Facebook Twitter

საქმე №ას-715-2021 27 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით

საკასაციო საჩივრის ავტორები – ე.ხ–ი, ვ.ჯ–ი, ლ.ბ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე

- მ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ტ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან "ბანკი") სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ხ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“), ვ.ჯ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან “კასატორი“), ლ.ბ–ისა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „კასატორი") და მ.გ–ის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მათთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება და დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით სარჩელი მეოთხე მოპასუხის მიმართ დარჩა განუხილველად, მოსარჩელის მიერ მისი გამოხმობის გამო. ხოლო, იმავე სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით მეოთხე მოპასუხე (შემდგომში - „მესამე პირი“) საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:

- პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 101 306,31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 96 000 ლარი, დარიცხული პროცენტი 4865,14 ლარი და ჯარიმა - 441,17 ლარი (მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 200 000 აშშ დოლარის ოდენობით);

- პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 03 აპრილიდან, №4.0062607.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 96 000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1120 ლარს (არაუმეტეს 13 440 ლარი) (მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 200 000 აშშ დოლარის ოდენობით);

- პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 73 201,91 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 60 000 ლარი, დარიცხული პროცენტი 13 201,91 ლარი (მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 200 000 აშშ დოლარის, ხოლო მესამე მოპასუხის პასუხისმგებლობა 95 900,39 ლარის ოდენობით);

- პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 03 აპრილიდან, №4.0062607.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 60 000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1110 ლარს (არაუმეტეს 13 200 ლარი) (მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 200 000 აშშ დოლარის, ხოლო მესამე მოპასუხის 95 900,39 ლარის ოდენობით);

- №4.0062607.001-001 და №4.0062607.001-002 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული დავალიანებებისა და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით, იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა: 1. პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, ..... №5ა, ს.კ. .....; თელავი, .....№8ა, ს.კ.....; პირველი მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილი (687 კვ.მ), მდებარე: რაიონი ახმეტა, სოფელი ..., ს.კ. ....; 2. მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, .... №24, ს.კ. .....;

- იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი პირველი მოპასუხის: 1. №4.0062607.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, დადგინდა აღსრულების მიქცევა პირველი და მეორე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე; 2. №4.0062607.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, დადგინდა აღსრულების მიქცევა პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი. მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2021 წლის 29 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს მოსარჩელემ და მოპასუხეებმა, რომელსაც დაურთეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მხარეთა მორიგების მიზნით დაინიშნა სასამართლო სხდომა 2021 წლის 27 დეკემბერს. აღნიშნულ სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტის შესწორებული ვერსია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება დავა მორიგებით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაასრულონ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას ურთიერთშეთანხმების გზით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც მათ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი შესწორებული მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

15. ამასთან, მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

17. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითად განხილვამდე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1504 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-273-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ტ–ის“, ე.ხ–ის, ვ.ჯ–ისა და ლ.ბ–ის შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1. მორიგების მხარეები:

ერთი მხრივ, მოსარჩელე სს „ტ–ი“ (ყოფილი სს „კ.ს.ბ–ი“) (შემდგომში - „ბ–ი“) და, მეორე მხრივ, მოპასუხე ე.ხ–ი (შემდგომში - „მოვალე“, „იპოთეკის საგნის მესაკუთრე"), მოპასუხე ვ.ჯ–ი (შემდგომში - „სოლიდარული თავდები“) და მოპასუხე ლ.ბ–ი (შემდგომში - „იპოთეკის საგნის მესაკუთრე“), შემდგომში ერთად მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ დავის მორიგებით დასრულების ნებას შემდეგი პირობებით:

2. მორიგების პირობები:

2.1. მორიგების მხარეები ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ სს „ტ–სა“ (სს „კ.ს.ბ–ი“) და ე.ხ–ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, მოვალესა და თავდებს ბანკის მიმართ გააჩნდათ მიმდინარე ფინანსური დავალიანება 201 148,22 ლარის ოდენობით;

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ეს თანხა მოვალეს დაეკისრა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ. კერძოდ, №4.0062607.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ე.ხ–სა და ვ.ჯ–ს სასამართლოს მიერ მთლიანობაში სოლიდარულად დაეკისრათ 114 746,31 ლარის გადახდა, ხოლო №4.0062607.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრათ მთლიანობაში 86 401,91 ლარის გადახდა. მოვალეს, ასევე, დაეკისრა ბანკისთვის ამ უკანასკნელის მიერ 5000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 122,5 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი 3 877,5 ლარი დაუბრუნდა ბანკს;

მხარეები, ასევე, ადასტურებენ, რომ ეს ვალდებულება დღეის მდგომარეობით შეუსრულებელია, რადგან მათ შორის გრძელდება დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

2.2. მხარეები თანახმა არიან:

2.2.1. №4.0062607.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხაზე, წლიური 14%-იანი სარგებლის გათვალისწინებით, მორიგებულ თანხად განისაზღვროს 114 746,31 ლარი, რომლის დაფარვა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

თარიღი

დაფარვა

ძირი

დარიცხული პროცენტი

ნაშთი

06.12.2021

0.00

0.00

0.00

114746.31

04.01.2022

0.00

0.00

0.00

114746.31

04.02.2022

0.00

0.00

0.00

114746.31

04.03.2022

0.00

0.00

0.00

114746.31

04.04.2022

0.00

0.00

0.00

114746.31

04.05.2022

0.00

0.00

0.00

114746.31

30.05.2022

123856.85

114746.31

9110.54

0.00

2.2.2. №4.0062607.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მორიგებულ თანხად განისაზღვრა 86 402 ლარი, რომლის გადახდაც განხორციელდა მოპასუხეების მიერ - 2021 წლის 04 ნოემბერს;

2.2.3. მოპასუხეებს სს "ტ–ის" სასარგებლოდ დაეკისროთ თელავის რაიონულ სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი სრულად, რომელიც მოპასუხეებმა უნდა გადაიხადონ 2022 წლის 29 მაისამდე. ამავდროულად, ბანკი იღებს ვალდებულებას მოპასუხეების წინაშე, რომ თელავის რაიონული სასამართლოდან ან სხვა შესაბამისი ინსტანციიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2022 წლის 01 მარტამდე, მოითხოვს წინამდებარე მორიგების აქტის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული თანხის - 3877,5 ლარის დაბრუნებას. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული თანხა დაუბრუნდება ბანკს მას შემდეგ, რაც მოპასუხეებს უკვე ექნებათ ეს თანხა ბანკისთვის სრულად გადახდილი, აღნიშნული თანხის ჩარიცხვა მოხდეს მოვალის - ე.ხ–ის მიერ მითითებულ ანგარიშზე;

2.2.4. №4.0062607.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული გადახდის ვალდებულებების (გრაფიკი) შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე განისაზღვრება ვადაგადაცილებული თანხის 0,27%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო, წინსწრების საკომისიო - 0 (ნული). ამ მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულების წინსწრებით შესრულების შემთხვევაში, უცვლელი დარჩება გადახდის გრაფიკით დადგენილი საგადახდო პერიოდი (ვადა), გადახდის თარიღები, ხოლო იმავდროულად წინსწრებით დაფარული ვალდებულების პროპორციულად შემცირდება ყოველთვიური გადახდების ოდენობა;

2.2.5. მორიგების აქტის 2.2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების წინსწრებით დაფარვამდე სს "ტ–ისთვის" გადახდილ უნდა იქნეს 2.2.3. პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის თანხა;

2.2.6. მოვალის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 2.2.1. პუნქტში მითითებული გრაფიკით დადგენილი გადახდის დღის 10 (ათი) დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად პირგასამტეხლოს დარიცხვისა, დამტკიცებული მორიგების აქტი ჩაითვალოს დარღვეულად და ბანკი უფლებამოსილია საკუთარი უფლებების დასაცავად დაიწყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებების გამოყენება;

2.3. სოლიდარული თავდები - ვ.ჯ–ი იწონებს და თანხმობას აცხადებს ამ მორიგების აქტით ბანკსა და მოვალეს შორის შეთანხმებულ პირობებზე და მის ვალდებულებაზე წარმოადგენდეს სოლიდარულ თავდებს სს "ტ–ის" წინაშე მორიგებული თანხის, სარგებლისა და შესაძლო პირგასამტეხლოს ფარგლებში;

2.4. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ 2021 წლის 04 ნოემბერს მოვალის მიერ აღნიშნული შეთანხმების 2.2.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ბანკი თანახმა არის იპოთეკის უფლებისგან გაანთავისუფლოს ამ მორიგების აქტის უზრუნველყოფად გამოყენებული შემდეგი უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი ახმეტა, სოფელი ....., ....., მესაკუთრე - ე.ხ–ი;

2.5. მხარეები, ასევე, თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფაში არსებულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების გაუქმების საფასური გადახდილი იქნება მოპასუხეების მიერ.

3. მორიგების აქტის უზრუნველყოფა:

3.1. მორიგების აქტით განსაზღვრული ბანკის ყველა მოთხოვნისა და მოვალის ყველა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას წარმოადგენს თავდებობა და იპოთეკა.

თავდები: ვ.ჯ–ი - სოლიდარულად.

3.2. წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნების უზრუნველყოფას წარმოადგენს იპოთეკის უფლება შემდეგ უძრავ ქონებებზე, რომელთა რეკვიზიტებია:

- მის: თელავი, ....... №8ა, ს.კ. ........, მესაკუთრე - ე.ხ–ი;

- მის: თელავი, ....... №24, ს.კ. ...., მესაკუთრე - ლ.ბ–ი;

- მის: რაიონი ახმეტა, სოფელი ....., ს.კ. ....., მესაკუთრე ე.ხ–ი;

3.3. მხარეები დამატებით აღნიშნავენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 3.2. პუნქტით განსაზღვრული 3 (სამი) უძრავი ნივთიდან 1-ლი და მე-2 ნივთი წარმოადგენს წინამდებარე მორიგების აქტის მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხოლო მე-3 უძრავი ქონების მიმართ მოქმედებს მორიგების აქტის 2.4. პუნქტით შეთანხმებული პირობა.

4. პასუხისმგებლობა:

4.1. სასამართლო მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ, მოვალის მიერ 2.2.1. და 2.2.3. პუნქტებში მითითებული და გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულების 10 (ათი) დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მორიგების აქტის იძულებით აღსრულება, სასამართლო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლითაც:

4.1.1. მოვალეს, თავდებს სოლიდარულად დაეკისრებათ სს "ტ–ის" სასარგებლოდ მორიგების აქტის 2.2.1. და 2.2.3. პუნქტებში მითითებული გადახდის გრაფიკის დარღვევიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე არსებული დავალიანების სრული ოდენობით გადახდა (ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტი, დარიცხული პირგასამტეხლო, სასამართლო ხარჯი) და სარეალიზაციოდ მიექცევა უზრუნველყოფის საგნები;

4.1.2. ამასთან, ნებისმიერ დროს ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი თანხები უაქცეპტოდ ჩამოჭრას მოვალის ან/და თავდების ანგარიშებიდან და ხსენებული თანხები მიმართოს მოვალის ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად;

4.2. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციით სრულად ვერ დაიფარება დავალიანება, გადახდევინება მიექცევა მოვალისა და თავდების სხვა ქონებასა და აქტივებზე.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება.

3. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. ე.ხ–ს (პ.ნ. ......), ვ.ჯ–სა (პ.ნ. .....) და ლ.ბ–ს (პ.ნ. ......) დაუბრუნდეთ ე.ხ–ის მიერ 2021 წლის 25 ივნისს №11107827235 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1504 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი