28 დეკემბერი 2021 წელი,
საქმე №ას-1195-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს. „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ.ჯ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება _ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს. „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, კასატორი) წარადგინა სარჩელი ზ.ჯ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობებით გათვალისწინებული, დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 34 025.8 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა, რომ ბათილად იქნას ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული შრომით ხელშეკრულების დამატებითი პირობები, შრომითი ხელშეკრულების დანართი №ვ - დასაქმების შეზღუდვის მუხლი 3 იმ ნაწილში, რომლითაც პირგასამტეხლოდ განისაზღვრა 12 თვის გადახდილი ანაზღაურების დაკისრება და მოითხოვა დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ და სამართლიან პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა არც ძირითადი სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა არც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და არც მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის, გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 1701 ლარისა და 29 თეთრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის, გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 1701 ლარისა და 29 თეთრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
9. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2021 წლის 24 ნოემბერს (იხ. ჩაბარების დასტური).
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
11. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 25 ნოემბერს და ამოიწურა 2021 წლის 06 დეკემბერს (ვადის უკანასკნელი დღე - 04 დეკემბერი დაემთხვა უქმე დღეს). ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე 284-ე, 285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს. „ს.ბ–ი“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი