30 დეკემბერი 2021 წელი №ას-1085-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ რ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ გ.ჭ–ია, გ.ჩ–ძე
განმცხადებლის მოთხოვნა მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ.ჭ–იამ და გ.ჩ–ძემ სარჩელი აღძრეს რ.კ–ძისა და ს.კ–ძის მიმართ მატერიალური ზიანის _ 7292 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ. გ.ჩ–ძის სასარგებლოდ რ.კ–ძისა და ს.კ–ძისათვის მატერიალური ზიანის _ 2000 ლარისა და მორალური ზიანის _ 2000 ლარის დაკისრების შესახებ. ამასთან, მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლეს რ.კ–ძის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით, გ.ჭ–იასა და გ.ჩ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე რ.კ–ძეს (პ/ნ .......) აეკრძალა ქ.თბილისში, .... მდებარე #67 ბინის (ს/კ #......., ფართი 94.90 კვ.მ) და ქ.თბილისში, ....... მდებარე სხვენის (ს/კ #....., ფართი 49.40 კვ.მ) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ჭ–იასა და გ.ჩ–ძის სარჩელი რ.კ–ძისა და ს.კ–ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს.კ–ძეს გ.ჭ–იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 7282 ლარის გადახდა. ს.კ–ძეს გ.ჩ–ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით _ 858.43 ლარის და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით _ 2000 ლარის გადახდა. ს.კ–ძეს გ.ჭ–იას სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 218.46 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა. ს.კ–ძეს გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 85.75 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა. ს.კ–ძეს გ.ჭ–იასა და გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 405.61 ლარის გადახდა. სარჩელი რ.კ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. ს.კ–ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. გ.ჭ–იამ და გ.ჩ–ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის რ.კ–ძის მიმართაც დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით გ.ჭ–იასა და გ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა არც ს.კ–ძის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს.კ–ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებით ს.კ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა რ.კ–ძის წარმომადგენელმა ლ.უ–ძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის საგნად რ.კ–ძის მიერ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი თანხის შესაბამისი ოდენობის სადეპოზიტო თანხის _ 11000 ლარის გამოყენება. შუამდგომლობას თან ერთვის ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 2021 წლის 16 დეკემბერს 11000 ლარის შეტანის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერი (#211216131520905 ს.ს. ,,თ.ბ.").
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის წარმომადგენლის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარეთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალურად განხორციელების სწრაფ და ეფექტიან საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა, ვერ აღსრულდეს, ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს - მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი უნდა შეფასდეს როგორც მოსარჩელის, ისე - მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული და ადეკვატური უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანი და რისკები.
სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა, ამ შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს, რამდენად საფუძვლიანია მოპასუხის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მოთხოვნილი ცვლილების განხორციელება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ან მისი განუხორციელებლობით ხომ არ მიადგება ზიანი მხარის კანონიერ ინტერესებს. სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება.
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად (7292+2000+2000=11292) 11292 ლარის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ს.კ–ძეს მოპასუხეების სასარგებლოდ დააკისრა 10140.43 ლარის გადახდა (7282+858.43+2000= 10140.43). ს.კ–ძეს მოსარჩელეების სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის სახით ჯამურად დაეკისრა 809.82 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოსარჩელეებს _ გ.ჭ–იას და გ.ჩ–ძეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, განჩინება მხოლოდ ს.კ–ძემ გაასაჩივრა სარჩელზე სრულად უარის თქმის მოთხოვნით.
ამდენად, შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელეებისათვის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება არ აღემატება 11000 ლარს და ამ თანხის გაზრდის შესაძლებლობაც აღარ არსებობს, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეებს კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივარი არ წარუდგენიათ და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სასამართლო უზრუნველყოფს რა ერთი მხარის მოთხოვნის აღსრულებადობას, აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად არ უნდა განხორციელდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების შეპირისპირების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა მიზანშეწონილია, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება და კანონით დასაშვები უზრუნველყოფის ღონისძიების ზომად თანხის დეპოზიტზე განთავსება მიიჩნევა დავის საგანი არ აღემატება დეპოზიტზე განთავსებული თანხის ოდენობას, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა უზრუნველყოფს როგორც გადაწყვეტილების აღსრულებას, ისე მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - რ.კ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ უნდა შეიცვალოს ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 11000 ლარის განთავსებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 196-ე 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.კ–ძის წარმომადგენლის ლ.უ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ მოპასუხე რ.კ–ძისათვის ქ.თბილისში, ..... მდებარე #67 ბინის (ს/კ #....., ფართი 94.90 კვ.მ) და ქ.თბილისში, ..... მდებარე სხვენის (ს/კ #....., ფართი 49.40 კვ.მ) გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ _ შეიცვალოს უზრუნველყოფის მეორე სახით _ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 11000 ლარის განთავსებით (16.12.2021, სალაროს შემოსავლის ორდერი #211216131520905, ს.ს. ,,თ.ბ.").
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ.კ–ძეს (პ/ნ .....) აეკრძალა ქ.თბილისში, ..... მდებარე #67 ბინის (ს/კ #....., ფართი 94.90 კვ.მ) და ქ.თბილისში, ..... მდებარე სხვენის (ს/კ #....., ფართი 49.40 კვ.მ) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია