საქმე №ას-1108-2021 21 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - ი.დ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.გ.წ.კ–ა“
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისისა და 20 ივლისის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა
აღწერილობითი ნაწილი:ი.დ–ძემ 2020 წლის 17 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ს.გ.წ.კ–ის“ მიმართ, „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ბრძანების ბათილად ცნობის, სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ი.დ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.გ.წ.კ–ის“ დირექტორის 2020 წლის 12 ივნისის №პ/972 ბრძანება „ი.დ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“; მოპასუხეს დაევალა ი.დ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის ანაზღაურება 30400 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); ი.დ–ძის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ი.დ–ძემ 2021 წლის 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განცხადებით მიმართა და მოითხოვა შპს „ს.გ.წ.კ–ას“ აეკრძალოს სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმებული პირისათვის, შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის შემდეგ, შრომითი ურთიერთობის გაგრძელება, როგორც ვადით, ასევე უვადოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით ი.დ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მითითებული განჩინება ი.დ–ძემ საჩივრით გაასაჩივრა.
საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2021 წლის 21 ივლისს სადავო პოზიციაზე დასაქმებულ პირთან - ა.ჯ–თან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა და თანამდებობა ვაკანტური გახდებოდა, ხოლო თანამდებობის ვაკანტურად შენარჩუნების პირობებში მოსარჩელის სამსახურში აღდგენა შესაძლებელი გახდებოდა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში კი, დამსაქმებელი კვლავ გააფორმებდა შრომით ხელშეკრულებას, რაც სამომავლოდ შეუძლებელს გახდიდა მოსარჩელის არავაკანტურ თანამდებობაზე აღდგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით ი.დ–ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება გაუქმდა და ი.დ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ს.გ.წ.კ–ას“ შეეზღუდა 2021 წლის 21 ივლისს ა.ჯ–თან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე შრომითი ურთიერთობის გაგრძელება ან/და ახალი ხელშეკრულების დადება უვადო ხელშეკრულების სახით სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე; შპს „ს.გ.წ.კ–ისთვის“ სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე ა.ჯ–თან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების (როგორც ვადიანი, ასევე უვადო ხელშეკრულების სახით) აკრძალვის თაობაზე საჩივრის ავტორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია თანამდებობაზე აღდგენისკენ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სადავო - სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თანამდებობა არ იყო ვაკანტური და მასზე დასაქმებული იყო სხვა პირი (აკაკი ჯიბლაძე). სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან 2021 წლის 21 ივლისიდან სადავო პოზიცია ვაკანტური გახდებოდა, არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიას უნდა აკრძალვოდა არა კონკრეტულ პირთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება უვადო ხელშეკრულების სახით, არამედ ზოგადად - სადავო პოზიციაზე შრომითი ურთიერთობის გაგრძელება/დანიშვნა უვადო ხელშეკრულების სახით.
ი.დ–ძის საჩივარი, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში ი.დ–ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოწინააღმდეგე მხარისთვის სადავო პოზიციაზე შრომითი ურთიერთობის ვადიანი ხელშეკრულების ფორმით გაგრძელების აკრძალვის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ამრიგად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოსარჩელის ინტერესების დაცვასა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, თუმცა ვინაიდან ამავდროულად წარმოადგენს ჩარევას მოპასუხის კანონით დაცულ უფლებებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა დეტალურ შესწავლას მოითხოვს, რათა დადგინდეს მისი გამოყენების აუცილებლობა და უზრუნველყოფილ იქნეს მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ისეთი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, რომელიც მოსარჩელისთვის ყველაზე ეფექტურად, ხოლო მოპასუხისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით გახდის შესაძლებელს სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და სწრაფად აღსრულების მიზნის მიღწევას. უზრუნველყოფის ღონისძიების სათანადო სახე კი შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება და მის საბოლოო ინტერესს სამსახურში აღდგენა წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამუშაოზე აღდგენა დაკავშირებულია სამუშაო ადგილის ვაკანტურობასთან. შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა მიმართულია სწორედ სადავო პოზიციის ვაკანტურად შენარჩუნებისადმი, რა მიზნითაც მან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისთვის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმებული პირისათვის, შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის შემდეგ, შრომითი ურთიერთობის გაგრძელების (როგორც ვადით, ასევე უვადოდ) აკრძალვა მოითხოვა.
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, შპს „ს.გ.წ.კ–ას“ შეეზღუდა 2021 წლის 21 ივლისს ა.ჯ–თან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე შრომითი ურთიერთობის გაგრძელება ან ახალი ხელშეკრულების დადება უვადო ხელშეკრულების სახით. აღნიშნულ ნაწილში განჩინება გასაჩივრებული არ არის და საკასაციო სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლიანობას ვერ შეამოწმებს. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, არსებობდა თუ არა დამატებით მოპასუხისთვის სადავო პოზიციაზე ა.ჯ–თან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების და ვადიანი ხელშეკრულების დადების აკრძალვის წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო, უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგების მხედველობაში მიღებით, შუამდგომლობის ავტორის მიზნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მოპასუხისთვის კონკრეტულ პირთან ან ვადიანი ხელშეკრულების ფორმით შრომითი ურთიერთობის გაგრძელების აკრძალვის საჭიროება არ იკვეთება. მსგავსი შეზღუდვა იქნება არაპროპორციული და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნისთვის შეუსაბამო, რადგან გამოიწვევს დასაქმებული პირისადმი უთანასწორო მოპყრობას, ხოლო დამსაქმებლისთვის - საქმიანობის ნორმალურად განხორციელებაში ხელშეშლას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე დამსაქმებელს უკვე აქვს აკრძალული უვადო ხელშეკრულებით პირის თანამდებობაზე აყვანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.დ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისისა და 20 ივლისის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე