საქმე №ას-991-2018 14 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ღ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავ ქონებაზე, მდებარე: რაიონი ხაშური, სოფელი ......, ს.კ. N ... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 15 აპრილიდან რეგისტრირებულია ა.ბ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მყიდველი“) საკუთრების უფლება.
2. სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მოსარჩელესა და დ.ღ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“, „გამყიდველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის 2016 წლის 12 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
3. სადავო უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
5. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მხარეთა შორის რეალურად გაფორმდა იპოთეკის და არა ნასყიდობის ხელშეკრულება.
6. ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 08 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა განსახილველი საქმისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული სხვა სამოქალაქო საქმის (მოსარჩელე - გამყიდველი, მოპასუხე - მყიდველი, დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) (შემდგომში ასევე - "მეორე დავა" ან "მეორე საქმე") გაერთიანების თაობაზე. თუმცა, იმავე სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა დასახელებული სამოქალაქო საქმეების განხილვის სხადასხვა ვადებს ითვალისწინებდა, მათი გაერთიანება არ გამოიწვევდა დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვას.
7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
8. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; მან, ასევე, მოითხოვა საქმეთა გაერთიანებაზე უარის თქმის შესახებ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების გაუქმება და საქმეთა გაერთიანება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2018 წლის 14 მაისს შუამდგომლობით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ იგივე მხარეებს შორის აღძრულ მეორე საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება მხარეთა მორიგების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით თანხის გადახდისა და მესაკუთრედ ცნობის პირობები.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინება.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე და 172-ე მუხლებით და ვინაიდან იკეთებოდა აღნიშნული სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა (დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე მის მფლობელს, თუმცა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა), პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე მართებულად მიიჩნია.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2017 წლის 08 ნოემბრის ადგილზე თათბირით მიღებულ განჩინებაში მითითებული დასაბუთება, თუმცა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქმეთა გაერთიანების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სხვა საფუძველი. კერძოდ, შუამდგომლობის ავტორს წარდგენილი არ ჰქონდა მასში მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, საგულისხმო იყო ის ფაქტიც, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო მეორე საქმეზე შეწყდა საქმისწარმოება.
14. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან, მისი შეფასებით, შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაადასტურა წინამდებარე საქმეზე წარმოების შეწყვეტის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; ასევე, საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
16. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
16.1. მოპასუხემ 2017 წლის 08 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა განსახილველი საქმისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მეორე საქმის გაერთიანების თაობაზე, ვინაიდან ორივე შემთხვევაში დავა მიმდინარეობდა ერთი და იმავე მხარეებს შორის, ერთი და იმავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოპასუხის შუამდგომლობა დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდგომ, სააპელაციო სასამართლოში საქმის დასრულებამდე, 2018 წლის თებერვალში მოპასუხის/გამყიდველის მიერ აღძრულ მეორე საქმეზე მხარეები მორიდგნენ. კერძოდ, მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისათვის 2019 წლის სექტემბრამდე ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, რის შედეგადაც სადავო უძრავი ქონება მის სახელზე აღირიცხება. თუკი, მოპასუხე ვერ გადაიხდის ნასყიდობის საფასურს, მხოლოდ მაშინ დადგება დღის წესრიგში ქონების გამოთავისუფლების საკითხი. ამდენად, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მათ აღნიშნული დავის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნდათ და საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო;
16.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მორიგების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული განჩინების თანახმად, მოპასუხეს სადავო უძრავი ქონების ფლობის კანონიერი უფლება გააჩნია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და განსახილველ სარჩელზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო და მატერიალური უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამდენად, მხარეები თავად წყვეტენ მიმართონ თუ არა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს და თავადვე განსაზღვრავენ დავის საგანს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. იმავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს დავის საგანი. ამასთან, იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
23. კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათის არის და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობით ან ასეთის არარსებობის პირობებში, საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს საქმისწარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, შესაბამისად, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება, აღარ არსებობს.
24. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. ამასთან, სადავო არ არის, რომ იმავე მხარეებს შორის ხაშურის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა მეორე სამოქალაქო დავა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქმეში წარდგენილი ხაშურის რაიონული სასამართლოს 26.02.2018წ. განჩინებით დგინდება (იხ. ტ. II, ს.ფ. 66-67), რომ აღნიშნულ დავაზე მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, შემდეგი პირობებით: მოპასუხემ/ გამყიდველმა (მეორე დავაში მოსარჩელე) სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით, იკისრა მოსარჩელისათვის/ მყიდველისათვის (მეორე დავაში მოპასუხე) 2019 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, 12 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება; მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ გამყიდველის მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მის სახელზე აღირიცხებოდა; ხოლო, ვალდებულების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში კი დარჩებოდა მყიდველის საკუთრებაში და გადაეცემოდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში; ამასთან, გამყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევად განისაზღვრა - გადახდის გრაფიკით დადგენილი თარიღის 15 დღეზე მეტი დროით, ორჯერ მეტად გადაცილება. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
25. ამრიგად, მხარეებმა ზემოაღნიშნული მორიგებით თავად განსაზღვრეს სადავო უძრავი ქონების სამართლებრივი ბედი. ამასთან, მორიგების საფუძველზე, მოპასუხეს წარმოეშვა სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე - გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდამდე ან ვალდებულების ორჯერ დარღვევამდე. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, აღნიშნული მორიგების შედეგად, განსახილველ საქმეში აღარ არსებობს დავის საგანი, რაც საქმისწარმოების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენდა.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი, რაც იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
28. ამასთან, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის წინაპირობა - არ არსებობს დავის საგანი, აღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება.
29. მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187.2, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. შეწყდეს საქმის წარმოება ა.ბ–ძის სარჩელზე დ.ღ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე