Facebook Twitter

30 დეკემბერი 2021 წელი

საქმე№ ა-5103-შ-148-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ჰ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ჰ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #2021/368)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე.ჰ–ისა (დაბადებული: 22.11.1985წ., თურქეთის რესპუბლიკაში პ/ნ ......., მისამართი: ქ.ედირნე, უზუნქოფრუს რაიონი, ......., ტომი 4, კომლი 360 და დანართი 18, რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრში, მამის სახელი: ნ., დედის სახელი: გ.) და მოპასუხე ა.ჰ–ის (დაბადებული: 27.09.1989წ., გარდაბანში, პ/ნ ......., საქართველოს მოქალაქე, დედის სახელი: ლ., მამის სახელი: ა.) შორის თურქეთის სამოქალაქო კანონის 166/3 მუხლის მიხედვით შეთანხმებული იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეები მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, ძვირფასეულობის და რაიმე ნივთების მოთხოვნაზე უარს აცხადებენ, ამის მიხედვით იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

2021 წლის 29 ოქტომბერს, ა.ჰ–იმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა ორივე მხარე, მოსარჩელე _ ე.ჰ–ი და მოპასუხე _ ა.ჰ–ი. თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე მხარეებმა უარი განაცხადეს და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 15 ოქტომბერს.

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი _ ა.ჰ–ი, არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინებით ა.ჰ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ა.ჰ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე.ჰ–ის და მოპასუხე ა.ჰ–ის შორის შეწყდა ქორწინება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ჰ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის უზუნქოფრუს მეორე ინსტანციის სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სახით) 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #2021/368), რომლითაც მოსარჩელე ე.ჰ–ის (დაბადებული: 22.11.1985წ., თურქეთის რესპუბლიკაში პ/ნ ...., მისამართი: ქ.ედირნე, უზუნქოფრუს რაიონი, ....., ტომი 4, კომლი 360 და დანართი 18, რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრში, მამის სახელი: ნ., დედის სახელი: გ.) და მოპასუხე ა.ჰ–ის (დაბადებული: 27.09.1989წ., გარდაბანში, პ/ნ ....., საქართველოს მოქალაქე, დედის სახელი: ლ., მამის სახელი: ა.) შორის თურქეთის სამოქალაქო კანონის 166/3 მუხლის მიხედვით, შეთანხმებული იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია