საქმე №ას-162-152-2017 16 აპრილი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. შპს „ი.ი.ჰ. ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თი“, დირექტორი დ.ა.ქ–ნი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე)
2. შპს „გიო 2007“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1.სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და კასატორის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/ შგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ი.ი.ჰ. ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თმა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი, ასევე მენარდე ან „ი.ი.“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.....“-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი, ასევე შემკვეთი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 266 605 ევროს გადახდა შესრულებული სამუშაოს ანგარიშში, ასევე ზიანის 200 000 ევროს ანაზღაურება.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ.ბათუმის თვითმმართველი ქალაქის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს გ.....“-მა, რომელსაც უნდა შეესრულებინა ქ.ბათუმის ტერიტორიაზე წყალ-საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „გ. ....“-მა თავის მხრივ 2010 წლის 5 იანვარს მოსარჩელესთან გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 3 111 117 ევროთი. ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა საავანსო გადახდა, რომელიც აუცილებელი იყო მობილიზაციისა და სამუშაოთა მომზადებისათვის (სპეცტექნიკის შემოყვანა, მისი გარკვეული ნაწილის შეძენა, მასალების შემოტანა). მოპასუხეს ავანსის სახით პირველ ეტაპზე უნდა გადაეხადა 100 000 ევრო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო ამ თანხის გადახდიდან 20 დღეში 200 000 ევრო. მოსარჩელეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა სამუშაო არეალის მიღებიდან 545 კალენდარულ დღეში. მიმდინარე გადასახადები უნდა გადახდილიყო ყოველკვარტალურად, ყოველი მესამე თვის ბოლოს, შესრულებული სამუშაოების მიხედვით. მოსარჩელის განმარტებით, ყოველ შესრულებულ სამუშაოს იბარებდა ქ.ბათუმის მერიის მიერ დაქირავებული კომპანია _ „პ.პ–ის“ წარმომადგენლობა ბათუმში (პროექტის შემდგენი). ამ კომპანიას არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. მოპასუხემ დაარღვია საავანსო გადახდის გრაფიკი, 2010 წლის 25 იანვარს ჩარიცხა 80 000 ევრო, 2010 წლის 4 თებერვალს _ 20 000 ევრო, 2010 წლის 15 აპრილს _ 25 000 ევრო. მოსარჩელის განმარტებით, მარეთა შორის სერიოზული უთანხმოება წარმოიშვა 2010 წლის მაისში. მოპასუხემ შექმნა ისეთი პირობები, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ამის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელე დაარწმუნა, რომ ჩაურიცხავდა კუთვილ თანხებს, მოსარჩელე ასევე დაიყოლიეს მასზე, რომ მოსარჩელეს საკუთარი ხარჯებით შეეძინა მასალები 100 000-150 000 ევროს ღირებულებით. მოსარჩელის განმარტებით მან გააგრძელა სამუშაოები საკუთარი ხარჯით 2011 წლის მაისის თვის ჩათვლით. მოპასუხე კვლავ არ ანაზღაურებდა მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს, ამასთან მოსარჩელეს აწერდა იმ ხარჯებს (ტექნიკა-დანადგარების ქირის სახით), რასაც მოსარჩელე არ იყენებდა, შეგნებულად ზრდიდა შეძენილ და მიწოდებულ მასალათა ღირებულებას. ამ მიზეზთა გამო, მოსარჩელემ ვერ შეძლო სამუშაოთა დროული გაგრძელება და შესრულება. მოსარჩელემ შეასრულა მთელი რიგი მოსამზადებელი და სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის საკუთარი ხარჯით. 2011 წლის მაისი-ივნისის თვეში მოსარჩელე იძულებული გახდა შეეჩერებინა სამუშაოები და მიეტოვებინა პროექტი. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოთა შესრულებას გააგრძელებდა შემკვეთი, ამასთან იგი მოსარჩელეს აუნაზღაურებდა გაწეულ ხარჯებს. მოსარჩელის განმარტებით მას გაწეული აქვს შემდეგი ოდენობით ხარჯი: ა) წარმოდგენილი ინვოისებით ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოტანილია და საქმისათვის მოხმარებულია 299 400 ევროს ღირებულების პროდუქცია; ბ) ხელფასის სახით გაცემულია 358 351 ლარი; გ) შეძენილია 9 435 ლარის საქონელი; დ) დიზელის საწვავის შესაძენად, ასევე სამუშაო ინვენტარის, სპეცტანსაცმლის, ფეხსაცმელების და კვებისათვის გაწეულია საერთო ჯამში 46 672.38 ლარი. მოსარჩელემ გაწეულ ხარჯთან ერთად აღიარა მოპასუხის მიერ გადახდილი ანაზღაურებაც 216 808 ევროს ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ვალდებულების დარღვევის გამო ასევე უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანი 200 000 ევროს ოდენობით.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს მის სასარგებლოდ 238 114 ევროს და 744 215 ლარის ანაზღაურება, ასევე პირგასამტეხლოს და ჯარიმის სახით 425 671 ევროს ანაზღაურება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოპასუხემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, რაც გამოიხატა სამუშაოს მიტოვებასა და არაჯეროვან შესრულებაში, რის გამოც შპს „გ.-...“-ი იძულებული გახდა თვითონ გაეგრძელებინა სამუშაოები. შეგებებულმა მოსარჩელემ სარჩელის მე-5-მე-11-ე ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა მის მიერ გაწეულ ხარჯებზე, მათ შორის საწვავის, ხელფასების სახით გაწეულ ხარჯებზე. შეგებებული მოსარჩელის განმარტებით მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მან მოპასუხესთან შეწყვიტა ხელშეკრულება.
1.3. მოპასუხეების პოზიცია:
თავდაპირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შედავება წარადგინა. შეგებებული სარჩელი ასევე არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა თავდაპირველმა მოსარჩელემ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ი.ი.ჰ.ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,გ.....“-ს შპს ,,ი.ი.ჰ.ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თის“ სასარგებლოდ დაეკისრა 266 605 ევროს გადახდა. შპს ,,გ. ...“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ი.ი.ჰ.ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თს“ შპს ,,გ. ....“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 238 114 ევროს და 744 215 ლარის გადახდა. შპს ,,ი.ი.ჰ.ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თს“ შპს ,,გ....“-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 92 000 ევროს ოდენობით და პირგასამტეხლოს 20 000 ევროს ოდენობით ანაზღაურება.
3. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ. ...“-ისა და შპს „ი.ი.ჰ.ე.ი.მ.ს.ნ.ტ.თ–ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება. შპს „ი.ი.ჰ.ე.ი.მ.ს.ნ.ტ. თ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „გ....“-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. შპს „ი.ი.ჰ. ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თმა“ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. შპს „გ....“-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და კასატორის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ისინი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
უპირველესად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო განხილვის საგანია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერება, ასევე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, ვინაიდან ერთის მხრივ მენარდე ითხოვს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, ასევე სახელშეკრულებო პირობათა დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხოლო მეორეს მხრივ შემკვეთი დავობს მენარდის მხრიდან სამუშაოთა არაჯეროვან, ნაკლიან შესრულებაზე, აქედან გამომდინარე ზიანისა და იმ ხარჯების ანაზღაურებაზე, რომლის გაღებაც მას მოუწია ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ მოცემული საქმე ერთხელ იყო საკასაციო განხილვის საგანი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გარკვეული მითითებებით დაუბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს, ამიტომ საკასაციო პალატა გაითვალისწინებს ამ მითითების ფარგლებს, როგორც დასაბუთებული პრეტენზიის, ისე სამართლებრივი შეფასების კონტექსტში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას საკასაციო საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს, რომლებიც ეხება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევას.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. 2009 წლის 31 დეკემბერს „ი.ი.“ და შპს „კ.ი.ვ.თ–თი“ (შემდგომში - „კ.თ–თი“) შეთანხმდნენ ერთობლივ საქმიანობაზე ბათუმის მერიისათვის გასაწევი მომსახურების ფარგლებში. თითოეული მონაწილის წილი განისაზღვრა 50%-ით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში „კ.თ–ს“ უნდა მიეწოდებინა მასალები, ხოლო „ი.ი–ს“ უნდა შეესრულებინა სამუშაოები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „გ. ....“-თან ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან მოხდებოდა სოლიდარული დაანგარიშება.
1.2.2. 2010 წლის 5 იანვარს შპს „გ. ....“-ს, „ი.ი–სა“ და „კ. თ–ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების დანართში მითითებული, ე.წ. ლოტი 1ც გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა ამ სამუშაოების ღირებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღავრა 3 111 117 ევროთი. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეების მიერ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაერიცხა ავანსი 100 000 ევრო, რომელიც საჭირო იყო მობილიზაციისათვის, საჭირო მოწყობილობებისა და დანადგარებისათვის, მილების, სარქველების, წყალმზომი ყუთების გადამოწმებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მუშათა ხელფასებისათვის და ა.შ. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის მიხედვით, კონტრაქტზე ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში შემკვეთს უნდა უზრუნველეყო კონტრაქტორი სამუშაო არეალითა და პროექტებით, ხოლო მენარდეს სამუშაო უნდა დაესრულებინა 545 კალენდარულ დღეში, სამუშაო არეალის მიღების შემდეგ. ე.ი. ორივე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სამუშაო უნდა დასრულებულიყო, არაუგვიანეს 2011 წლის 14 ივლისისა. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, სამუშაოს დაგვიანებით ჩაბარებისათვის კონტრაქტორს უნდა გადაეხადა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 320 ევრო, რასაც დამქირავებელი დაქვითავდა საბოლოო გადასახადისაგან. ჩასატარებელი სამუშაოსათვის საჭირო ტექნიკური პერსონალი უნდა დაექირავებინა კონტრაქტორს. მასვე უნდა უზრუნველეყო მშენებლობა საჭირო ტრანსპორტით. სამუშაოს ღირებულება უნდა გადაეხადა კონტრაქტორს ყოველკვარტალურად, ე.ი. მესამე თვის ბოლოს, შესრულების მიხედვით.
1.2.3. 2010 წლის 5 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე „კ.ჯ–მა“ 2010 წლის 11 თებერვლიდან 2010 წლის 2 ივლისამდე შპს „გ....“-ს მიაწოდა 197 315,59 ევროს ღირებულების პროდუქცია, მათ შორის 2010 წლის 7 ივნისიდან 2010 წლის 2 ივლისამდე პერიოდში - 40 038,18 ევროს ღირებულების პროდუქცია. ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „გ....“-მა შპს „კ.თ–ს“ გადაუხადა სულ 146 114 ევრო.
1.2.4. 2010 წლის 7 ივნისამდე შპს „კ.თ–მა“ შპს „გ.-....“-ს მიაწოდა 157 277,41 ევროს ღირებულების პროდუქცია.
1.2.5. „ი.ი–ს“ მიერ 2010 წლის თებერვალ-მარტში სამუშაოები დაწყებული არ იყო და იგი ამისთვის ემზადებოდა. „ი.ი–მა“ 2010 წლის მაისამდე გარკვეული სამუშაოები ჩაატარა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები მენარდემ 2010 წლის სექტემბრიდან შეასრულა. საქმეში წარმოდგენილი, ე.წ. დაჯამებული ინვოისის თანახმად, ლოტზე 1ც 2010 წლის 7 ივნისისათვის წინასწარ ნაყიდი მასალების ჩათვლით შესრულებული იყო 167 343,7 ევროს ღირებულების სამუშაო. 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2010 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით „ი.ი–მა“ განახორციელა 267 007,56 ევროს ღირებულების შესრულება. „ი.ი–მა“ მუშა-მოსამსახურეებს გადაუხადა 3 264 ლარი და 10.750 ევრო. ამასთან, მის მიერ 37 000 ლირას გადახდის არც დანიშნულება და არც მიზანი ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება. შპს „გ. ...“-ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქცია ან შესრულებული სამუშაო არაჯეროვანი იყო.
1.2.6. 2010 წლის მაისში, შპს „გ.....“-მა გაისტუმრა „ი.ი–ის“ დავალიანება მუშაკების მიმართ - 44 000 ლარი.
1.2.7. 2010 წლის მაისსა და ივლისში, შპს „გ....“-მა ხელშეკრულება მოუშალა ჯერ „კ.თ–ს“, ხოლო შემდეგ _ „ი.ი–ს.“.
1.2.8. 2010 წლის 13 ივლისიდან 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით სამუშაოებს ასრულებდა უშუალოდ შპს „გ. ...“. 2010 წლის 13 ივლისიდან 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით შპს „გ....“-მა შეასრულა 130 000 ევროს ღირებულების სამუშაო.
1.2.9. 2010 წლის 30 ოქტომბერს მხარეებმა, ოღონდ ამ შემთხვევაში მხოლოდ შპს „გ. ...“-მა და „ი.ი–მა“ დადეს ახალი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, შემკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაერიცხა ავანსი, 100 000 ევრო. ხელშეკრულების 7.3. პუნქტის მიხედვით, კი შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, სამუშაოების დასაჩქარებლად, საკუთარი ხარჯით შეეძინა მილები, დაახლ. 100000 - 150000 ევროს ღირებულების, რაც შემდეგ, უნდა აენაზღაურებინა დამკვეთს.
1.2.10. 2011 წლის 7 თებერვლიდან 2011 წლის 10 მაისამდე „ი.ი–მა“ შეასრულა 235 460,85 ევროს ღირებულების სამუშაო. შპს „გ. ....“-ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქცია ან შესრულებული სამუშაო არაჯეროვანი იყო.
1.2.11. „ი.ი–ს“ შპს „გ... “-მა გადაუხადა: 2010 წლის 30 დეკემბერს 104 000 ლარი, 2011 წლის 17 თებერვალს - 60 000 ლარი. გარდა ამისა, „ი.ი–მა“ დაადასტურა, რომ შპს „გ. ...“-მა გადაუხადა 47 347 ევრო.
1.2.12. 2011 წლის იანვრიდან იმავე წლის ივლისის ჩათვლით შპს „გ.....“-მა სახელფასო უწყისების თანახმად, ლოტი 1ც-ს მომსახურებისათვის, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, გადაიხადა ხელფასი 83 269.5 ლარი.
1.2.13. სასამართლომ არ გაიზიარა შპს „გ. ....“-ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მან „ი.ი–ის“ ნაცვლად მუშებს გადაუხადა 188 858 ლარი, დამატებით გასწია 373 894 ლარის ხარჯი, შეიძინა ინერტული მასალები, საწვავი - 80 000 ლარის და კიდევ, დამატებით დახარჯა 14 697 ლარი. სასამართლოს შეფასებით შემკვეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო დავალებები, ხელშეკრულებები, ხელწერილები და ქვითრები) არ დასტურდება, რომ ისინი, გარდა ხელფასის ნაწილისა, შემკვეთმა მაინცდამაინც „ი.ი–ის“ მიერ შესასრულებელი სამუშაოს გამო გაიღო. უდავოა, რომ „ი.ი.ს“ მიერ შესასრულებელი სამუშაოს გარდა, შპს „გ. ....“ ახორციელებდა სხვა სამუშაოებსაც. ჯამში, შპს „გ.-...“-მა შპს „ი.ი–ის“ სასარგებლოდ 468 591 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი ვერ დაამტკიცა.
1.2.14. შპს „გ. ...“-ის მიერ „ი.ი–სთვის“ 290 000 ევროს ღირებულების მილების მიწოდების ფაქტი საქმის მასალებით არ მტკიცდება.
1.2.15. „ი.ი–ს“ 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის მაისამდე პერიოდში შპს „გ. ....“-ისათვის 142 141,22 ევროს ღირებულების მასალები არ მიუწოდებია.
1.2.16. როგორც 2010 წლის 5 იანვრის, ისე 2010 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება „ი.ი–მა“ შეწყვიტა (მიატოვა) ჯერ 2010 წლის მაისის ბოლოს, ხოლო შემდეგ _ 2011 წლის მაისის დასაწყისში. ამის შესაბამისად, „ი.ი–მა“ ხელშეკრულების პირობები დაარღვია. 2010 წლის 5 იანვრის ხელშეკრულების პირობებს შპს „გ. ...“-იც არღვევდა, რადგან მას „ი.ი–სთვის“ შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ გადაუხდია.
1.2.17. სასამართლოს დასკვნით, მიღებასავალდებულო ნების ნამდვილობის კონტექსტში დგინდება, რომ 2010 წლის 5 იანვრის ხელშეკრულება შპს „გ. ...“-მა მოშალა, ხოლო 2010 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულება _ „ი.ი–მა.“.
1.2.18. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში „ი.ი–ს“ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული და შპს „გ. ...“-ის მიერ მიღებული სამუშაოს ანაზღაურება არ მოუთხოვია. ამის შესაბამისად, ის, თუ კონკრეტულად სად და რა სამუშაო შეასრულა, „ი.ი–ს“ არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
ვიდრე საკასაციო სასამართლო უპასუხებდეს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ პრეტენზიებს, საკასაციო პალატა შეეხება: რამდენიმე თეორიულ და პრაქტიკულ საკითხს, მათ შორის სარჩელის/შეგებებული სარჩელის და შესაგებლის ფორმალურ გამართულობას (დასაბუთებულობას); მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განჩინების (#ას-700-670-2014) ძირითად მითითებებს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე:
1.3.1. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა, ამდენად, დავის არსებითად განხილვამდე, უნდა შემოწმდეს, ვინ?, ვისგან?, რას?, რის საფუძველზე ითხოვს?, ამასთან პირველი ორი კითხვა სათანადო მხარესთან დაკავშირებით იძლევა პასუხს, მესამე _ დავის საგანთან, ხოლო მეოთხე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთან მიმართებაში. სამართლის თეორიაში აღიარებულია, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის სწორად დადგენა რთული საკითხია და ამისათვის მოსამართლეს დიდძალი შრომა სჭირდება, რადგან თუ რელევანტური ფატების წარდგენა მხარეთა პასუხისმგებლობაა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება სასამართლოს პრეროგატივაა და მოსამართლეს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ კუთხით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ერთი მხრივ ფაქტების რელევანტურობას განაპირობებს სამართლის ნორმა, ხოლო მეორეს მხრივ ფაქტები განსაზღვრავენ რომელი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული. ამ მოსაზრებას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი პრინციპი _ da mihi facta, dabo tibi ius – მომეცი ფაქტები და მოგცემ სამართალს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს, რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ. თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება და მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა აქვს კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოდ ხდის მოსარჩელის მოხსენებას. კვალიფიციური შედავებისას, მოსამართლემ უნდა შეამოწმოს რას პასუხობს მოპასუხის ვერსიას მოსარჩელე და ეს პროცესი გრძელდება, ვიდრე არ დასრულდება მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე გადასვლა და პირიქით.
1.3.2. საპროცესო კანონმდებლობით სამართალწარმოებაში აღიარებულია სარჩელისა და შესაგებლის სრულყოფილად წარდგენის პრინციპი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177(3) მუხლის თანახმად _ „სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით“; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178(1)(ე, ვ) მუხლის თანახმად _ „სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს“; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201(1)(4) მუხლის თანახმად _ „პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით“). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა ემსახურება საპროცესო ეკონომიისა და ეფექტური მართლმსაჯულების ინტერესებს, რაც სრულ თანხვედრაშია მხარეთა ინტერესებთან, დაცული იყოს სასამართლო ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
1.3.3. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოცემული საქმე ერთხელ იყო საკასაციო განხილვის საგანი, ხოლო საკასაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი მითითებებით, კერძოდ:
ა) დასადგენია ე.წ. პირველი კონტრაქტის (5.01.2010წ.) პერიოდში, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება;
ბ) დასადგენია პირველად რომელმა მხარემ მოშალა ხელშეკრულება, ჯერ მენარდემ მიატოვა სამუშაოები თუ შემკვეთმა მოშალა ხელშეკრულება;
გ) მენარდის მიერ ხელშეკრულების 2010 წლის მაისში მოშლის შემდეგ, თუკი მხარეთა შორის აღარ არსებობდა ვალდებულებები, რის საფუძველზე შეასრულა მან იმავე წლის სექტემბრიდან ძირითადი სამუშაოები, თუ მაისში უკვე მიტოვებული ჰქონდა სამუშაო არეალი და იმავე წლის ოქტომბრამდე მხარეთა შორის ურთიერთობა არ არსებობდა;
დ) სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს 30.10.2010 წლის შეთანხმების (ე.წ. მეორე კონტრაქტი) ფარგლებში, რა ურთიერთვალდებულებები ეკისრებოდათ მხარეებს, როგორ, როდის და რა მოცულობით შეასრულეს, თუკი სექტემბერში მენარდე ასრულებდა ძირითად სამუშაოს, მაშინ რა პერიოდში მოიშალა ხელშეკრულება და ვის მიერ.
ამდენად საკასაციო პალატამ გამოსაყენებელ ნორმათა შემოწმებისათვის არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა ერთის მხრივ მხარეთა ვალდებულებების ზუსტად განსაზღვრას, ხოლო მეორეს მხრივ ვალდებულების დამრღვევი და ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი მხარის დადგენას.
შპს „ი.ი.ჰ. ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თის“ სარჩელის საფუძვლიანობა
1.3.4. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მენარდის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში _ სკ) 629-ე და 636-ე მუხლები. სკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ: ა) მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში; ბ) მენარდემ შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) მენარდემ შემკვეთს წარუდგინოს უნაკლო ნივთი (სამუშაო); დ) მენარდის სასარგებლოდ არ იყოს გადახდა განხორციელებული. როგორც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა, „ი.ი–ს“ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული და შპს „გ. …“-ის მიერ მიღებული სამუშაოს ანაზღაურება არ მოუთხოვია. უფრო მეტიც, მენარდეს არ მიუთითებია იმ გარემოებების შესახებ, თუ კონკრეტულად სად და რა მოცულობის სამუშაო შეასრულა, არამედ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების თაობაზე „ი.ი–მა“ მიუთითა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განმეორებით განხილვისას. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ როგორც 2010 წლის 5 იანვრის, ისე 2010 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება „ი.ი–მა“ შეწყვიტა (მიატოვა) ჯერ 2010 წლის მაისის ბოლოს, ხოლო შემდეგ _ 2011 წლის მაისის დასაწყისში, 2010 წლის 13 ივლისიდან 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით სამუშაოებს ასრულებდა უშუალოდ შპს „გ. ….“, ამის შესაბამისად, „ი.ი–მა“ ხელშეკრულების პირობები დაარღვია. სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. ამდენად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გამორიცხა „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, მითითებული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი ვერ დადგება.
1.3.5. რაც შეეხება სკ-ის 636-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს, სახეზე უნდა იყოს: ა) სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლა; ბ) ხელშეკრულების მოშლამდე სამუშაოს ნაწილის შესრულება; გ) ხელშეკრულების მოშლით მენარდისათვის ზიანის მიყენება; დ) მენარდის სასარგებლოდ გადახდის განუხორციელებლობა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, როგორც 2010 წლის 5 იანვრის, ისე 2010 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება „ი.ი–მა“ შეწყვიტა (მიატოვა), ხოლო მიღებასავალდებულო ნების ნამდვილობის კონტექსტში სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 5 იანვრის ხელშეკრულება შპს „გ. ….“-მა მოშალა, ხოლო 2010 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულება _ „ი.ი–მა.“. საკასაციო პალატა ხელშეკრულების მოშლამდე მენარდის მხრიდან სამუშაოს ნაწილის შესრულებისა და მისთვის ზიანის მიყენების დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის ფორმალურ გამართულობაზე. იმისათვის, რომ სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ჩაითვალოს დასაბუთებულად, მენარდემ პირველ ეტაპზე უნდა დაძლიოს ფაქტების მითითების ტვირთი, ამასთან, ფაქტები უნდა იყოს ზედმიწევნით კონკრეტული. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ მოცემულობას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები შინაარსობრივი თვალსაზრისით მოკლებულია კონკრეტიკას (მაგალითად: ავანსის დაგვიანებით და არასრულად ჩარიცხვამ რა არსებითი გავლენა იქონია მენარდის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე (სამუშაოების დაწყებაზე); რა ხარჯები არ აანაზღაურა შემკვეთმა, რის გამოც მენარდე იძულებული გახდა მიეტოვებინა სამუშაოები (გამოსახული თანხობრივად); რა ხარჯები დაუანგარიშა შემკვეთმა მენარდეს ტექნიკა-დანადგარების ქირის სახით, რომელსაც ეს უკანასკნელი არ იყენებდა ან რა მასალის ღირებულება იქნა ხელოვნურად გაზრდილი და რამდენით, რამაც შეაფერხა სამუშაოთა დროული გაგრძელება და შესრულება; რა ტიპის მოსამზადებელი და სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა მენარდემ, რომელიც არ არის ანაზღაურებული (გამოსახული თანხობრივად); რაში და რა თანხებში გამოიხატა მისთვის მიყენებული ზიანი (წარმოეშვა თუ არა მენარდეს მესამე პირების მიმართ რაიმე ვალდებულება და რა ფარგლებში? სამუშაო ძალის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში შეეძლო მენარდეს მიეღო შემოსავალი სხვა წყაროდან და რა ოდენობით?)), ამასთან სააპელაციო სასამართლომ გამორიცხა მენარდის მხრიდან შესრულებული სამუშაოების თაობაზე მითითება (კონკრეტულად სად და რა მოცულობის სამუშაო შეასრულა), მივალთ დასკვნამდე, რომ სარჩელი მოსარჩელის სტადიაზე ფორმალურად დაუსაბუთებელია. ამ თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება ერთ-ერთ საქმეზე: „სამოქალაქო საპროცესო მიზნებიდან გამომდინარე, სარჩელის წარმატებულობას განაპირობებს მოსარჩელის მოთხოვნისა და მის მიერ მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოებების იურიდიული თანხვედრა, ანუ საქმის განხილვის დაწყებისას, სასამართლოს უპირველეს ამოცანას სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს, რა დროსაც სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული ფაქტები, დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, იურიდიული თვალსაზრისით ამართლებენ თუ არა მოთხოვნას. სწორედ ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდგომ ღირს მოპასუხის შედავების საფუძვლიანობის შემოწმება, რამეთუ, იურიდიულად გაუმართლებელი სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა და სამართალწარმოების შემდგომი ეტაპების გავლა ყოველგვარ გონივრულობას ცდება, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გარდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრისა, რაიმე ფორმით ჩაეროს სარჩელის გამართულობაში, უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სუსგ ას-1079-1036-2016, 2 ივნისი, 2017 წ.). მსგავსი განმარტება გააკეთა ასევე უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე, კერძოდ: „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა (სუსგ ას-127-119-2015, 22 ივლისი, 2015 წ.).
1.3.6. მოსარჩელის ბოლო დაზუსტებულ სარჩელში მართალია მითითებულია მის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ თანხობრივად, თუმცა მითითებისა და მტკიცების კუთხით წარმოდგენილია არასრული სახით, მაგალითად, მოსარჩელე უთითებს, რომ: წარმოდგენილი ინვოისებით ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოტანილია და საქმისათვის მოხმარებულია 299 400 ევროს ღირებულების პროდუქცია, მაგრამ მოსარჩელე არ აკონკრეტებს რომელი მტკიცებულებებით (კონკრეტული ინვოისით, მიღება-ჩაბარების აქტებით ან სამუშაოს შესრულების აქტებითი) დასტურდება მასალების შემოტანისა და მოხმარების ფაქტი; შეძენილია 9 435 ლარის საქონელი, მაგრამ არ აკონკრეტებს საქონლის სახეობას, ასევე ანგარიშ-ფაქტურებს ან საქონლის შეძენის დამადასტურებელ სხვა მტკიცებულებას; დიზელის საწვავის შესაძენად, ასევე სამუშაო ინვენტარის, სპეცტანსაცმლის, ფეხსაცმელების და კვებისათვის გაწეულია საერთო ჯამში 46 672.38 ლარი, მაგრამ არ მიჯნავს თითეულ ხარჯს კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითებით. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, „ი.ი–ს“ არც საწვავ-საპოხი მასალების შესაძენად და არც მუშაკების საკვებად ან მათთვის ინვენტარის შესაძენად ხარჯის გაწევის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
შპს „გიო 2007“-ის სარჩელის საფუძვლიანობა
1.3.7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შემკვეთის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა სამოქალაქო კოდექსის 352(1), 407(1), 643(1), 417-ე და 986-ე მუხლები, შესაბამისად მითითებული ნორმების გამოყენებისათვის მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს შემდეგი წინაპირობების არსებობაზე: ა) მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში (ნარდობა); ბ) მენარდემ განახორციელა ნაკლიანი შესრულება, რაც გამოიხატა სამუშაოს უხარისხოდ და არასრულად შესრულებაში; გ) შემკვეთმა გააფრთხილა მენარდე და განუსაზღვრა დამატებითი ვადა; დ) დამატებითი ვადა უშდეგოდ გავიდა; ე) დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ შემკვეთმა გამოხატა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ვ) მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შემკვეთს მიადგა ზიანი (სამუშაოს შესრულებასთან/ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებით გასწია დამატებითი ხარჯები; ზ) მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის/არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო; თ) შემკვეთმა შეგნებულად გაისტუმრა მენარდის ვალები მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირების მიმართ, რითაც მენარდე გამდიდრდა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მართალია სამუშაო არეალი მიატოვა „ი.ი–მა“, მაგრამ ვალდებულებები თავის მხრივ დაარღვია შემკვეთმაც, რაც გამოიხატა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულების დარღვევაში (ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო პერიოდულად, შესრულებული სამუშაოს ნაწილის მიღების პროპორციულად), მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შპს „გ. ….“-ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მიწოდებული პროდუქცია ან შესრულებული სამუშაო არაჯეროვანი იყო. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, საფუძველი ეცლება სკ-ის 352(1), 407(1) და 643(1) მუხლებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომას. რაც შეეხება სამუშაო არეალის მიტოვების იმ მიზეზებს, რომელზეც მენარდე მიუთითებდა (საავანსო თანხის არასრულად და დაგვიანებით ჩარიცხვა; შესრულებული სამუშაოს ნაწილის პროპორციული ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა; შესრულებული სამუშაოს ნაწილის მიღების გაჭიანურება), შემკვეთს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოა.
1.3.8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „გ…..“ „ი.ი–ს“ „კ.თ–ისათვის“ გადახდილი თანხის ანაზღაურებას ვერ მოსთხოვს, რის გამოც 146 114 ევროს გადახდის ნაწილში შპს „გ. ….“-ის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
1.3.9. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ფორმალურ დასაბუთებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის მე-5-მე-11-ე ფაქტობრივ გარემოებებზე, სადაც მოსარჩელე უთითებს მისი მხრიდან ხარჯების გაწევაზე, მაგრამ ამ ფაქტების რელევანტურობის კონტექსტში არ აკონკრეტებს: ა) მე-5 ფაქტობრივ გარემოებაში გადარიცხული თანხებიდან რამდენია ზედმეტად გადარიცხული და გადარიცხულიდან რა ღირებულების სამუშაო შესრულდა; ბ) მე-7 ფაქტობრივ გარემოებაში, თუ თვითონ მოუწია სამუშაოს გაგრძელება, მიიღო თუ არა სანაცვლო ანაზღაურება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან. იგივე შეიძლება ითქვას მე-8 ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით; გ) მე-9 და მე-10 ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელე საუბრობს საწვავის და ზეთების ხარჯებზე, თუმცა არ უთითებს, ამ ხარჯების გაწევის შედეგად საერთოდ არ შესრულდა სამუშაოები თუ ნაწილობრივ შესრულდა, თუ ნაწილობრივ შესრულდა რა ნაწილი იყო ეს; დ) მე-11 ფაქტობრივ გარემოებაში უთითებს სხვადასხვა ხარჯზე, ისე, რომ არ აკონკრეტებს.
შპს „ი.ი.ჰ. ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თის“ საკასაციო საჩივარი
1.3.10. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულების მოშლის თაობაზე წინააღმდეგობრივი მსჯელობის შესახებ, მიუხედავად ამისა თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.3.4.-1.3.6. პუნქტებში ჩამოყალიბებული მოსაზრების გათვალისწინებით არ იცვლება შედეგი, ვინაიდან, რომც გავიზიაროთ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხელშეკრულების შემკვეთის ინიციატივით მოშლის თაობაზე (სკ-ის 636-ე მუხლი), მენარდემ უნდა წარმოადგინოს დეტალური დასაბუთება, როგორც გაწეული ხარჯების, ასევე ზიანის შესახებ, რაც მოსარჩელის სტადიაზე არ განუხორციელებია. რაც შეეხება სკ-ის 637-ე და 638-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს, პირველ რიგში მენარდეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის არსებობდა მნიშვნელოვანი საფუძველი, რაც ასევე დაძლეული არ არის. მნიშვნელოვანი საფუძვლის დადასტურება არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხარის სუბიექტურ შეფასებებს, არამედ უნდა გამომდინარეობდეს მხარის მიერ მითითებული და საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებიდან, კასატორს კი ამ კუთხით დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
შპს „გ. ....“-ის საკასაციო საჩივარი
1.3.11. კასატორი უთითებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა არ აკონკრეტებს რაში გამოიხატება ეს დარღვევები. კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობის ნაწილში პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან შემკვეთის მიერ მენარდისათვის გადარიცხული თანხების, ასევე მის მიერ გაღებული ხარჯების არასწორად დადგენაზე, თუმცა დასაბუთებული პრეტენზიის კონტექსტში მხარეს არ მიუთითებია რომელი მტკიცებულებები არ შეაფასა სასამართლომ (საქმის ფურცლების მითითებით), ასევე იმის შესახებ, რომ სანაცვლო შესრულება არ მიუღია და ხელშეკრულების მოშლის გამო მიღებული შესრულება და სარგებელი ექვემდებარება დაბრუნებას (დაბრუნების ფარგლები/გამდიდრების ფარგლები/ზიანის ფარგლები).
1.3.12. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გაითვალისწინა მხარეთა თხოვნა საქმის მორიგებით დასრულების შესაძლებლობის თაობაზე და ამ მიზნით გადადო საქმის განხილვა, თუმცა საბოლოოდ მორიგება ვერ შედგა.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
2. პროცესის ხარჯები:
ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებით არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მხარეთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე, არ არსებობს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორება განხორციელებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 53-ე, 55-ე, 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ი.ი.ჰ. ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „გ. ...-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
3.1. შპს „ი.ი.ჰ. ე.ი.მ.ს. ნ.ტ.თ–თის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
3.2. შპს „გ. ....-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი