გაგზავნის თარიღად მითითებულია 2021 წლის 22 ივლისი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მიტანის თარიღად - 2021 წლის 26 ივლისი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
მოწინააღმდეგე მხარემ - ი.დ–ძემ კერძო საჩივართან დაკავშირებით წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომლითაც არ დაეთანხმა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ კომპანიამ ფოსტას მიმართა 2021 წლის 23 ივლისს, საპროცესო ვადის გადაცილებით.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ს.გ.წ.კ–ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინება კომპანიას ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილების დაცვით, 2021 წლის 15 ივლისს. ამრიგად, ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, 2021 წლის 16 ივლისიდან დაიწყო ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2021 წლის 22 ივლისს (ხუთშაბათს), 24:00 საათზე.
საკასაციო სასამართლო, საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამრიგად, საფოსტო მომსახურებით სარგებლობისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა დაცულად რომ ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია არა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სასამართლოში ფაქტობრივად მიტანის თარიღი, არამედ - მათი ფოსტაში ჩაბარების მომენტი.
განსახილველ შემთხვევაში კი, მართალია, საფოსტო კონვერტზე ბეჭედი დასმულია 2021 წლის 23 ივლისის თარიღით, თუმცა კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - შპს „ს.ფ–ის“ დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ შეკვეთა ფოსტასთან გაფორმდა 2021 წლის 22 ივლისს და სწორედ დასახელებული თარიღი წარმოადგენს გზავნილის გაგზავნის თარიღს (აღსანიშნავია, რომ მსგავსი საკითხი შეფასებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-1727-2019 განჩინებითაც). ამდენად, აპელანტმა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში მიმართა, რაც გამორიცხავდა ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს - საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.გ.წ.კ–ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე