თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ე.ჩ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „გ–სი“
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ო.ფ–მა“ 2017 წლის 5 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ე.ჩ–ნის მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით შპს „ო.ფ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „გ–სი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, 2021 წლის 24 მარტს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც შპს „გ–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ე.ჩ–ნს შპს „გ–სის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 20 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 696,8 ლარის გადახდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე.ჩ–ნმა საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით ე.ჩ–ნის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2021 წლის 9 ივნისის განჩინება ეკატერინე ჩაჩიანმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით ე.ჩ–ნის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე, 373-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, სასამართლო ე.ჩ–ნის სააპელაციო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე.ჩ–ნმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოა, რის გამოც სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება საქმის სასამართლოს მიერ განხილვის კონსტიტუციურ უფლებას ხელყოფს. კერძო საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატას განხილული აქვს დავები, რომელთა ღირებულებაც 2000 ლარს არ აღემატებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე.ჩ–ნის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა დავის საგნის ღირებულებას უკავშირდება, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.ჩ–ნს შპს „გ–სის“ სასარგებლოდ 696,8 ლარის გადახდა დაეკისრა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, განსახილველი დავის საგნის ღირებულება 696,8 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სადავო ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერების შეფასებას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებით ილახება სამართლიანი სასამართლოს უფლება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მართლაც მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, თუმცა „სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არ არის ხსენებული უფლების აბსოლუტურად დაცული კომპონენტი და დასაშვებია, შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით... ყველა საქმეზე სააპელაციო სასამარლოსათვის მიმართვის უფლების დადგენა მნიშვნელოვნად გააუარესებს ზემდგომი სასამართლოების საქმიანობის ეფექტურობას... პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების, ისევე როგორც ზოგადად სამართლიანი სასამართლოს უფლების, მიზანია, უზრუნველყოს პირის ამა თუ იმ უფლების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის ინტერესი, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, პირდაპირ არის დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული უფლების ინტენსივობაზე. რაც უფრო ინტენსიურია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა, მით უფრო მაღალია ხსენებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10, 24, 25). სწორედ დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, მხარის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის მხედველობაში მიღებით, კანონმდებლობით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება 2000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის დარღვევად და ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ჩ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე